ფეხბურთისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, რაც მშობლებს და ახლობლებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და მალე პატარა გიორგი ოთახში მოწყობილი "მოედნიდან" ნამდვილ მოედანზე აღმოჩნდა. მისი "ოსტატობა" მწვრთნელსაც არ გამოჰპარვია და პირველივე დღეს მესი უწოდა. მის კარიერაში ბევრჯერ იყო გამარჯვების სიხარული, აღიარება, ტრავმა, რთული პერიოდიც...
ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის - გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ უფრო მეტს მისი დედა, მთვარისა რუხაძე მოგვითხრობს.
- ფეხბურთისადმი ინტერესს ძალიან პატარა ასაკიდანვე ავლენდა. სახლში სულ ბურთით თამაშობდა, ხან რას გატეხდა და ხან რას დააზიანებდა. ეზოში რომ ჩავიყვანდი, იქაც ფეხბურთის თამაშის გარდა, არაფერი უნდოდა. უფროსები უყურებდნენ და აღნიშნავდნენ, ამ ბიჭისგან დიდი ფეხბურთელი დადგებაო. თავისებური ტექნიკა ჰქონდა. მეზობლები მირჩევდნენ, ფეხბურთზე შემეყვანა. სპორტის ეს სახეობა თავადაც ძალიან მიყვარს. 6 წლის ხდებოდა, გიორგი ფეხბურთზე "დინამოში" რომ მივიყვანე, მწვრთნელი გივი ლომიძე იყო. გიორგიმ აკენწვლები რომ გააკეთა, უყურა მის მოძრაობებს და ჰკითხა, - შენ რა გვარი ხარ? - ჩაკვეტაძე, - ჩაკვეტაძე კი არა, მგონი, მესი ხარო. ასეთი იყო გიორგის პირველი ნაბიჯები ამ სპორტში.
- ვარჯიშზე წასვლა უხაროდა?
- ძალიან, მწვრთნელი 5 საათზე რომ გვიბარებდა, ჩვენ იქ 4-ზე უნდა მივსულიყავით. ძალიან მშრომელი იყო, დაუზარელი, მიზანდასახულიც. არ მახსოვს შემთხვევა, ვარჯიშზე წასვლა ერთხელ მაინც დაზარებოდა.
- გიორგის პირველი წარმატებას როგორ გაიხსენებთ?
- "ნორჩი დინამოელი" ძალიან კარგი, შეკრული გუნდი იყო. გიორგი ტურნირებზე სულ დადიოდა. 10-11 წლის იქნებოდა, დავით ყიფიანის სახელობის ტურნირზე რომ გავიდა. გუნდმა კარგად ითამაშა, მოიგეს და ბუნებრივია, მშობლები გახარებულები ვიყავით. ჩემგან ოდნავ მოშორებით ჩივაძე იდგა. ბუნებრივია, არ იცოდა, რომლის მშობელი ვიყავი. გვერდით მდგომს გიორგიზე ეუბნებოდა, - ეს რა მაგარი ბავშვია, პატრონი თუ ჰყავს, მაგარი ფეხბურთელი გამოვაო. გიორგიმ ის თამაში მართლაც კარგად ჩაატარა, პრიზს თითქოს არ ველოდი, მაგრამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს. დედისთვის ეს იცით, რას ნიშნავს? ძალიან გამიხარდა-მეთქი, რომ ვთქვა, ესეც ცოტაა, იმ ემოციის გადმოცემა შეუძლებელიც კი არის. შენს შვილს შრომა რომ უფასდება, ძალიან ბედნიერი ხარ.
- თავად გიორგიმ როგორ მიიღო ეს ამბავი, ემოციების გაზიარება სჩვევია?
- გიორგის პრიზი ყიფიანის შვილმა გადასცა. ძალიან თავმდაბალი ადამიანია, ახლაც ნაკრების თამაშებს თუ უყურებთ, შეამჩნევდით, გოლი რომ გააქვს, თავჩაღუნული ხვდება ამ სიხარულს. ბავშვობიდან ასე იყო. სულ ვეუბნები, სიხარული ცოტა სხვაგვარად გამოხატე, ხომ უყურებ ფეხბურთელების რეაქციებს-მეთქი?! პატარა ასაკიდანვე ასეთი წყნარი და თავისებური იყო. ბელგიურ გუნდში რომ გადავიდა, იმდენი ტელევიზია ჩადიოდა, სიუჟეტებს ითხოვდნენ, ინტერვიუების ჩაწერა უნდოდათ და გიორგი სულ თავს იკავებდა, ყველას უარს ეუბნებოდა.