„იმედის“ ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე ბოლო დრო ყურადღების ცენტრში არაერთი მიზეზით მოექცა. მან ამის სესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წელი მისთვის რთულად დაიწყო:
„რაც ეს სატელევიზიო სეზონი დაიწყო, უამრავი რამ მოხდა ჩემს თავს… ნეტავ, მშვიდობით მივაღწევდე წლის ბოლომდე.
სამსახურიდან გათავისუფლება განვიცადე, ეს დიდი იმედგაცრუება იყო. უამრავი წელი რომ მუშაობ ერთ ადგილას, მართლა ოჯახის წევრებივით რომ ხარ ხალხთან და იქ არიან ადამიანები, ვის თვალწინაც ჩემი შვილები გაიზარდნენ, ვისთანაც დღესასწაულებს ვხვდებოდი და წლები მეგობრულ-ოჯახურ გარემოში გავატარეთ, მერე კი უცებ, ერთ დღეს სამსახურიდან მათავისუფლებენ იმიტომ, რომ მე „იმედზე“ ვმუშაობ, თან, სხვათა შორის, ჯერ მათთან ვმუშაობდი და მერე მივედი „იმედში“,, ამას რა ჰქვია?! ამდენი ხალხი მეგობრად მიგაჩნია და უცებ ხედავ, სახე დაკარგეს და საერთოდ ხმას არ გცემენ, გსჯიან იმის გამო, რომ რაღაცაში არ გეთანხმებიან. თვალსა და ხელს შუა გეცლებიან ადამიანები, ვინც ცოტა ხნის წინ მეგობარი და ოჯახის ახლობელი გეგონა. საქმე მარტო სამსახურსა და ხელფასის დაკარგვას არ ეხება – ეს საერთოდ არ მაინტერესებდა, მთავარი ადამიანური ურთიერთობები იყო…“ - ამბობს მარიკა ბაკურაძე.