მომღერალ ნუცა შანშიაშვილის მიერ ნიუ-იორკში, Oceana theater–ში გამართულმა კონცერტმა, სახელწოდებით NEW ERA , სრული ანშლაგით ჩაიარა. სიმღერების გარდა, სცენაზე წარმოდგენილი იყო ნუცას ახალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. როგორც ამბობს, კონცერტისთვის დაახლოებით 1 წელი ემზადებოდა...
მომღერალმა, მსახიობმა და მხატვარმა ჟურნალ "გზის" მკითხველებისთვის არა მხოლოდ კონცერტზე, არამედ შვილზე, ახალ გატაცებაზე, დაუვიწყარ ადამიანებსა და ამბებზე ისაუბრა...
ნიკუშა - ოქროსმედალოსანი კუნგ-ფუში...
- ჩემი შვილი - ნიკუშა, 10 წლისაა. სათუთად ვეპყრობი და ვცდილობ, ზედმეტად არაფერი დავაძალო, რადგან მახსენდება ჩემი ბავშვობა, როცა თითქოს ენერგიას ვაგროვებდი ჩემში, რათა მერე საჭირო დროს დამეწყო ამ ენერგიის განაწილება ხალხისთვის, ჩემი მსმენელ-მაყურებლისთვის. ნიკაც ძალიან საინტერესო, ნიჭიერი, დიპლომატიის მქონე, ჭკვიანი ბავშვია. ვცდილობთ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი მის მრავალმხრივ განვითარებას: დადის ფორტეპიანოზე ნინო ლობჟანიძესთან, გიტარას გია ფეიქრიშვილი ასწავლის. დადიოდა ცეკვაზე, რომელსაც თავი დაანება და ახლა კუნგ-ფუს ხელოვნებას ეუფლება. სხვათა შორის, ძალიან წარმატებული სპორტსმენია, მხოლოდ წელს 4 ოქროს მედალი აქვს მიღებული და ვფიქრობ, ამ სფეროში კიდევ მეტ წარმატებას მიაღწევს. ძალიან სენსიტიური ადამიანია. რაც მთავარია, ხომ ამდენ რამეს სწავლობს და ალბათ გაიფიქრეთ, რომ ისიც ხელოვნების ან სპორტის გზას აირჩევს? არა! როცა ვეკითხები, ვინ უნდა გამოხვიდე-მეთქი? მპასუხობს, - ექიმიო. მიხარია, რომ ადამიანობას ირჩევს. ექიმობა იმიტომ უნდა, რომ სხვებს დაეხმაროს, ამაზე ოცნებობს და მე მის არჩევანში არ ჩავერევი, თავისუფლებას მივცემ.
- თავის დროზე მშობლები თქვენს პროფესიულ არჩევანში ჩაერივნენ?
- კი, ჩაერივნენ. უნდოდათ მხატვარი ვყოფილიყავი. არ სურდათ "დაუნდობელ" თეატრალურ სამყაროს შევხებოდი, მაგრამ რაც გიწერია, გარდაუვალია: მხატვარიც ვარ, მომღერალიც და მსახიობიც. ამისთვის მადლობელი ვარ მშობლების. პრინციპში, მათ მაჩუქეს პროფესია, რომელიც არის კოსმოსური - მხატვრობა სულ სხვა სამყაროა.
- წარმოუდგენელია, რომ ოდესღაც საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი იყავით...
- ასე იყო, ზედმეტად არავისთან ვურთიერთობდი, ჩემი სამყარო მქონდა, ჩუმად ვიყავი, სულ რაღაცებზე ვფიქრობდი, ვწერდი. ალბათ, ეს სწორი გზა იყო. ცხოვრება ხომ იყოფა გრადაციებად, ნაწილებად და ჯობია, ნიჭი გამოიყენო ზრდასრულმა, ვიდრე პატარაობიდანვე დაიწყო ენერგიის ხარჯვა. თუმცაღა, ყველას თავისი გზა და ინდივიდუალური არჩევანი აქვს.
ახალი გატაცება
- როგორც მითხარით, კუნგ-ფუზე თქვენც დადიხართ. ამ საბრძოლო ხელოვნების შესწავლა რამ გადაგაწყვეტინათ?
- ძალიან მიყვარს იაპონური, ჩინური, ინდური კულტურა და საერთოდაც, რაც ამ დედამიწაზე საინტერესო და მისტიკური არსებობს, ვცდილობ, ყველაფერი შევისწავლო.
სხვათა შორის, კონცერტის დღეს ძალიან გამახარა ჩემმა პედაგოგმა, რომელიც კუნგ-ფუს მასწავლის - პეგი ჩუ ჩემს კონცერტს დაესწრო და თანაც, ძალიან ძვირფასი ნეფრიტის დრაკონით დამასაჩუქრა, თან მითხრა: ასეთივე დრაკონი ხარ სცენაზეო (იღიმის).
მშობლები...
- დედა უნიკალური მსახიობი, პროფესორი, დოცენტი, სასცენო მეტყველების დოქტორი - მზია მაღლაკელიძეა, რომლის მონაწილეობით გადაღებული ფილმი (მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი", სადაც მზია მთავარ როლს თამაშობს) ნიურეალიზმის მსოფლიო შედევრების, მაგალითად, ჩარლი ჩაპლინის გვერდით დევს.
მამა უნიკალური მოქანდაკე ჯემალ შანშიაშვილი გახლდათ, რომლის სახლ-მუზეუმიც ავაშენე. იგი იყო გენიალური პიროვნება და ვამაყობ, რომ ასეთი ხალხის გაზრდილი ვარ.
მოსწავლეობის ხანა
- ძალიან წყნარი მოსწავლე გახლდით და ვერც "ხუთოსნობით" დავიტრაბახებ. მათემატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში "ვჭედავდი". სამაგიეროდ, ხელოვნება და ლიტერატურა ყოველთვის მაინტერესებდა.
მშობლები ძალიან მკაცრებიც არ იყვნენ, მაგრამ განვითარების ყველანაირ საშუალებას მაძლევდნენ: ცეკვა, ხატვა, სპორტი...
კითხვაზე, თუ როგორი იყო ჩემი თაობა? ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ გაგცემთ. მაშინ ბევრი აკრძალვა გვქონდა. არ იყო ამდენი ინფორმაციული თავისუფლება. ახლა ბავშვები რომ იბადებიან, ლამის სამშობიაროდ ტელეფონით ხელში გამოდიან. ამიტომ სხვანაირები არიან ინფორმაციული განვითარების მიხედვით, თორემ სულიერი ადამიანი მუდამ გამოირჩეოდა და გამოირჩევა თავისი სულიერებით, ხოლო უსულო, ვისაც პლასტმასის ტვინი და ემოციები ჰქონდა, მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან.
- ჩაცმის როგორი სტილი გქონდათ?
- ყოველთვის მიყვარდა ჯინსი და ახლაც მიყვარს. ასევე, ბავშვობაში ვგიჟდებოდი კედებზე, ე.წ. კაზაჩოკებზე. სხვათა შორის, ახლაც იმ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რაც თინეიჯერობაში მომწონდა.
- ალბათ, პატარაობისას თქვენც ოცნებობდით რომელიმე მსახიობთან, მომღერალთან ერთად სცენაზე დამდგარიყავით...
- რა თქმა უნდა, მსგავს რამეებზე მეც ვოცნებობდი, მაგრამ ეს სურვილი ვერ ამიხდა იმ მიზეზის გამო, რომ ელა ფიცჯერალდი ცოცხალი აღარ არის; სცენაზე მასთან ერთად სიმღერა კი არა, მის კონცერტზე დასწრება და მისი ცოცხლად მოსმენა იქნებოდა საოცრება, მაგრამ ვერ მოხერხდა. ასევე, ჯეიმს ბრაუნი უბრალოდ, ჩემი სიყვარულია და სამწუხაროდ, ვერც მის კონცერტს დავესწარი...
უნიკალური პიროვნება, ვისაც განგებამ შემახვედრა და ვინც პირადად მე დამიწერა მუსიკა და მე დავწერე მის ამ მუსიკაზე სიტყვები და სხვათა შორის, ეს იყო მისი ბოლო ნამუშევარი - ალექსანდრე ბასილაიაა. დიდებული ადამიანი გახლდათ. და ზუსტად ახლა ხელთ მაქვს ქართული ტექსტი, რომელსაც აუცილებლად ვიმღერებ ჩემს მომდევნო კონცერტზე - ეს ალექსანდრე ბასილაიას უძლიერესი სიმღერაა, რომელიც ხალხის გულამდე მივა.