ქმრის ტახტზე ასვლით, კამილა გახდა ბრიტანეთის ახალი დედოფალი, რომელიც ბრიტანეტში ახალ და უფრო გამორჩეულ როლს შეასრულებს მეფე ჩარლზ III-თან ერთად.
დღეს, 6 მაისს ვესტმინსტერის სააბატოში გამართული ცერემონიალის შემდეგ, კამილა ბრიტანეთის 29-ე დედოფალი გახდა.
მას შემდეგ, რაც ის და ჩარლზი დაქორწინდნენ 2005 წელს, კამილა ბევრს მუშაობდა, როგორც სამეფო ოჯახის წევრი, მხარს უჭერდა ქმარს და მხარს უჭერდა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ქალებსა და ბავშვებს ეხმარებიან. მიუხედავად ამისა, კამილას პერსონა ყოველთვის იწვევდა განსხვავებულ ემოციებს როგორც თავად ბრიტანელებში, ისე მთელს მსოფლიოში. ამის მიზეზი კი პრინცესა დაიანა იყო, რომელსაც მუდმივად ადარებდნენ მას.
მაშ, რას უნდა ველოდოთ ბრიტანეთის ახალი დედოფლისგან?
კამილა შანდი 1947 წელს ინგლისში დაიბადა. ის ბავშვობაში ცხენებით იყო გატაცებული და მათთან დიდ დროს ატარებდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი 1970 წელს უინძორში პოლოს მატჩზე პრინც ჩარლზს შეხვდა და ისინი დამეგობრდნენ. მომდევნო წელს ჩარლზი შეუერთდა სამეფო საზღვაო ფლოტს, ამასობაში კი კამილა დაქორწინდა კავალერიის ოფიცერ ენდრიუ პარკერ ბოულზე. 1970-იან წლებში წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავდა.
ჩარლზი დაქორწინდა ლედი დიანა სპენსერზე 1981 წელს, ქორწილის ზღაპრულ ცერემონიალს მილიონობით ადამიანი უყურებდა მთელ მსოფლიოში. 1994 წელს ჩარლზმა აღიარა, რომ მას ფარული რომანი ჰქონდა კამილასთან. ღალატის ფაქტის შესახებ თავად დაიანაც საუბრობდა, BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: "ჩვენ სამი ვიყავით ამ ქორწინებაში, ამიტომ ცოტა ხალხმრავლობა იყო".
კამილა და პარკერ ბოულზი განქორწინდნენ 1995 წელს. ჩარლზი და დიანა განქორწინდნენ მომდევნო წელს და კამილა მთლიანად გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საზოგადოების "ორ ბანაკად" - დაიანას მომხრეებად და კამილას მომხრეებად ჩამოყალიბება. ზოგადი განწყობებით, დაიანას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ეს სიმპათიები კი 1997 წელს პრინცესას გარდაცვალებამ უფრო გააძლიერა.
1999 წლიდან კამილა ხშირად ჩნდებოდა ხოლმე პრინც ჩარლზთან ერთად. მისი სახელი უკვე ოფიციალურ დოკუმენტებზეც გამოჩნდა. ექვსი წლის შემდეგ, მათმა ათწლეულმა სასიყვარულო ისტორიამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც ისინი დედოფალ ელიზაბეტ II-ის თანხმობით უინძორში დაქორწინდნენ. კამილა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც მისი სამეფო უდიდებულესობა კორნუოლის ჰერცოგინია, დადასტურდა ჩარლზის ოფიციალურ მეუღლედ და გაერთიანებული სამეფოს მომავალ დედოფლად.
ჰერცოგინია მხარს უჭერდა და კამპანიას უწევდა ჩარლზს დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ საქმიანობასა და საზღვარგარეთ გასტროლებზე, მიუხედავად ფრენის შიშისა. აღნიშნავენ, რომ კამილას აქვს განსაკუთრებული ნიჭი, დაამყაროს ურთიერთობები და უმტკივნეულოდ გადაჭრას პრობლემები.
"ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვიღაც გყავს გვერდით,” - განუცხადა ჩარლზმა CNN-ს 2015 წელს. ”ის უზარმაზარი მხარდაჭერაა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ბევრს ვიცინით, რადგან ის ხედავს ცხოვრების დადებით მხარეს და ეს ცხოვრებას ბევრად აადვილებს".
კორონაციის წინ, კამილას ვაჟი შეეხო საკითხს, თუ როგორ განვითარდა ურთიერთობა დედასა და "მამინაცვალ" მეფე ჩარლზს შორის. „არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი, რადგან დედაჩემი დაქორწინდა იმ ადამიანზე, რომელიც უყვარდა“, - განაცხადა ტომ პარკერ ბოულსმა The News Agents-ის პოდკასტში სტუმრობისას.
კამილა აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობაში, მხარს უჭერდა ბავშვების წიგნიერების საკითხს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. "ისინი ხილულები არიან, ჩვენ მათი გვესმის" - ამბობდა ის ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, რომლებსაც "მამაც ქალებად" მოიხსენიებდა.
ახალი დედოფალი ასევე მუშაობდა ცნობიერების ამაღლებაზე ოსტეოპოროზის შესახებ. ეს არის დაავადება, რომელიც შეეხო მის დედასაც და ბებიასაც.
მეუღლე ყოველთვის იწონებდა კამილას აქტიურობას: "მან მშვენიერი რამ გააკეთა ქალთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის საკითხთან დაკავშირებით. მე ძალიან ვამაყობ მისით მით უფრო, რომ ამის პარალელურად ყოველთვის აქვს დრო ჩემს მხარდასაჭერად".
როგორც კი ჩარლზი მეფე გახდა, კამილა ავტომატურად გახდა დედოფალი. წლების განმავლობაში ამ დღეზე საუბარი და განხილვა აქტიურად მიმდინარეობდა. იწერებოდა ისიც, რომ დედოფლის ტიტული მხოლოდ დაიანას ეკუთვნოდა და კამილას ამ სტატუსზე უარი უნდა ეთქვა, რადგან საზოგადოება მას არ მიიღებდა, მაგრამ წლების განმავლობაში კამილას მიმართ დამოკიდებულება შერბილდა. 2015 წელს CNN-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე ბრიტანელს მოსწონდა და სულ უფრო ნაკლები ადამიანი ეწინააღმდეგებოდა მის დედოფლად გახდომას. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ 2022 წელს, დედოფალმა ელიზაბეტმა, საკუთარ პრატინის იუბილეზე, დალოცა კამილა, როგორც მომავალი დედოფალი.
ტახტზე ასვლის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაგზავნილ წერილში დედოფალი ელიზაბეტი წერდა: „როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მას და მის მეუღლეს, კამილას იმავე მხარდაჭერას გაუწევთ, როგორც ეს მე ვიგრძენი და ჩემი გულწრფელი სურვილია, როცა ეს დრო მოვა, კამილა ცნობილი იყოს როგორც დედოფალი კონსორტი, რადგან ის განაგრძობს საკუთარ ერთგულ სამსახურს ბრიტანეთის სამეფოსა და ბრიტანელი ხალხის წინაშე".
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩარევა მონარქისგან, ერთადერთი ადამიანისგან, რომელსაც შეუძლია სამეფო ტიტულების განსაზღვრა.
ჩარლზის კორონაცია დღეს, 6 მაისს გაიმართა, კამილა კი გახდა ბრიტანეთის ახალი დედოფალი. დღეს მთელი მსოფლიოს ინტერესი სწორედ ბრიტანეთისკენაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ ჩარლზის შვილი, პრინცი ჰარი, ამერიკიდან ბრიტანეთში მარტო, მეუღლის გარეშე ჩავიდა და ლოს-ანჯელესში დაბრუნებას მალევე აპირებს. უესტმინსტერის სააბატოში ჰარი ბიძაშვილებთან, პრინცესა ბეატრისთან და ზარა ტინდალთან ერთად შევიდა. ტაბლოიდები წერენ, რომ ჰარი არ გამოიყურებოდა აღფრთოვანებული ამ მნიშვნელოვანი დღით და მის სახეზე უფრო მეტად მოწყენილობა იკითხებოდა. ჰარის, რომელიც ათი წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში, კორონაციაზე სამხედრო ფორმის ტარების უფლება არ მიეცა. იგი არც კორონაციის ოფიციალურ პორტრეტში გამოჩნდება. არ მიეცა ძმის, უილიამის გვერდით დადგომის საშუალებაც.
რაც შეეხება პრინც უილიამს, ის, მეუღლესთან, ქეით მიდლტონთან ერთად ცერემონიალის ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული გმირი იყო. მან როგორც ტახტის მემკვიდრემ, მეფის წინაშე ერთგულების ფიცი დადო. უილიამი ცერემონიაზე უელსის გვარდიის საზეიმო ფორმით წარდგა. ქეით მიდლტონი კი Alexander McQueen-ისა და Jess Collett-ის კოლაბორაციით შექმნილ გვირგვინში. ის კორონაციაზე ვიქტორიანული ორდენის ცისფერ მანტიასა და აბრეშუმის კაბაში გამოცხადდა. ქეითმა დედამთილის, პრინცესა დაიანას საყურეები და დედოფლის, ელიზაბეტის ყელსაბამი მოირგო.