მაია ჯაბუა "მზიურის" დროიდან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსია. წლების მანძილზე მან გულშემატკივართა დიდი არმია შეიძინა და დღემდე რჩება ბევრისთვის საინტერესო შემსრულებლად. მაია ჯაბუას ქალიშვილი, ლიზა ყენია, ასევე დედის გზას გაჰყვა და მუსიკალურ სფეროში საქმიანობს. ლიზამ ძალები მსახიობობაშიც მოსინჯა, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოდან შორს, ამერიკაში ცხოვრობს. როგორც მაია ჯაბუა აღნიშნავს, დედისთვის რთულია, როცა შვილი შორსაა, თუმცა ეს ნაბიჯი ლიზასთვის მნიშვნელოვანი იყო:
"ახალგაზრდებს სწყურიათ, რომ სამყარო ნახონ. ვფიქრობ, ამაში ტრაგიკული არაფერია. ჩემთვის არ არის სიტყვა ემიგრანტი მისაღები. ჩემი შვილი იმიტომ წავიდა, რომ ისწავლოს თავისი პროფესიით და გაიზარდოს. ლიზა არის ისეთი გაზრდილი და შეცვლილი, რომ მივხვდი, ეს მას სჭირდებოდა. რომელ დედას სიამოვნებს შვილის შორს ყოფნა... მეც წავიდოდი. მიყვარს სიახლეები, ერთი და იგივე მალე მბეზრდება. ერთი პერიოდი წავედი თბილისიდან, მაშინ აქ არაფერი აღარ ხდებოდა. უცხო ქვეყანაში ჩასულმა, საკუთარ თავს ვუთხარი, შენ აქ არავინ გიცნობს, შენი სახელი და გვარი არაფერს არ ამბობს, აბა, თუ რამედ ღირხარ, მოდი და დაიწყე ნულიდან. სცენიდან რომ შევედი კულისებში, იმდენ კონცერტში მივიღე მონაწილეობა, რომ შემდეგი თვეები სულ შევსებული მქონდა. საკუთარ თავს ვუთხარი YES და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა გამიჩნდა. ძალიან ბევრი სირთულე ვნახე ცხოვრებაში და არავისზე არ გავბრაზდი, არ მძულს. ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, არაფრის არ შეგეშინდეთ. თუ ცხოვრებაში ვინმე ცუდი შეგხვდებათ, ერთი ისეთი კარგი ადამიანიც შეგხვდებათ, სულ გადაწონის მის სიცუდეს. მე სიკეთის უფრო მჯერა და ბედნიერების" - ამბობს მაია ჯაბუა.