სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 1 - Marao

სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 1

2023-05-08 10:32:16+04:00

ცნობილმა ფრანგმა რეჟისორმა როჟე ვადიმმა ძალზე საინტერესო ცხოვრება გამოიარა. თავის მემუარებში იგი გვიყვება სამ ულამაზეს ქალბატონთან ურთიერთობაზე, რომელთაგან ორი _ ბრიჟიტ ბარდო და ჯეინ ფონდა მისი კანონიერი მეუღლეები იყვნენ, ხოლო მესამე, კატრინ დენევი ცოლად არ შეურთავს…

რა თქმა უნდა, რეჟისორი თავის თავზეც უამრავ აქამდე უცნობ ისტორიას გვიყვება. შეიძლება ეს ცოტათი საჩოთიროც იყოს, მაგრამ ისეთი ფილმების ავტორი, როგორიცაა «და ღმერთმა შექმნა ქალი», «სახიფათო კავშირები», «მეომრის დასვენება», «სიკვდილის სული», «დონ ჟუანი კაბაში», თავისი ცხოვრებით ორგანულად იყო დაკავშირებული მისი წიგნისა თუ ფილმების მთავარ გმირებთან.

მემუარებში სხვა გვარ-სახელებსაც შეხვდებით. წინასიტყვაობაში ავტორი აღნიშნავს, რომ მემუარების გამოქვეყნების მიზანი «სამი შესანიშნავი ქალისადმი პატივისცემის გამოხატვა და მათ წინაშე ქედის მოხრაა».

ბრიჟიტ ბარდო

მას შემდეგ, რაც ბოტიჩელმა ვენერა დახატა, არავის უნახავს ტალღებს ამოყოლილი სიყვარულის ქალღმერთი…

თუმცა, 1953 წლის 12 მაისს, დილის 11 საათზე, ავიამზიდ «ენტერპრაისის» 2 ათას ამერიკელ მეზღვაურს სწორედ ამ სასწაულის ხილვის პატივი ხვდა წილად.

ჯერ დაინახეს, ზღვის ფსკერიდან ზედაპირზე როგორ ამოცურდა გრძელი, მბზინავი თმის კულულები, შემდეგ გამოჩნდა წყლის წვეთებით დაწინწკლული სახე, რომელიც მზეზე ისე ბრწყინავდა, თითქოს ბრილიანტის თვლები ყოფილიყო. უცოდველი და მგრძნობიარე ტუჩები, იდეალურად დახატული თვალები, პატარა ცხვირი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა ბავშვური მოხაზულობა, გეგონებოდათ, საგანგებოდ იყო შექმნილი ხალხის გასაოცებლად…

ორი არისტოკრატული სილამაზის მკლავი ნავს ჩაეჭიდა და აი! მთელი სრულყოფილებით გამოჩნდა _ გედივით მოღერებული ყელით, უმშვენიერესი მხრებით, მაღალი მკერდითა და ისეთი ვიწრო წელით, გაშლილ ხელისგულებში რომ მოიმწყვდევდა ადამიანი… მრგვალი, «თავხედური» უკანალით, ალბათ ადონისსა და აფროდიტესაც რომ შეშურდებოდა, ბალერინასავით ასხლეტილი ფეხებით, მკვრივი თეძოებითა და წვრილი კანჭებით. ბიკინის გარდა არაფერი ფარავდა ამ მგრძნობიარე და ამაყ სხეულს.

სულაც რომ არ სცოდნოდათ მისი სახელი, მეზღვაურები ისედაც მიხვდებოდნენ, რომ მათ წინაშე ნამდვილი ქალღმერთი იდგა. მათი აპლოდისმენტები იმდენად მქუხარე იყო, კრუაზეტის სანაპიროზე მდებარე ფესტივალების სასახლის კიბეებთან ისმოდა. ორიათასივე მეზღვაური ერთ ბორტს მიაწყდა, რათა საოცრება უფრო ახლოდან შეეთვალიერებინა. ნავში ასული ბრიჟიტ ბარდო კი იცინოდა. «ასე ხომ ისინი გემს ააყირავებენ»… _ წამოიძახა.

მორიგე ოფიცერმა ტრაპი ჩამოუშვა და ბრიჟიტს გემზე ასვლა შესთავაზა. ეს არმიაში არსებულ წესებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა, რათა გემბანზე «ბუნტს» არ ჰქონოდა ადგილი. ბრიჟიტი წამითაც არ შეყოყმანებულა, შემოთავაზება მიიღო, გემბანზე ავიდა და სათითაოდ დაუწყო ყველა მეზღვაურს ხელის ჩამორთმევა. თან ბევრი აცინა ისინი თავისი სამად-სამი ღერი ინგლისურით, ზოგიერთთან სამახსოვრო ფოტოებიც კი გადაიღო.

როცა გემიდან ჩავიდა, ბარდომ გემბანზე 2 ათასი მეგობარი დატოვა…

 

სანამ სასტუმრო «კარლტონისკენ» გაემართებოდა, საცურაო კოსტიუმზე ჯინსის შარვალი ამოიცვა. ნახევარი საათი დასჭირდა პლაჟიდან სასტუმრომდე მისვლას, ზუსტად ამდენივე, რომ გაევლო ჰოლი და ლიფტში შესულიყო, მაგრამ… ფოტოგრაფთა კიდევ ერთი ტალღა მას მეოთხე სართულზე, თავისი ნომრის დერეფანში ელოდა…

კანის ფესტივალი ტარდებოდა. საოცარი პერიოდი იყო _ სიგიჟის და სიმხიარულის. «ვარსკვლავებმა» ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ საგანგებო მისიით იყვნენ დედამიწაზე ჩამოგზავნილნი, რათა კაცობრიობა ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინათ, ხოლო ჟურნალისტები, თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მათ ტალანტს განსჯის საგნად არ ხდიდდნენ.

ბრიჟიტ ბარდოს უკვე ჰქონდა ნათამაშები რამდენიმე ფილმში, მაგრამ «ვარსკვლავი» ჯერ კიდევ არ ეთქმოდა. დირექციას იგი ფესტივალზე არ მოუწვევია. ის უბრალოდ, თავის მეუღლეს ახლდა თან, «პარი-მატჩის» ახალგაზრდა კორესპონდენტს, როჟე ვადიმს…

8 8 8

 

ჩვენ სულ რაღაც 4 თვის დაქორწინებულები ვიყავით და მას პარიზში მარტო დარჩენა არ უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ კანის ფესტივალზე ბრიჟიტის მონაწილეობით არც ერთი ფილმი არ იყო გატანილი, სასტუმრო «კარლტონში» რაღაც უცნაური ხდებოდა. ფოტორეპორტიორები თავს ანებებდნენ ნამდვილ, «საერთაშორისო» ვარსკვლავებს და ბრიჟიტს დასდევდნენ უკან… და დასდევდნენ ყველგან _ რესტორნებში, სანაპიროზე, მაღაზიებში, თვით ჩვენს ნომერშიც კი…

მახსოვს, მე აღმოვჩნდი ერთადერთი ჟურნალისტი, რომელმაც საკონფერენციო დარბაზში ჯინა ლოლობრიჯიდასთან, კიმ ნოვაკთან და კერკ დუგლასთან ჩაწერა ინტერვიუ, დანარჩენი რეპორტიორები კი ჩემს მეუღლეს დასდევდნენ ანტიბის ქუჩის მაღაზიებსა და კრუაზეტის პლაჟზე.

ბარდოს ფენომენი, ის ამოუხსნელი მიზიდულობის ძალა, რომელიც მას 19 წლის ასაკიდან მოსდევდა, სიახლეს არავისთვის წარმოადგენდა, მაგრამ იმ წელს, კანში, ისეთი ზემოქმედება მოახდინა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, მსოფლიო აალაპარაკა.

ყველასთვის ცნობილია ბრიჟიტის სილამაზე და გამომწვევი ვნებიანობა. ბრიჟიტი იმ ეპოქის სექსუალურობის სიმბოლო გახლდათ. მაგრამ ეს შორიდან… ამ დროს არავინ იცოდა, რისი ეშინოდა მას, რა აღელვებდა, როგორ უწინასწარმეტყველებდა თავის თავს უბედურებას, რომელიც მართლაც ხდებოდა მის ცხოვრებაში, რის გამოც ხანდახან ტრაგედიის ზღვრამდეც მიდიოდა…

მთვარის შუქზე მოსეირნე შეყვარებული წყვილი არასდროს ფიქრობს მეორე, ბნელ მხარეზე, რომელსაც მზე არასდროს ადგება. ეს გამოთქმა ზედგამოჭრილია ბრიჟიტისთვის. ყველასთვის მისი ცხოვრების მხოლოდ ერთი მხარეა ცნობილი.

რა იმალება სინამდვილეში უკანასკნელი სექსსიმბოლოს სიკაშკაშის უკან?

 

8 8 8

როდესაც ის გავიცანი, ყველაზე მეტად მასში მისმა აღნაგობამ გამაოგნა. წვრილი წელი. თავის დედოფლურად დაჭერა. ხედვის მანერა. ბევრი ადამიანი იყურება, მაგრამ ვერ ხედავს…

დედამისი ხორბლისფერი ქალი იყო, მოკლედ შეჭრილი წაბლისფერი თმით. ნუშისებრი მოყვანილობის წვრილი თვალები ჰქონდა, ოდნავ გრძელი ცხვირი, ლამაზი მოხაზულობის პირი, ღიმილი _ შეუმჩნევლად თავდაჭერილი ელიტური ღიმილი _ ეს ყველაფერი ორმოცი წლის ქალბატონს პარიზელებისთვის იშვიათ თვისებას სძენდა _ ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა.

თავის ქალიშვილს საერთოდ არ ჰგავდა. მაღალი ფენებისთვის დამახასიათებელი ამპარტავნება და განსაკუთრებული აღზრდა-განათლება მის შინაგან ბუნებას კიდევ უფრო მედიდურს ხდიდა. ქალიშვილი კი… იგი განუმეორებელი იყო, სიცოცხლის წყურვილს უმძაფრებდა გარშემო მყოფთ, ხალისსა და სილაღეს ჰმატებდა ადამიანებს.

როცა მშობლებმა ბრიჟიტის მომავალზე დაიწყეს ზრუნვა, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ გოგონა რომელიმე ბანკირის ცოლობას გამოჰკრავდა ხელს, ან მეწარმის, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მინისტრის… ამიტომ იყო, რეჟისორ მარკ ალეგრეს პასუხად შეურაცხმყოფელი შინაარსის წერილი რომ გაუგზავნეს! არც კი ჩათვალეს სერიოზულად მისი შემოთავაზება, მაშინ, როდესაც თავად ბრიჟიტს ცნობისმოყვარეობა კლავდა, ისე სურდა საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორის გაცნობა. ბოლოს დედამ მაინც დაუთმო ქალიშვილს, რომელიც ჯიუტად ითხოვდა მარკთან შეხვედრას. დაუთმო, რადგან დარწმუნებული იყო, ეს შეხვედრა მაინც არაფერს მოიტანდა, სამაგიეროდ, მისი ქალიშვილი სურვილს დაიკმაყოფილებდა.

პაემანი მარკ ალეგრეს ბინაში უნდა შემდგარიყო, შუადღეს, როცა ბრიჟიტს სკოლაში გაკვეთილები დაუმთავრდებოდა…

წამითაც არ უფიქრია ბრიჟიტს, რომ ფილმში გადაიღებდნენ. არც სურვილი ჰქონია არასდროს _ მას მხოლოდ კლასიკური მოცეკვავის კარიერა იზიდავდა. მაგრამ აინტერესებდა იმ ადამიანების გაცნობა, რომლებიც სრულიად განსხვავდებოდნენ პომპის ქუჩაზე მოარული პერსონებისგან _ დედ-მამის მეგობრებისა და «კარგი ოჯახის» წარმომადგენლებისგან. როგორც დედამისს, მასაც ერთი სული ჰქონდა, გაეცნო ადამიანი, რომელიც «ვარსკვლავებსა» და «ცნობილებს» თითის წვერებზე აბზრიალებდა.

არც ტოტის, ბრიჟიტის დედას და არც თავად ბრიჟიტს თავში აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ეს ვიზიტი გოგონას ცხოვრებაში უდიდეს გადატრიალებას მოახდენდა.

 

ერთი სიტყვით, ჩვენ ვიმყოფებოდით მარკის მზიან ბინაში, მერვე სართულზე. ქალბატონმა ბარდომ, შემოვიდა თუ არა, ეგრევე მოახსენა ალეგრეს, რომ მხოლოდ გოგონას დაჟინებული თხოვნით გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან მის ქალიშვილს ძალიან უნდოდა რეჟისორის გაცნობა.

_ მე არ ვამზადებ ჩემს ქალიშვილს მსახიობობისთვის! _ მედიდურად გამოგვიცხადა.

შემდეგ კიდევ კარგა ხანს იქაქანა და ლამის ყველა დაგვარწმუნა, რომ მარკ ალეგრე ახლოდან სრულიად განსხვავდება «შოუბიზნესის იმ წარმომადგენლისგან», როგორსაც საზოგადოება იცნობს.

_ სიმართლე გითხრათ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თქვენმა კულტურამ, _ აღნიშნა ტოტიმ, _ თუმცა, არასდროს მავიწყდება პრეზიდენტ პუანკარეს სიტყვები: «კულტურა მურაბას მაგონებს, რაც უფრო უგემურია, მით მეტად გაძალებენ».

მარკს ამაზე გულიანად გაეცინა. მიუხედავად ტოტის კატეგორიული უარისა, მან შეძლო დაერწმუნებინა ბრიჟიტის დედა, გოგონას ეთამაშა მის ფილმში.

_ ბავშვი ახლა სწორედ იმ ასაკშია, როცა ექსპერიმენტები იტაცებს. მოდით, სასინჯი გადაღება მოვაწყოთ და მერე ვილაპარაკოთ, _ დინჯი ღიმილით დააყოლა ალეგრემ.

ამ ხნის განმავლობაში ბრიჟიტი დაბნეული აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს, ყველაზე ხშირად კი მალულად გააპარებდა თვალს იმ ახალგაზრდა მამაკაცისკენ, რომელიც ალეგრემ თავის თანამშრომლად გააცნო დედამისს, თანაც, არასერიოზულ ადამიანად.

_ როჟე ვადიმი. მან უკვე დაწერა სცენარი, მაგრამ ზარმაცია, გამუდმებით იგვიანებს და თავისი ასაკისთვის ზედმეტად ნიჭიერია.

ამის გაგონებაზე ბრიჟიტს ისე საყვარლად გაეცინა, ყველა მას აჰყვა. საოცრად გადამდები სიცილი ჰქონდა. მოგვიანებით იგი გამომიტყდა, როგორც კი დაგინახე, მაშინვე ვიგრძენი, რომ შემიყვარდიო.

გადაწყდა, რომ მე უნდა მომემზადებინა გოგონა როლისთვის, ერთად უნდა გაგვევლო რეპეტიციები, როცა უოლკერის სტუდიაში ბალეტის გაკვეთილები დაუმთავრდებოდა.

მაგრამ პროდიუსერს ბრიჟიტის კბილები არ მოეწონა. ასე თქვა, როცა იცინის, ძალიან აღებს პირსო. ასე რომ, ბრიჟიტი დაიწუნეს, ისევე, როგორც მისი წინამორბედი ლესლი კარონი, რის გამოც ფილმ «მოჭრილი დაფნების» გადაღება განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

 

ბებია ბარდოს რეაქცია ჩემს დანახვაზე ზუსტად ისეთი გახლდათ, როგორიც დამახასიათებელი იყო ჩვენი საუკუნის შუა წლების ფრანგული ბურჟუაზიისთვის. ადრე სამეფო კარზე, მეფეებმა სტუმართა გასართობად კარის ჯამბაზების მოხმობა იცოდნენ, ჩვენს დროში კი, პრესტიჟული სალონის მეპატრონე მანდილოსნები, პოპულარულ მსახიობებს და მომღერლებს პატიჟებდნენ წვეულებებზე და ამ მოდური ჟესტით იწონებდნენ თავს. თუმცა, აღფრთოვანებას პარალელურად ერთგვარი შიშიც ახლდა, რადგან კინოსამყაროს წარმომადგენლები მაინც საეჭვო ადამიანებად მიაჩნდათ, ბოლომდე არ ენდობოდნენ.

ამიტომაც მესმის, რატომ ატეხა განგაში ბებია ბარდომ, როცა ერთ მშვენიერ დღეს, მორიგ ბოჰემურ წვეულებაზე, თავის სახლში უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა, რომელიც თურმე კინემატოგრაფიით იყო გატაცებული და რომელმაც ბრიჟიტის მოხიბვლა შეძლო. იმ საღამოს გოგონა გვერდიდან არ მომცილებია. ჩემ გარდა ვერავის ამჩნევდა. ამან, რა თქმა უნდა, ბებიის პროტესტი გამოიწვია. ბოჰემას თავისი კანონები გააჩნდა, რომლის დარღვევა ნამდვილი ტრაგედია იყო ამ წრის წარმომადგენლებისთვის.

სამაგიეროდ, ბატონი და ქალბატონი ბარდო იყვნენ შედარებით პროგრესული შეხედულების ადამიანები. მათ მეგობრებს შორის შეხვდებოდით ჟურნალისტებს, მოდელიერებს, თეატრალურ მოღვაწეებს… მათ უყვარდათ ხელოვნება. ჩემს შოტლანდიურ პერანგს, ზედმიწევნით დაუთოებულ შარვალს და საკმარისად გრძელ თმას ისინი არ შეუშინებია. ის კი არა, როცა გაიგეს, რომ მამაჩემი საფრანგეთის კონსული იყო და 14 წელი იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ, დადებითი შთაბეჭდილება შეექმნათ ჩემზე. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი ხომ როჟე ვადიმ პლემიანნიკოვია. ჩვენი გვარი ჩინგიზ ხანს უკავშირდება, შტო იქიდან მოდის. მან ხომ თავისი უზარმაზარი იმპერია შვილებს გაუყო. უმცროსმა ვაჟმა მიიღო პოლონეთის ნაწილი და უკრაინა. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობა მიიღო არა მისმა ვაჟმა, არამედ ძმისშვილმა. სწორედ აქედან წარმოიშვა ჩვენი გვარი და დარჩა და დარჩა…

რევოლუციის შემდეგ მამაჩემი საფრანგეთში წამოვიდა და მოქალაქეობა მიიღო. როგორც დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი, იგი არაჩვეულებრივად ლაპარაკობდა ფრანგულად, ბრწყინვალედ დაამთავრა პოლიტიკური მეცნიერების სკოლა და 28 წლის ასაკში საფრანგეთის ვიცე-კონსულად დაინიშნა. შემდეგ ფრანგ ქალზე, მარი-ანტუანეტა არდილუზზე დაქორწინდა. პირველად იგი ალექსანდრიაში გაამწესეს სამუშაოდ.

 

8 8 8

ჩვენი ნიშნობა ოფიციალურად გამოცხადდა, ხოლო ჯვრისწერა 1952 წლის დეკემბრისთვის დავნიშნეთ, როცა ბრიჟიტი 18 წლის გახდებოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მას მშობლებმა ნება დართეს, რვა დღე გაეტარებინა ჩემთან ერთად, საშობაო დღესასწაულის აღსანიშნავად. ჩვენ დედაჩემს შევუსახლდით, რომელმაც ნიცაში ვილა მიატოვა და სან-ტროპედან სამ კილომეტრში პატარა სახლი იქირავა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ბატონმა ბარდომ მას წესების მთელი ნუსხა «გადაულოცა», რომელიც ჩვენ უნდა დაგვეცვა. მაგრამ მას მთავარი დაავიწყდა _ მე და ბრიჟიტი ცალ-ცალკე ოთახში განვეთავსებინეთ. ამის თაობაზე არანაირი ინსტრუქცია არ გაუცია და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როგორ გამორჩა! სწორედ ამიტომაც ორივეს ერთ საწოლში გვეძინა და წამითაც არ გვეშინოდა დერეფანში ვინმეს ან რამის გაფაჩუნების. ჩვენთვის ხომ ერთად დაწოლა არავის აუკრძალავს!

გაგრძელება იქნება