სადღაც 11 საათისთვის სოსომ კაბინეტში გამომიძახა, მობილური მომცა და რაღაც ქაღალდში გახვეულიც გამომიწოდა.
- ეს შენ, ქსელში ჩართულია, 30 ლარიც დევს ანგარიშზე. როგორც გაგიხარდება, ისე გამოიყენე. არ მოგერიდოს, გესმის? ეს კი ფულია, ახლავე წახვალ და მარინას წაუღებ.
- მარინა? _ უცებ ვერ მივხვდი.
- ჩემს პირველ ცოლს, თვის ბოლოა და რომ დავუგვიანო, გადამდგამს.
- შინ იქნება?
- ამწუთას ველაპარაკე, გელოდება.
- რამდენია, შალვოვიჩ?
- რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ იცის, რამდენიცაა. ნუ გეშინია, შარს არ მოგდებს, ცუდი ქალი კი არ არის. ესეც მისამართი, - სოსომ გაკრული ხელით ქაღალდზე რაღაც მიაწერა და გამომიწოდა.
დავხედე, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში უნდა გავსულიყავი. მობილური და ფული ჯიბეში ჩავიდე და კაბინეტიდან გამოვედი.
კორპუსს ადვილად მივაგენი, ბინასაც. დავაკაკუნე, რადგან ზარის ღილაკი არ მუშაობდა. ოთახიდან ქუსლების პაკიპუკი გაისმა - ვიღაცამ სათვალთვალოში გამოიხედა.
- ბატონი იოსებისგან ვარ, - ხამამაღლა ვთქვი, სანამ ის ვიღაცა ვინაობას მკითხავდა.
კარი გაიღო. ჩემ წინ ბალზაკის ასაკის საოცრად ეშხიანი, მკერდმოშიშვლებული ქალი იდგა, წელწვრილი და მრგვალთეძოებიანი, ნამდვილი მადის აღმძვრელი ქალი, მოკლე ქვედა ტანითა და მოტკეცილი მაისურით. მართალია, თვალის კუთხეებში ნაოჭები შეჰპარვოდა, მაგრამ ეტყობოდა, კარგად იყო შენახული.
- მობრძანდით, - ვნებიანად გამიღიმა მარინამ და მუშტრის თვალით შემათვალიერა, - ზურა გქვია, არა? - ეგრევე “შენობითზე” გადავიდა, გამატარა, კარი გასაღებით საგულდაგულოდ ჩაკეტა და თეძოების ნაზი რხევით წინ გამიძღვა.
- მოკლედ, შენს “ხაზეინს” მძღოლების შერჩევაში მაგარი გემოვნება აქვს, - კვლავ ვნებიანი ღიმილი მაჩუქა “ექსხაზეიკამ”, ტახტზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. ისედაც მოკლე კაბა უსირცხვილოდ უფრო მაღლა ახტა და თოვლივით ქათქათა ფეხებმა “შემომცინა”. სასიამოვნოდ შემახურა ტანში. რა ვქნა, კაცი ვარ, ბოლოს და ბოლოს. ცოტა არ იყოს, დავიბენი. თვალი ავარიდე მასპინძელს და ხელი მექანიკურად ჯიბისკენ გავაქანე.
- ეს თქვენთან გამომატანეს, ფულ…
- ვიცი, ვიცი, უკვე ველაპარაკე, ჩემო ზურიკო, დიდი მადლობა. შენ მთლად ახალი ხარ, არა? - ხარბად დაასო მზერა ჩემს ტუჩებს და ენის წვერი ზედა ტუჩს მიადო, - გეტყობა, - ჩემს პასუხს არ დალოდებია, ისე გამოიტანა დასკვნა.
- დღეს პირველი დღეა, - ვცადე, ცოტა რიხიანად მეთქვა.
- დაჯექი, რას დგახარ. რით გაგიმასპინძლდე ახლა მე შენ, ყავას დალევ?
- არა, გმადლობთ, დალეული მაქვს.
- ნელიმ მოგიდუღა, არა?
- კი, დიახ, - დავჯექი და მეც გადავიდე ფეხი ფეხზე.
- ჰო, თორემ იმ კიკიმორამ რა იცის, ყავა რა ხილია.
“კიკიმორა” მივხვდი, ნანას მისამართით იყო ნათქვამი. ახლა დაიწყება ლანძღვის კორიანტელი. რა იციან ეს ქალებმა, ოღონდ უდიერად მოიხსენიონ სხვა, მათზე “უკეთესობის კანდიდატი” და არაფერს ერიდებიან.
- ვერ გეტყვით, ხომ გითხარით, დღეს პირველი დღეა.
- და სავსე სიურპრიზებით, არა?
- ?
- თავისი “ამეთვისტო” ხომ გაგაცნო, მერე “საფირმო” ყავაც ხომ გაგასინჯა, მობილურსაც მოგცემდა, ვიცი. ასე არ არის? ფულსაც წინასწარ გადაგიხდიდა. კარგად ვიცნობ მაგ ბებერ მგელს, - იქედნურად ჩაიცინა და ფეხი მოინაცვლა.
- დალევითაც არაფერს დალევ? - ხელები ტახტის საზურგეზე გაშალა მარინამ და მკერდი წინ გამოზნიქა.
- არა, საჭესთან ვარ, ვერ დავლევ, გმადლობთ, - კლიმაქსიანი ქალივით შემიხურდა სახე.
- “ჩორნა” რატომ გაუშვა, არ უთქვამს?
- “ჩორნა” ვინ არის? - კითხვას კითხვითვე ვუპასუხე.
- შენამდე რომ დაატარებდა, ის შოფერი.
- ა! არ ვიცი, არაფერი ულაპარაკია მაგ საკითხზე.
- თავისი ფიცარივით კახპის გამო. შენ არ დაგადგა ჯერ თვალი?
- ვერ გავიგე?
- ძუძუები არ გადმოგიყარა? - აქ მარინამ სიძულვილით გადაიხარხარა და მკერდი ისე აუთიმთიმდა, თითქოს ბიუსტჰალტერიდან ამოხტომას ლამობდა.
“ამან საიდანღა იცის?” - ვიგრძენი, გაოცება როგორ გამომეხატა სიფათზე.
- ეგ მაგის სტილია, ყველა კაცს ასე აგიჟებს. სოსოც მასე გააგიჟა თავის დროზე. არა უშავს, მე ყველაფერი მოვინელე უკვე და შურიც გემრიელად ვიძიე. ჩემმა დეგენერატმა ქმარმა იკითხოს, რქებს რომ დაადგამენ მალე, თუ უკვე არ გახდა რქიანი. მაგასაც მოვესწრები, თანაც ძალიან მალე. როგორ ფიქრობ, რისთვის გაჰყვა ცოლად ამ ხნის კაცს?
ჩავახველე, არ მომეწონა საუბრის ეს თემა. რა ჩემი განსასჯელი იყო მათი ოჯახური სამკუთხედის ისტორია.
- მე წავალ, შალვოვიჩი მელოდება, - ხმა გამებზარა.
- დარჩი! - ქალის მბრძანებლური ტონი უსიამოვნოდ მომხვდა ყურში.
გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. შევხედე.
- დარჩი ჩემთან… ნუ გეშინია, დიდხანს არ დაგტოვებ. მეც მოგიმზადე ერთი სიურპრიზი, - გამომწვევად წარმოთქვა და წამოდგა.
მეც წამოვდექი.
- ახლავე, - მითხრა და მეორე ოთახისკენ გაემართა, კარი შეაღო და სანამ შევიდოდა, ორაზროვანი მზერა მესროლა.
რა უნდა ამ ქალს! ვერაფერს ვხვდებოდი. ისევ დავჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე. აქაც მაგარი რემონტი იყო გაკეთებული, უფრო სწორად, ევრორემონტი. ავეჯიც ძვირფასი იდგა და ინტერიერის ფერებიც სასიამოვნოდ იყო შეხამებული ერთმანეთთან.
- ზურა, მო-ო-დი-ი! - გაისმა უცებ მარინას ხმა.
მივხვდი, კარგი არაფერი ხდებოდა. ძლივს ავითრიე წელი. ქალის კი არა, საერთოდ ყველაფრის ხალისი წამიხდა.
კარი შევაღე. ჩემი მოლოდინი გამართლდა. ჩემ წინ სრულიად შიშველი მარინა იდგა, მაცდური ღიმილითა და ვნებიანი გამოხედვით.
- იცით… - რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ვინ მაცალა. მოულოდნელად მომეჭრა, ხელები ყელზე შემომაჭდო და მჭიდროდ მომეკრა მკერდზე.
- არ მითხრა უარი. სულერთია, მაინც არ მოგეშვები, სიცოცხლევ, - ჩამჩურჩულა ყურში და ცხელი ბაგეებით დამდაღა.
კანკალმა ამიტანა. როგორ გინდა ცდუნებას გაუძლო! არ ვიცოდი, სახე და ხელები სად წამეღო. როგორც იქნა, მოვისაზრე და მკლავებში ვწვდი, თავიდან რომ მომეშორებინა.
- ნუ მიძალიანდები, სულ ორი წუთის ამბავია, შენც ხომ იცი, ჩემო ბიჭო, სულ ორი წუთის, - ჩურჩულებდა ვნებამორეული და ხელებს ცოცხალი თავით არ მიშვებდა, თან საწოლისკენ მიმათრევდა, - იცოდე, დაგაშანტაჟებ და ხვალვე გავაგდებინებ შენს თავს, სოსოს ვეტყვი, რომ გაუპატიურება დამიპირე, გაიგე? - მუქარა გაისმა ბოლოს მის ხმაში.
შენი დედაც! - გავიფიქრე ჩემთვის, - შენისთანა ძუკნა მართლაც ყველაფრის ღირსია, ჩემი რა მიდის, - მივიღე გადაწყვეტილება და… საწოლზე მივასვენე თევზივით ასხმარტალებული “შიშველი მახა”. ისე ოსტატურად მხდიდა ტანსაცმელს, ადვილი მისახვედრი იყო, როგორ გაწაფული გახლდათ ამ “საკითხში”. სახეზე სისხლი მომაწვა, კუნთები დამებერა. მძლავრად მოვხვიე მკლავები და მისი გახურებული სხეული ქვეშ მოვიქციე…
ქალის ვნებიანი კვნესა საკმაოდ დიდხანს ისმოდა ოთახში… მერე… მერე იგი დაცხრა, სახეზე კმაყოფილი ღიმილი აღებეჭდა, თანდათან ღიმილი სიცილში გადაიზარდა, ბოლოს კი ხარხარში გადაუვიდა. კვლავ აუთიმთიმდა ოთხი ზომის მკერდი.
- რა გაცინებს! - ცივი ხმით მეც გავუშინაურდი, გულაღმა გავიშოტე და ჭერს მივაშტერდი, მარინასთვის არ შემიხედავს.
- ესეც მესამე, - თქვა და პირქვე ამოტრიალდა, იდაყვებს დაეყრდნო.
- რა მესამე? - მის ქარაგმებს ვერ ვხვდებოდი.
- ოდესმე გაიგებ, - ბოროტად ჩაიცინა და ლოგინიდან წამოდგა. - შეგიძლია ჩაიცვა და შენს “ხაზეინთან” გაიქცე. აბაზანა ეგერაა, გადაივლე, - მომეჩვენა, თითქოს ზიზღნარევი ხმით მითხრა.
თავი რატომღაც დამცირებულად ვიგრძენი. ვითომ გამომიყენა? ეს “მესამე” რაღას ნიშნავს? შემთხვევით, მესამე მძღოლი ხომ არა ვარ? ამის გაფიქრებაზე დამცეცხლა. გამომიყენა, აშკარად გამომიყენა. მე რეგვენი კი, ვერ მივხვდი. რა დეგენერატი ვარ. ზლაზვნით წამოვიწიე საწოლიდან.
- გინდა ერთად მივიღოთ შხაპი? - კისკისით მითხრა, ისევ მოვიდა ხასიათზე და შაბიამნისფერი აბრეშუმის ხალათი მოისხა.
- არა, არ მინდა, - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
- რა მოგივიდა, ახლა არ მითხრა, რომ ნანობ, რაც მოხდა, - თავი გვერდზე გადასწია და ხელები მკერდქვეშ გადაიჯვარედინა.
- დაახლოებით, - მივახალე.
- ე! - წარბები აზიდა გაოცებულმა, - მამაკაცები ოცნებობენ ჩემთან თუნდაც ერთი ღამის გატარებაზე, იცი შენ?!
- ეგ არ ყოფილა ჩემი ოცნება, - თავი გადავაქნიე.
- არ ყოფილა, მაგრამ აუცილებლად გახდებოდა, - ხმა მოულბა და თითები ჩემს მკერდზე აასრიალა, - “პრიატნი” სხეული გაქვს, ძალიან მამაკაცური.
სიცილი ვერ შევიკავე.
- შენი აზრით, ქალურიც შეიძლებოდა მქონოდა? - მაჯებში ვწვდი და მისი ხელები მოვიშორე, - სააბაზანოში უნდა შევიდე.
- მიბრძანდი, ბატონო, ვინ გიშლის, - თქვა, მიტრიალდა და იქვე მდგარი ტუმბას უჯრიდან პირსახოცი ამოიღო, - აჰა, დაიჭი! - და მესროლა.
გუნებაწამხდარმა პირსახოცი ჰაერშივე დავიჭირე და სააბაზანოსკენ წავედი.
* * *
მხოლოდ ქუჩაში გამოსულმა დავხედე საათს. პირველი ხდებოდა. კარგა გვარიანი დრო გასულა. რას იფიქრებს ის კაცი! სინდისის ქენჯნა ახლა უფრო ვიგრძენი. მანქანაში კი ჩავჯექი, მაგრამ დიდხანს ვერ შევძელი, დამექოქა და ოფისში დავბრუნებულიყავი. რაღაც მიმძიმებდა გულს. ეს რა ახვარი ცოლი ჰყოლია, ან კი როგორ უძლებდა აქამდე! ესეც კარგად ადგამდა ალბათ რქებს თავის დროზე! ასიანი! ველურ კატასავით არ მეცა? თავი ძილში მეგონა, თითქოს უსიამოვნო სიზმარი ვნახე, ისეთი განცდა დამეუფლა. კიდევ კარგი, ისე დამემშვიდობა, რომ მორიგი შეხვედრა არ დამინიშნა, მიმახვედრა, ეს იყო პირველიც და უკანასკნელიცო. ღმერთმა ქნას, მაგრამ მე რომ ასე არ მაწყობს? მირჩევნია, მეორე მისვლაზეც ასე მოიქცეს და მერე ნახოს, როგორ უნდა კაცის მასხრად აგდება და გამოყენება. მაგას ჰგონია, მის წინაშე ცდუნებას ვერა მამაკაცი ვერ გაუძლებს. ვერ მოგართვით, ქალბატონო მარინა! ეს გაკვეთილი იყო ჩემთვის. განახვებ, როგორი უარის თქმა ვიცი!
არა, როგორ გაბედა და თქვა, დაგაშანტაჟებო? ვაი, ჩემო თავო, ეს რა მითხრა. უარი რომ გეთქვა, სოსოს დავარწმუნებდი, რომ ჩემს გაუპატიურებას ცდილობდიო. წარმოგიდგენიათ? აუ, რა სიამოვნებით გავულამაზებდი ცხვირ-პირს, მაგის ბედი, რომ ქალია და თანაც… ბოსის ნაცოლარი, თორემ…
როგორც იქნა, “მერსედესი” დავქოქე და ადგილიდან მოვწყდი. რაც უფრო ვშორდებოდი კორპუსს, მით უფრო ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე. რა თარსი რაღაცებით დაიწყო ეს პირველი დღე. კაცმა არ იცის, რა იქნება ხვალ, ხვალის ხვალ, ზეგ და ზეგის ზეგ.. მე თვითონ არ ვიცი, რას ვლაპარაკობ და რა სიტყვებს ვიგონებ. ჯობია, დროზე მოვუხმო ჭკუას, სანამ მართლა არ დამიკარგავს სიმწრით ნაშოვნი სამსახური.
* * *
დღემ ისე ჩაიარა, ლუკმა არ ჩამსვლია პირში. არც გამხსენებია საჭმელი. დავბრუნდი თუ არა ოფისში, სოსოს მოვახსენე, დავალება შესრულებულია-მეთქი და მას მერე მანქანიდან არ გადმოვსულვარ, ოდნავ უკან გადავწიე სავარძელი და ჩავთვლიმე. გემრიელად კი ჩამეძინა. როგორც ჩანს, ქალთან ყოფნამ და შემდეგ ცხელმა შხაპმა თავისი ქნა.
ზუსტად ექვს საათზე იოსები გამოჩნდა.
- მომშივდა, ეს ოხერი, - ჩაჯდომისთანავე ამოიქშინა.
- საით, უფროსო, - გასაღები გადავატრიალე.
- შინ წავიდეთ, ნელის სადილები დავაფასოთ, თორემ სული გამძვრა.
კარგა მანძილი უხმოდ გავიარეთ. მე მარინასთან გადამხდარ ამბავზე ვფიქრობდი, სოსო კი - ვინ იცის, რაზე.
- რაო მარინამ, შენთანაც ხომ არ მლანძღა, - მკითხა ბოლოს.
- არა, შალვოვიჩ, არაფერი უთქვამს, ფული გამომართვა და მადლობაო, დააყოლა. მეტი არაფერი.
- როგორ, შინ არ შეგიპატიჟა?
- კი, როგორ არ შემიპატიჟა, ყავაც შემომთავაზა, მაგრამ… უხერხული იყო, მე მხოლოდ ჩემი საქმე გავაკეთე, - ვთქვი და გავწითლდი.
- მაგას უყვარს ეგეთები, ჩემს ძმაკაცებს თავს აბეზრებდა თავისი სტუმართმოყვარეობით.
- ეს კარგი თვისებაა. ყველა ქალს კი არ ესმის მაგ საქმე, - “გამოვესარჩლე” ცოლყოფილს.
- ალბათ, - სოსო ფიქრებში ჩაიძირა. მეც.
სახლს რომ მივუახლოვდით, ჩემმა შეფმა შინ დარეკა, მშივრები მოვდივართ და სუფრა გაგვიშალეთო. როგორც საუბრიდან მივხვდი, ამეთვისტო-ნანა შინ უნდა ყოფილიყო. სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბოსის ნორჩი ცოლი პრობლემებს შემიქმნიდა პირად ცხოვრებაში.
კარი ნანამ გაგვიღო. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, კინაღამ გული შემიღონდა. აი, ამისთანა ქალთან დაწოლაზე კი ნამდვილად არ ვიტყოდი უარს. ღმერთო ჩემო, რაებს ვბოდავ, ერთი ახლა ჩემი ცოლი მისმენდეს და მერე ნახეთ თქვენ! დამჭრის. მექალთანე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ… ამ გოგოს შემხედვარეს ყველაფერი მავიწყდება. “ერთი ნახვით შეყვარება” ხომ არ დამემართა?
ნელი მაგიდას შლიდა. ნანა შილიფად იყო ჩაცმული, თანაც ისეთი სიფრიფანა ხალათი ეცვა, მთელი სხეული მოუჩანდა. ასე მეგონა, შიშველს ვუყურებდი. საღერღელი ამეშალა. არა, ამ ორი ქალის გადამკიდე, ნამდვილი კაზანოვა გავხდები. საწყალი სოსო, რა დააშავა ამ კაცმა. მორჩა, მორჩა, მეტს ამ საკითხზე აღარ ვიფიქრებ, პირობას ვიძლევი.
- ნანა, ცოტა უხერხულად ხომ არ გაცვია? - ფიქრებიდან სოსოს ხმამ გამომიყვანა.
- აქ უცხოს ვერავის ვხედავ, - მკვახედ უპასუხა ამეთვისტომ და თვალი ჩამიკრა, - ზურა უკვე შინაურია ჩვენთვის, - გაიღიმა და ქმარს ხელები კისერზე მოხვია, - ჩემო სიხარულო, - ჩასჩურჩულა ყურში.
- ისადილებ ჩვენთან? - მაჯაზე ხელი წაავლო სოსომ და გვერდით მოისვა.
- რატომაც არა, მეც მშია. შენზე უკეთესთან ვისთან ვისადილებ? - ქმარს კი უთხრა, მაგრამ მზერა არ მოუშორებია ჩემთვის, თვალებით შემჭამა.
ისევ დამიარა სასიამოვნო ჟრუანტელმა. ახლა ლუკმა გადამივა მე ყელში? მეტი არ არის ჩემი მტერი!
სუფრას შემოვუსხედით. ხელები მიკანკალებდა. ნანა ქმრის გვერდით მოკალათდა, ჩემ პირდაპირ. ნელი კვლავ სამზარეულოში ტრიალებდა. მდიდრული სადილებით იყო მაგიდა გაწყობილი. აღარ მოვყვები ჩამოთვლას, ასეთებს მხოლოდ რესტორანში თუ შეუკვეთ, თანაც საგულდაგულოდ.
სოსო მადიანად ილუკმებოდა, მე კი ძლივს ვიკიკნებოდი.
- ზურა, სტუმარივით რატომ იქცევი? - მომიბრუნდა ოჯახის უფროსი, - ბლომად გადაიღე საჭმელი.
- ახლავე, ახლავე, არ მერიდება, - ვთქვი და შემწვარი გოჭის ნაჭერს გადავწვდი.
მოულოდნელად მაგიდის ქვეშ ფეხის შეხება ვიგრძენი. აბა, რა მიხვედრა უნდოდა, ვისი ფეხი უნდა ყოფილიყო! ეს ქალი მე მაგიჟებს, თუ სხვა მძღოლებსაც ამ დღეში აგდებდა? ნუთუ მარინამ მართალი თქვა? ფეხის გაწევა არ მიცდია. არც ნანას. უფრო მეტიც, ისე ოსტატურად ამისვ-ჩამისვამდა წვივზე თითის წვერებს, ოფლი მასხამდა. ფეხსაცმელიც რომ გაუხდია? რა ვიღონო?
- მე ცოტა ხნით გავალ, სიგარეტს მოვწევ, - ბოდიში მოვიხადე და წამოვდექი.
- აქ მოწიე, შე კაცო, სადღა მიდიხარ, - სოსომ ქაღალდის ხელსახოცით გაქონილი ტუჩები მოიწმინდა და ნელის გასძახა, - ნელიკო, ერთი საფერფლე გამოიტანე, თუ შეიძლება!
რა გაეწყობოდა, ისევ დავჯექი. ნელიმ ერთი საფერფლე ჩემ გვერდით დადო, მეორე კი - სოსოს წინ.
- თქვენც ხომ არ მოგიტანოთ, ქალბატონო ნანა? - “ამეთვისტოს” მიმართა.
- მე და სოსოს ერთიც გვეყოფა, - გაუღიმა ნანამ და ქმარს თავი მიადო.
ხარბად გავაბოლე. ქალის ფეხს უკვე ვერ ვგრძნობდი, როგორც ჩანს, გასწია ან ვერ მომწვდა. მსგავსი “ჟესტი” მთელი სადილის განმავლობაში მეტჯერ აღარ განმეორებულა, თუმცა კარგად ვხვდებოდი, ეს შემთხვევით არ მომხდარა.
როგორც იქნა, ჭამა-სმის პროცესმა ჩაიარა. ნელიმ მაგიდა აალაგა. სოსომ ტელევიზორი ჩართო.
- გინდა ბინა დაგათვალიერებინო? - ნანა მომიახლოვდა და ხელი მხარზე დამადო.
სუნთქვა შემეკრა.
- რატომაც არა, - მხრიდან მისი ხელი მოვიშორე და განზე გავდექი.
- გეშინია ჩემი? - ჩურჩულით მკითხა.
- ჯერ არა, - მეც ჩურჩულითვე ვუპასუხე.
- წამო, - გამომწვევად წარმოთქვა და ხელში ხელი ჩამკიდა.
გავყევი. სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი. სასტუმრო ოთახის კარი შეაღო, შევიდა და პატარა ბავშვივით თან შემიყოლა. გგონიათ, რამეს ვხედავდი ან ვამჩნევდი? თვალებზე ბინდი გადამეკრა. ამას ისიც დაერთო, რომ ნანა თავის თლილ თითებს თითებზე ისე ვნებიანად მისვამდა, რეტი მესხმოდა.
- იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ? - ძლივს მოვახერხე ამის თქმა.
- რატომ? არ გსიამოვნებს ჩემთან ყოფნა? - შეჩერდა და თვალი თვალში გამიყარა.
- არა, ამიტომ არა, უბრალოდ, მეჩქარება, - შუბლი ოფლით დამეცვარა.
- ვისთან გეჩქარება? - მაცდუნებლად ჩურჩულებდა “ამეთვისტო”.
- სხვასთან, - ავყევი ფლირტში.
ამეთვისტო კი არა, ნამდვილი დალი იყო, კაცებზე მონადირე “ძუ მტაცებელი”.
ზურგიდან მომიარა და მკერდით გამეხახუნა.
- გიყვარს?
- ვინ?
- ის სხვა.
- ის სხვა ჩემი ცოლია, - დავაკონკრეტე.
უეცრად მომცილდა და სანამ მიზეზს მივხვდებოდი, კარი გაიღო და სოსო გამოჩნდა. აი, თურმე რა მოხდა! მე კი ისე ვიყავი მოჯადოებული მისი “მანევრებით”, ჩქამიც კი არ გამიგია.
- ჰა, ზურა, როგორ მოგწონს აქაურობა? - მხიარულად მკითხა სოსომ.
- მაგრად, - მოწონების ნიშნად ხელები გავშალე, - ცხენიც კი გაჭენდება, იმხელა ოთახია.
- შენ სხვები უნდა ნახო. აქ მთელი სართული ჩვენია. კარგია კარგი ცხოვრება, არა?
- რა თქმა უნდა… შალვოვიჩ, წავალ, თუ არ გჭირდები, - თითქმის მუდარა გაისმა ჩემს ხმაში.
- წადი, წადი, ჩემო ზურა. შენ ალბათ ახლა ცოლ-შვილთან გეჩქარება, ახალი ამბები რომ მოუყვე, არა? - გაიცინა შეფმა.
- აბა რა, - უხერხულად გავიღიმე და ცხვირზე მოვისვი ცერა თითი, - კარგად იყავით, დილას ჩვეულებრივად მოვალ, - დავემშვიდობე ორივეს და სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე ოთახი.
გაგრძელება იქნება