მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის საქმეები მშვენივრად აეწყო, პირადი ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. ყველაფერი ამერ-დამერია. ჩემი აფორიაქების მიზეზი კი, ალბათ არ არის თქვენთვის ძნელი მისახვედრი, ნანა იყო. იგი მოსვენებას არ მაძლევდა. არ იფიქროთ, რომ რამეს მეუბნებოდა ან მოითხოვდა ჩემგან. არა, მსგავსი არაფერი. უბრალოდ, მზვერავდა. მისი ნუშივით ასხლეტილი მწვანე თვალები ყველგან თან დამდევდა, ხოლო ორაზროვანი და მომაჯადოებელი ღიმილი თავგზას მიკარგავდა. რამდენჯერ ვცადე, არ ვიფიქრებ ამაზე-მეთქი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. როცა მათთან ვიყავი, აუცილებლად მოახერხებდა ისე, რომ ოდნავ, სულ ოდნავ შემხებოდა ან სულაც, მკერდით გამხახუნებოდა. ფეხით მოფერებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. საუზმე თუ სადილი ისე არ დამთავრდებოდა, ეს “პროცედურა” არ ჩაეტარებინა.
მე კი ვიტანჯებოდი. სიყვარულით, რა თქმა უნდა, არ მიყვარდა, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ ვიწევდი მისკენ. მესმოდა, რომ ეს ნდომა იყო, სურვილი, დავუფლებოდი ამოუცნობ, იდუმალ ლამაზმანს, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი, რამდენად “აკრძალული ხილი” იყო იგი ჩემთვის. რომ დამეწყო ეს თამაში, მაშინ მისი სურვილისამებრ უნდა გამეგრძელებინა - სანამდეც მოუნდებოდა და როცა მოუნდებოდა. ამაზე ფიქრი მკლავდა. არადა, რომ არ ავყოლოდი ამ თამაშში ან სადღაც შუაში გამეწყვიტა ურთიერთობა, ვიცოდი, დაუძინებელ მტერს გავიჩენდი. ნანა ამას არ მაპატიებდა, ეს კი სამსახურის დაკარგვის ფასად დამიჯდებოდა.
ერთ რამეში არ ვიყავი გარკვეული მხოლოდ. ყველაზე მეტად სწორედ ეგ მიღრღნიდა გონებას - მე მისთვის ჩვეულებრივი, რიგითი მძღოლი ვიყავი თუ სხვა, სრულიად განსხვავებული, განსაკუთრებული მამაკაცი? ამას ალბათ, დრო მაჩვენებდა, ამიტომაც უნდა მომეთმინა.
სამუშაოს დაწყებიდან ერთი კვირის თავზე გადავწყვიტე, ცოლ-შვილი მომენახულებინა და სიურპრიზი მომეწყო მათთვის.
კარი ლალიმ გამიღო. ჩემ დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და აუციმციმდა, მაგრამ უმალ შეკრა კოპები და ცივი სახით გატრიალდა. ღიმილი პირზე შემაშრა.
- მოხვედი, შვილო, შენ შემოგევლე, - შემომეგება სიდედრი და შუბლზე მაკოცა, - რომ იცოდე, როგორ გელოდა, ნერვიულობისგან არ უძინია რამდენი ღამეა, - ჩამჩურჩულა ყურში.
- მუშაობა დავიწყე, ქალბატონო თინა და ამიტომ ვერ მოვიცალე აქამდე, - ხმამაღლა, ლალის გასაგონად ვთქვი.
- დედა, რას მეუბნები! მართლა? - აღფრთოვანებულმა შესძახა ჩემმა სიდედრმა და ქალიშვილს მიუბრუნდა, - ლალიკო, გესმის, შვილო? უშოვია სამსახური.
- გავიგე, ყრუ კი არ ვარ, - ბუზღუნით ჩაილაპარაკა ჩემმა ბუტია ცოლმა და საწოლზე დაყრილი თეთრეულის დაკეცვა დაიწყო.
- შეეშვი ახლა მაგას, მე ვიზამ. მოდი, შენს ქმარს მოუჯექი გვერდში. თქვენთან მოვიდა, ჩემ სანახავად კი არა, - საყვედურით მიმართა ქალიშვილს და მეორე ოთახში გავიდა.
- ბავშვი სად არის? - ვკითხე ლალის.
- მამამ წაიყვანა ზოოპარკში.
- დიდი ხანია?
- ნახევარი საათი იქნება.
- აუჰ! აბა, კაი ხანს არ მოვლენ. ეს თქვენ მოგიტანეთ, - სანოვაგით სავსე ცელოფანის პარკი მაგიდაზე შემოვდე, ჯიბიდან კი 30 ლარი ამოვიღე და მასაც მაგიდაზე მივუჩინე ადგილი.
- ჯერჯერობით, ეს იყოს, ორ-სამ კვირაში პირველ ხელფასსაც ავიღებ და მგონი, ყველაფერი კარგად იქნება.
- ჩვენ არაფერი გვჭირდება, - ლალი კვლავ ზურგშექცეული მელაპარაკებოდა.
- ესე იგი, ჩემი ნახვაც არ გსიამოვნებს? - მივუახლოვდი.
- აღარ, - ხმა გაებზარა.
- არც მოგნატრებივარ? - მხარზე შევახე ხელი.
- თავი დამანებე, მომბეზრდა ამდენი ტყუილი!.. - იყვირა უცებ.
- რა ტყუილი?..
- მაგ შენი მოტანილით გინდა დამარწმუნო, რომ მუშაობა დაიწყე? ეგ საკენკი შენს ქათმებს დაუყარე, - გაცხარდა ჩემი ცოლი და თეთრეულს უფრო გამალებით დაუწყო კეცვა.
- 450 ლარი მექნება თვეში. რატომ არ გჯერა, ოდესმე მომიტყუებიხარ?
- არ ვიცი და არც მაინტერესებს, - გაგულისებულმა ხელი დაავლო დაკეცილ სარეცხს და ოთახიდან გავარდა.
ღრმად ამოვიხვნეშე. მივხვდი, როგორ უმძიმდა უჩემოდ, მაგრამ ასე უცებ, ასე ადვილად შერიგებისაც ეშინოდა თუ ეუხერხულებოდა, რაღაც ამდაგვარი.
კარგა ხანს ვიდექი ასე გარინდული. მეორე ოთახიდან დედა-შვილის კინკლაობის ხმა შემომესმა. ქალბატონი თინა ქალიშვილს უკმეხობისთვის hკიცხავდა. ჩამეღიმა, თავი გადავაქნიე და არავის დავმშვიდობებივარ, ისე დავტოვე სიდედრის ბინა. თუ კარგია, ახლა ცოლმა ინერვიულოს. მეტი რა ვქნა, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი შესარიგებლად. არ უნდა გამიგოს? რა, ძალიან მიხაროდა, რომ არ ვმუშაობდი? დღეს განა ასე ადვილია სამსახურის შოვნა. ვაშლის და სიგარეტის გამყიდველად, რა ვქნა, ნამდვილად ვერ ვიმუშავებ. არა იმიტომ, რომ მეთაკილება, უბრალოდ, ვაჭრობა საერთოდ არ მეხერხება.
გუნება გამიფუჭდა. ბავშვი მაინც მენახა. ჰმ, რანაირი ქალია, ერთი ტკბილი სიტყვა არ გაიმეტა. არადა, ხომ ვიცი, როგორ ვუყვარვარ. ისეთი ჩახუტება იცის მონატრებულზე, ბედნიერებით ვივსები ხოლმე. ეჰ, ლალი, ლალი!.. ერთი ახლა ჩემს გულში ჩაგახედა. მეზიზღება იმ გამოცარიელებულ სახლში შესვლა. არც ბავშვის ტიტინი ისმის, არც ნაირნაირი კერძების სურნელი ტრიალებს, არც უწესრიგოდ მიყრილი სათამაშოები მებლანდება ფეხებში… მომბეზრდა ასე ყოფნა. დათუნას მოფერება ყველაფერს მირჩევნია. ერთი-ორი კვირაც და ისევ მივალ. მაშინ მაინც ხომ მოულბება გული! ჯიუტი გოგო!
* * *
- ზურა, ერთი გავარდი სახლში, ნანა გელოდება, სალონში უნდა წასვლა, - მითხრა სოსომ, კაბინეტში თავი რომ შევყავი.
- კი ბატონო, ახლავე, - ძლივს გავეცი პასუხი, ისე დავიბენი.
ნანასთან მარტო ჯერ არ დავრჩენილვარ. ნეტავ რა მოხდება? შეფის “ექსცოლივით” თუ ჩამიგორდა ლოგინში… არ მახსოვს, რა სისწრაფით მიმყავდა მანქანა და როგორ გავჩნდი კორპუსთან. თუმცა კიბის საფეხურები, რაც შეიძლებოდა მშვიდად ავიარე, არ მინდოდა ნანას ეფიქრა, რომ მის ნახვას დაწყურებული მოვრბოდი.
- უკვე მოხვედი? - მკითხა და ისე ვნებიანად გამიღიმა, სხეული გამიხურდა, თითქოს შავი ღვინო დამელიოს მთელი ფიალა.
- შალვოვიჩმა დროზე მიდიო, მითხრა და მეც ვეცადე, - საკმაოდ რიხიანად გამომივიდა ნათქვამი.
- მე ჯერ ჩაცმულიც არ ვარ. რა ტიპის კაცია, ხომ ვუთხარი, ერთ საათში მოვიდეს-მეთქი.
- წავალ, თუ გინდა და ერთ საათში მოგაკითხავ, - თავი უხერხულად ვიგრძენი, პირველად მივმართე შენობით.
შემომხედა… რომ იცოდეთ, რა თვალებით შემომხედა. მეგონა, მზერით გამგმირავდა. მერე ახლოს მოიწია, კიდევ უფრო ახლოს, კიდევ, კიდევ… მისი სუნთქვა უკვე სახეში მცემდა, თბილი, სურნელოვანი… პატარა ბავშვივით გაბუტული ტუჩებით ყურის ბიბილოზე ოდნავ შემეხო და ჩამჩურჩულა:
- იცი? ერთი ჭკვიანური რამ მინდა გირჩიო. რას იტყვი?
- მირჩიე, - ჩურჩულითვე ვუპასუხე და საკუთარი სისხლის ჩქროლა ვიგრძენი.
- თუ გინდა სასურველი მამაკაცი იყო, ქალს არასდროს უთხრა, თუ გინდა.
ამის გაგონებაზე დამცეცხლა.
- იმიტომ, რომ, - გააგრძელა ნანამ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, - შენ მამაკაცი ხარ და უნდა იცოდე, გრძნობდე, ქალს რა უნდა და რა - არა. “თუ გინდა” შეთავაზების ცუდი ფორმაა, გესმის? “თუ გინდა დაგპატიჟებ”, “თუ გინდა გიყიდი”, “თუ გინდა წაგიყვან”… ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არავითარი სურვილი არა გაქვს ამის გაკეთების და მხოლოდ ქალის გამო ხდი იძულებულს საკუთარ თავს, ამგვარად მოიქცე. გამიგე, რისი თქმა მინდა? დაიმახსოვრე: “თუ გინდას” საუკეთესო ვარიანტია: “შეიძლება?” აბა, ახლა წარმოიდგინე, იგივე წინადადებები შეიძლებათი რომ შეცვალო, რა გამოვა? სრულიად მარტივი რამ: ეს მე, მამაკაცს მინდა და შენც გთავაზობო. არა ვარ მართალი?
თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. ნამდვილი მუტრუკი ვარ. ამ ხნის კაცს ეს ლაწირაკი გოგო უნდა მასწავლიდეს ჭკუას? დავიჯერო, ქალთან ასეთი წვრილმანები მეშლება? - ჩემს თავზე მომივიდა ბრაზი.
- ცამდე მართალი ხარ, რა მეთქმის, - ხელები ავწიე დამარცხების ნიშნად.
- მაგრამ კაცებმა არ იცით ქალთან მოქცევის წესები, სულ არ იცით. ოცდათორმეტი წლის ვარ და ჯერ არ შემხვედრია მამაკაცი, რომელიც ყველა კეთილშობილური თვისებით იქნებოდა დაჯილდოებული, სხვებისგან გამორჩეული, განსაკუთრებული მამაკაცი. რა გაოცებული სახე მიიღე, რა ვთქვი ასეთი? - გამიღიმა და ხელისგული ლოყაზე ჩამომისვა.
მუხლები მომეკვეთა. დავრეტიანდი.
- ოცდათორმეტი წლის?.. არ არსებობს! - აღმომხდა უნებურად.
- აბა, რამდენის გეგონე? - გადაიკისკისა კმაყოფილმა.
- ჰა-ჰა, მაქსიმუმ ოცის. მატყუებ, არა?
- არა, არ გატყუებ. მართლა მაგდენის ვარ. სოსო ცხრამეტი წლითაა ჩემზე უფროსი. მოდი, დაჯექი, ფეხზე რას დგახარ.
- ვერც კი წარმოვიდგენდი. სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი.
- ჰო, ჩემი გარეგნობა ბევრს ატყუებს. ყავა მოგიდუღო?
- ქალბატონი ნელი არ არის?
- არა, ბაზარში გავუშვი. ჩემს მოდუღებულს რა, არ დალევ?
- როგორ არ დავლევ, უბრალოდ…
- მე შენს მოდუღებულს დიდი სიამოვნებით დავლევდი და არა მარტო ყავას…
- კიდევ რას? - სული შემიგუბდა.
- იმას, რასაც შენ, - გამომწვევი მზერა მესროლა.
ალბათ, შხამი იგულისხმა. კი, ნამდვილად მორჩილად დავლევდი მისგან მოწოდებულ შხამს, მაგრამ არა სიამოვნებით.
- ცოტა გათამამდი, რა, ისე მიყურებ, თითქოს გაოგნებული იყო ჩემი საქციელით. ალბათ, თავქარიანი გგონივარ, არა? უაზრო და ავხორცი. ასეა? სწორად მივხვდი, ხომ? ვიცი, ფუქსავატი ქალის შთაბეჭდილებას ვტოვებ შენს თვალში, მაგრამ სულაც არ არის ასე. მე… მე შენ არ მიცნობ, სულ სხვანაირი ვარ. მე არა ვარ სტანდარტული ქალი, არა ვარ ჩვეულებრივი, ისეთი, როგორსაც შენნაირები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებიან. მე სრულიად განსხვავებული ვინმე ვარ, ამიტომაც ვერ ვპოულობ განსაკუთრებულ მამაკაცს. არ ვიცი, შეიძლება მე ვარ ძალზე პრეტენზიული; შეიძლება ვაჭარბებ კაცების ასე შეფასებაში, მაგრამ მაინც მგონია, რომ მართალი ვარ. ვიცი, რასაც ვამბობ.
- იცი, ნანა, მე დიდი ხანია, ის პერიოდი გავიარე, როცა ვმექალთანეობდი და ქალების შებმის სტრატეგიულ გეგმებს ვადგენდი. შევიცვალე. ცოლი, შვილი, ოჯახი, უფულობა, უმუშევრობა… სიმართლე გითხრა, გადამავიწყდა ეს ყველაფერი.
- არ გეთანხმები მაგაში, - ტახტზე ჩემ გვერდით ჩამომჯდარმა “დირექტრისამ” ახლა ხელის ზურგი ჩამომისვა სახეზე და ოდნავ ჩემკენ ჩამოიჩოჩა, - იცი? ქალთან ურთიერთობა ერთგვარი ხელოვნებაა. ეს არის ნიჭი - ან თანდაყოლილი, ან შეძენილი. ის, რაც შენში ბუნებრივად ძევს, არასდროს გავიწყდება. ჩემთვის არავის უსწავლებია, როგორ მოვქცეულიყავი მამაკაცთან, რომელიც მომწონდა. ამას ყოველთვის შინაგანად ვგრძნობდი. იმდენი კაცი გამიგიჟებია, მომიჯადოებია, თითები არ მეყოფა ჩამოსათვლელად და კიდევ ბევრს გავაგიჟებ და მოვაჯადოებ, თუ მოვინდომე. სოსოც ასე წამოვიკიდე. მე მასთან მდივნად ვმუშაობდი. ერთი არ შემშლია. რომ გითხრა, სიყვარულით გავყევი-მეთქი, მოგატყუებ. მე იგი მჭირდებოდა. უდედმამო ვარ, ბავშვთა სახლში გავიზარდე. ერთი დეიდა მყავს, ეგ არის და ეგ. მასაც მხოლოდ იმის მერე გავახსენდი, სოსოს რომ მივთხოვდი. მიზიდავდა სოსოს ქონება, ფული, ადგილი საზოგადოებაში, ფუფუნება… დღეს ყველაფერი მაქვს, არაფერი მაკლია, ერთის გარდა - მინდა ვინმე მიყვარდეს, წრფელი გულით მიყვარდეს; მინდა, რომ მასთან ურთიერთობისას სრული თავისუფლება მქონდეს, ისე მოვეფერო, როგორც მე მინდა და მანაც ასეთივე გრძნობით მიპასუხოს; მინდა, რომ კარგი კოცნა იცოდეს, რაც დღეს ასე იშვიათად იციან მამაკაცებმა. ქალებზე ხომ საერთოდ არ მაქვს საუბარი. მინდა, ძალიან მინდა, იგი უთქმელად ხვდებოდეს ჩემს ყველა სურვილს, ჩემს თვალებში კითხულობდეს ჩემს ნაფიქრს… აი, ასეთი სიყვარული მინდა. კაცები კი… არ არიან მომზადებულნი ამგვარი ურთიერთობებისთვის. თქვენ ქალებს, როგორც ერთჯერადი მოხმარების საგნებს, ისე უყურებთ. მე კი ერთჯერადი ქალი ნამდვილად არა ვარ და მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ჩემი ვნება დავიკმაყოფილო, მამაკაცთან არ დავწვები. შენთანაც კი არ დავწვები, თუ არ ვიქნები დარწმუნებული, რომ გიყვარვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონხარ.
- მე მგონი…
- არ ვიცი, რისი თქმა გინდა, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ეს ისე, სიტყვას მოვაყოლე. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი, როგორც კი დაგინახე, რაღაც დამემართა. არ ვიცი, რა, მაგრამ აქ, შიგნით (ნანამ მარცხენა ძუძუზე დაიდო ხელი) სული ამიფორიაქდა. შეიძლება ეს მხოლოდ ილუზიაა, გატაცება და მეტი არაფერი, მაგრამ ფაქტია, იმ დღიდან მოსვენება დავკარგე. ხომ ხედავ, უკვე თავს კონტროლს ვეღარ ვუწევ, უფრო და უფრო მოვიწევ შენკენ, - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ხმას დაუწია და თავი მხარზე დამადო.
საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა. როგორ მოვიქცე? გადავხვიო ხელი? ჩავიხუტო? ვაკოცო?.. ვაითუ, მიმაბრძანოს აქედან, მერე? გაქვავებულივით ვიჯექი, განძრევის მეშინოდა.
- მითხარი რამე, - მუდარა გაისმა მის ხმაში.
- არ ვიცი, რა ვთქვა.
- რა გემართებათ ამ კაცებს, ყველანი რომ დამუნჯდებით ხოლმე ჩემთან. იმის მაგივრად, კაცმა ინიციატივა თავის თავზე აიღოს და იაქტიუროს, ყოველთვის ქალს უხდება ამის გაკეთება. რატომ? ასეთი საშიში ვარ?
“მერე როგორი საშიში ხარ, არც კი იცი”, - გავიფიქრე ჩემთვის.
- წავალ, ყავას მოვადუღებ, - თქვა უცებ და წამოდგა, - შენ ტკბილი არ გიყვარს, არა?
- მხოლოდ ერთი კოვზი შაქარი.
- მე კი სულ უშაქროს ვსვამ. ათქვეფილი გინდა?
- არა, არა, ისე დავლევ, - დავადევნე მიმავალს და ტახტის საზურგეზე მივესვენე სახეარეული.
იმ წუთებში ყველაფერზე ვფიქრობდი: ცოლზე, შვილზე, შეფზე, სამსახურზე და… ჩემსა და ნანას შესაძლო რომანზე. არ შეიძლება ასე მოქცევა, არაფრით არ შეიძლება. ის კაცი მენდობა, სჯერა ჩემი, შემიფარა, ხელი გამიმართა. მე კი რით ვუპირებ სამაგიეროს გადახდას? ცოლის შეცდენით? თუმცა ვინ ვის შეცდენას ცდილობს, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. რა მეშველება! უარი რომ ვთქვა ამ სახიფათო თამაშზე, ნეტავ ესეც შანტაჟით დამემუქრება? აი, ეს კი ძალიან საინტერესოა.
- მგონი, არ გამომივიდა ცუდი, აბა, გასინჯე, - ფიქრებში ისე ვიყავი ჩაძირული, ვერც გავიგე, როდის წამომადგა თავს “ამეთვისტო”.
- ვა! რა სხვანაირი ფერი აქვს.
- ეს თვითონ ყავაა ასეთი, მწვანეა. ნუ გეშინია, ჯადოს გაკეთებას არ გიპირებ.
- სად არის გარანტია? მგონი, არ უნდა ვიყო დაზღვეული ამ საშიშროებისგან.
- დაზღვეული არავინ არაფრისგან ვართ. ასე რომ, სხვა გზა არ გაქვს, სიტყვაზე უნდა მენდო, - გაიღიმა ჯადოს შემოქმედმა და ქაფქაფა ყავა ისე მოსვა, თვალი არ დაუხამხამებია.
- შალვოვიჩს ალბათ უკვე სალონში ვგონივართ, - როგორც იქნა, ჩამოვარდა მომენტი, “დღის თემას” შევხებოდი. რა მექნა, ხომ უნდა შემეხსენებინა, აქ რისთვისაც მოვედი?
- ალბათ. ნუ გეშინია, არ შემამოწმებს, ეგეთები არ სჩვევია.
- რატომ, ამის საბაბს არასდროს აძლევ? - ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი ჩემთვის საინტერესო და საჭირო საკითხს.
- ყოველ შემთხვევაში, აქამედ არ მიმიცია. ჯერჯერობით, ვერც ახლა დამდებს ბრალს. რა, ვაშავებ რამეს?
- არა… არ ვიცი, შეიძლება არც…
- ჰმ, რა საოცარი კაცი ხარ. რაც მოხვედი, რამდენი ვისაუბრეთ და ერთი რამეც არ გითქვამს ისეთი, რომ ჩემთვის სიამოვნება მოგენიჭებინა. საერთოდ ასეთი ხარ ყველა ქალის მიმართ თუ ჩემთან გემართება მსგავსი რამეები? - ფინჯანი დადგა და თავდაღუნულმა ქვემოდან ამომხედა.
თვალები დანისლოდა.
- შეიძლება ჯადო გამიკეთო? - მისი შეგონებების მთელი “პაკეტით” ვიხელმძღვანელე და სწრაფად გამოვაცხვე ფრაზა, რომელიც მას ესიამოვნებოდა.
- თუ გინდა გაგიკეთებ, - რევანში ამიღო და თვალი თვალში გამიყარა.
- ძალიან მინდა, - ძალიან ჩუმად ვთქვი და ხელზე ხელი შევავლე.
თვალები მილულა. ვაკოცო თუ არ ვაკოცო? ვყოყმანობდი. ალბათ არ იქნებოდა წინააღმდეგი, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა. რაღაც მეწეოდა უკან, რაღაც მაბრკოლებდა. სადღაც სინდისი მქენჯნიდა. ის კი… იჯდა თვალებდახუჭული და ელოდა. რას? რა ვიცი, რას.
ვცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი.
- ნანა, შვილები რატომ არ გყავთ? - მოულოდნელად ეს მომადგა ენაზე.
- არ ვიცი, არ გვიჩნდება.
- შენი ბრალია თუ…
- არც ეგ ვიცი. ექიმთან არც ერთი არ ვყოფილვართ.
- რატომ?
- სოსო არ მაძალებს და მეც არ ვიგიჟებ თავს მაინცდამაინც. სად მეჩქარება?
მოულოდნელად მობილურის ზარი გაისმა. ისე შევხტი, თითქოს კარი გაეღოს ვინმეს და ამ ყოფაში დავენახვეთ ორივე. ნანაც შეკრთა.
ეკრანს დავხედე. სოსო იყო.
- რა ვუთხრა? - ჩურჩულით ვკითხე ნანას, თითქოს შეფი იქვე იდგა, ორ ნაბიჯზე და ჩემს ხმამაღალ ნათქვამს გაიგონებდა.
- ვითომ სალონთან მელოდები.
- ჰო, შალვოვიჩ, შესულია და გარეთ ველოდები… აბა, რა ვიცი, რა გითხრა… კი ბატონო, როგორც კი გავთავისუფლდები, მაშინვე წამოვალ. კარგი, გასაგებია, - ჭირის ოფლმა დამასხა შუბლზე. ტელეფონი გავთიშე და თავზე მსუბუქად შემოვირტყი ხელი.
- ნუ გეშინია, ახლავე ჩავიცვამ და წავიდეთ, თორემ, როგორც ვხედავ, შენ მალე შენი დაგემართება, - ნანა სწრაფად წამოდგა, ყავიან ფინჯნებს ხელი დაავლო და სამზარეულოსკენ ჩქარი ნაბიჯებით გასწია.
* * *
შუაღამე გადასული იყო, ზარის ხმამ რომ გამომაღვიძა. სახლის ტელეფონი რეკავდა. საათს დავხედე, სამი ხდებოდა. სასწრაფოდ წამოვხტი ლოგინიდან, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ დროს? ყურმილში ჩემი სიდედრის შეშფოთებული ხმა გაისმა.
- ზურიკო, გვიშველე, შვილო, - სასოწარკვეთით მოთქვამდა ქალი.
- რა მოხდა, ქალბატონო თინა, ხომ მშვიდობაა?! - ვუპასუხე გულგახეთქილმა, - ბავშვს ხომ არაფერი დაემართა!
- არა, დედა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი, ბავშვს რა უჭირს. ლალი გვყავს ცუდად, საავადმყოფოდან გირეკავ.
- რა მოუვიდა? საშიშია რამე? - დავიბენი, სულ ხუთიოდე დღის წინ ვნახე და ასე უცებ რა უნდა მოსვლოდა?
- საოპერაციოა, შვილო, ფიბრომა აღმოაჩნდა. დატანჯა ტკივილებმა. კინაღამ დაიცალა სისხლისგან. ორი საათის წინ ისეთი შეტევები ჰქონდა, მტერს არ ვუსურვებ, მოუკვდეს დედა. იქნებ გამოხვიდე “არამიანცში”.
- ახლავე მოვალ, ქალბატონო თინა, არ ინერვიულოთ, - შევეცადე სიდედრის დაწყნარებას, ყურმილი დავკიდე და ჩაცმას შევუდექი…
ასე სწრაფად ალბათ ავტორბოლებზეც არ მივლია. რამდენმა რამემ გამიელვა თავში, სანამ საავადმყოფოს ეზოში შევიდოდი. ლალი რომ მოკვდეს, დათუნას რა ეშველება? უდედოდ ხომ ცოდოა პატარა, ვინ გაუწევს დედობას? თინა კი არაფერს დააკლებს, მაგრამ დედის სითბო ხომ მაინც სულ სხვაა? ან მე? მე რაღა ვქნა? დაქვრივება მინდა ახლა? არა, ლალის გარეშე გამიჭირდება. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო. იგი ჩემთვის ყველაფერია. ოღონდ ეგ არა, ღმერთო, ოღონდ ეგ საშინელება ამაცილე თავიდან!
თინას, ჩემს ცოლისდას მარინას და ჩემს სიმამრს ერთად მოეყარათ თავი გრძელ დერეფანში, საოპერაციოს წინ და ხელებგადაჯვარედინებულები ერთმანეთს “ეს რა დაგვემართა” სახეებით შეჰყურებდნენ. იქვე მარინას ქმარი ჯაბაც დავლანდე, ცოტა მოშორებით ბოლთას სცემდა.
- რა ხდება? - ქშენით მივაჭერი მათ.
- დაიწყეს უკვე ოპერაცია, - გადმომიჩურჩულა ცოლისდამ.
- ასე სასწრაფო იყო?
- აბა! დაცდა აღარ შეიძლებოდა, კინაღამ დაიცალა სისხლისგან.
სიდედრმა ლოყაზე შემოირტყა ხელი და მერე, მოტირალმა ქალებმა რომ იციან ისე, ღაწვები ჩამოიხოკა.
- დედა! რა გითხარი წეღან! - მკაცრად უსაყვედურა მარინამ დედას და თავის ქნევით მე გადმომხედა, ხომ ხედავ, რა სისულელეებს სჩადისო.
- ბავშვი სად არის? - იმწუთას დათუნა გამახსენდა.
- ჩემს დედამთილთან დავტოვე. ნუ გეშინია, ისე ტკბილად ეძინა, ზარბაზანი რომ დაუცალო ყურის ძირში, ვერაფერს გაიგებს, - ნაძალადევად გამიღიმა მარინამ.
- დიდხანს გაგრძელდება? - ახლა სიმამრს მივუბრუნდი.
ბატონმა ვაჟამ ისე შემომხედა, თითქოს ახლა შემამჩნია პირველად. რა მიხვედრა ამას უნდოდა, ნაწყენი იყო ჩემზე. არც გაემტყუნებოდა. ლალი, როგორც წესი, ოჯახური კონფლიქტების შესახებ მშობლებს ყოველთვის ბოლო სიტყვამდე უყვებოდა ყველაფერს. და ასეთ შემთხვევაში შვილი როგორ დაუხატავს დედ-მამას სიძის პორტრეტს, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, მით უმეტეს, როცა რეალურად აქვს უკმაყოფილების მიზეზი.
- ქალბატონო თინა, - კვლავ სიდედრს მივუბრუნდი, - რამდენია საჭირო? - საჩვენებელი და ცერა თითი ერთმანეთს გავუსვი, რითაც მივახვედრე, რომ ფულს ვგულისხმობდი.
- ხუთასი დოლარი მოგვთხოვეს, - ისე გადმომიჩურჩულა სიდედრმა, თითქოს დიდ საიდუმლოს მიმხელდა.
- ხვალ რომ მოვიტანო, ხომ არ იქნება გვიან?
- არა, შვილო, რა უნდა მოიტანო. სად გაქვს შენ მაგის საშუალება, - მაინც მიკბინა, - ორი დღეა, რაც მუშაობა დაიწყე.
- ეგ არ არის პრობლემა, - მხარზე დავადე ხელი.
- უკვე ვიშოვეთ, დედა, სამასი ვაჟას ჰქონდა გადანახული, ორასი კი ჯაბამ გვასესხა, გაახარებს ღმერთი.
ბოლო სიტყვები გულზე მომხვდა. ჩემი ცოლის ოპერაციის ფული ქვისლმა რატომ უნდა გადამიხადოს? ან სიმამრმა, თუ გინდა? მე ვარ კაცი, თუ არ ვარ? - საკუთარ თავზე გავბრაზდი.
სოსოს იმედი მქონდა. ხომ მითხრა, თუ წინასწარ დაგჭირდეს რამე თანხა, დაგეხმარებიო? ჰოდა, ხვალვე ვეტყვი. თან ისე გავაკეთებ, ნანასაც ესმოდეს. თუ შეფი შეყოყმანდა, ქალი ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გაახერხებს რაღაცას…
ოპერაციამ დიდხანს გასტანა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გორგოლაჭებიან საკაცეზე დასვენებული ლალი ფრთხილად გამოაგორეს საოპერაციოდან გაფითრებული, ოფლით სახედაცვარული. ჯერ კიდევ ნარკოზში იყო, რაღაც გაუგებარ ბგერებს ლუღლუღებდა შიგადაშიგ. შეიყვანეს თუ არა ინტენსიურ პალატაში, ექიმი ჩვენკენ გამოეშურა.
- მეუღლე აქ არის? - იკითხა.
- მე ვარ, - წინ ავესვეტე.
- თქვენთან საქმე მაქვს, თუ შეიძლება, ცოტა ხნით კაბინეტში წამობრძანდით.
შუბლი გამიხურდა. ახლა ამან ცუდი რამე რომ მითხრას… არა, ამის გაგონებაც არ მინდა!
- დაბრძანდით, - ახალგაზრდა მამაკაცმა სკამზე მიმითითა, თვითონ მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და სიგარეტი გააბოლა.
- ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, ყოველგვარი გართულების გარეშე, მაგრამ ერთი პრობლემა დარჩა, - დაიწყო ექიმმა.
- გადარჩება? - ერთი სული მქონდა, ეს გამეგო.
- ოჰ, მაგ მხრივ საშიში არაფერია, რას ამბობთ. ას წელიწადს იცოცხლებს, - გაიღიმა მამაკაცმა და მხარზე დამკრა ხელი გამხნევების ნიშნად, - მე სხვა რამე მინდა გითხრათ.
- გისმენთ. უკაცრავად, თქვენი სახელი?
- გიგი, ჩემო ბატონო.
- სასიამოვნოა. მე ზურაბი მქვია.
- ჩემთვისაც, - ექიმმა სიგარეტი მარცხენა ხელში გადაიტანა და მარჯვენა ღონივრად ჩამომართვა, - ახლა, რისი თქმაც მინდოდა. არ ვიცი, თქვენი მეუღლის მშობლებმა გითხრეს თუ არა, მაგრამ იძულებული გავხდით, საშვილოსნო მთლიანად ამოგვეღო. ბავშვი აღარ გეყოლებათ. ვწუხვარ, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა.
შვებით ამოვისუნთქე.
- სულ ეგ არის?
- ჰო, რა ვიცი, ბევრისთვის ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, - გიგი ნაფაზს ნაფაზზე ურტყამდა, - თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვალდებული ვიყავი, მეთქვა.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ღვთის წყალობით, ჩვენ ერთი შვილი მაინც გვყავს. ასე რომ, ოღონდ ჯანმრთელი იყოს, ოღონდ არაფერი გაურთულდეს და რაც არის, ეგ არის. იმ ერთს გავზრდით და ვაჟკაცს. განა ცოტანი არიან ერთშვილიანი ოჯახები? - იქით ვანუგეშე ექიმი.
- ღმერთმა გაგიზარდოთ. სულ ამის თქმა მინდოდა. ამაღამ ნუ შეაწუხებთ, ორ დღეში ჩვეულებრივ პალატაში გადავიყვანთ და მერე შეგიძლიათ ინახულოთ. აბა, ღამე მშვიდობისა, - ექიმმა კიდევ ერთხელ ჩამომართვა ხელი და ადგა.
გაგრძელება იქნება