ფრანგი მხატვარი, მადამ მარი ტიუსო ცნობილი თავისი რეალური ცვილის რეპლიკებით გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 170 წელზე მეტი ხნის წინ გარდაიცვალა, მისი ნამუშევრები მადამ ტიუსოს ცვილის მუზეუმის სახით შემორჩა. ტიუსოს შემოქმედებას ბევრი იცნობს, მაგრამ ცოტამ იცის მის უკან არსებული ამბავი.
ანა მარია ტიუსო 1761 წლის 1 დეკემბერს, საფრანგეთში დაიბადა. როდესაც ტიუსო ექვსი წლის იყო, დედამისმა დიასახლისად მუშაობდა ექიმის, ფილიპ კურციუსის სახლში დაიწყო.
სწორედ კურციუსმა გააცნო ტიუსოს ცვილის ფიგურების კონცეფცია. თავიდან ის მათ ანატომიის დემონსტრირებისთვის იყენებდა, თავისი სამედიცინო პრაქტიკისთვის, მაგრამ შემდეგ მათი გამოყენება ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელადაც დაიწყო.
ტიუსოს კურციუსთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მას ბიძას ეძახდა. როცა კურციუსი თავისი ცვილი პორტრეტების ფირმის გასახსნელად პარიზში გადავიდა, ტიუსო დედასთან ერთად მას გაჰყვა.
კურციუსმა გოგონას ცვილის მოდელირება დაავალა და 1777 წელს ტიუსომ თავისი პირველი ცვილის ფიგურა შექმნა - ფრანგი ფილოსოფოსის ვოლტერის პორტრეტი. 1780 წლიდან 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის დაწყებამდე, ტიუსომ შექმნა მისი ყველაზე ცნობილი ცვილის პორტრეტები, მათ შორის ჟან-ჟაკ რუსოსა და ბენჯამინ ფრანკლინის. ამავე პერიოდში იგი ვერსალში ლუი XVI-ის დის, მადამ ელისაბედის მასწავლებლად მუშაობდა.
საფრანგეთის რევოლუცია სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ტიუსო პარიზის მაღალ საზოგადოებაში კარგად იყო ცნობილი. ამან განაპირობა ისიც, რომ მეფის მხარდაჭერის ბრალდებით, გილიოტინა ემუქრებოდა. ტიუსო დაიჭირეს და თავიც გადაპარსეს - მაგრამ ფრანგი ესეისტის და რევოლუციონერი კოლო დ'ჰერბოას მხარდაჭერის წყალობით გაათავისუფლეს.
გათავისუფლების შემდეგ, მას საზარელი სამუშაოს შესრულება დაევალა: გილიოტინის მსხვერპლთა სიკვდილის ნიღბები უნდა შეექმნა. მათ შორის იყვნენ ლუი XVI და მარია ანტუანეტა.
ექიმი კურციუსი 1794 წელს გარდაიცვალა და მისი გარდაცვალების შემდეგ მან ცვილის ქანდაკებების მთელი კოლექცია ტიუსოს უანდერძა. მომდევნო წელს ის ინჟინერზე, ფრანსუა ტიუსოზე დაქორწინდა. წყვილს სამი შვილი შეეძინა. 1802 წეს ტიუსო ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. თან ცვილის ფიგურების ვრცელი კოლექცია წაიღო. ბრიტანეთში 33 წლიანი მოგზაურობის შემდეგ, ტიუსომ ლონდონში პირველი მუდმივი მუზეუმი გახსნა, სადაც რვა წლის განმავლობაში მუშაობდა, წერდა მემუარებს და ქმნიდა ცვილის ფიგურებს…
მადამ ტიუსო 1850 წელს, 88 წლის ასაკში, ძილში გარდაიცვალა. მისი მუზეუმი შთამომავლობას გადაეცემოდა,სანამ საბოლოოდ ერთ-ერთმა მსხვილმა კორპორაციამ არ შეიძინა.
მუზეუმის კოლექციაში უძველესი ცვილის ფიგურაა მადამ დიუ ბარი, საფრანგეთის მეფის, ლუი XV-ის საყვარელი, რომელიც 1793 წელს გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს. მუზეუმი კიდევ უამრავ ისტორიულ ფიგურას აერთიანებს. მათ შორისაა: დედოფალი ელიზაბეტ II, ნელსონ მანდელა, ალბერტ აინშტაინი, მაჰათმა განდი, ბარაკ ობამა და უინსტონ ჩერჩილი.