არავინ იცის, ვის რა ელოდება ცხოვრებაში. თუმცა ლეილა აბაშიძეზე მის ახალგაზრდობაში აუცილებლად გეტყოდნენ, რომ ის - ქართული კინოს ვარსკვლავი, აუცილებლად ვარსკვლავურად იცხოვრებდა: მას ცნობდნენ და უყვარდათ, მისი ნიჭი აღიარებული იყო, მეგობრობა და პატივისცემა არ აკლდა. მართალია, საბჭოთა საქართველოში ჰოლივუდური ფუფუნება არ მიეცემოდა, მაგრამ ამ არეალში ერთ-ერთი ყველაზე უზრუნველყოფილი და ბედნიერი იქნებოდა. წესით, ასეც უნდა ყოფილიყო...
მაგრამ არსებობდა ერთი "მაგრამ"... ლეილა აბაშიძეს ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი ტკივილი არგუნა ბედმა. მამა, რომელიც რუსეთში თანამდებობის პირი იყო და 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა - ციმბირში გადაასახლეს. ცოლ-შვილი გაჰყვა მის კვალს... სულ პატარა ლეილამ, დედის ალერსსა და მამის სითბოსთან ერთად, ცივი და მოქუფრული ბანაკის რაობაც შეიცნო.
ჰყვებოდა თურმე: "იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი. იქვე, დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას. ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები".
ეს მადლიერი თვალები მთელი ცხოვრების ტკივილად ექცა. ვინ იცის, რამდენჯერ ახსენებდა თავს მაშინ, როცა…წესით მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე უნდა ეფიქრა... დედისა და მამის განაწამები სახეები მეხსიერებიდან არ ამოსდიოდა. რაც უფრო მეტად სტკიოდა, მით უფრო იკეტებოდა თავის სიმარტოვესა და სადარდელში. საზოგადოების წინ კი მხიარული ლეილა ჩანდა, რომელსაც ნიჭიერების წყალობით შეუმჩნევლად ვერ დატოვებდი! ჯერ კიდევ პაწაწინა გოგონა საკონცენტრაციო ბანკის პატიმრებისთვის გამართულ კონცერტზე გამოდიოდა და მთელი არსებით კითხულობდა ლექსს "Умер Ильич". როგორც თვითონ ამბობდა, ამ ლექსში აქსოვდა მთელ განცდას, რაც დაგროვებოდა გისოსებს იქით მყოფი მამის, შრომით დაღლილი დედის, ქართულ მზეს მოშორებული პატარა გულის ტკივილის გამო...
ლეილა აბაშიძე იმ მძიმე წლებს როცა იხსენებდა, იმასაც ამბობდა, რომ პირველი რეცენზია სწორედ მაშინ მიიღო: "იქ ბევრი ქართველი იყო, რა თქმა უნდა, რომლებიც თურმე მოუთმენლად ელოდნენ ჩემ გამოჩენას და ტაშით მხვდებოდნენ. იმ პერიოდში მე და მამას პორტრეტთან ერთად გაზეთ "Сибирская правда"-ში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით "Oтец и дочь", სადაც ეწერა: "Когда на сцене появляется маленькая Лейла, ее встречают аплодисментами, предчувствуя появление будущей большой актрисы". ეს იყო პირველი რეცენზია, რომლითაც მე მაღიარა მაყურებელმა".
თავბრუდამხვევი კარიერა! ეს შეფასება მართლაც ზედმიწევნით შეეფერება მის თამაშს კინოში, რადგან თითქმის ყველა მნიშვნელოვან ფილმში იწვევდნენ. მის მიერ შექმნილი სახეები უყვარდათ და თაობები იზრდებოდნენ მისი თაყვანისცემით! ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა 8 წლისამ, 1941 წელს ფილმში "ქაჯანა", კატოს როლი შეასრულა. სკოლის დამთავრებამდე კიდევ ორი როლი მისცეს: იუტა ("ოქროს ბილიკი", 1945) და ნაზიბროლა ("აკაკის აკვანი", 1947).
წაიკითხეთ სრულად