მსახიობმა და აქტივისტმა ჯამილა ჯამილმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და საჯაროდ გააკრიტიკა ბოლო დღეების ყველაზე ხმაურიანი და განხილვადი მოვლენა - Met Gala 2023. წლევანდელი ღონისძიება ეძღვნებოდა დიზაინერ კარლ ლაგერფელდსა და მის მემკვიდრეობას მოდის სამყაროში.
Met Gala განიხილება, როგორც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული და მომხიბვლელი ღონისძიება და სოციალური შეკრება მოდის სფეროში და ცნობილია, როგორც "მოდის ყველაზე დიდი ღამე". საღამოს ესწრებიან მოდის, კინოს, ტელევიზიის, მუსიკის, თეატრის, ბიზნესის, სპორტისა და პოლიტიკის ის წარმომადგენლები, რომლებსაც გარკვეული გავლენა აქვთ საზოგადოებაზე. საღამო იმართება ყოველწლიურად მაისის პირველ ორშაბათს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წელს "მეთ გალასა" და მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების გამოფენის მთავარი თემები ერთმანეთს დაემთხვა. ეს უკანასკნელიც კარლ ლაგერფელდის მოდისა და სილამაზის ხაზს ეძღვნება.
“რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდმა და მაღალმა მოდამ ბევრ ფემინისტ ქალთან ერთად აღნიშნა იმ კაცის დღე, რომელიც საჯაროდ ძალიან სასტიკი იყო ქალების, პუტკუნა ადამიანების, ემიგრანტებისა და სექსუალურ ძალადობას გადარჩენილი ადამიანების მიმართ. და ყველა ქალთა ჟურნალ-გაზეთმა თუ ონლაინმედიამ სიხარულით უგულებელყო ყველა ეს ფაქტი მის შესახებ. რატომღაც, ყველას ერთხმად გაუქრა “მადა” და სურვილი, ეძრომიალა სხვის პირად ცხოვრებაში და ამოექექა უხსოვარი დროის ტვიტები..სხვა შემთხვევებში ამას ძალიან მარტივად ახერხებენ ხოლმე. არავინ არ არის სრულყოფილი ზნეობის, მათ შორის, არც მე, მაგრამ ნამდვილად გვქონდა დრო გაგვეცნობიერებინა, რომ განსაკუთრებული პატივი არ უნდა მივაგოთ ფანატიკოს ადამიანს. თუმცა, ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ თუ ეს ჩვენთვის ამ მომენტისთვის უფრო ხელსაყრელია, ადამიანის ხელოვნება და მისი პიროვნება ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ეს წესი კი მხოლოდ “მათთვის” არსებობს, სხვა დანარჩენებისთვის სხვა წესები მოქმედებს (ჩვენ არავინ არაფერს გვაპატიებს, არცერთ ფეხის წაცდენას). სამწუხაროდ, გუშინ ღიად უარი განვაცხადეთ ჩვენი, ქალების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე” - წერს აქტივისტი ჯამილა ჯამალი.
"შანელის" კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფელდი 85 წლის ასაკში 2019 წელს პარიზში გარდაიცვალა. ლაგერფელდი, რომელიც ცნობილია, როგორც „მოდის მეფე“, საკამათო ფიგურაა და, როგორც არაერთი გამოცემა წერს, მის პიროვნებას მეორე, ბევრად უფრო ბნელი მხარეც ჰქონდა. „ის იყო ისლამოფობი, რასისტი, ქალთმოძულე, რომლის რწმენა და პოზიცია მიმართული იყო მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებისკენ“ - ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Wear Your Voice-ში. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ლაგერფელდი იყო ცნობილი ქალთმოძულე. CR Fashion Book-ის მთავარ რედაქტორთან, კარინე როიტფელდთან საუბარში მან განაცხადა, რომ კოკო შანელი არ იყო ფემინისტი, რადგან ის "არ იყო საკმარისად მახინჯი ამისთვის". კარლი დაუფარავად აკრიტიკებდა ადამიანებს მათი წონის გამოც. მას შეეძლო უშვერი სიტყვებით მოეხსენიებინა ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა ჰქონდათ ან დაეცინა მათთვის, ვინც სიგამხდრით ან ანორექსიით იტანჯებოდა. მაგალითად, ის მომღერალ ადელზე ამბობდა, რომ ზედმეტად მსუქანია, თუმცა ღვთაებრივი ხმა აქვს. 2018 წელს მიცემულ ინტერვიუში ლაგერფელდმა განაცხადა, რომ მას „მობეზრდა“ მოძრაობა #MeToo, რომელიც ქალთა გაძლიერებას ემსახურება.
კარლ ლაგერფელდის მიღწევებსა და ღვაწლს მოდის ინდუსტრიაში არაერთი სტატია მიეძღვნა. მან საკუთარი როლი სიცოცხლეშივე გააცნობიერა, თუმცა ფაქტია, რომ, მიუხედავად ფასდაუდებელი შრომისა, ამ პერსონის უკან სიძულვილის ენით, ფანატიზმითა და მიზოგინიით სავსე ადამიანი იმალებოდა.