გამოსვლის წინ კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში, ქოჩორი გავისწორე, ჩემს ორეულს თვალი ჩავუკარი, ცერა თითით გავამხნევე და კარი გამოვიხურე. სწრაფად ჩავირბინე კიბის საფეხურები და რამდენიმე ნახტომით ჩემს „მელანოსთან” გავჩნდი. ეს ჩემი ბმვ-ს მეტსახელია, რადგან მელნისფერი დაჰკრავს. ღმერთმა ქნას, გამიმართლოს. ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, დღეს რომ სამსახური ვიშოვო. ოცი დღეა, განცხადება გამოვაქვეყნე გაზეთში და წუხელ დამირეკა ვიღაც ბიძაკაცმა, ხვალ დილით, ათ საათზე შევხვდეთო, თავისთან დამიბარა შინ. ყიფშიძის ქუჩაზე ცხოვრობს. თუ ეს საქმე გამოვიდა, ლალის ყბიდანაც ამოვალ. ყელში ამოუვიდა ჩემი უმუშევრობა. რისთვის დაამთავრე ინსტიტუტი, “შენსიგრძე” დიპლომი ბალიშის ქვეშ რომ გიდევს, რა სიკვდილად გინდა, სანამ უნდა იცხოვრო ჩემს კისერზეო. ამის გახსენებაზე ნერვები მეშლება. არადა, სადღაც მართალია. ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ათ თვეს არ ყოფილა კმაყოფილი ჩემ ხელში. ამ ორი კვირის წინ კი დაავლო დათუნას ხელი და დედამისთან გადაბარგდა, გეყრებიო, თან დამემუქრა, ბავშვს თვალით არ განახვებო. იცოცხლე, მაშინ კი დავფაცურდი. ჯერ ისედაც, მთელ ექვს წელიწადს ველოდებოდი ლალის დაორსულებას, ძლივს ერთი შვილი გააგორა და ეს მინდოდა ახლა? დათუნას გარეშე რა გამაძლებინებს! გამიჭირდება.
…მომავალი ბოსის ბინას ადვილად მივაგენი - ბინა კი არა, ნამდვილი სასახლე იყო, მთელი მეორე სართული მხოლოდ ერთ ოჯახს ეკავა. ამის ადვილად მივხვდი, რადგან სართულზე სხვა კარი ვერსად დავლანდე. პირჯვარი გადავიწერე და ზარის ღილაკს მივაჭირე თითი. ზ-ზ-ზ… საშინელი ზუზუნა ხმა გაისმა. კარი მაშინვე გაიღო და ზღურბლზე პირსახოცის ლურჯ ხალათში გამოწყობილი საკმაოდ სოლიდური მამაკაცი გამოჩნდა. იქნებოდა ასე, 52-55 წლის.
- გამარჯობა, მე ზურაბი ვარ, წუხელ რომ გელაპარაკეთ, - “მოვახსენე უფროსს”.
- ა! მობრძანდით, მობრძანდით, ზურაბ, ოღონდ არ შეგეშინდეთ, ცოტა არეულები ვართ. მოსამსახურე ქალი არ მოსულა, ამიტომ… - უცნობმა კარი ჯაჭვით ჩაკეტა და წინ გამიძღვა.
საინტერესოა, რას ეძახის ნეტავ ეს კაცი არეულობას, გაპრიალებული დამხვდა იქაურობა. პარკეტი ისე ბზინავდა, შეგეშინდებოდა ადამიანს, ფეხი არ დამიცურდესო. აუჰ! ეს სად მოვხვდი! სახლი კი არა, აპარტამენტებია! რამხელა სივრცეა! რა ანტიკვარები და რა ავეჯი?! სანამ სასტუმრო ოთახში შევიდოდით, იმდენი სარკე შემხვდა გზადაგზა, რომელში ჩამეხედა, არ ვიცოდი.
- აგერ დაბრძანდით. თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში, - ღიმილით მომიტრიალდა ოჯახის უფროსი.
- გმადლობთ, - ზრდილობა არ დავიშურე და იქვე მდგარ ფუმფულა სავარძელში ჩავეშვი.
- მე გახლავართ იოსებ ზარიძე, ბიზნესმენი, შეგიძლიათ სოსო დამიძახოთ. კარგია, ასე ახალგაზრდა რომ ყოფილხართ. რამდენი წლის ხართ, ზურაბ? - მკითხა სოსომ და მეორე, “ტყუპისცალ” სავარძელში მოკალათდა.
- ოცდაათის, - ჩავახველე, - არც ისე ახალგაზრდა ვარ.
- ბრწყინვალე ასაკია, მინდა გითხრათ. ცოლ-შვილი გყავთ?
- დიახ, მეუღლე და ვაჟი, ოთხი წლის.
- გადასარევია, გადასარევი. გვარი?
- ხარშილაძე.
- მშვენიერია, მშვენიერი. ადრე გიმუშავიათ მძღოლად? თუ სხვა რამე პროფესია გაქვთ?
ოდნავ შევიშმუშნე. ნამდვილად არ მინდოდა ამ კაცის მოტყუება, კვლავ ჩავახველე და ენის ბორძიკით ამოვთქვი.
- იცით, მძღოლად არ მიმუშავია, სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ მანქანას კარგად ვატარებ. თავის დროზე ავტომრბოლელი ვიყავი.
- აუჰ! პროფესიონალი თუ მოყვარული?
- პროფესიონალი, რა თქმა უნდა, ოღონდ ეს მაშინ, რუსეთში რომ ვცხოვრობდი. ისე, პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ უმუშევარი, თანაც დიდი ხნის.
- გასაგებია. იმედია, მართვის მოწმობა…
- კი, კი, რა თქმა უნდა, ბატონო იოსებ, რაზეა საუბარი.
- სოსო.
- დიახ, სოსო, ბატონო სოსო.
- მოდი, შენობით ვისაუბროთ. ბოლოს და ბოლოს, მთელი დღეების განმავლობაში ერთად მოგვიწევს ყოფნა.
ბოლო ფრაზა სასიამოვნოდ მომხვდა ყურში. ეს კარგის ნიშანია. არ ჩანს ცუდი კაცი, რას ვერჩი. ნეტავ რამდენს გადამიხდის?
- ახლა, რაც შეეხება გასამრჯელოს, ჩემო ზურიკო. იმედია, არ მიწყენ, ასე რომ მოგმართო, არა?
- არა, რას ბრძანებთ, როგორც გაგიხარდეთ, ისე მომმართეთ.
- შენობით, ჩემო ზურა, შენობით… ახლა “ხალასტოი” ბიჭი რომ იყო, თვეში სამასი ლარი კი გეყოფოდა, მაგრამ ცოლი, შვილი… ამიტომ ცოტა მეტს გადაგიხდი, თორემ შენამდე ვინც მყავდა, იმას 250-ს ვუხდიდი და ისიც ზედმეტი იყო მისთვის. ძალიან გამაწვალა. სუფთა დარმაიდი იყო, სულ თავის გემოზე დაგრიალებდა. რა ვქნათ, 450 გეყოფა?
არის, აღსრულდა ოცნება!
მეყოფაო? სიხარულისგან კინაღამ თვალები ბუდიდან გადმომცვივდა. ხედავთ, სანამდე დავედი? მოზღვავებული ემოციის დასაფარავად კვლავ ჩავახველე და ჭარხალივით გავწითლდი.
- რა ვიცი, ვიმყოფინებ, - ისე ვთქვი, არც კმაყოფილება დამტყობია და არც უკმაყოფილება.
- ბენზინს მე ჩაგისხამ. ტალონები გარანტირებული გექნება. გარდა ამისა, სულ კი არ დამჭირდები, შენი საქმეებისთვისაც შეგიძლია მოიცალო, მაგრამ არ უნდა დამაღალატო, იცოდე. არ მიყვარს მატყუარა ადამიანები.
- რა თქმა უნდა, ასეთები არც მე მიზიდავს, - გაღიმება ვცადე. - იქნებ მითხრათ, ძირითადად მაინც რა მევალება? - წინ გადავიხარე და იდაყვებით ჩემს მუხლებს დავეყრდენი.
- დილით მე გამიყვან სამსახურში. შეიძლება ჩემს მეუღლეს დასჭირდეს მაღაზიებში ან სალონში გავლა, ასევე მოსამსახურეს წაიყვან ბაზარში პროდუქტებისთვის. თუმცა, თუ გირჩევნია, შეგიძლია ეგ საქმე შენ შეითავსო. როგორც გაგიხარდება. ძალზე იშვიათად, მაგრამ ჩემს ყოფილ ცოლთანაც გაგატან ხოლმე ამანათებს. სხვა გზა არ მაქვს. იქ ქალიშვილი მეზრდება, - ხელები ისე გაშალა იოსებმა, თითქოს თავს იმართლებსო.
- კიდევ ერთი დეტალი, თუ შეიძლება… მანქანა…
- შენი თუ ჩემი? დილით შენი მანქანით მოხვალ, აქ დააყენებ, მერე ჩემით ივლი, საღამოს კი ისევ შენსაზე გადაჯდები. ჩემსას შინ ვერ გაგატან, “მერსედესია”, ბოლო “ვიპუსკი”. აქ დაცული იქნება, სხვას ვერ ვენდობი, არ გეწყინოს…
- არა, რას ამბობთ. მაგას მე თვითონაც არ გავაკეთებდი, თქვენ რომც არ გეთქვათ.
- ჰოდა, ძალიან კარგი. სულ ეს არის. მგონი, შევთანხმდით, არა?
- კი ბატონო, ყველაფერი გასაგები და მისაღებია. მე როდიდან ვარ საჭირო? - ფეხზე წამოვდექი.
- დღეს კვირაა და ხვალ დილიდან შეუდექი მუშაობას. ცხრაზე აქ უნდა იყო.
- მესმის, ბატონო სოსო.
- ბატონობით არ გინდა, თუ კაცი ხარ. შენზე უფროსი კი ვარ, მაგრამ არც ისეთი ბებერი ვარ, შენ რომ გგონია. 48 წლის ვარ ჯერ.
ნაძალადევად გავიღიმე. ერთი ეს არის 48 წლის და მეორე აჩი მეფარიძე - 35-ის. ნეტავ რაში სჭირდებათ ამ კაცებს, ასაკს რომ მალავენ?
- წლოვანება არაფერ შუაშია, თქვენ ხომ სხვა მხრივ ხართ ჩემი უფროსი, - უხერხულად ვთქვი.
- მე მინდა, რომ პირველ რიგში, მეგობრები გავხდეთ და უფროსუმცროსობა არ იყოს ჩვენ შორის. თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მომეწონება, მერე მე ვიცი და ჩემმა ადამიანობამ. სიტყვის კაცი ვარ, რომ იცოდე! - საჩვენებელი თითი გაბზიკა იოსებმა და ამ ჟესტით განამტკიცა თავისი სიტყვების სისწორე.
- მჯერა, ბატონო იოსებ, რაზეა ლაპარაკი, - ისევ გავწითლდი.
- ა! უყურე ახლა ამას! წეღან რაზე ვისაუბრეთ მე და შენ!
- ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ… ცოტა მაცალეთ, ჯერ შევეჩვიო სიტუაციას, - ახლა კი გამეცინა.
- კაი ბატონო, ასე იყოს, - თვითონაც გაეცინა და წამოდგა, - ჰო, მართლა, ეს დასაწყისისთვის, რა იცი, რაში დაგჭირდება, - თქვა და ჯიბიდან ტკიცინა ასლარიანი დააძრო, - ყოველი თვის ბოლოს მიიღებ ხელფასს. ისე, თუ რამე გაგიჭირდეს, მითხარი ხოლმე, არ მოგერიდოს. შემიძლია წინასწარაც მოგცე გარკვეული თანხა.
- უღრმესი მადლობა, ბატ… უხ… ცოტა მიჭირს, ხომ იცით, - გადავაქნიე თავი.
- არა უშავს, არა უშავს. მერე და მერე გაშინაურდები, ახლოს რომ გამიცნობ, - სოსომ მხარზე დამადო ხელი და ორივემ შემოსასვლელისკენ გავწიეთ.
- ჩემი ცოლი აბაზანაშია, თორემ გაგაცნობდი, - ნამდვილი ამეთვისტოა… ხომ ხვდები, რომელ ამეთვისტოზე გეუბნები! “ლონდრე” გახსოვს? აი, ზუსტად ეგეთია. შვილი ჯერ არ გვყავს, მაგრამ იმედია, გვეყოლება.
- რა თქმა უნდა, - კვლავ “მოვუხმე” ჩემს ზრდილობას, დიდის ამბით დავემშვიდობე მომავალ შეფს და… კარი მოხურა თუ არა, კისრისტეხით დავეშვი კიბეზე.
***
მეორე დილით, ზუსტად ცხრა საათზე, “საკუბოედ” გამოწყობილი, ბოსის ბინის კართან დავერჭე. ამჯერად დამიგვიანეს კარის გაღება. ცოტა არ იყოს, ავნერვიულდი, მეც არ ვიცი, რატომ. ალბათ მოუთმენლობამ თუ შემიპყრო… ის იყო, მეორედ ვაპირებდი ზარის ღილაკისთვის თითის მიჭერას, რომ შიგნიდან ჯაჭვი გაჩხაკუნდა.
- დილა მშვიდობისა, - ოდნავ დავუკარი თავი მასპინძელს.
- მოდი, ზურაბ, მოდი, - შემიპატიჟა სოსომ და განზე გადგა. თითქოს უხასიათოდ მეჩვენა, & ვისაუზმოთ და გავიდეთ, კარგი?
- მე უკვე გეახელით, უფროსო, - ბოლო სიტყვა ჩემდა უნებურად წამომცდა, თუმცა საკუთარი თავის კმაყოფილი დავრჩი, მიმართვის ასეთ ფორმას რომ “მივაგენი”.
- ჰმ, უფროსო,.. ამ სიტყვით კიდევ მიმართავენ, კაცო, ადამიანები თავიანთ ხელმძღვანელებს? მე მეგონა, ეგ გამოთქმა კომუნისტურ რეჟიმს მიჰყვა, - ჩაიცინა, - სამსახურში იცი, თურმე როგორ მიხსენიებენ თანამშრომლები? შეფინშაჰს მეძახიან თურმე. იმ დღეს მითხრა ჩემმა მოადგილემ და ბევრი ვიცინე.
მგონი, არც ისე ცუდ ხასიათზე უნდა იყოს, როგორც მომეჩვენა. ასე თუ უწოდებენ, გამოდის, არ უნდა იყოს ცუდი კაცი, თუმცა შეიძლება პირიქითაც იფიქრო, თუ შეფინშაჰი რაღაცნაირად თამაშია, მაშინ არა უშავს, მაგრამ თუ შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, ანუ შაჰთან არის შედარებული, მაშინ ვერ არის მთლად რიგიანი “ტიტული”.
- ჩაის დალევ თუ ყავას?
- არა, გმადლობთ, უკვე ვისაუზმე, - ვიცრუე.
სიმართლე გითხრათ, ლუკმა არ მქონდა ნაჭამი, ისეთი ემოციებით ვიყავი “დახუნძლული”, მაგრამ სულაც არ მსურდა, პირველსავე სამუშაო დღეს დამშეული ადამიანის შთაბეჭდილება დამეტოვებინა.
- თუ გინდა, რძეს მოვადუღებინებ ან კაკაოს. მარტო ხომ არ მივუჯდები სუფრას.
- მაშინ ყავას დავლევ, თუ შეიძლება, - მორიდებით ვითხოვე.
- კი ბატონო, ყავა იყოს. ქალბატონო ნელი! - გასძახა ვიღაცას, - ერთი ყავაც მოაყოლეთ, რა? - მერე კვლავ მე მომიბრუნდა, - ხსნადი თუ ნალექიანი?
- ხსნადი მირჩევნია.
- “რასტვარიმი”, ქალბატონო ნელი, ორი “რასტვარიმი” “ჯაკობსი”, - უფრო აუწია ხმას იოსებმა.
- სოსო, შენ ყვირი? - მოულოდნელად ჩემ უკან კარი გაიღო და ქალის წკრიალა ხმა გაისმა. ჰაერში სუნამოს სასიამოვნო სურნელი დატრიალდა.
- აი, ის-იც, ჩემი ნანა-ნანუშკი. მოდი, კაცური კაცი გაგაცნო, - ხელის დაქნევით მოიხმო სოსომ ვიღაც.
მოვტრიალდი…
ის ძალიან ლამაზი იყო… არა, ულამაზესი… საოცრება, მაცდუნებელი… რა ამეთვისტო, რის ამეთვისტო... შევღონდი კაცი. ვიგრძენი, როგორ გამიოფლიანდა ხელისგულები.
- ეს ჩემი მეუღლეა, ჩემი დირექტრისა. ეს კი ბატონი ზურაბია, ჩვენი ახალი მძღოლი, - წარდგენის მთელი რიტუალი ჩაატარა შეფმა.
სასწაული პირდაპირ! ამხელა შვილი უნდა ჰყავდეს ამ კაცს! მთლად ნორჩია, ოცის ძლივს იქნება. გაოგნებული დავრჩი.
- სასიამოვნოა, - თოვლივით თეთრი თითები გამომიწოდა “დირექტრისამ”.
- ჩემთვისაც. მოხარული ვარ, - ხელი ჩამოვართვი ღვთაებრივ დიასახლისს და მოწიწებით დავუკარი თავი.
მომკლა ამ ჯენტლმენურმა რევერანსებმა, მაგრამ სხვა რა დამრჩენია. რაც შეიძლება ინტელექტუალური ადამიანის შთაბეჭდილება უნდა დავტოვო.
- ადრე ვისთან მუშაობდით? - მომაჯადოებელი ღიმილით მკითხა ნანამ.
- არავისთან… უფრო სწორად, მძღოლად არასდროს მიმუშავია, - ოფლმა დამასხა.
- დებიუტი გქონიათ, - ეშმაკურად მოჭუტა თვალები შეფის ცოლმა და ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია.
- აი, ქალბატონი ნელიც გამოჩნდა თავისი განუმეორებელი ყავით, - შესძახა იოსებმა და ტაში შემოჰკრა, - რომ იცოდე, ჩემო ზურაბ, რა ყავას ადუღებს ჩვენი მშვენიერი ქალბატონი, სხვის მოდუღებულს არ დალევ არასდროს.
სანდომიანი, ჭაღარა, ჩია ქალი თბილად მომესალმა და ჩინური ფაიფურის სინი დიდი სიფრთხილით შემოდგა მაგიდაზე. ერთი ფინჯანი მე გადმომიდგა, მეორე - ოჯახის უფროსს და გავიდა.
- მე გავალ, ცოტას მოვწესრიგდები, - თქვა ნანამ, - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, - კეკლუცად გამომხედა და იმავე კარში გაუჩინარდა, საიდანაც შემოვიდა.
ქალი გავიდა, მაგრამ მისი სურნელი დარჩა.
ცოტა ხანში მოსამსახურე კვლავ შემობრუნდა და საუზმე შემოიტანა.
- ხიზილალასაც არ მიირთმევ? - მკითხა შეფმა.
- არა, გმადლობთ, წახემსება სახლშიც მოვასწარი. ამის გარეშე მეუღლე შინიდან არ მიშვებს ხოლმე. თქვენ მიირთვით, მე ყავას დავლევ.
- დღეს გაპატიებ, ვაჟკაც, ხვალიდან კი ასე არ გააკეთო. აგერ, ერთად ვისაუზმოთ ხოლმე დილით. ნელიკოს გამომცხვარი ხაჭაპური და რძე ან კაკაო, თუ გინდა ყავა, ჩემო ბატონო, ნამდვილი მისწრებაა, რომ იცოდე.
მოსამსახურე ისევ გამოჩნდა და თეფშით ცხელი ხაჭაპური შემოიტანა. ახლა ხაჭაპურის სურნელით გაიჟღინთა ოთახი.
- ნახე, რა ოხშივარი ასდის, რა სუნი აქვს. ყველს თუ ხედავ, როგორ გამოდის გარეთ, მაკარონით შეკაზმულ ფენოვანებს კი არ ჰგავს. ამაზე მაინც არ მითხრა უარი. ერთი ნაჭერი გადაიღე, ჩემი ხათრით, ბოლოს და ბოლოს, - სოსო ჩემკენ გადმოიხარა და ყველაზე დიდი ნაჭერი თეფშზე დამიდო.
- ნუ წუხდებით, ძალიან გთხოვთ, ნამდვილად არ მშია, - უხერხულად ვიგრძენი თავი, - კი არ მერიდება…
- ჭამე, ჭამე, ეგეთს იშვიათად, სადმე აცხობდნენ, - შემაგულიანა უფროსმა და თვალი ჩამიკრა.
თავპატიჟი აღარ გამოდიოდა. სიამოვნებით მივირთვი ქალბატონი ნელის ნახელავი ხაჭაპური, ყავაც დავაყოლე და ძალიან ნასიამოვნებიც დავრჩი. სოსომ ხიზილალასაც გაუსინჯა გემო.
- მართლა მაგარი ხაჭაპურია, - გამოვიდე თავი და აღვნიშნე, - ყავაც დიდებულია, - დავამატე და ცარიელი ფინჯანი გვერდზე მივწიე.
- ერთი ნანას დავხედავ და ახლავე გამოვალ, ჩემო ზურა, - თქვა იოსებმა და იმ იდუმალი კარისკენ გაემართა. დააკაკუნა.
- აქ ვარ, - გამოეპასუხა იქიდან “ამეთვისტო”.
სოსომ კარი შეაღო და ასე ღიად დატოვა, ჩემდა უნებურად გავაპარე მზერა და… გავშრი. ნანა საწოლზე გარდიგარდმო გადმოწოლილიყო, ფეხები მუხლებში მოეხარა და ხელისგულზე თავდაყრდნობილი რაღაცას დასჩერებოდა. შავი, გულამოღებული და მხრებმოშიშვლებული კაბა ეცვა, ძუძუები უჩანდა. ამეთვისტო კი არა, ნამდვილი მახაა, ნახევრად შიშველი მახა, - დამბურძგლა ტანში. ღრმა დეკოლტე საკმაოდ ვულგარულად უჩენდა სავსე, ქათქათა მკერდს. სუნთქვა შემიგუბდა. ნერწყვის გადაყლაპვის შემეშინდა, სასულეში არ გადამცდეს-მეთქი. ასეთი ქალი გაგაგიჟებს, აბა, რა იქნება! ან იმპოტენტი უნდა იყო, ან ცისფერი, ასეთმა სილამაზემ არ დაგატყვევოს კაცი! რა იქნება, ისე მოხდებოდეს, როგორც წიგნებში ან ფილმებში ხდება - პირადი მცველები და მძღოლები რომ დაითრევენ ხოლმე ბოსის ცოლებს და… მიდი-მოვდივარ! აფსუს! რატომ ამერიკაში არ ვცხოვრობთ ან სადმე შუაგულ ევროპაში?!
მათი საუბარი არ მომისმენია. სოსოს ვეღარ ვხედავდი, ალბათ სადღაც ოთახის კუთხეში თუ იდგა. სამაგიეროდ, ნანას წამიერ, რაღაცის მთქმელ მზერას შევეფეთე, თითქოს ურჩი ბავშვივით გაუსხლტაო. ვნებიანი, მსუნაგი, აქეთ, ჩემკენ იწევდა თითქოს… შემდეგ თვალები დახუჭა, გაახილა და ჩვეულებრივი გამომეტყველება აღებეჭდა თვალებზეც, ტუჩებზეც, მთელ სახეზე.
თითქოს თვითმფრინავების ქარავანი დაფრინავდა ჩემს თავზე, ისეთი გუგუნი გაუდიოდა ყურებს. გონს ისევ იოსების ხმამ მომიყვანა.
- წავედით, ზურა, წავედით. ჩემი მტერი ჩავარდა ქალების ხელში, - მსუბუქი საყვედური ისროლა “საცოლეთის” მისამართით და კარს მიაშურა.
- ქალბატონო ნელი, მე ჩავკეტავ კარს, თქვენ ნუ შეწუხდებით! - გასძახა მოსამსახურეს და ჯაჭვი ჩამოხსნა.
- მობილური გაქვს? - მკითხა სოსომ გზაში, სანამ კიბეზე ჩავდიოდით.
- არა, არ მაქვს, - ვთქვი და საკუთარი თავი შემჯავრდა, თავმოყვარე კაცს ერთი მობილური როგორ არ უნდა ედოს ჯიბეში!
- სამსახურში როგორც კი მივალთ, მოგცემ, ოღონდ შემახსენე. კარგია, რომ არ გაქვს, თორემ ორი ტელეფონის ტარება მოგიწევდა და მერე იმის გარკვევა, ვინ რომელი ნომრიდან გირეკავს. ჩემს ყველა მძღოლს ერთი ნომერი ჰქონდა, ამიტომ მირჩევნია, ასე დარჩეს. არ მიყვარს, როცა ტელეფონის ნომრებს ხშირად იცვლიან.
- გასაგებია, ბატონო… უკაცრავად, იქნებ მამის სახელი მითხრათ თქვენი, რაღაც ძალიან მეუხერხულება სხვა ფორმით მოგმართონ. მამის სახელით ალბათ უფრო გამიადვილდება.
- ჰა-ჰა-ჰა-ჰაა… ზურიკელა, ზურიკელა, რა ტიპის კაცი ხარ, პირდაპირ, - გულიანად გადაიხარხარა იოსებმა და ეზოში გასულმა მანქანის ავტომატური მართვის პულტს თითი მიაჭირა. “პუმ” - დაიჭყვიტინა “მერსედესმა”. მის გვერდით ჩემი დანჯღრეული “ბმვ” საცოდავად გამოიყურებოდა.
ჩავსხედით. ცოტა არ იყოს, დავიძაბე, ასეთი “გასისინებული” მანქანის ტარება რომ მომიწევდა. თითქოს გამოცდა უნდა ჩამებარებინა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა. თუმცა… დაძაბულობამ დიდხანს არ გასტანა, როგორც კი ქუჩაში გავედით და ტრასას დავუყევით, გარკვეული სითამამე მომეცა, შვებით ამოვისუნთქე და გაზის პედალს დავაწექი. “მერსედესი” ლაღად გასრიალდა ჭავჭავაძეზე.
- რახან არ იშლი, შეგიძლია შალვოვიჩი დამიძახო. გაწყობს?
- აგაშენათ ღმერთმა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიადვილეთ თქვენთან ურთიერთობა, - ოდნავ კიდევ მოვუმატე სიჩქარეს.
- ოღონდ ერთ რამეზე აუცილებლად შევთანხმდეთ. შენობით იყოს საუბარი, აუცილებლად შენობით. გასაგებია?
- მოსულა, შალვოვიჩ, რაზეა ბაასი, - წავიძველბიჭე უფროსის წინაშე და ხელი ფანჯარაში გავყავი უკვე ყველაფრით კმაყოფილმა.
- მოგეწონა ჩემი ცოლი? - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მოულოდნელად შემეკითხა.
დავიბენი. პასუხის რა ფორმა შემერჩია? ვარიანტები სასწრაფოდ ამოვატივტივე გონებაში და უყოყმანოდ ვუპასუხე:
- დიდებული ქალბატონია, ძალიან გულისხმიერი, - მეტი რა მეთქვა?
- ფიზიკურად? - ჩამეძია.
რა უნდა ამ კაცს, რატომ არ მეშვება? როდის იყო, კაცი სხვა კაცს საკუთარი ცოლის შეფასების უფლებას აძლევდა? ეს მერამდენედ ჩავვარდი უხერხულ მდგომარეობაში.
- ლამაზია, - ვიპოვე ბოლოს რაღაც სიტყვები.
- ლამაზი კი არა, ძალიან მაგარი ქალია. ვხვდები, რატომაც იკავებ თავს მისი შეფასებისგან. ჩემთან არ არის საჭირო ასეთი რამ. ეჭვიანი არ ვარ, საერთოდ არ მახასიათებს ეგ სენი, მცირე დოზითაც კი, ასე რომ… ჰოდა, ჩემო ზურა, იმის თქმა მინდოდა, რომ ამისთანა მეუღლის პატრონი, შენ წარმოიდგინე, სხვა ქალებში დავრბივარ. აქედანვე მინდა გითხრა, რომ მერე არ გაგიკვირდეს. ძალიან ხშირად მიწევს ნაშებში სიარული. ოღონდ იმათზე არ ვსაუბრობ, ვაგზლის სამლარიან “პუტანკებზე”. მაგარი ქალები საუნაში არიან. შენც წაგიყვან, ნუ გეშინია. ხოლო თუ გავუგებთ ერთმანეთს და დავძმაკაცდებით, განახვებ, როგორია ნამდვილი ცხოვრება. შენ რას ეწევი?
_ “ვაისროის”.
_ აუჰ! მაგ მყრალ თუთუნს რა გაწევინებს, თუ კაცი ხარ. დღეიდან “ვინსტონს” მოწევ, აგერ დევს “ბარდაჩოკში”. “ლაითი” შენც არ გიყვარს, გეტყობა.
_ არა, არა, _ თავი გადავაქნიე.
_ მეც არ ვეტანები. ნაფაზის დარტყმა თუ ვერ ვიგრძენი, ის სიგარეტი რა სიგარეტია!
ამ საუბარში ოფისსაც მივადექით. _ ჰო, მართლა, _ იოსებმა ცალი ფეხი გადაყო მანქანიდან და გადასვლა შეაყოვნა, _ სადღაც ერთ საათში ჩემს ყოფილ ცოლთან მოგიწევს წასვლა, ფულს გაგატან. ისე, რომ იცოდე, არც ის არის ნაკლები ქალი… ფიზიკურად, _ ოდნავი პაუზის შემდეგ დააყოლა შეფმა და პატარა ბიჭივით სხარტად გადავიდა მანქანიდან.
აბა, წინასწარ რას ვიფიქრებდი, ცხოვრება თუ უარეს სასიამოვნო სიურპრიზს მიმზადებდა.
გაგრძელება იქნება