ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე 1928 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა. ოჯახი იყო რეპრესირებული საბჭოთა კავშირის მიერ. მისი მამა, ბოლშევიკი ლევან ღოღობერიძე, დახვრიტეს 1937 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით, ხოლო დედა - ნუცა ღოღობერიძე - გადასახლებული იყო, როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლი. 1940-იან წლებში ნუცა ღოღობერიძე დაბრუნდა გადასახლებიდან. დედის გადასახლებისგან მიღებული ტრავმა მოგვიანებით ლანა ღოღობერიძემ საკუთარ ფილმებში ასახა. დედასთან ურთიერთობის დეტალებზე მან ტელეკომპანია „ფორმულას” რუბრიკაში, „ნამდვილი ამბავი“ ისაუბრა:
„7-8 წლის ვიქნებოდი, როდესაც დედა დააპატიმრეს. 10 წელი არ მენახა და შემდეგ დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება. შემდეგი ეტაპი იყო დედას ფილმებზე ფიქრი და მერე მათი პოვნა. თავიდან იმ სარდაფშიც კი ვეძებდი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. ბოლოს, როდესაც ვიპოვე და ჩამოვიტანე თბილისში, მათი ნახვის მეშინოდა. საბოლოოდ ფოტოები დარჩა ჩვენი ურთიერთობის სიმბოლოდ. ისინი ძირითადად შეხვედრა და დაშორება იყო, საბოლოოდ კი მაინც შეხვედრად იქცა. იქნებ კინორეჟისორიც იმიტომ გავხდი, რომ დედაზე ფილმი გადამეღო. დედაჩემმა საკუთარ მოთხრობებში შექმნა დედა-შვილის ხატი, როგორც მარადიული წყვილი. მგონია, რომ ურთიერთობებია მთავარი. ყოველი ახალი ადამიანის აღმოჩენა არის ახალი საჩუქარი. ძალიან მიყვარს გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები: „იცხოვრო იმისთვის, რომ მოჰყვე”. კარგია სიცოცხლე, ღირს, რომ იცოცხლო”, – ამბობს ლანა ღოღობერიძე.