დილის ექვს საათამდე დავყავი საავადმყოფოში. შევედი კიდეც ინტენსიურში, დავხედე ლალის. კი ეძინა, მაგრმ ძილში ბორგავდა, შფოთავდა. დედამისი ბამბით უსველებდა გამშრალ, გაცრეცილ ტუჩებს, რადგან ნაოპერაციები წარამარა წყალს ითხოვდა. შუბლზე გადავუსვი ხელი. ოდნავ გაახილა თვალები, შემომხედა და კვლავ დახუჭა.
უკვე თენდებოდა, შინ რომ დავბრუნდი. გაუხდელად მივეგდე ლოგინზე, რათა ერთი-ორი საათით მაინც წამეძინა.
სოსოსთან ზუსტად ათ საათზე გამოვცხადდი. გამოძინება, რა თქმა უნდა, ვერ მოვასწარი, აბა, ორი საათის ძილი მიშველიდა? გავვარდი სახლიდან. შეფმა შემატყო, რაღაც რიგზე რომ ვერ იყო და წარბები აზიდა.
_ რა დაგემართა?
_ წუხელ ჩემს მეუღლეს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს “არამიანცში”.
_ რას ამბობ, კაცო. რა ჭირდა?
_ ფიბრომა ჰქონია საშვილოსნოზე.
_ ოხ! ახლა როგორ არის?
_ გმადლობთ, არა უშავს…
_ სოსო, რა ხდება? _ ნანას ხმა მომესმა.
მივიხედე. მკერდმოშიშვლებული “ამეთვისტო” რხევა-რხევით მოემართებოდა ჩვენკენ.
_ ზურას ცოლი დაუწვენიათ საავადმყოფოში. ფიბრომა ამოუჭრიათ.
_ როდის? _ მოგვიახლოვდა და ის იდუმალი სურნელი მოიყოლა თან, მე რომ ასე მახელებდა. ერთი წამით ლალიც დამავიწყდა და მისი ოპერაციაც.
_ გუშინ ღამე, არა? _ შემომხედა სოსომ.
_ ჰო, გამთენიისას. ახლა პირდაპირ იქიდან მოვდივარ, _ ვიცრუე.
_ ნუ ნერვიულობ, ეგ საშიში არ არის, _ მანუგეშა შეფის ცოლმა და ზურგზე მზრუნველად გადამისვა ხელი, თანაგრძნობის ნიშნად.
ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. კინაღამ თვალები დავხუჭე სიამოვნებისაგან.
_ ფული გჭირდება ალბათ, არა? _ ბოსმა ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.
_ რა ვიცი, თუ უხერხული არ იქნება და შეგიძლიათ წინასწარ მომცეთ… თქვენს იქით გზა მაინც არ მაქვს.
_ რამდენი გინდა?
_ ბევრი დაჯდა ეს ყველაფერი. როგორ გითხრათ, რამდენსაც შეძლებთ, შალვოვიჩ.
_ თუ კაცი ხარ, პირდაპირ მითხარი, რამდენი გინდა. ეს მიკიბულ-მოკიბული არ გამაგონო. რა საჭიროა ამდენი შესავალი?
_ ხუთასი დოლარი, _ ვთქვი და ავიწურე.
_ ნანა, გამოუტანე, რა, _ შეფს არც კმაყოფილება დასტყობია და არც უკმაყოფილება.
_ სოსო, კიდევ დაუმატე ცოტა, ოპერაციის გარდა ისედაც ხომ სჭირდება ადამიანს, _ ნანამ ახლა ქმრისკენ გადაინაცვლა და მას გადაუსვა ზურგზე ხელი, ოღონდ არა თანაგრძნობის, არამედ დაყოლიების მიზნით.
_ ჰო, ეგ კი ვეღარ მოვიფიქრე, დავიბენი კაცი. ერთი თვის ხელფასიც ცალკე დაამატე, კარგი?
_ რა კეთილი ხარ, ძვირფასო, _ თვალებგაბრწყინებული “დირექტრისა” მეუღლეს ლოყაზე ეამბორა და ჰაეროვანი ნაბიჯებით გაგვერიდა.
_ ბოდიში, რა, შალვოვიჩ, ისეთნაირად მოტრიალდა ყველაფერი, რომ გაოცებას ვარ. ძალიან მერიდება შენი. სად დავიმალო, არ ვიცი.
_ დაივიწყე, თუ კაცი ხარ. აბა, მეტი რაში გამოვადგებით ერთმანეთს, თუ ჭირს არ გავიზიარებთ? ნელ-ნელა გადამიხადე, როგორც შეძლებ.
_ არა, არა, მაგ პირობით ნამდვილად არ ავიღებ. მომდევნო თვეების დამიქვითეთ და ის იქნება, _ უარზე დავდექი.
_ მერე საარსებო ფული არ გჭირდება? იმ ნაოპერაციებს როგორი მოვლა უნდა, არ იცი?
_ მშობლები დაგვეხმარებიან, არა უშავს.
_ მშობლები არ ვიცი მე! მოაგროვე ნელ-ნელა და როგორც შეძლებ, ისე დააბრუნე. ჩემთან ნუ მოიტან, პირდაპირ ნანას ჩააბარე. ფინანსებს ოჯახში ის განაგებს. “კასირი” ის არის.
ამასობაში ნანაც გამოჩნდა. ხუთი ცალი ტკიცინა ასდოლარიანი ცალ ხელში ეჭირა, ხოლო ამდენივე ასლარიანი _ მეორეში.
_ აჰა, გამომართვი, _ ორივე ხელი ერთად გამომიწოდა ღიმილით, _ და ნურაფერზე ინერვიულებ. ჩვენ შენ გვერდით ვართ.
_ უღრმესი მადლობა, გადამეხადოს, _ ვლუღლუღებდი ჩემთვის.
ღმერთმა გამომიგზავნა ამ ხალხის თავი, თორემ რა უნდა მექნა? ნუთუ ამ ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერადაა ერთმანეთთან დაკავშირებული? დავიჯერო, ეს ასე უნდა ყოფილიყო? ვინ უწყის.
_ მე წავალ, ჩავიცვამ, თორემ ნამეტანი დამაგვიანდა, _ თქვა სოსომ და საძინებლისკენ გაეშურა.
დავრჩით მე და ნანა მარტონი. შემომხედა. მზერით მომეალერსა. შიშველ ყელზე ვარდისფერი ძარღვი დაბერვოდა და ოდნავ უკრთოდა.
_ ნამდვილი ფინანსების დედოფალი ხარ, _ მეტი ვერაფრის თქმა მოვახერხე.
_ მშვენიერი კომპლიმენტია, ქალი უკეთესს ვერ ინატრებდა, _ მომაჯადოებლად შემომცინა.
_ აი, აქ გაკოცებდი, რომ შეიძლებოდეს, _ ხმადაბლა ვუთხარი და თითით იმ ძარღვს შევეხე.
_ მერე რა გიშლის?
_ სიტუაცია.
თვალი თვალში გამიყარა. კარგა ხანს მზვერავდა ასე. ბოლოს საჩვენებელი თითი მფეთქავ ძარღვზე მიიდო, მერე კი ჩემს ტუჩებს შეახო. ვაკოცე თითზე. თვალები მილულა. კიდევ ვაკოცე, კიდევ, კიდევ…
როცა შეფ-იოსები გამოვიდა, ორივენი გაშლილ სუფრას ვუსხედით და მშვიდად ვმუსაიფობდით, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
_ ძვირფასო, _ დაიწყო ნანამ, _ გადავწყვიტე, ზურას საავადმყოფოში გავყვე. სანდრო ხომ იქ მუშაობს. ვეტყვი და უფრო მიაქცევენ ყურადღებას.
_ კარგი აზრია. შენ მართალი ხარ. ოღონდ ჯერ მე მიმიყვანეთ სამსახურში და მერე როგორც გადაწყვეტთ, ისე მოიქეცით, კარგი? თორემ დღეს საგადასახადოდან ველოდები “მგლებს” და დაგვიანება ხეირს არ დამაყრის. ისედაც გვარიანად გამწეწავენ.
_ ჰოდა, მაგიტომ გეუბნები, ერთი მანქანა მიყიდე-მეთქი. არც შენ დამჭირდებოდი და არც ზურაბი. ჩემით წავიდოდი და წამოვიდოდი.
_ იფ! მანქანა გაკლია ახლა შენ! _ შორს დაიჭირა ბოსმა.
_ რატომ, ვითომ?
_ ქალს მანქანა არაფერში სჭირდება. მით უმეტეს, შენ. თუ გინდა, აგერ არ არის? ოდესმე დაგიკავა ვინმემ, ვინ გიშლის?
_ რა ცუდი ხარ, რომ იცოდე, _ ტუჩები გაბუშტა “ამეთვისტომ”, _ საკუთარი რომ მყავდეს, დაშავდება რამე? აბა ტარება რისთვის მასწავლე?
_ მერე სად გეძებო დილიდან საღამომდე! ვიცი მე შენი ამბავი, ერთი წუთით შინ არ გაჩერდები. ტარება კი იმიტომ გასწავლე, აგერ, მე და ზურიკო რომ დავთვრებით, სახლამდე მშვიდობით მიგვიყვანო.
_ ბოდიში მოიხადე! მე კი არა ვარ შენი პირადი მძღოლი, მით უმეტეს _ ზურაბის. მაგით რა გინდა თქვა, რომ მე მძღოლის მძღოლი უნდა გავხდე?
_ ხედავ, ზურა? ქალის ყბაში რომ ჩავარდები, უარესის ღირსი ხარ კაცი, _ ჩემს გასაგონად თქვა სოსომ, მაგრამ ცოლისთვის მზერა არ მოუშორებია, _ თუ სადმე წასვლა-წამოსვლა გინდა, აგერ ვართ ორი კაცი. მეტი რა გვევალება?
_ აღარ მინდა შენთან ლაპარაკი, _ გაიბუტა ქალი და წამოდგა, _ გასვლას რომ დააპირებთ, დამიძახეთ.
_ არ ისაუზმებ? _ დაადევნა ქმარმა.
_ არა, გადამიარა.
_ თუ გაბრაზდი?
_ გავბრაზდი კიდეც, _ უკანმოუხედავად მოგვაძახა და ოთახში შეიკეტა.
სოსომ ჩაიცინა, რა არიან ეს ქალებიო, ჩაილაპარაკა და სათალის მსუქანი ნაჭერი დაითრია. მეც ძალიან მშიოდა, ამიტომ მიპატიჟებას არ დავლოდებივარ, შემწვარი კარტოფილი გადავიღე და ორი ცალი ცხელ-ცხელი კატლეტიც ზედ დავადე.
_ ზურა, თუ დამჭირდი, დაგირეკავ, ჯიგარო. ვეცდები, ყველაზე აუცილებელ საქმეზე შეგეხმიანო. ვიცი, დღეს ნაკლებად გეცლება ჩემთვის.
_ რას ამბობ, შალვოვიჩ, მე რა, თავზე კი არ ვადგავარ, ჩემი სიდედრიც იქაა, ცოლისდაც და სიმამრიც. უბრალოდ, მივალ, დავხედავ, ფულს ავუტან და მოვბრუნდები. გავიგებ, კიდევ რამე ხომ არ სჭირდებათ.
_ პრინციპში, მართალი ხარ… ნანა მაინც ხომ უნდა წამოიყვანო უკან. აი, მაგ დროს დამირეკე. შეიძლება არც დამჭირდე, მაგრამ რა იცი, მაინც…
_ ასე იყოს, უფროსო, _ ხელი ჯარისკაცივით საფეთქელთან მივიტანე და ასე “ვუპატაკე” ბოსს.
კარგა ხანს ისე ვიარეთ, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია.
_ წეღან ძალიან მესიამოვნე, _ თქვა უცებ “დირექტრისამ”.
_ რა ქენი? _ მეგონა, სიტყვა სწორად ვერ გავიგე-მეთქი.
_ მე-სი-ა-მოვ-ნე, _ დამიმარცვლა, _ რა არ მოგწონს? ცუდი სიტყვაა?
_ არა, უბრალოდ, უცხოდ მომხვდა ყურში. ძალიან ლამაზი ნათქვამია.
_ ასეთებს ჩემგან კიდევ ბევრს მოისმენ, ჯერ სადა ხარ. ოღონდ, თუ დაიმსახურებ.
_ როგორ უნდა მივხვდე, რომ დავიმსახურე?
_ როცა მსგავს სიტყვებს გეტყვი, _ კისკისით თქვა და თავი მხარზე მომადო.
იმდენად ავღელდი, კინაღამ წინ მიმავალ “ფორდს” დავეჯახე. დროზე მოვასწარი დამუხრუჭება. ქალმა მსუბუქად შეჰკივლა.
_ ჩემი ბრალია, არა?
_ ჩემი ბრალია, შენ რა შუაში ხარ.
_ ხომ ხედავ, კინაღამ თავგზა აგიბნიე.
_ კინაღამ არ ითვლება, _ ვთქვი და მანქანა გავაჩერე.
შევხედე. შემომხედა. თითქოს რაღაცას ითხოვდა თვალებით. ხელზე შევახე ხელი. თითები მომიჭირა. მის მაჯას დავწვდი და ტუჩებთან მივიტანე. ოდნავ შევეხე ხელის ზურგზე, თან თვალს არ ვაშორებდი. ისევ მილულა თვალები. “ესეც ჩემ დღეშია”, _ გავიფიქრე ნიშნის მოგებით.
ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ხელი ვუშვი და მანქანა დავქოქე.
_ ცუდი გოგო ვარ, არა? _ სევდიანი ხმით თქვა.
_ ვინ გითხრა, ან რატომ უნდა იყო ცუდი?
_ ასე რომ ვიქცევი.
_ როგორ იქცევი?
_ ისე, როგორც არ უნდა ვიქცეოდე. შენ გგონია, ამდენი არ მესმის? ძალიან კარგადაც მესმის, მაგრამ მე თვითონ არ ვიცი, რა მემართება. შენ რომ გხედავ, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, დახშული მაქვს გონება.
_ არ გინდა, ნანა, ნუ იფიქრებ ამაზე.
_ ეგ რას ნიშნავს?
_ ჯერ არაფერი არ ხდება, წინასწარ რატომ ნერვიულობ?
_ მაგრამ ხომ იქითკენ მიდის ყველაფერი, რომ რაღაც მოხდეს?
_ არაფერი არ მოხდება, დამიჯერე.
_ გასაგებია, _ ყრუდ ჩაილაპარაკა და სახე შეეცვალა.
მგონი, გავაბრაზე. მეც კარგი ტიპი ვარ, ეს რა ვუთხარი. მიდი ახლა და უხსენი, რა და როგორ. ამ ხნის კაცმა ჭკუა ვერ ვისწავლე. მართალია ნანა, ქალთან მოქცევას ცოდნა უნდა…
პალატაში რომ შევედით, ლალის ეძინა. მძიმედ სუნთქავდა, მარჯვენა მკლავი ისე უხერხულად ედო საბანზე, თითქოს მის სხეულს არ ეკუთვნოდა. სისხლჩაქცევებისგან კანი მთელ სიგრძეზე ჩალურჯებოდა. როგორც ჩანდა, წვეთოვანის დადგმისას ექთანი ვენაში ვერ შევიდა. სულ ორიოდე წუთს დავყოვნდით იმის შიშით, ექიმი არ შემოსულიყო ინტენსიურში და გარეთ არ გავეყარეთ. მედდას ორლარიანი ჩავუცურე ხალათის ჯიბეში. მორცხვად, თან მადლიერებით შემომხედა.
_ წამო, სანდრო ვნახოთ, _ ცივად მითხრა ნანამ, ჯერ კიდევ არ განელებოდა გაბრაზება.
_ სანდრო ქირურგია? _ გამიხარდა, სალაპარაკო თემა რომ გამოვნახე.
_ არა, მეან-გინეკოლოგი.
_ ჰო-ო-ო…
გრძელ, თეთრად შეღებილ დერეფანს დავუყევით. ნანა ოდნავ მისწრებდა, მე კი დაჩაგრული ქმარივით მივყვებოდი უკან.
საორდინატოროში ვიკითხეთ, სანდროს ნახვა სად შეიძლებაო. შაბიამნისფერხალათიანმა მელოტმა მამაკაცმა დაკვირვებით შემოგვხედა.
_ სანდრო შვებულებაშია, გენაცვალე, რაჭაში ისვენებს, _ განგვიმარტა, _ ორ კვირაში გამოვა სამსახურში. თქვენ პაციენტები ხართ? მე ხომ არ შემიძლია რამით დაგეხმაროთ? _ მელოტი წამოდგა და ჩვენკენ გამოემართა.
_ არა, გმადლობთ, ახლობლები ვართ, _ ნანა გამოტრიალდა.
_ ახლობლები თუ ხართ, არ იცით, თბილისში რომ არ არის? _ უკმეხად ჩაილაპარაკა ექიმმა.
_ ეგ უკვე თქვენი პრობლემა არ არის, _ უხეშად შეეპასუხა “დირექტრისა” და ტუჩაბზუებულმა ზიზღით ჩაილაპარაკა, _ პირუტყვი, ავადმყოფები ვეგონეთ და გაუტყდა, გემრიელი ლუკმა რომ გაუვარდა ხელიდან.
ამას მეც მაშინვე მივხვდი. გამეცინა. როგორი დამშეულები არიან ამ დროში ექიმები, პაციენტი მათთვის ნამდვილი დეფიციტი გახდა.
_ მკურნალი ექიმი ვინ არის? _ მკითხა ნანამ.
_ არ ვიცი, ჩემს სიდედრს ეცოდინება.
ქალბატონმა თინამ მოსვლისთანავე დიდი “მონდომებით” შეათვალიერა ჩემი უფროსის ცოლი. როცა ავუხსენი, ვინც იყო, სახე გაებადრა, გადაეხვია და ლოცვითა და კურთხევით აავსო.
_ ქალბატონო, მკურნალი ექიმი იცით, ვინ არის? _ მომხიბვლელი ღიმილი შეაგება თინას ჩემმა გულის “მეისრემ”.
_ ჯერ არ იციან, შვილო, სანამ პალატაში არ გადაიყვანენ, _ ჩურჩულით წარმოთქვა სიდედრმა.
_ გამოდის, სულ ტყუილად მოვედით, _ დანანებით თქვა ნანამ და მე გადმომხედა.
ეს “მოვედით” ყურში ცუდად მომხვდა. ადვილი მისახვედრი იყო, უკვე თავისად ვყავდი დაგულებული. მრავლობითში მოხსენიება იმის ხაზგასმა იყო, რომ თუნდაც ასეთ მძიმე სიტუაციაში, უპირატესობა მისთვის უნდა მიმენიჭებინა. ეს კი ნამდვილად არ იყო ადვილი გადასაწყვეტი. წინ მძიმე არჩევანი მელოდა.
გაგრძელება იქნება