სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 2 - Marao

სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 2

2023-05-08 21:54:29+04:00

წინა თავი

ჩვენი სამოქალაქო ქორწინება მე-16 ოლქის მერიაში გაიმართა. პატარძალს ქვედაბოლო და პიჯაკი ეცვა, სიძეს _ ლურჯი პიჯაკი შესაფერისი ტონის ჰალსტუხით. ოლქის მერი ჩემმა სახელმა და წარმომავლობამ ისე დააბნია, მთელი რიგი ნოტაციები წაიკითხა საერთაშორისო ქორწინებაზე, თქვა, რომ ეს კეთილშობილური საქმეა მთელ მსოფლიოში მშვიდობის განსამტკიცებლად და რომ მიესალმება ამ ქორწინებას, როგორც «ფრანგულ-რუსული მეგობრობის» სიმბოლოს. ბრიჟიტი თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გაეცინა.

გამოვედით თუ არა მერიიდან, ჩამეხუტა.

_ როგორც იქნა, მოხდა ეს! მე ახლა ქალბატონი პლემიანნიკოვა ვარ…

საღამოს მოკრძალებული სუფრა გაიშალა, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები და რამდენიმე მეგობარი ესწრებოდა.

ღამის 11 საათზე ბრიჟიტის ოთახში შევედი. ის პიჟამათი იყო შეწოლილი ლოგინში. ბედნიერებისგან ასხივებდა. გვერდით მივუჯექი. ნახევარი საათის შემდეგ მამამისი პილუ გამოჩნდა.

_ ჩემო ძვირფასო ვადიმ, მგონი, დროა, წახვიდეთ, _ გამომიცხადა.

_ სად უნდა წავიდეს? _ დაბნეულ ბრიჟიტს ვერაფერი გაეგო.

_ ჩვენ მას სასადილო ოთახში გავუშალეთ ლოგინი, _ უპასუხა პილუმ.

_ მაგრამ ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი ვართ, მამა! ხომ არ დაგავიწყდა? ჩვენ ხელი მოვაწერეთ, მეჯვარეებმაც, მე ვთქვი «დიახ», ვადიმმაც თქვა «დიახ». მე გათხოვილი ვარ. გა-თხო-ვილი!

_ თქვენ ცოლ-ქმარი გახდებით ხვალ, ეკლესიაში, ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ, _ წარბშეუხრელად უპასუხა პილუმ.

_ გაგიჟდა ეს კაცი! _ იყვირა ბრიჟიტმა და საწოლიდან წამოიწია, _ მამაჩემი ჭკუიდან შეიშალა. ხალხნო, მიშველეთ! პილუ გაგიჟდა!..

_ ბავშვივით ნუ იქცევი, ბრიჟიტ, _ მკაცრად თქვა ბატონმა ბარდომ, სახე საშიშად მოეღრიცა, ხოლო ტუჩები ერთი სწორი ხაზივით გაუხდა, _ დღეს დილით მხოლოდ ფორმალური ხელმოწერა იყო, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლიდით. მიუხედავად ამისა, ის შენი ქმარი მხოლოდ ჯვრისწერის შემდეგ გახდება, გასაგებია?

აღშფოთებისგან ჭარხალივით გაწითლებული ბრიჟიტი მზად იყო, აფეთქებულიყო.

_ მე ამაღამ ჩემს ქმართან დავწვები! ქუჩაში, ტროტუარზე, თუ საჭირო იქნება! სულერთია, სად, მაგრამ მასთან!

კომიკურმა სცენამ დრამატური ხასიათი მიიღო. პილუს ვთხოვე, რამდენიმე წუთით მარტო დავეტოვებინე მასთან.

_ ესღა მაკლდა! _ გაყვიროდა ბრიჟიტი, _ სამი წელია უკვე, შენთან დაწოლის უფლებას ველი. ახლა ცოლი მქვია, გათხოვილი ვარ. სრულწლოვანი გავხდი. კიდევაც დავწვები ჩემს ქმართან, სექსიც მექნება და ყველაფერიც და აუცილებლად ჩემს საწოლში. და სად იდგმება ეს საწოლი, მამაჩემის სახლში, თუ რომის პაპის რეზიდენციაში, მიმიფურთხებია! მაგრამ ამაღამ მარტო არ დავწვები!

_ სამი წელი ითმინე, შეგიძლია ერთი ღამეც მოითმინო, _ მის დაყოლიებას ვცდილობდი.

_ არავითარ შემთხვევაში!

მან პიჟამა გაიხადა და კარადას მივარდა ტანსაცმლის გამოსაღებად. მივხვდი, ჩაცმას და ჩემთან გამოყოლას აპირებდა. გზა გადავუღობე. ავუხსენი, რომ ამ საღამოს არ გამოვიდოდა მშობლებთან ჩხუბი და აყალმაყალი.

_ მართალია, სასაცილო სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ჩვენ გონივრულობა უნდა გამოვიჩინოთ, _ შეგონება დავუწყე, არ მინდოდა, სიცხარის გამო მშობლები დაეკარგა. ოდესმე აუცილებლად ინანებდა ამას.

როგორც იქნა, ბოლოს მაინც დაწყნარდა და გაიცინა კიდეც.

_ ესე იგი, ქორწინების პირველ ღამეს სასადილო ოთახში გაატარებ? თან მარტო? მხოლოდ შენ შეიძლება ასეთი რამ დაგემართოს!

მართლაც ასე მოხდა. ის ღამე სასადილო ოთახში მარტომ გავატარე, ვიწრო ტახტზე. არადა, დავქორწინდი ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ფრანგ გოგონაზე, რომელზეც გავა დრო და, ერთხელაც დაწერენ, რომ იგი მსოფლიოს ყველა მამაკაცის «სურვილის ობიექტია»…

 

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება ბრიჟიტისა ის იყო, რომ სნობი არ გახლდათ. ჩვენ ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან გვიწევდა შეხვედრა, გაცნობა, მაგრამ არასდროს, არც ერთ მათგანს მასზე მცირედი შთაბეჭდილებაც არ მოუხდენია. ის კი არა, თითქოს გაურბოდა კიდევაც ასეთებს. მას უყვარდა შინიდან გასვლა, გართობა, მაგრამ ვერ იტანდა ელიტურ წვეულებებს, სადაც ადამიანები არც კი იცნობენ წესიერად ერთმანეთს და სადაც ყველანაირი ეტიკეტი უნდა დაიცვა. ხშირად მიწევდა ფილმის პრემიერებზე სიარული და ამ დროს მისი დაყოლიება, თან წამომყოლოდა, მთელი მოვლენა იყო. არადა, ჩვენს სამეგობროშიც ბლომად იყვნენ პოპულარული ადამიანები, მათ შორის _ მარლონ ბრანდო.

 

8 8 8

ბრანდო დაახლოებით მაშინ გავიცანი, როცა ბრიჟიტს დავუახლოვდი. ერთხელ მე და კრისტიან მარკანო მონპარნასის ბულვარის ერთ-ერთ კაფეში ვისხედით. მოულოდნელად ჩვენი ყურადღება ერთმა არაბუნებრვიად ლამაზმა ახალგაზრდა მამაკაცმა მიიპყრო, რომელიც მეზობელ მაგიდასთან იჯდა. ზაფხული იყო, ცხელოდა. მამაკაცს ფეხი მაგიდაზე შემოედო და ენერგიულად იზელდა, თან ხვნეშოდა და როგორც ჩანს, სიამოვნებდა, რადგან წარამარა ერთსა და იმავეს იმეორებდა: «ღმერთო ჩემო, რა კარგად ვარ!»

ნამდვილი ადონისი იყო. მასთან საუბარი გავაბით. ბევრს დავდივარო, გვითხრა, ამიტომ ფეხები მეღლება და ამ დროს კუნთების მასაჟი ყველაზე დიდი სიამოვნებაა ქვეყანაზეო. შემდეგ გაგვეცნო: მარლონ ბრანდო. აღმოჩნდა, რომ პარიზში მარტო იყო და ცხოვრობდა მარცხენა სანაპიროზე, ერთ საშინლად კეთილმოუწყობელ სასტუმროში. ნიუ-იორკიდან გამოქცევის დაუოკებელი სურვილი მქონდა, ამიტომ პარიზს მოვაშურეო, გამოგვიტყდა. აქ კი არავის იცნობდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ ლაპარაკში სიმპათია გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ და მე და კრისტიანმა იგი საცხოვრებლად ჩვენს ბინაში დავპატიჟეთ, ბასანოს ქუჩაზე.

მხოლოდ მეორე დილით გაგვიმხილა მარლონმა, რომ მსახიობია და ბროდვეიზე ტენის უილიამსის პიესაში _ «ტრამვაი «სურვილი» თამაშობდა. ფრანგულ კინოში ჯერ არ იყო გადაღებული. ნიუ-იორკში უკვე კარგად ცნობილი, პარიზელებისთვის უცნობი აღმოჩნდა. და პირველი შეხვედრისთანავე ჩემი და კრისტიანის დიდი მეგობარი გახდა. ჩვენ ახლაც კი სამ ღვიძლ ძმასავით ვართ.

სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ბრიჟიტი და მარლონ ბრანდო ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. მართალია, ერთად ერთობოდნენ, ლაპარაკობდნენ, მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ამაზე ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ. არადა, ორივე ერთნაირი ბუნების იყო _ უშუალო, მგრძნობიარე… წესით, კარგად უნდა გაეგოთ ერთმანეთისთვის და უფრო უნდა დაახლოებულიყვნენ. უცნაური ის იყო, რომ ბრანდოს გარეგნობამ ბრიჟიტზე ვერ მოახდინა შთაბეჭდილება. ჩვენ, კაცები გაგვაოცა მისმა სილამაზემ და ბრიჟიტი _ ვერა. არც მარლონი დარჩენია ვალში. პიკანტური დედაკაცი შეარქვა ბრიჟიტს. ბევრი ვერაფერი გოგოაო, დააყოლა ბოლოს.

ბრიჟიტს მისი მონაწილეობით არც ერთი ფილმი არ უნახავს და არც სპექტაკლში მოთამაშე ბრანდოს ყურების სურვილი გამოუთქვამს არასდროს. მაგრამ მარლონ ბრანდოს გენიალობაში ერთხელ სრულიად მოულოდნელად დარწმუნდა…

ერთ ღამეს მე, ბრიჟიტი და ბარდო კლუბ სენ-ჟერმენ-სიურ-ტაბუდან შინ ვბრუნდებოდით. გზად ელისეს მინდვრებზე გავიარეთ. კაცები ცოტათი ნასვამები ვიყავით (ბრიჟიტ არასდროს სვამდა). გიორგი მეხუთის გამზირის კუთხეში, კაფე «ფუკეტსის» ტერასაზე მარლონმა ცარიელი სკამები და მაგიდები შეამჩნია, რომლებიც ერთმანეთში ჯაჭვებით იყო გადაბმული. ალბათ იმიტომ, რომ არ მოეპარათ. ბრანდოს სიტყვა არ უთქვამს, აივანზე აიჭრა, ხელი დაავლო სკამებს და ტროტუარზე ჩამოალაგა. შემდეგ ერთ-ერთზე დაჯდა და «ტრამვაიდან» თავისი როლის პირველი სიტყვები წარმოთქვა, შემდეგ კი სხვა ყველა პერსონაჟის _ ბლანშის, სტენლის, მიჩის როლები თვითონვე ითამაშა.

დილა თენდებოდა. ელისეს მინდვრები თითქოს სადღაც გაქრა და აღმოვჩნდით ახალი ორლეანის ერთ სულისშემხუთველ შენობაში. სამი სკამისა და ორი მაგიდის დახმარებით ბრანდომ თეატრის მაგიის შექმნა მოახერხა. ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე გამვლელები, რომლებიც სამსახურში მიიჩქაროდნენ, ცნობისმოყვარედ ჩერდებოდნენ, რა ხდებაო, შემდეგ კი ფეხს არ იცვლიდნენ, იმდენად იხიბლებოდნენ მარლონის თამაშით. პარიზელები «დანაყრებული» ხალხია, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალზე რთული საქმეა, მით უმეტეს, ქუჩის სპექტაკლით. გარდა ამისა, მათ ინგლისური არ ესმოდათ. თუმცა, მათაც შეძლეს მისი ტალანტის შეფასება…

 

8 8 8

არსებობს მოსაზრება, თითქოს ბრიჟიტ ბარდო მე შევქმენი. სიმართლე კი ის არის, რომ ის არავის შეუქმნია. ვერც მშობლებმა, ვერც საზოგადოებამ და ვერც პროფესიამ ვერ შეძლო მის შინაგან ბუნებაზე გავლენა მოეხდინა. ის აგიჟებდა ადამიანებს, აოგნებდა, ქმნიდა მოდას და, ბოლოს და ბოლოს, მთელ მსოფლიოში სექს-სიმბოლოდ იქცა. მეტ-ნაკლები სიშიშვლე კინოში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბრიჟიტის სიცოცხლისუნარიანი, თავხედური, უცოდველი სიშიშვლე იმდენად არ აღელვებდა ადამიანს, რამდენადაც აღიზიანებდა. არადა, მას არაფერში სჭირდებოდა, გაშიშვლებულიყო იმისთვის, რომ მორალისტები დაეშოკა.

მეც ბევრჯერ შევაჯახებივარ ცენზორებს. როცა ფილმი «და ღმერთმა შექმნა ქალი» ეკრანებზე გამოვიდა, ერთი კრიტიკოსი დაჟინებით მიმტკიცებდა, როცა ბრიჟიტი თავისი მაზლის საწოლიდან გადმოდის, მთლიანად შიშველიაო. მე მას კონკრეტული სიუჟეტი კიდევ ერთხელ ვაჩვენე. არადა, ამ სცენაში ბრიჟიტს მუხლამდე სვიტერი აცვია. მაგრამ ის კაცი მაინც ამტკიცებდა, ბარდო შიშველი თამაშობდა იმ სცენაშიო. დარწმუნებული იყო და დღესაც ჰგონია, რომ მე ის სცენა ორჯერ გადავიღე, რათა ცენზურის შემთხვევაში სხვა ვარიანტიც მქონოდა.

არა, მე არ შემიქმნია ბრიჟიტ ბარდო! მე უბრალოდ, ხელს ვუწყობდი მისი ტალანტის აღზევებას და ამისთვის მხოლოდ იმაში ვეხმარებოდი, დარჩენილიყო ისეთად, როგორიც ბუნებით იყო. ვეხმარებოდი დაპროგრამებული ქცევის ნორმების დავიწყებაში, რაც მის ნიჭიერებას ანადგურებდა. და კიდევ… მე მას მივეცი როლი, სადაც თამაშობდა გოგონას, გამოგონილ პიროვნებას, რომლის შინაგანი «მე» სრულიად იდენტური იყო მისი რეალური სახისა. ნებისმიერი ვარსკვლავის კარიერაში არსებობს როლი, რომელიც თითქოს ზუსტად მისთვისაა დაწერილი. სწორედ ასეთი იყო ჟულიეტა ფილმში «და ღმერთმა შექმნა ქალი». მას ამ სურათამდე უკვე 16 ფილმში ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ მხოლოდ მე-17-მ აქცია ვარსკვლავად.

 

8 8 8

ბრიჟიტი ხშირად ატყუებდა ჟურნალისტებსა და ფოტგრაფებს. ის მთელი ცხოვრება აბითურებდა მათ. ყოველთვის ვცდილობდი, როგორც შემეძლო, მომეგვარებინა მისი კონფლიქტები პრესასთან. თავად არასდროს უცდია თავისი თავისთვის რეკლამა გაეკეთებინა, თუმცა მისი გამოჩენა მუდამ და ყველგან სენსაცია ხდებოდა.

ერთხელ იგი დათანხმდა, ეთამაშა მეორეხარისხოვანი როლი ინგლისურ ფილმში «დოქტორის დილემა». მთავარ როლში დირკ ბოგარდი თამაშობდა. ეს იყო საშუალო დონის კომედია, რომელიც კინოს სამყაროში შეუმჩნეველი დარჩა. პროდიუსერებმა, რეკლამის გასაკეთებლად, ფრანგი «ვარსკვლავების» ფოტოები მოკლე ბიოგრაფიებით რედაქციებში გადააგზავნეს. ლონდონში არავის ჰქონდა ნანახი ფილმები ბრიჟიტის მონაწილეობით, მაგრამ მისი სახელი ცნობილი იყო. ამიტომაც, ასობით ფოტორეპორტიორისა და ჟურნალისტის ნაცვლად, სასტუმრო «დორჩესტერში», სადაც პრესკონფერენცია იმართებოდა, 30-იოდე მოვიდა.

ვერაფრით შევძელი, ბრიჟიტი თავისი ნომრიდან გამომეყვანა.

_ საშინლად გამოვიყურები, რა საჭიროა? _ აბუზღუნდა.

_ ეს აუცილებელია, ბრიჟიტ! ამ ქვეყანაში ასეა მიღებული. რომ არ გახვიდე, მასპინძლების უპატივცემულობაში ჩაგვეთვლება!

_ მე ხომ მეორეხარისხოვანი როლი მაქვს, მაინც ვერავინ შემამჩნევს.

_ ნუთუ მაინცდამაინც იმისთვის უნდა გახვიდე, რომ ვინმემ შეგამჩნიოს?

როგოგრც ჩანს, ჩემმა სიტყვებმა გაჭრა. გაბრაზებულმა ტუჩები მოკუმა, მრისხანედ გადმომხედა და კარი გაიჯახუნა.

სასაცილო ის იყო, რომ ბრიჟიტი იმდენად გვიან გამოცხადდა საკონფერენციო დარბაზში, როცა მისთვის აღარავის ეცალა. ნამცხვრები შეჭმული იყო, შამპანური _ დალეული და მაძღარ «პრესსაძმოს» პრემიერის გაშუქების სურვილი უკვე დაკარგოდა. შემთვრალები მხიარულების ხასიათზე იყვნენ და თვალის ცეცებით დამატებით სასმელს დაეძებდნენ. მაგრამ სასწაული მოხდა!..

ბრიჟიტის პიროვნული მაგნეტიზმი ამუშავდა. მას ბლუზა ეცვა, სხეულზე მოტმასნილი. ამაყად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. თვალს ვერ წყვეტდნენ გარშემო მყოფნი. პაპარაცები წარამარა აჩხაკუნებდნენ ფოტოაპარატებს. ბრიჟიტის დაგვიანება და სასმლის ნაკლებობა ყველას გადაავიწყდა. მას აპატიეს დაგვიანება.

ერთი ჟურნალისტი შეეკითხა:

_ რომელია ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში?

_ ღამე! _ უპასუხა მან.

შემდეგ მეორემ დასვა შეკითხვა:

_ ყველაზე მეტად ვინ აღგაფრთოვანებთ?

პასუხი:

_ ისააკ ნიუტონი.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მან აღმოაჩინა ორი სხეულის მიზიდულობის ძალა.

დარბაზში სიცილი გაისმა.

_ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერ იტანთ?

_ დიახ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდებს ატარებენ ცხოველებზე და კიდევ… პრეზიდენტი ეიზენჰაუერი, რომელმაც ელექტროსკამზე დასვა როზენბერგები.

მას ისე შეეძლო თავისი შეხედულებების ფორმულირება, რომ აღტაცებამდე მიჰყავდა ყველა. საოცარი კვიმატი ენა ჰქონდა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. მაგალითად, მან ერთხელ ასეთი რამ განაცხადა: «როცა მამაკაცს ბევრი საყვარელი ჰყავს, ამბობენ, დონ ჟუანიაო, მაგრამ თუ ქალს ჰყავს ბევრი საყვარელი, მას ბოზს ეძახიან».

როდესაც ეს სიტყვები თქვა, მეორე დღესვე ყველა წამყვანი ჟურნალ-გაზეთის პირველ გვერდზე აღმოჩნდა _ «დეილი ტელეგრაფის», «ივნინგ ექსპრესისა» და «გარდიანის».

ათობით სხვა გაზეთმა კი მისი ფოტო დაბეჭდა და გააშანშალა სტატია «ფრანგულ სექსმეტიჩრობაზე».

 

8 8 8

ბრიჟიტს უნდოდა, ჩვენი ქორწინება შენარჩუნებულიყო. მას სურდა, ქმრისთვის ბედნიერება მიენიჭებინა. მიუხედავად იმისა, რომ მაინც განვქორწინდით, ვცდილობდით, ყოველთვის აღმოგვეჩინა ერთმანეთში ძველებური სინაზის და ლტოლვის კვალი. და ეს მართლაც ასე იყო. მე არ ვატყუებდი ჩემს თავს და არ ვქმნიდი მირაჟს. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, ჩვენი ოჯახური თანაცხოვრების ბოლო პერიოდში ვგრძნობდი, რომ დაშორება გარდაუვალი ხდებოდა.

მოგვიანებით მან ასეთი რამ განაცხადა ერთ ინგლისურ ჟურნალში:

_ ვადიმი რომ ეჭვიანი ყოფილიყო, ყველაფერი მოგვარდებოდა.

რა თქმა უნდა, ეჭვიანობას ბევრი რამ შეუძლია. მან შეიძლება მინავლული სიყვარულის ყავარჯნების როლიც კი ითამაშოს, მაგრამ მხოლოდ დროებით. ძალად გაჭიანურებული ურთიერთობის შემდეგ განქორწინება კიდევ უფრო მტანჯველი ხდება. როცა ცდილობ, ოჯახის შესანარჩუნებლად აიტანო ყველაფერი, განქორწინების შემდეგ აღმოაჩენ, რომ შენ და ყოფილი მეუღლე ერთმანეთის მტრები გამხდარხართ. ეს ხშირად ასე ხდება. მე კი სწორედ ეს არ მინდოდა.

რაც შეეხება ეჭვიანობას… რა თქმა უნდა, ვეჭვიანობდი, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის… ანუ, გულში ვიხშობდი ბოღმას, არავის გულს არ ვუშლიდი და ჩემი ბოღმის დემონსტრირებას არ ვახდენდი. სხვათა შორის, ამ საკითხში, როგორღაც, სხვებს არ ვგავარ. ჩემი ეჭვიანობა შეიძლება გამოიწვიოს არა ფიზიკურმა სიახლოვემ, არამედ ფაქტმა _ ფლირტმა, ტყუილმა, რომანმა. მე ვიტანჯები ხოლმე ღიმილისგან, ხელების შეხებისგან, თუნდაც, ამას იქით არ მიდიოდეს ურთიერთობა… ამავდროულად, სულაც არ მეთაკილება, თუკი მამაკაცი ხედავს, როგორ ნებივრობს ჩემი შიშველი საყვარელი აბაზანაში.

ზრდასრულობის პერიოდში ბრიჟიტისთვის ეს პირველი ცხოვრებისეული კრიზისი იყო. ის ხედავდა, რომ ჩვენი სიყვარული ხუნდებოდა. მას თავისი ბედისწერა ხელში ეჭირა და ამას სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა.

ერთხელ დივანზე ვისხედით და ბრასენსის სიმღერას «იაბოს» ვუსმენდით._ შენ მე ისე აღარ გიყვარვარ, როგორც ადრე, _ თქვა მოულოდნელად, _ ასეთი რა გაგიკეთე?

მეც ავდექი და იმავე კითხვით მივმართე:

_ შენ მე ისე აღარ გიყვარვარ, როგორც ადრე, ასეთი რა გაგიკეთე?

ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი მიპასუხა:

_ იქნებ ეს ჩვენი ბრალი სულაც არ არის… _ და დაამატა, _ როცა ტინო გარდაიცვალა, ვიცოდი, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა (ტინო ერქვა თუთიყუშს, რომელიც ჩვენს კონსიერჟს ჰყავდა, იგი პოლიციის კომისრის კატამ შეჭამა).

ასეთი ლოგიკა მთრგუნავდა, ამიტომაც არაფერი ვუპასუხე, დუმილი ვარჩიე. მან კი გააგრძელა:

_ როგორც საქორწინო ბეჭდების შემთხვევაში, ესეც თითქოს ავის მომასწავებელი ნიშანი იყო. უნდა მიგვექცია ყურადღება.

ბრიჟიტს მხედველობაში ჰქონდა ჩემი საქორწინო ბეჭდის მოულოდნელი გაქრობა, რომელიც ფილმ «წყეული გოგონას» პროდიუსერის კაბინეტში დაიკარგა და სრულიად შემთხვევით, ისევ იმ კაბინეტში ვიპოვეთ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ეს საუბარი წამოვიწყეთ.

_ ეს ნიშანი იყო! _ გაიმეორა მან.

_ თუთიყუში და ბეჭედი!.. ჩინური ზღაპრის სათაურს ჰგავს, _ ვთქვი მე.

_ ან რუსულის. უნდა დამეჯერებინა ბებიაჩემისთვის და მოვრიდებოდი რუსებს. დამპალი რუსი! _ გაიცინა მან და ჩამეხუტა.

ის საღამო ძალიან საყვარლად გავატარეთ.

გაგრძელება იქნება