სოსო აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნანას ფეხმძიმობის გამო.
_ ბიჭო, რას ვიფიქრებდი, ასე მოულოდნელად თუ მოხდებოდა ეს ამბავი. სიზმარში მგონია თავი, _ მხიარულად ბუბუნებდა.
_ ცუდად რატომ არის? _ უხალისოდ ვიკითხე.
_ ტოქსიკოზი აქვს და სამი თვის მერე გაუვლისო, გინეკოლოგმა. რაღაც წამლები დაუნიშნა. ახლა სხვა მომვლელიც უნდა დავუქირავო, სულ მასთან რომ იქნება, ისეთი. მიხედვა ხომ უნდა ორსულ ქალს. მე სად მცალია მაგისთვის. ეჰ, ნეტავ ბიჭი იქნებოდეს. გოგო ერთიც მეყოფა. გვარს გაგრძელება სჭირდება. აუ, რას ავხდი ჭერს, რომ იცოდე. მთელ თბილისს დავპატიჟებ, ბიჭი თუ შემეძინა, _ ემოციებს ვერ თოკავდა შეფი.
_ ბედნიერი კაცი ხარ, შალვოვიჩ, _ თითქოს შურით გამომივიდა ნათქვამი.
_ ვნახოთ, ჩემო ზურა, ვნახოთ. ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი.
ხასიათი დამიმძიმდა. ასე ცუდად კარგა ხანია, არ ვყოფილვარ. უკვე ლალისთანაც აღარ ვცდილობდი უგუნებობის დაფარვას. აზრი არ ჰქონდა. ჩემთვის ყველაფერი სულერთი გახდა. მხოლოდ დათუნას მოფერებაში ვპოულობდი შვებას. მას რომ ვხედავდი, დროებით მავიწყდებოდა ყველა ტკივილი. მოვუხშირე ბავშვის გარეთ გაყვანას. ხან ზოოპარკში დავდიოდით, ხანაც ვაკის პარკში. შინ რომ მომყავდა, ლოყები აფორაჯებული ჰქონდა, მთელ სახეზე ვარდისფერი გადაჰკრავდა. მერე თამაშით მოთენთილი ტკბილად ჩაიძინებდა ხოლმე დედამისის მკლავებში.
დრო გადიოდა. არაფერი შეცვლილა. სოსო კვლავინდებურად კარგ ხასიათზე იყო, თანდათან ნანასაც დაეტყო გამოკეთება, ცოტა ფერზე მოვიდა, სიარულიც დაიწყო. ჩემ ირგვლივ თითქოს ყველანი ბედნიერები იყვნენ, მხოლოდ მე ვიყავი უბედური. არა, უბედური კი არა, დათრგუნვილი, უსუსური, უძლური იმ სიტუაციის მიმართ, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი შეცდომას, შეცდომას, რომელიც შეიძლებოდა საბედისწერო გამხდარიყო ჩემთვის. არაფერი არ მიხაროდა ამქვეყნად. თითქოს ცხოვრება დამთავრდა. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მემუშავა იმ ადამიანებთან, იმ სახლში, სადაც ჩემს ღვიძლ შვილს, როგორც ჩემთვის უცხოს, ისე გაზრდიდნენ? ფიქრისგან თავი მისკდებოდა.
ლალი ხვდებოდა, რომ კარგი რამ არ ხდებოდა ჩემს თავს. ცდილობდა, როგორმე გვერდში ამომდგომოდა, რაღაცნაირად ვენუგეშებინე, მაგრამ არავის თანადგომას არ ვსაჭიროებდი. ისე უხეშად ვექცეოდი ცოლს, თავი მეზიზღებოდა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მიმძიმდებოდა ხასიათი, უარესად და უარესად ვგრძნობდი თავს.
* * *
ნანას მუცელი ნელ-ნელა ეზრდებოდა. სახეზე რაღაც ლაქებმაც დააყარა, ცოტა წონაშიც მოიმატა. ისე განაზდა, ისეთი საყვარელი გახდა, მოფერება მოგინდებოდა კაცს. მე კი ამის უფლება აღარ მქონდა, უკვე დავკარგე. არადა, რაც უფრო ვშორდებოდი ჩემთვის საყვარელ ქალს, მით უფრო ახლობელი ხდებოდა ჩემთვის, იგი ხომ მუცლით ჩემს შვილს დაატარებდა.
პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მის წინაშე. როგორმე რომ გამომესყიდა ჩემი დანაშაული, თავს ვალდებულად მივიჩნევდი, როგორღაც დავხმარებოდი. ბაზარში დავდიოდი, ყველაფრით ვამარაგებდი, თვალებში შევციცინებდი, როდის რას მოისურვებდა და რა გაუხარდებოდა. ამავე დროს, თავს გარიყულად ვგრძნობდი, მარტოსულად, თითქოს ყველამ ზურგი მაქცია გარშემო, თითქოს ჩემთვის არავის ეცალა, არავის სურდა, გაეზიარებინა ჩემი ტკივილი, შესულიყო ჩემს მდგომარეობაში. იყო მომენტები, როცა ყვირილი მინდოდა, ყვირილი ხმის ჩახლეჩამდე, თითქოს ეს გამათავისუფლებდა იმ ტვირთისაგან, რომელიც ასე ლოდივით მაწვა გულზე.
სოსო კი, თითქოს ჩემს ჯინაზე, საათობით მელაპარაკებოდა ხოლმე ჯერარდაბადებულ შვილზე, როგორი მამა იქნებოდა, როგორ მოუვლიდა, როგორ გაანებივრებდა მთელი ცხოვრება. გულს მიკლავდა მისი საუბარი, მტკივნეულ ადგილზე მაჭერდა ფეხს. როგორ მინდოდა სადმე გავქცეულიყავი, უკაცრიელ ადგილზე, სადაც ვერავინ მომაგნებდა, სადაც ყველა თავს დამანებებდა…
ვგრძნობდი, იმ სახლში აღარ დამედგომებოდა. ამ ყველაფრის შორიდან ყურება აუტანელი ხდებოდა ჩემთვის. პარალელურად ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე. სულერთი იყო, რა გამომიჩნდებოდა, ოღონდ ნანასგან შორს ვყოფილიყავი და ნებისმიერ სამუშაოს შევასრულებდი, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. მაგრამ ასე ადვილი არ იყო სამსახურის შოვნა. ეს მეც კარგად ვიცოდი. ვერც სოსოსთან მუშაობას დავანებებდი თავს, სანამ რამეს არ ვიპოვიდი, ჩემს ოჯახს რჩენა ხომ უნდოდა, სოსოს ვალებიც გასასტუმრებელი მქონდა. მართალია, არავინ მთხოვდა, მაგრამ ჩემს თავთან ხომ უნდა ვყოფილიყავი მართალი.
დრო კი არ ითმენდა. შეფმა უკვე მახარა, ბავშვი იძრა მუცელშიო. ამგვარი ფრაზები თავზარს მცემდა. რა იქნებოდა ხვალ, რა მოხდებოდა ნანას მშობიარობის შემდეგ? ამის გაფიქრება მზარავდა. ვერ წარმომედგინა, ჩემს პატარას სოსო მოჰფერებოდა, მაგიჟებდა ამის წარმოდგენა. ნანა კი, ჩემი თანდასწრებით, ნიშნის მოგებით, ისე დაუწყებდა ხოლმე ქმარს მომავალ შვილზე საუბარს, თითქოს ჩემგან კი არა, მისგან ელოდებოდა ბავშვს. ჩემი მწყობრიდან გამოყვანა უნდოდა, ჩემი გაღიზიანება და ამას აღწევდა კიდეც. რა ხდებოდა ასეთ წუთებში ჩემს გულში, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ნანას მხრიდან ხომ ეს შურისძიება იყო, ქალური შურისძიება და იგი წარმატებით ახორციელებდა ამას. ყველაზე საყვარელი ადამიანი ყველაზე დიდი მტერი გახდა ჩემთვის. სალაპარაკოდ ახლოსაც არ მიკარებდა, ერთხელაც არ უცდია, მარტო დარჩენილიყო ჩემთან, გამუდმებით გაურბოდა ასეთ სიტუაციებს.
როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე? მე მეტის ატანა აღარ შემეძლო.
* * *
ნანა დღითი დღე უფრო და უფრო მშვენიერი სანახავი ხდებოდა. უნდა გენახათ, როგორი ლამაზი იყო _ ნაზი, ფერმკრთალი, მკერდსავსე, კოხტა მუცლით. ისე საყვარლად დაბაჯბაჯებდა, მისი მოფერება და გულში ჩახუტება მინდებოდა ძალაუნებურად. მერე როგორ მენატრებოდა! სხვა არაფერი მინდოდა, მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ, მომეხვია ძლიერად მკლავები და მკერდში ჩამეკრა, მისი სხეულის სურნელი და სითბო შემეგრძნო. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ამის უფლება დიდი ხნის დაკარგული მქონდა. სულს მიფორიაქებდა ამის გაფიქრება, გული მიმძიმდებოდა. ამასთან, მსიამოვნებდა, როცა წარმოვიდგენდი, რომ ეს ულამაზესი არსება მუცლით ჩემს სისხლს და ხორცს დაატარებდა. რას არ მივცემდი, ოღონდ ჩემი ყოფილიყო, მხოლოდ ჩემი და სხვა არავისი. ის კი ზედაც არ მიყურებდა. არ მაპატია განზე გადგომა, ქალურად იძია ჩემზე შური. ახლოსაც არ მიკარებდა. მე ვიტანჯებოდი, მას კი ჩემი ეს ტანჯვა აშკარად მოსწონდა. “ესეც შენ!” _ ხშირად ვგრძნობდი მის გამოხედვაში, ჩემს დანახვაზე ნიღაბივით რომ აიფარებდა სახეზე გამარჯვებული მოწინააღმდეგის იერს. თუმცა რაღაც მომენტებში ავიწყდებოდა თავისი როლი და ისეთი სევდიანი და იდუმალი გაუხდებოდა სახე, შეგეცოდებოდა. ერთდროულად ბედნიერიც იყო და უბედურიც, როგორც მე. ერთხელაც ვერ მოვიხელთე მარტო, რომ დავლაპარაკებოდი. სპეციალურად კი, არ მსურდა, დავდგომოდი შინ, მარტო მყოფს თავზე და საქმეები “მერჩია” მისთვის, არ მინდოდა მისი გაღიზიანება. ვნატრობდი, ქუჩაში მაინც გადავწყდომოდი სადმე შემთხვევით, რომ მასთან დალაპარაკების საბაბი მომცემოდა. ერთხელაც…
თითქოს განგებამ შეისმინა ჩემი სურვილი, ოფისისკენ მიმავალს გზად შევეფეთე. როგორც ჩანს, სოსოს მიაკითხა სამსახურში და ახლა უკან ბრუნდებოდა, ნელა, ტაატით მოუყვებოდა ტროტუარს. იქვე, ცხვირწინ მივუჩერე მანქანა. შევხედე. შემომხედა.
_ ხომ არ წაგიყვანო? _ ამდენი ხნის პაუზის შემდეგ პირველად დაველაპარაკე, რაღაცნაირად მეუცხოვა.
_ რა ვიცი, _ მხრები აიჩეჩა და გაწითლდა.
მანქანიდან გადმოვედი, წინიდან მოვუარე და კარი გავუღე. ძლივს მოახერხა გაბერილი მუცლით ჩაჯდომა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.
_ სახლში? _ არ შემიხედავს, ისე ვკითხე.
_ ჰო, აბა სად, _ დახშული ხმით თქვა.
_ მერე? ფეხით აპირებდი წასვლას? _ ახლა კი გავხედე.
_ სოსომ მითხრა შენზე, დაელოდეო, მაგრამ ვიფიქრე, ცოტას გავისეირნებ-მეთქი, ფეხით გავლა მომინდა. ასეთ მდგომარეობაში სიარული კარგია.
_ მიხარია, რომ მელაპარაკები.
_ რატომ არ უნდა გელაპარაკებოდე?
_ რა ვიცი, ბოლო ხანებში შენს თვალში ისე დავპატარავდი, რომ ბეწვისტოლა გავხდი, შეუმჩნეველი.
_ ტყუილად ფიქრობ ასე, _ საყვედური გაისმა მის ხმაში.
_ ვითომ?
_ ვითომ, _ უცნაურად გამოუვიდა პასუხი.
_ ნანა, რატომ მერჩი ასე ძალიან? _ მაინც ვეღარ მოვითმინე.
_ მე არავის ვერჩი. უბრალოდ, როგორც მამაკაცი, შენ ჩემთვის აღარ არსებობ.
რომელიღაც სიმი ჩამწყდა გულში. სამყარო გაჩერდა, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. დავამუხრუჭე და შევხედე. როგორი განხიბლულია, ამიტომ ცდილობს ჩემს ასე დამცირებას. ამის გაფიქრებაზე ცუდად გავხდი, მეგონა, გონებას დავკარგავდი. გავფითრდი. ნანას ჩემი სახეცვლილება არ გამოპარვია. თვითონაც შეეცვალა გამომეტყველება.
_ ზურა, რა მოგივიდა, სიხარულო? _ იყვირა მაშინვე და სახეზე გაშლილი ხელისგული დამიტყაპუნა.
მაჯაში ვწვდი. თითქოს გამიძალიანდა, მაგრამ არ გავუშვი და ხელისგულზე ვაკოცე. გაირინდა.
_ მიყვარხარ, ნანა, _ ჩურჩულით ვთქვი.
_ როგორ ხარ? _ ჩურჩულითვე მკითხა.
_ ნუ გეშინია, არ მოვკვდები. აწი რაღა მომკლავს, _ თავი გავაქნიე, მართლა გამოვკეთდი.
_ თუ შეგიძლია ჩამეხუტე, რა, მხოლოდ ჩამეხუტე, _ ვთხოვე.
გამეორება არ დამჭირვებია, თითქოს ჩემს სიტყვებს ელოდაო, გადმოიხარა, ხელები მომხვია და მკერდზე მომეკრა. სიამოვნება უსაზღვრო იყო. იმწუთას მხოლოდ ეს იყო ბედნიერება, ბედნიერება, რომელიც სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. მერე, თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, უცებ მომცილდა, თმაზე ხელი გადაისვა და სავარძელში გასწორდა.
_ წავედით, მაგვიანდება, _ უგრძნობი ხმით თქვა.
_ წავედით, _ ღრმად ამოვიხვნეშე და მანქანა დავძარი.
* * *
მშობიარობის დროც მოახლოვდა. სულ რაღაც, სამიოდე კვირა იყო დარჩენილი ექიმების ვარაუდით. სოსო პატარა ბიჭივით იყო გახარებული. ცაში დაფრინავდა. ნანა არ ვიცი, რას განიცდიდა, მაგრამ მე ადამიანს არ ვგავდი. თითქოს მეტყველების უნარი წამერთვა, მდუმარედ დავდიოდი დღეების განმავლობაში, ვცდილობდი, არავის დავკონტაქტებოდი. არ ვიცი, ამას რა ერქვა ან რა მაწუხებდა ყველაზე ძალიან, ერთხელაც არ მიცდია, ჩავღრმავებოდი ამ აზრს. მაწუხებდა და მორჩა!
იმ დღესაც, მოსაღამოებულზე, სოსო შინ რომ მოვიყვანე, მანქანიდან გადასვლის წინ მითხრა:
_ ზურაჯან, არ წახვიდე, ნანამ ექიმი უნდა ნახოს და ძმურად, წაიყვანე, რა.
_ კი ბატონო, დაველოდები, _ სისხლი ამიჩქროლდა ძარღვებში.
ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია, ნანა მაშინვე გამოვიდა. გრძელი, ფრიალა კაბა ეცვა, თმა კეფაზე დაეხვია და ნელი ნაბიჯით გამოემართა ჩემკენ. მივესალმე, კარი გავუღე და ჩაჯდომაში მოვეხმარე.
_ საით მივდივართ? _ ვკითხე და მანქანა დავძარი.
_ საითაც გაგიხარდება, _ ნათქვამს თითქოს შვება ამოაყოლა.
გავისუსე. ხომ არ მომესმა? როგორც ჩანს, რაღაც უნდა მითხრას. ამით იმედმოცემულმა სიჩქარეს მოვუმატე და მთაწმინდისკენ ავიღე გეზი, შედარებით მყუდრო ადგილი შევარჩიე და მანქანა გავაჩერე.
_ როგორც ჩანს, შენ რაღაც გაქვს სათქმელი, _ ვუთხარი.
_ სწორად მიხვდი.
_ გულისყურით გისმენ.
სიჩუმე ჩამოვარდა. ნანა აგვიანებდა საუბრის დაწყებას.
_ ზურა, _ თქვა ბოლოს, _ რა ვქნათ მე და შენ?
ასეთ შეკითხვას არ ველოდი. დავიბენი.
_ რაზე მეკითხები?
_ რას აპირებ?
_ არ მესმის, ნანა, რა უნდა დავაპირო?
_ შენს შვილს და მე რა უნდა მოგვიხერხო?
ენა ჩამივარდა. რას მთავაზობს, ხომ არ ჰგონია, ცოლად შერთვას ვუპირებ? მგონი, გაგიჟდა ეს გოგო!
_ არაფერი, _ წამომცდა, მაგრამ საკმაოდ მშვიდად გამოვიდა.
_ რატომ, არ გინდივართ?
_ შენ ქმარი გყავს, ხომ არ დაგავიწყდა?
_ შენთვის მთავარი ეგ არის?
_ არა, ჩემთვის არა, ეს შენთვის არის მთავარი.
_ რატომ, არ გინდა ქვეყნის სალაპარაკოდ გაიხადო თავი?
აი, ამაზე კი არასდროს მიფიქრია. ახლაღა გავაცნობიერე, რომ თურმე ეს იყო ყველაზე დიდი მიზეზი ჩემი ბოლოდროინდელი უგუნებობისა.
_ ნანა, მე და შენ ორივეს ჩვენ-ჩვენი ოჯახი გვყავს, _ დავიწყე დამოძღვრა.
_ ეგ დიდი ხანია, ვიცი. ჩვენ შენი ოჯახი არა ვართ?
_ ნუ მესაუბრები ასე.
_ მე პასუხს ველი.
_ ნანა…
_ მიპასუხე _ ან კი, ან არა.
მცირე ყოყმანის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება.
_ არა, _ ვთქვი და ღრმად ამოვისუნთქე.
კვლავ დუმილი ჩამოვარდა.
_ წავედით, _ ხმაჩამწყდარმა მითხრა.
უხმოდ დავძარი მანქანა და შინ მივიყვანე. ისე გადავიდა, არ დამმშვიდობებია, არც მოუხედავს.
მეგონა, სიცოცხლე დამთავრდა…
* * *
ღამის ორი საათი იქნებოდა, მობილურის ხმამ რომ გამომაღვიძა. სოსო იყო, მთხოვდა, სასწრაფოდ მივსულიყავი მასთან სახლში. გიჟივით გავვარდი, მივხვდი, ნანა უნდა წამეყვანა სამშობიაროში.
კარი გაფითრებულმა შეფმა გამიღო. სახე შეშლილი ჰქონდა.
_ რა ხდება, უნდა წავიდეთ? _ ვკითხე.
_ არა, უკვე წაიყვანეს.
გაოგნებული მივაჩერდი.
_ ვცემე და… _ გააგრძელა სოსომ.
_ რას ამბობ, შალვოვიჩ, _ ხმა გამებზარა. არ ვიცი, რა ძალამ მაიძულა, ფეხქვეშ არ გამეგდო. ალბათ, უფრო იმიტომ შევიკავე თავი, რომ ამით საბოლოოდ გავაფუჭებდი ყველაფერს და ყველა გზას მოვიჭრიდი ნანასთან მისასვლელად. მთელი სხეული მიცახცახებდა.
_ შვილს სხვისგან ველიო, მითხრა. მეზიზღები, მძულხარო, მიყვიროდა. ამ ბავშვს სხვა მამა ჰყავსო. მეც ვერ მოვითმინე და მუცელში წიხლი ჩავაზილე… სისხლდენა დაეწყო. მერე სასწრაფო გამოვიძახე… წაიყვანეს.
_ ვერ არის კარგი ამბავი, უფროსო.
_ ვიცი, ვიცი, მაგრამ… წყობილებიდან გამომიყვანა. როდის მოახერხა, ვისგან, რატომ!.. მეგონა, ყველაზე კარგი ქმარი ვიყავი ამქვეყნად, მეგონა, ვუყვარდი, ბოლომდე ვენდობოდი. ვინ გამწირა ასე, ვინ? _ გმინავდა მამაკაცი და კედელს მუშტს უბრაგუნებდა.
_ დამშვიდდი, შალვოვიჩ, ამის გაგება ვერაფერს შეცვლის. ახლა როგორ არის? _ საკუთარ ხმას ვერ ვცნობდი.
_ არ ვიცი, იმიტომაც დაგიბარე. წადი, გაიგე, მე იქ მიმსვლელი არა ვარ.
_ ექიმებმა იციან, რაც მოხდა?
_ არა.
_ ნურაფერს იტყვი, ჯერჯერობით ასე ჯობია, _ ვურჩიე უფროსს და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი.
ნეტავ ხომ არ უთხრა, ვისგან ჰყავს შვილი? არა, ამას არ ეტყოდა. რომ ეთქვა, სოსო ასე გამომიშვებდა? ჰო, ეგ როგორ ვერ ვიფიქრე!
მიუხედავად იმისა, რომ გვიან იყო, სამშობიაროში ხალხი მაინც ირეოდა. შვილის დაბადების მოლოდინში მყოფი მამები შფოთავდნენ. დათუნას გაჩენა გამახსენდა. რა კარგი დრო იყო მაშინ…
ნანას ამბავი ვიკითხე. ახლავე ექიმი გამოვაო, მითხრეს. ისიც მალე გამოჩნდა, მაღალი, ხმელ-ხმელი მამაკაცი.
_ როგორ არის? _ მოუთმენლად ვკითხე.
ექიმმა თავი გადააქნია.
_ უიმედო მდგომარეობაა, ვფიქრობ, სიცოცხლეს ვერ შევუნარჩუნებთ. დილამდე თუ გააღწია…
ამის გაგონებაზე მუხლები მომეკვეთა, ყურებში უკვე აღარაფერი მესმოდა. ვერ აგიწერთ, რა დამემართა. კედელს მივეყრდენი.
_ ბავშვი გადარჩა, გოგონაა, ჯანმრთელი, მაგრამ დედას ვერაფერს ვუშველით, სისხლდენას ვერ ვუჩერებთ.
არ ვიცი, გული როდის და როგორ წამივიდა…
* * *
ნანა დაკრძალეს. სოსომ ისე გაასვენა მეუღლე, ეჭვი არავის აუღია. ბავშვზე კი თქვა, მკვდარი დაიბადაო. ყველამ დაიჯერა. მხოლოდ მე და შეფმა ვიცოდით სიმართლე. ბავშვზე უარი თქვა, არ წამოვიყვანო, ერთხელაც არ მიუკითხავს სამშობიაროში.
სოსოს მიმართ არაფერს ვგრძნობდი. სადღაც ვამართლებდი მის საქციელს. მის ადგილზე, ალბათ ანალოგიურად მოვიქცეოდი, ამიტომ არ შემეძლო მის მიმართ სიძულვილი მეგრძნო ან შურისძიებაზე მეფიქრა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვახერხებდი პატიებას. მხოლოდ ერთი რამ მქონდა ჩაფიქრებული და გულით მინდოდა მისი განხორციელება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა დამევიწყებინა წყენა.
ერთ საღამოს შინ ავყევი, სამსახურიდან რომ დავბრუნდით. დავსხედით თუ არა, მაშინვე ჩემს საქმეზე გადავედი.
_ შალვოვიჩ, უნდა მივატოვო მუშაობა, _ დავიწყე.
_ რატომ?
_ უკეთესი სამსახური ვიშოვე.
_ მამტყუნებ, არა?
_ არა, ამიტომ არა.
_ შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას, ზურა? კაცურად მითხარი, არ მეწყინება.
_ არ ვიცი, სოსო, _ პირველად მივმართე ასე, მეც კი მეხამუშა, _ ძნელი სათქმელია. ალბათ ყველა ნორმალური კაცი ასე მოიქცეოდა. ძნელია სხვისი საქციელის განსჯა, _ სიმწრით ამოვიხვნეშე.
_ როგორც ჩანს, იქ, ბულგარეთში მიქარა რაღაც. არა მგონია, აქ ვინმესთან ჰქონოდა რომანი, ან იქნებ, ბათუმში… შენ რას იტყვი? _ დაკვირვებით შემომხედა, მაგრამ არა ისე, რომ ჩემზე ეჭვი ჰქონოდა.
_ ვფიქრობ, გამორიცხულია, აქ ვინმე ჰყოლოდა. შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდა.
_ კარგი, მეტს აღარ შეგაწუხებ, ზურა, შენი საქმისა შენ იცი. დიდი მადლობა კარგი სამსახურისთვის და საერთოდ, ყველაფრისთვის. ოღონდ ცოტა მაცალე, სანამ ახალ მძღოლს ვიშოვი.
_ აუცილებლად. კიდევ… კიდევ ერთი რამ მინდა გთხოვო.
_ აბა, მითხარი?
_ იმ ბავშვს მე წავიყვან, ლალი გაზრდის, ცოდოა, _ თვალები დავხუჭე პასუხის მოლოდინში.
უეცრად შეირხა. შეხედვის შემეშინდა. მეგონა, მზვერავდა, ჩემს სახეზე ცდილობდა სიმართლის წაკითხვას, მაგრამ… როგორც ჩანს, გადავრჩი.
_ ნება შენია. მე მაგას არაფრის დიდებით არ გავზრდი, მაგრამ მაინც გმადლობ, _ მითხრა და წამოდგა.
მეგონა, ხელმეორედ დავიბადე…
კარი ლალიმ გამიღო. ჩვრებში გახვეულ ჩვილს მშვიდი ძილით ეძინა. ლალიმ შემომხედა, მერე პატარაზე გადაიტანა მზერა.
_ ეს ვისია? _ მზერით გამხვრიტა.
თვალები გავუსწორე.
_ შენია? _ კვლავ მკითხა.
_ ჩვენია, _ ვუპასუხე.
ერთხანს ხმა არ ამოუღია. დადუმდა. როგორც ჩანდა, რაღაცას აანალიზებდა. საშინლად დავიძაბე. ახლა ბავშვიანად რომ მომისროლოს კარში, ხომ ვიქნები ღირსი? მაგრამ… ალბათ მიიღო სათანადო გადაწყვეტილება და მომიახლოვდა.
_ ბიჭია?
_ არა, გოგო, ნანიკა ჰქვია, _ ამის წარმოთქმაზე ალმური წამეკიდა სახეზე.
კვლავ დუმილით შეხვდა ჩემს ნათქვამს.
_ კარგი სახელია, თვითონაც კარგია, _ ლალიმ, როგორც იქნა, გაიღიმა, ჩვილი ფრთხილად გამომართვა და გულზე მიიხუტა.
_ ზედმეტი შეკითხვები საჭირო არაა, ხომ სწორად ვხვდები? _ თქვა და შემომხედა.
შვებით ამოვისუნთქე…
_ საოცარი ქალი ხარ, დიდი მადლობა, _ ხმის კანკალით წარმოვთქვი და ცოლი ბავშვიანად ჩავიხუტე…
კიდევ ერთი დებიუტი _ საყვარლისგან გაჩენილ შვილს ჩემს ცოლთან ერთად გავზრდიდი…
დაიწყო ჩემი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღე…
დასასრული