ქართული კინოს მშვენება ბელა მირიანაშვილი 1933 წლის 1 აპრილს თბილისში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა.

ბელას წინაპრები (მამის მხრიდან) ქართულ ხელოვნებას ემსახურებოდნენ. მამამისის მშობლები – ლევან მირიანაშვილი და მარო მდივანი – ლადო მესხიშვილის დასის წევრები ყოფილან და ამ ფაქტმა გარკვეულწილად იმოქმედა კიდეც ბელას პროფესიის არჩევაზე. პაპა, ლევან მირიანაშვილი 22 წლის ასაკში გარდაცვლილა. მისი და, მარიამ მირიანაშვილი-თუმანიშვილისა კი ფატმანის პროტოტიპი ყოფილა მიხაი ზიჩის მიერ დასურათებულ „ვეფხისტყაოსანში“. ბელას ბებია, მარო მდივანი 1933 წლამდე ბათუმის თეატრში მოღვაწეობდა. დედის მხრიდან კი ბელას წინაპრებში რვა გენერალი ჰყავდა.
ბელას დედის, ვარვარა მუსხელიშვილს მამა – გენერალი იაკობ მუსხელიშვილი ბათუმის ციხე-სიმაგრის არტილერიის მეთაური (კომანდორი) იყო, დედა კი წარმოშობით ფრანგი ყოფილა – ნინო ზაგიუ.

ოჯახმა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ბელას პროფესიულ არჩევანზე. თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო, სადაც ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა. საბოლოოდ კი მაინც მსახიობობა არჩია და 1960 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.
მეორე კურსზე ყოფნისას რეჟისორმა შოთა მანაგაძემ ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი“ თებროლეს როლზე დაამტკიცა. აქედან დაიწყო მისი ხანმოკლე, მაგრამ ბრწყინვალე კინოკარიერა.
თებროლეს როლს ფერიდე მოჰყვა დავით რონდელის ფილმში „მამლუქი“, ლიანა – „წარსულ ზაფხულში“, ახალგაზრდა ფოსტალიონი ლამარა – სიკო დოლიძის დაუვიწყარ კინოსურათში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, ნანი – „უდიპლომო სასიძოში“, რუსუდან ექიმი – „ცეროდენა რაინდებში“.
სამწუხაროდ ბელას სამსახიობო მოღვაწეობა მხოლოდ ცხრა წელი გაგრძელდა. მაგრამ სამუდამო კვალი დატოვა იმ ადამიანების ხსოვნაში, რომელთაც იგი სცენაზე თუ კინოში უნახავთ.

ლეგენდარული იყო მისი სიყვარულიც...
ყველაფერი ერთი ნახვით დაიწყო, როდესაც კახი კავსაძემ დერეფანში მომღიმარი ბელა დაინახა, თუმცა სიყვარულს დიდხანს გულით დაატარებდა, ბოლოს როგორც იქნა მოიკრიბა ძალა და ბელას გრძნობებში გამოუტყდა, სიყვარული საპასუხო აღმოჩნდა და წყვილმა მალე იქორწინა.

მეორე შვილზე ორსულობა ბელა მირიანაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ხუთი თვის ორსული ავად გახდა, სიცხიანმა მაინც ითამაშა სპექტაკლში, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. მსახიობს ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ ანტიბიოტიკებზე იმის შიშით თქვა უარი, ნაყოფს არ ავნოსო. მშობიარობის შემდეგ, ბელა მირიანაშვილის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა და საბოლოოდ ის ლოგინს მიეჯაჭვა.
„მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის,“ – წერდა მსახიობი.

მოგვიანებით კახი კავსაძე იხსენებდა: „ახლა რომ ვფიქრობ, მე მაინც ვერ გავუწიე ისეთი მეუღლეობა, როგორსაც ის იმსახურებდა. ვერ გავახარე ცხოვრებაში… ძალიან ღირსეულად დაემშვიდობა ამ წუთისოფელსაც. მახსოვს, მოსკოვში ვიყავი და 26 აგვისტოს დავურეკე, მოვიკითხე, თან შევატყობინე, რომ 1-2 სექტემბრამდე დავრჩებოდი. უცებ მესმის დამარცვლით ნათქვამი ერთი სიტყვა: „ჩა-მო-დი!“ სასწრაფოდ გავვარდი აეროპორტში და მეორე დღესვე, ანუ 27 აგვისტოს ჩამოვფრინდი. 28 აგვისტოს გამთენიისას გარდაიცვალა. იმ მძიმე დღეებში ერთ სიტყვას ვიმეორებდი: „რა მეშველება, რა მეშველება?“ მერაბ კოკოჩაშვილი ცდილობდა, დავეწყნარებინე და ასეთი რამ მითხრა: „კახი, რა გაქვს სადარდებელი?! რამდენი წელი იცხოვრეთ ერთად? ოცდახუთი, არა?“ „დიახ“, – ვუპასუხე გაკვირვებულმა. „მერე, კახი? ადამიანები ისე მიდიან ამქვეყნიდან, ერთი ბედნიერი დღე არ ჰქონიათ, შენ კი 25 წელი ბედნიერმა იცხოვრე“… რომ ჩავფიქრდი, ვერ შეეკამათებოდი. მეოთხედი საუკუნე გავატარე, როგორც უბედნიერესმა კაცმა, სრულ ჰარმონიაში…“
ბელა მირიანაშვილმა მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში 23 წელი გაატარა და 1992 წელს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.