"დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა, ვერაფერი ვუპასუხე" - ასე იხსენებდა შვილთან უკანასკნელ შეხვედრას ქალბატონი მანანა ხიდაშელი.
გასული საუკუნის 90-იანები. ბათუმში ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. უცბად ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. რამდენიმე საათში უკვე სოხუმისკენ მიფრინავდა. პირველივე დღეს სხვა მებრძოლებთან ერთად პოზიციაზე დადგა და იმავე დღეს დაიღუპა.
ლევან აბაშიძე თბილისში სილამაზით ცნობილი წყვილის, მანანა ხიდაშელისა და აგი აბაშიძის შვილი იყო. მსახიობი, თეკლა ბატონიშვილის მხრიდან, ერეკლე მეფის პირდაპირ შთამომავალი იყო.
ლევანის დებიუტი პატარა ასაკში შედგა. მსახიობი ლანა ღოღობერიძის შვილის, ნუცას ახლო მეგობარი იყო. სწორედ ნუცას დამსახურებაა, რომ ლევანი ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ სანდროს როლზე დაამტკიცეს. ამ დებიუტმა გადაწყვიტა მისი მომავალიც - ლევანი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
“რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” იყო პირველი ფილმი, სადაც მივიღე მონაწილეობა და შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა, სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროს ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა კურსი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა, კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში “ჩვენი პატარა ქალაქი”.
სულით რომანტიკოსისთვის სიყვარული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
“მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლა. მის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ. რომ მოვდიოდი, სულ სხვადასხვა გოგო გამოდიოდა სახლიდან, მაგრამ არასოდეს უსინდისობა არ ჩაუდენია, ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო. გაუთავებელი რომანები ჰქონდა.”
მაგრამ ამდენ გოგონას შორისაც აღმოჩნდა ერთ განსაკუთრებული - მოლდოველი მსახიობი მიკაელა სტრიმბიანუ. 18 წლის მიკა 25 წლის ლევანს სრულიად შემთხვევით შეხვდა. მიკა გადაღებიდან გამოვიდა და ტაქსი უნდა გაეჩერებინა. ამ დროს მსახიობმა თემო გვალიამ მანქანა გაუჩერა და წაყვანა შესთავაზა. მანქანაში ღამის გადაღებიდან მომავალი მეთევზის ფორმაში გამოწყობილი ლევანი იჯდა. მიკაელა სტრამბეანუ: – თემომ ერთმანეთი გაგვაცნო. მან ბლოკნოტში თავისი ნომერი ჩამიწერა და მომცა. არ დამირეკია, რადგან არ მომეწონა. მერე 9 აპრილი იყო და მოლდოველი სტუდენტები ნუგზარ ლორთქიფანიძემ მოლდოვაში გაგვამგზავრა. იქიდან რომ ჩამოვედი, ჩანთაში ვიპოვე ბლოკნოტი, რომელმაც ლევანი გამახსენა. დავურეკე და პაემანზე მოვიდა ულამაზესი ბიჭი, ნამდვილი პრინცი! ყავის დასალევად საფუნთუშეში წავედით. მერე სტუდქალაქში მომაკითხა და თავის სახლში მიმიყვანა სტუმრად. იმ საღამოს ლევანმა დედამისს უთხრა, მიკა ჩვენთან იცხოვრებსო… არასდროს უთქვამს მიყვარხარო. ამას ვგრძნობდი. მოგვიანებით გიო მგელაძემ მითხრა, ლევანმა გული გადამიშალა და მითხრა, მიკა არის ქალი, რომელმაც მაგრძნობინა – რა არის სიყვარულიო. თავისი ხელით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები მოჰქონდა, ნამცხვრებს ყიდულობდა, კაბებს მჩუქნიდა… ჩემ გამო ჩხუბობდა. მოდიოდა ნაცემი, ცხვირგატეხილი… ქართველი გოგონები შურით მიყურებდნენ, როდესაც ლევანის გვერდით ამაყად მიმავალს მხედავდნენ. მე კიდე მაინც ვეჭვიანობდი და თან ისე, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. ამ დროს ლევანი იწვა და წიგნს კითხულობდა. და ელოდა, როდის გადამივლიდა. მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო. ერთხელ შემთხვევით მოვისმინე მისი საუბარი ქალთან – საყვარელი ქალი უკვე მყავსო, უთხრა. ისეთი ამაყი ვიყავი… და ისე გამიხარდა, მოლდოვური ბორშჩი გავუკეთე. ჩვენი ბოლო კონტაქტის გახსენება ძალიან მიმძიმს. კიშინიოვში ვიყავი. 5 სექტემბერს დარეკა. დედაჩემმა აიღო ყურმილი. აფხაზეთში მივდივარ და უთხარით, იქიდან დავურეკავო. ორი დღის შემდეგ დაიღუპა… როდესაც კიშინიოვში მივდიოდი, გამაცილა და მითხრა, რომ ჩამოხვალ ყვავილებით დაგხვდებიო. ამის ნაცვლად ყვავილები მე დავაწყე გაჩერებულ გულზე. მე ასეთი სიყვარული აღარ მწვევია. მიყვარდა, მაგრამ მივხვდი, რომ ის ისეთი ძლიერი სიყვარული არ იყო. ამიტომ მარტო დარჩენა გადავწყვიტე” - ამბობდა მიკა.
მიკა ლევანის სახლში უნივერსიტეტის დამთავრებამდე ცხოვრობდა. შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. ომში წასვლამდე ლევანმა დაუბარა, რომ აეროპორტში დიდი თაიგულით დახვდებოდა, თუმცა მიკას ყვავილებით ჩამოსვლა ლევანის დაკრძალვაზე მოუწია.
ლევან აბაშიძე 1992 წლის 7 სექტემბერს, აფხაზეთის ომში დაიღუპა. მსახიობი მაშინ 29 წლის იყო.