1929 წლის 4 მაისს ბრიუსელში, ჰოლანდიელი ბარონესა ელა ვან ჰემსტრასა და ინგლისელი ბანკირის, ჯოზეფ ვიქტორ ენტონი რასტონის ოჯახში გოგონა, ოდრი კეტრინ რასტონი დაიბადა.
დაბადებიდან 21-ე დღეს ოდრის გული მცირე ხნით გაჩერებულა და ჩვილი ყველას მკვდრად ჩაუთვლია, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით ბავშვს თვალი კვლავ გაუხელია. ამის გამო ოდრი ხშირად ამბობდა - "მე სამ კვირაში გარდავიცვალე, რათა ჩემში სხვა არსების სული ჩასახულიყო".
გოგონას მშობლები მხარს უჭერდნენ ჰიტლერის მთავრობას - სულ მცირე, ოკუპაციის პირველი ორი წლის განმავლობაში. ისინი ბრიტანეთის ფაშისტთა კავშირის წევრები იყვნენ და პირადად შეხვდნენ ფიურერს მიუნხენში, 1935 წელს.
იმავე წელს ოდრის მშობლები განქორწინდნენ და მამამ ოჯახი დატოვა. ის საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა და, როგორც ცნობილია, დააპატიმრეს, როგორც სახელმწიფოს მტერი. მიუხედავად მისი დიდგვაროვნული წოდებისა, ოდრის დედას ფინანსურად უჭირდა. ჰეპბერნი ინგლისური პანსიონიდან ნიდერლანდებში დაბრუნდა.
1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს, 10 წლის ოდრი დედასთან ერთად აღმოსავლეთ ჰოლანდიაში ცხოვრობდა. 1940 წლის გაზაფხულზე ჰიტლერი თავს დაესხა ჰოლანდიას და ქალაქი ანრემი მესამე რაიხის კუთვნილებად გამოაცხადა. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ოდრი ოკუპირებულ ქვეყანაში ცხოვრობდა.
„სამი დღე დავყავი საკვების გარეშე“, იხსენებს ოდრი 1945 წლის პირველ თვეებს „ თვეების განმავლობაში საუზმე ცხელი წყალი და ერთი ნაჭერი პური იყო. არც რძე გვქონდა, არც შაქარი და არც მარცვლეული.“ ომის დროს გაჭირვება იმდენად დიდი იყო და რომ ტიტების ბოლქვებსაც კი ჭამდნენ.
მისი ოდესღაც სავსე სახე გამხდარიყო, თვალები ჩაშავებოდა, ტერფები კი დასივებული ჰქონდა - ეს ყველაფერი მწვავე ანემიისა და შეშუპების ნიშნები იყო, ჰოლანდიაში ბევრ ახალგაზრდას აწუხებდა მსგავსი სიმპტომები, კვირებისა და თვეების განმავლობაში კვების ნაკლებობის გამო.
„მახსოვს, ერთი პატარა ბიჭი მშობლებთან ერთად ბაქანზე იდგა. ძალიან ფერმკრთალი სახე ჰქონდა და მასზე გაცილებით დიდი ქურთუკი ეცვა. მატარებელში რომ ავიდა გამიხარდა, ვიფიქრე, ამ ჯოჯოხეთს თავს დააღწევს - მეთქი. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ სინამდვილეში საკონცენტრაციო ბანაკში მიჰყავდათ“ - იხსენებდა მსახიობი წლების შემდეგ.
ომის პერიოდში ჰეპბერნი საავადმყოფოში მედდად მსახურობდა და დაჭრილ ჯარისკაცებზე ზრუნავდა. პარალელურად, საბალეტო სტუდიაში სწავლობდა და კონცერტების საშუალებით მოსახლეობისთვის ფულის შეგროვებას ცდილობდა. ყველაზე მეტად უმამობა აწუხებდა, რადგან ბარონესა ელა საკმაოდ მკაცრი დედა აღმოჩნდა, რასაც ზედ ისიც დაერთო, რომ გერმანელებმა მას ძმა - ვილჰელმი მოუკლეს, რის შემდეგაც ერთ დროს ნაცისტების დიდი თაყვანისმცემელი მათ მოძულედ იქცა.
ერთხელ ნაცისტებმა ოდრი ქუჩაში შეიპყრეს და სხვა ქალებთან ერთად გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნას დაუპირეს, მაგრამ გოგონამ გაქცევა მოახერხა და ერთი თვის განმავლობაში, 1945 წლის გაზაფხულამდე, ვირთხებით სავსე სარდაფში მარტო იმალებოდა.
ერთ დილას მას არტილერიული დანადგარების კანონადა შემოესმა და იფიქრა, ამერიკელებმა ფაშისტები განდევნესო. სარდაფიდან ამოძვრა და სახლში დაბრუნდა...
"...მაშინ აჩრდილს ვგავდი, ყვითელ აჩრდილს" - ხშირად იგონებდა ოდრი. შემდეგ გოგონას სიყვითლე შეეყარა, მერე ასთმითაც დაავადდა და მთელი ცხოვრების მანძილზე მისმა ორგანიზმმა ნივთიერებათა ცვლის ნორმალური პროცესი ვეღარ აღიდგინა...
ომის დამთავრების შემდეგ, ოდრი დედასთან ერთად ინგლისში გადავიდა და საბალეტო სტუდიაში სწავლა განაგრძო, მაგრამ მასწავლებლის თქმით მისი სიმაღლე კარიერაში ხელს შეუშლიდა.
ერთ-ერთ კონცერტზე ოდრიმ ჰოლანდიელი რეჟისორის, ჩარლზ ვან დერ ლინდენის ყურადღება მიიქცია, რომელიც ფილმისათვის ეპიზოდური როლის შემსრულებელს ეძებდა. "მართალია, მე მსუქანი და მოუხეშავი გოგონა მჭირდებოდა, მაგრამ ოდრის მომხიბვლელობას გვერდი ვერ ავუარე და სცენარი შევცვალეო"- აღნიშნავდა რეჟისორი.
ამავე პერიოდში უილიამ უაილერის ფილმში „რომაული არდადეგები“ მთავარ როლზე ელისაბედ ტეილორს განიხილავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც რეჟისორმა ოდრი რეკლამაში ნახა, აზრი შეიცვალა და როლზე ყველასთვის უცნობი გოგონას დამტკიცება განიზრახა.
მალე ოდრი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის. ცნობილია ისიც, რომ პირველივე წელს ამერიკაში ოდრის დელიკატურად შესთავაზეს - გვარის გამოცვლას ხომ არ ინებებთ, ჩვენ ერთი ჰეპბერნი უკვე გვყავს, კეტრინი, და თანაც ძალზედ სახელოვანიო, - მაგრამ ოდრის მტკიცედ განუცხადებია - თუ ჩემი მიღება გსურთ, ჩემი გვარიც უნდა მიიღოთ, სხვაგვარად შეუძლებელიაო. ასე დაიწყო მისი კინოკარიერა.
სწორედ კინოს უმადლოდა პირველ სიყვარულს. „საბრინას“ გადაღებებისას მსახიობი უილიამ ჰოლდენი გაიცნო. არ ადარდებდა, რომ უილიამი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, არც ის, რომ ცოლი და ორი შვილი ჰყავდა, პრობლემას მხოლოდ ერთ რამეში ხედავდა: გადატანილი ოპერაციის გამო, უილიამს შვილის ყოლა არ შეეძლო.
ოდრიმ კი, რომელიც ყოველთვის შვილებსა და ლამაზ ოჯახზე ოცნებობდა, ურთიერთობა დაასრულა და ერთ წელში ცოლად მსახიობ მელ ფერერს გაჰყვა. ქორწინება შვეიცარიაში, 1954 წლის 24 სექტემბერს შედგა, სადაც მუშაობით გადაღლილი ოდრი ექიმების რჩევით დასასვენებლად ჩავიდა.
ოდრის პირველი შვილი მკვდარი დაიბადა. მისი და ფერერის ერთობლივი ნამუშევარი, ფილმი "ომი და მშვიდობა", კრიტიკოსებმა დაიწუნეს. მათი ოჯახური ცხოვრების პირველი წელიც ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, საკმაოდ მოკლებული იყო სრულყოფილებას და ეს პირველ რიგში შვილის არყოლითა და ფერერის წარმავალი სამსახიობო კარიერით იყო გამოწვეული.
ოდრი დეპრესიაში ჩავარდა. მსახიობი თითქმის აღარ ჭამდა და დღეში ორ შეკვრა სიგარეტს ეწეოდა. ამ პერიოდში მან კლეოპატრას როლზე თქვა უარი, რაც საბოლოოდ ელიზაბეტ ტეილორმა ითამაშა, უარი თქვა, მარიას როლზე ფილმში "ვესტსაიდური ისტორია" (ეს როლი ნატალი ვუდმა განასახიერა): "ღმერთს ვემუდარებოდი, ვპირდებოდი, რომ დამჯერი, მორჩილი გოგო გავხდებოდი, ოღონდ შვილი მოეცა“ - იხსენებდა მსახიობი.
1960 წლის 17 იანვარს, 31 წლის ოდრის პირველი შვილი შეეძინა. ბავშვს შონი დაარქვეს, რაც უელსურ ენაზე "ღვთის წყალობას" ნიშნავს. ამავე პერიოდში მსახიობმა მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: "საუზმე ტიფანისთან", "ჩემი მშვენიერი ლედი", "როგორ მოვიპაროთ მილიონი.“
შვილის გაჩენამ ოდრის ქორწინება ვერ გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი მეუღლესთან ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც განქორწინებით დასრულდა:
"ჩემი ბავშვობა დასრულდა მაშინ, როცა მამა წავიდა. დედა არ მაძლევდა უფლებას, რომ მამა მეხსენებინა, ან თუნდაც მომნატრებოდა იგი. ამიტომაც არ მსურდა ჩემი შვილი უმამოდ გაზრდილიყო და შევფიცე საკუთარ თავს, რომ არ გავშორებოდი ქმარს"... - წერდა ოდრი თავის მემუარებში.
განქორწინებიდან 6 კვირის შემდეგ, ოდრი ცოლად ახალგაზრდა იტალიელ ფსიქოანალიტიკოსს ანდრეა დოტის გაჰყვა, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსი იყო. 1970 წლის 8 თებერვალს ოდრი ჰეპბერნი მეორედ გახდა დედა - წყვილს ვაჟი, ლუკა შეეძინა.
ანდრეა დოტი ცოლის მიმართ ერთგულებით არასდროს გამოირჩეოდა. ამიტომ, ოდრის მეორე ქორწინებაც მალე დასრულდა. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ოდრი ელისაბედ ტეილორის გზას დაადგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა - მსახიობმა უკანასკნელი სიყვარული 1982 წელს იპოვა - რობერტ უოლდერსი. მართალია, წყვილი ოფიციალურად არ დაქორწინებულა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ცხოვრობდა.
1992 წლის ოქტომბერში ოდრის კუჭის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ლეგენდად ქცეულ ქალს ცხოვრების უკანასკნელი დღეები მისმა მეგობრებმა, გრეგორი პეკმა და ელიზაბეტ ტეილორმა, გვერდით ყოფნით შეუმსუბუქეს. მსახიობი 1993 წლის 20 იანვარს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.