ცნობილი თავისი წარმოუდგენელი ნიჭითა და რთული როლების მარტივად შესრულების უნარით, კეტი ბეიტსი ჰოლივუდის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად ითვლება.

კარიერის დაწყება არასოდეს არის ადვილი, განსაკუთრებით ჰოლივუდში, მაგრამ ეს კიდევ უფრო რთული იყო ბეიტსისთვის. 1970-იან წლებში, მაშინ, როცა ფინანსურად ძალიან უჭირდა, მიზერული თანხის სანაცვლოდ არც ისე ცნობილ ფილმებში უმნიშვნელო როლებს აძლევდნენ. როგორც მსახიობი ამბობს, ამაში დიდი როლი მისმა გარეგნობამ ითამაშა: „მე არ ვარ განსაცვიფრებელი ქალი... ახალგაზრდობისას ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემას მიქმნიდა, რადგან არასდროს ვიყავი საკმარისად ლამაზი იმ როლებისთვის, რომლებშიც სხვა ახალგაზრდა ქალები იღებდნენ მონაწილეობას“.

ყველაფერი 1990 წელს შეიცვალა, როცა მსახიობმა ფილმში “Misery’” მთავარი როლი შეასრულა და დამსახურებული ოსკარიც მოიგო.
2003 წელს მსახიობს საკვერცხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ჩაუტარდა ოპერაცია და ქიმიოთერაპია. თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ 2012 წელს მკერდის კიბო დაუდგინეს, რისთვისაც ორმაგი მასტექტომია გაიკეთა. ოპერაციის შემდეგ ბეიტსმა განუვითარდა ლიმფედემა, ქრონიკული შეშუპება, რომელიც შეიძლება ლიმფური კვანძების ამოღების შემდეგ მოხდეს.

„დეპრესიაში ვიყავი. მეგონა, რომ ჩემი კარიერა დასრულდა“ - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. მას შემდეგ კეტი ამ მდგომარეობის შესახებ ხმამაღლა საუბრობს და იყენებს თავის პლატფორმას ცნობიერების გასავრცელებლად. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ლიმფედემის ხანგრძლივი შედეგები, დისკომფორტი და შეზღუდვები შეიძლება სხვებისთვის უხილავი იყოს, ეს განუკურნებელი დაავადებაა“.ყველაფრის მიუხედავად, სამსახიობო კარიერას წარმატებით აგრძელებს. „ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბევრი გავაკეთე და განვიცადე. ხვალ რომ ამ ქვეყნიდან წავიდე, იმედგაცრუებული არ დავრჩები“.
შეკითხვაზე, თუ რისთვის არის ყველაზე მადლიერი, მსახიობი ხშირად პასუხობს: "მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ".