სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 3 - Marao

სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 3

2023-05-10 10:46:34+04:00

წინა თავი

 

მეორე დღეს სადილზე ვიყავით მიწვეული «ფუკეტსში» პროდიუსერ რაულ ლევისთან და ჟან ლუი ტრენტინიანთან. ბრიჟიტი ჯერ არასდროს შეხვედრია ახალგაზრდა მსახიობს, რომელიც მისი მეუღლის როლზე იყო მოწვეული ფილმში «და ღმერთმა შექმნა ქალი». ჟან ლუისთვის ეს პირველი კინოროლი იყო, მას ადრე არასდროს უთამაშია ფილმებში, მე იგი თეატრში აღმოვაჩინე. მისმა მორცხვმა მომხიბვლელობამ, ფიზიკური ძალამ, რომელიც მის მოუხერხებელ ჟესტიკულაციებში იმალებოდა და, რა თქმა უნდა, ნიჭმა, დამარწმუნა, რომ იგი მიშელის როლის იდეალური შემსრულებელი იქნებოდა.

მთელი სადილის განმავლობაში ბრიჟიტი ჟან ლუის კრიტიკული თვალით ზვერავდა. მან იმდენად თავდაუჯერებლად იგრძნო თავი, რომ ყავას არ დაელოდა, დაგვტოვა და წავიდა. მაგიდას გაცილებულიც არ იყო, ბრიჟიტმა რომ იყვირა:

_ რა დონდლო ვიღაცაა!

_ ეს ბრანდო არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არაჩვეულებრივი ღიმილი აქვს, _ თქვა რაულმა.

_ სექსის დროს ღიმილს არ იყენებენ! _ გააპროტესტა ბრიჟიტმა.

_ არავინ გაძალებს მასთან დაწოლას! _ შევნიშნე მე.

_ მაგრამ ამის თამაში კიდევ უარესია! ვერასდროს შევძლებ ვითამაშო, თითქოს ასეთ ტიპზე ყურებამდე შეყვარებული ვარ. შეგეძლოთ სხვა მოგეძებნათ!

როცა ბრიჟიტი გაჯიუტდებოდა, არც ისე ძნელი იყო მისი დაჯერება, თუკი დავუსაბუთებდი, რომ ცდებოდა. მისი გადარწმუნება არ იყო შეუძლებელი. საბედნიეროდ, სცენარშიც ასე იყო _ ჟულიეტას თავიდან არ უყვარს მიშელი, გრძნობა თანდათან, ნელ-ნელა მოდის.

_ ნუ დარდობ, _ ვუთხარი გულგატეხილ რაულს, _ ჟან ლუის ბლომად ხიბლი აქვს. ვეჭვობ, დიდი ეშმაკი ვინმეა. დროთა განმავლობაში ბრიჟიტს შეეცვლება მასზე შეხედულება.

მაშინ არც მიფიქრია, რამდენად წინასწარმეტყველური გამოდგებოდა ჩემი სიტყვები.

ფილმის «და ღმერთმა შექმნა ქალის» გადაღების პირველი დღე სან-ტროპესთან ახლოს, კანუბის ყურის პატარა პლაჟზე იყო დანიშნული. მშვენიერი ამინდი იდგა. ზუსტად ვიცოდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა, ამიტომ დებიუტანტის მღელვარებას სულაც არ განვიცდიდი. საშიშროებას მხოლოდ ბრიჟიტი წარმოადგენდა.

ის უკვე მიჩვეული იყო განსაზღვრული ხასიათის ფილმებს _ გასართობს, დინამიკურს, ხშირად ეროტიკულს… და ყოველთვის ხელოვნურად თამაშობდა. არც უფიქრია, რომ მისგან ბუნებრიობას და გულწრფელობას მოვითხოვდი. ჟულიეტა რომ გამხდარიყო, იგი ბოლომდე უნდა დახარჯულიყო. რომ უნდა გაშიშვლებულიყო, ეს სულაც არ აღელვებდა. ამის არ ერიდებოდა. აშინებდა სხვა რამე _ უნდა გახსნილიყო ბოლომდე, სული უნდა გაეშიშვლებინა. დამფრთხალი ჩანდა. თითქოს თავს მართლა გაშიშვლებულად, უსუსურად გრძნობდა. და ამაზე გიჟდებოდა. მაგრამ მე ვიცოდი, რას ნიშნავდა ფსიქოლოგიური სტრიპტიზი, რაც უნდა რთული ყოფილიყო, აუცილებელი პირობა იყო, ფილმს წარმატებისთვის მიეღწია. ბრიჟიტსაც უნდა მიეღწია ამით წარმატებისთვის. ის მიჩვეული იყო თავის «ვარსკვლავურ» მდგომარეობას, მე ხომ მინდოდა, მისი სახით «ვარსკვლავი» დაბადებულიყო, ამიტომ ყველანაირად გვერდში ვედექი და ვარიგებდი, როდის როგორ მოქცეულიყო.

გავიდა მთელი კვირა, სანამ შესაძლებლობა მოგვეცემოდა, პირველადი მასალები შეგვემოწმებინა. ყველანი დაძაბული მივჩერებოდით ეკრანს, რათა გვენახა, რა გამოგვივიდა…

როცა დარბაზიდან გამოვედით, ბრიჟიტი ტიროდა. აიჩემა, ფილმში საზიზღრად გამოვიყურები, ცუდი ვარცხნილობა მაქვს, ცუდი გრიმიო… მაშინვე ჩავსვი მანქანაში და ნიცას ბოლოში, ყველაზე მიყრუებულ სანაპიროზე წავიყვანე. აპრილი მთავრდებოდა, ამიტომაც პლაჟი უკაცრიელი იყო. ჩემ გვერდით, ქვაზე დავსვი. ის უკვე აღარ ტიროდა, მაგრამ ბუზღუნებდა, ტუში ჩამივიდა თვალში და ამეწვაო.

_ რა სანახავი ვიქნები ამ საღამოს ოპოსუმასავით თვალებით?! _ შემომჩივლა.

_ და როგორი თვალები აქვს ოპოსუმას? _ გამეცინა.

_ წითელი.

მე კი ყოველთვის მეგონა, რომ ოპოსუმებს ლურჯი თვალები ჰქონდათ, მაგრამ არ შევწინააღმდეგებივარ.

_ და კიდევ! ეს რა პლაჟია, ქვიანი! დაჯდები და კუდუსუნი გეტკინება! _ გააგრძელა ბუზღუნი, _ ეს პლაჟი არ არის. ეს ლურსმნებამოშვერილი დაფაა გველების მომთვინიერებლებისთვის ან ძველი ინგლისელებისთვის, რომლებიც ბათინკებს არასდროს იხდიან.

ბოლოს, როგორც იქნა, დაწყნარდა და გაიღიმა კიდეც.

_ გახსოვს, რას ფიქრობდი შენს მშობლებზე? _ შევეკითხე, _ არ მიჯერებდი, როცა გეუბნებოდი, გავა დრო და დადგება ის დღე, როცა ბედნიერად იგრძნობ თავს, რადგან მათში შენს მეგობრებს დაინახავ-მეთქი.

_ და შენ მართალი აღმოჩნდი.

_ ახლაც მომენდე. განა ოდესმე გული მიტკენია შენთვის?

_ კი, როგორ არა, _ მიპასუხა, _ ოღონდ თვითონ ვერ ამჩნევდი ამას.

ცოტა არ იყოს, დაბნეულმა შევხედე.

_ თუკი ვერ ხვდები, რას ვითხოვ შენგან გადასაღებ მოედანზე და რის მიღწევასაც ვლამობ, ხელი მაინც არ შემიშალო და არ შემეწინააღმდეგო. სხვანაირად ჩვენ ორივენი წავაგებთ და მე უფრო მეტს, ვიდრე შენ. შენ უკვე გააფორმე კონტრაქტი მომდევნო ფილმზე, ამიტომ კარიერით არ რისკავ. მე თუ არ გამომივიდა, შენთვის ეს დიდი ტრაგედია არ იქნება. გამოვა, რომ ერთ-ერთ წარუმატებელ სურათში ითამაშე, რომელსაც მალე დაივიწყებენ და მორჩა. სამაგიეროდ, თუ მე მართალი აღმოვჩნდი, ჩვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გველოდება. შეიძლება არ მეთანხმებოდე, მაგრამ შეგიძლია ნდობაზე უარი მითხრა?

_ არა, _ მიპასუხა მან.

ის ხშირად ცვლიდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ სერიოზულ დაპირებებს ყოველთვის ასრულებდა…

სამი კვირის შემდეგ, სან-ტროპეში გადაღებებს რომ მოვრჩით, ნიცაში გავემგზავრეთ, სტუდია «ვიქტორიას» პავილიონში…

ჩემს, როგორც რეჟისორის სტილს, ბრიჟიტმა ალღო აუღო და უფრო და უფრო შედიოდა ფილმის მთავარი გმირის როლში. არაჩვეულებრივად გამოსდიოდა ჟულიეტას სახე. დღითიდღე იცვლებოდა მიშელთან მისი დამოკიდებულებაც ეკრანზე, ანუ ფილმში მის პარტნიორთან, ტრენტინიანთან… და რეალურ ცხოვრებაშიც. როგორც შემეძლო, ვცდილობდი, ისე გადამეღო ფილმი, რომ თვალი არათუ ეკრანზე, მის გარეთაც მედევნებინა მოვლენებისთვის… და ასე, სინამდვილე თანდათან ეწეოდა გამოგონილ ამბავს.

ყველაზე ძლიერი შიში დამეუფლა, როცა საქმე ეროტიკული სცენის გადაღებაზე მიდგა. მიშელი და ჟულიეტა ლოგინში უნდა ჩაწოლილიყვნენ… შიშვლები. ბრიჟიტმა საგრიმიოროში გაიხადა, ხალათი მოიცვა და პავილიონში გამოვიდა. ძალიან აჟიტირებული იყო და ზედმეტად ბევრს იცინოდა. ჟან-ლუი დაძაბული ჩანდა, ეტყობოდა, უხერხულად გრძნობდა თავს. შევეცადე, ობიექტურად გამეანალიზებინა ჩემი გრძნობები და არ მეეჭვიანა, თუმცა…

ძალიან ძვირად მიჯდებოდა ეს «არ»… ყველაფერზე ძვირად. მიუხედავად ამისა, გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი. არადა, არაფრით მინდოდა, რაც ეკრანზე ხდებოდა, ყოველდღიურ ცხოვრებასთან დამეკავშირებინა. ვაიძულებდი ჩემს თავს, ისე მიმეღო ეს ამბავი, თითქოს ნახატებით ილუსტრირებულ წიგნს ვათვალიერებდი.

ბრიჟიტმა ხალათი გაიხადა და ლოგინში შეწვა. ჟან-ლუი გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა. მოგვიანებით, როცა მე დავიძახე «სტოპ», ისინი იმავე მდგომარეობაში დარჩნენ და კოსტიუმების მხატვარმა ორივეს ხალათი გადააფარა…

იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, მეორე სცენას ვიღებდი. ეს იყო ბრიჟიტის სახე მსხვილი პლანით, რომელიც ტრენტინიანს კოცნიდა. ჟან-ლუი მისკენ იყო დახრილი და ამიტომ მისი თავი კადრში არ ჩანდა. კამერა იღებდა ბრიჟიტს, რომლის სახეზეც ექსტაზი უფრო და უფრო იხატებოდა…

სცენის გადაღებას რომ მოვრჩით, ვკითხე ჩემს ცოლს:

_ რაზე ფიქრობდი მაგ დროს?

_ არც არაფერზე, _ გულგრილად მიპასუხა, _ მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე.

8 8 8

ერთხელ მე და ბრიჟიტი სტუდია «ვიქტორიას» ხეივანში ვსეირნობდით. მოულოდნელად ჩემი ყურადღება ყავარჯნიანმა მამაკაცმა მიიპყრო, მძიმედ, მხრებში მოხრილი რომ მოაბიჯებდა ჩვენკენ. თავდაპირველად ორსონ უელსი მეგონა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ შევცდი. როცა იგი დაახლოებით ოც ნაბიჯზე მოგვიახლოვდა, მასში უინსტონ ჩერჩილი შევიცანი. მას თან გენერალი კორნილიონ-მოლინიე ახლდა. გენერალი ბრიჟიტს ვარენიდან იცნობდა. მან ჩვენ ჩერჩილთან წარგვადგინა.

ბრიჟიტი ყოველთვის ჩვეულებრივად იქცეოდა, ვინც უნდა მდგარიყო მის წინაშე _ თავისი გრიმიორი, თუ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანი. კეკლუცობა და თავის მოწონება არ სჩვეოდა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ჩერჩილის ცეცხლოვანი მზერა დავიჭირე. ის აშკარად ერთობოდა, ახალგაზრდა მსახიობს რომ უყურებდა და ალბათ, ელოდა, რა ბანალურ სისულელეს წარმოთქვამდა ეს მგრძნობიარე ტუჩები, რომელიც ეკრანზე საკოცნელად იყო შექმნილი. თითქოს მოლაპარაკებული ვყოფილიყავით, მე და გენერალი ჩუმად ვიდექით და მათ საუბარში არ ვერთვებოდით.

_ იცით? როცა მე 8 წლის ვიყავი და რადიოში გისმენდით, თქვენი მეშინოდა, _ თქვა ბრიჟიტმა, _ მაგრამ უფრო საყვარელიც კი მეჩვენებით იმ ლეგენდასთან შედარებით, რომელიც თქვენზე შეთხზეს.

«საყვარელი» თუ იყო, ჩერჩილს ჯერ არასდროს არავისგან მოესმინა. ეს აშკარად შეეტყო გამომეტყველებაზე. პრეზიდენტს ლაპარაკის უნარი წაერთვა. რომ იტყვიან, ენა ჩაუვარდა გაოცებისგან.

_ ნიცაში რას აკეთებთ? _ აგრძელებდა ბრიჟიტი.

_ ვხატავ, _ უპასუხა ჩერჩილმა, _ თქვენ მსახიობი ხართ, მე _ მხატვარი. ჩვენ ორივეს გვაქვს საერთო _ ხელოვნება.

_ მამაჩემმა შეიძინა თქვენი ერთი პეიზაჟი, იცით?

_ მე არ ვყიდი ჩემს ნახატებს, _ წარბები აზიდა ჩერჩილმა.

_ სამაგიეროდ, თქვენი კეთილის მსურველები ყიდიან, _ მიუგო ჩემმა მეუღლემ, _ იმ სურათზე, მამაჩემმა რომ შეიძინა, ბორცვია გამოსახული ფიჭვით, რომელსაც ქოლგის ფორმა აქვს, უკან კი ზღვა მოჩანს.

_ მარჯვნივ ბუჩქნარით?

_ დიახ. მოგწონდათ ის სურათი?

_ მე მიყვარს ხატვა, მაგრამ ისტორიაში სადმე, სეზანის გვერდით ნამდვილად ვერ ჩავეწერები.

_ იცით? ჩემი ფილმები ბევრად უარესია, ვიდრე თქვენი ფერწერა. მე ხომ არ მომიგია ომი.

_ ამით არაფერი დაგიკარგავთ, _ დაასკვნა ჩერჩილმა, მეგობრული ღიმილით დააჯილდოვა ბრიჟიტი და გაგვეცალა.

ორი დღის შემდეგ კორნილიონ-მოლინიემ დამირეკა. ჩერჩილს ბრიჟიტი ძალიან მოეწონაო. სურვილი აქვს, კიდევ ერთხელ შეხვდეს მას, ამიტომ მთხოვა, იქნებ სადილზე დაპატიჟო და საერთო მეგობრებიც მოგვიწვიოო…

ბრიჟიტმა ბოლო წუთებში გადაიფიქრა წასვლა. ვფიქრობ, მას ტრენტინიანთან ჰქონდა პაემანი დანიშნული…

8 8 8

ბრიჟიტი-მსახიობი ჯერ ასე არასდროს გაორებულა სასოწარკვეთილებასა და მოწესრიგებულობას შორის. ის ჟულიეტა იყო, რომელსაც სურდა, ჰყვარებოდა ქმარი და გადაერჩინა ქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეს შეუძლებელი იყო. ამავდროულად, ის იყო ბრიჟიტი, ჯერ კიდევ ქმართან თანაცხოვრებას მიჩვეული, თან შეშინებული იმის წარმოდგენით, რომ უნდა მიეტოვებინა ქმარი პარტნიორი მამაკაცის გამო, რომლის წინაშეც უძლური იყო. ეს სიტუაცია ძალიან მაგონებდა პირანდელოს მრავალსარკიან ანარეკლს. ტრენტინიანი, ბრიჟიტის ქმარი ფილმში, რეალურ ცხოვრებაში მისი საყვარელი გახდა. როცა იგი გადაღებისას ეუბნებოდა მამაკაცს, რომ ეშინია (ფილმში ასეა _ ჟულიეტას ეშინია, ქმარს მაზლთან არ უღალატოს, რადგან ძლიერ ლტოლვას განიცდის მის მიმართ), ამ დროს მე მიყურებდა და არა ჟან-ლუის, თითქოს მე მომმართავდა.

გადაღების დამთავრების შემდეგ სასტუმრო «ნეგრესკოს» ნომერში ავედით.

_ გიყვარს იგი? _ ვკითხე მას.

_ მე მეშინია, _ მიპასუხა ბრიჟიტმა და, ძილ-ბურანში მყოფმა ჩაიბურტყუნა, _ რა ძნელია, იყო ბედნიერი.

დღესაც არ ვიცი, მან უბრალოდ, რეპლიკა გამოიყენა თავისი როლიდან, თუ გულწრფელად სჯეროდა, რასაც ამბობდა. სავარაუდოდ, მე უნდა მივვარდნოდი ტრენტინიანს, ფეხქვეშ გამეგდო იგი და მომეთხოვა, ცოტა დაემუხრუჭებინა. ვიფიქრე ამაზეც, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს არც გონივრული საქციელი იქნებოდა და არც საუკეთესო გამოსავალი. საქმე ერთობ დელიკატური იყო. ერთი მხრივ, შესანიშნავად მესმოდა, რომ ჩვენს ქორწინებას მომავალი არ ჰქონდა. მაშინ ჟან-ლუი რატომ არა? მე მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მიუხედავად ყველაფრისა. მაგრამ მე ვხელმძღვანელობდი გუნდს, რომელიც პატივს მცემდა. რას იფიქრებდნენ ისინი რეჟისორზე, რომელიც საკუთარ ცოლს სხვა მამაკაცის მკლავებში ჩახუტებულს ტოვებს? არადა, კადრი კადრს ცვლიდა. მე კიდევ რამდენიმე ეროტიკული სცენა უნდა გადამეღო მათი მონაწილეობით.

ერთი ასეთი სცენა: ბრიჟიტი შიშველი წევს. ჟან-ლუი საძინებელში შდის. ბრიჟიტი საწოლში წამოიწევა, ზეწარს ფრთებივით ააფრიალებს და ქმარს ყელზე შემოახვევს, თითქოს მისი დასაკუთრების დემონსტრირებას ახდენსო.

დუბლი 152.

_ სტოპ! ძალიან კარგია!

უკვე აღარც ვეჭვიანობდი და აღარც განვიცდიდი. შეიძლება პირიქით. გადაღების ბოლო კვირები ჩემთვის წარსულის ბოროტი სულების წყევლას უფრო დაემსგავსა. როცა რაღაც მთავრდება, პირველ რიგში იმაზე ფიქრობ, რა იქნება შემდეგ. «როგორ იქცევიან, როცა მარტო რჩებიან? _ ვფიქრობდი, _ რომელი ინტიმური ჟესტებით ეფერებიან ერთმანეთს?» აი, რა მაინტერესებდა. მომავალი რეჟისორი, იმხანად «კანონიერი» ჯაშუშის როლს ვთამაშობდი, რადგან ვუთვალთვალებდი ორი ადამიანის ერთმანეთისადმი ლტოლვას, რომელიც ჩემს თვალში ყოველგვარ საიდუმლოს კარგავდა, რადგან იგი უკვე დიდი ხნის გაშიფრული მქონდა. არც მიფიქრია ბრიჟიტის უკან დაბრუნება. მაგრამ, უნდა ვაღიარო, მსიამოვნებდა კიდეც საკუთარი თვითმკურნალობის მეთოდი, რომელიც მათავისუფლებდა იმ ტკივილისგან, რომელიც შეიძლებოდა ცოლის ღალატს და მიტოვებას გამოეწვია.

რომ იტყვიან, ჭიპი ჯერ კიდევ არ იყო მოჭრილი. გადასაღებ მოედანზე მე მისი უფროსი ძმა და მეგობარი ვიყავი. ის აღსარებას ამბობდა ჩემთან, რჩევას მეკითხებოდა. ტრენტინიანი კი ეჭვიანობდა. რაღაც ასპექტში ჩვენ როლები გავცვალეთ. მე თანამონაწილე გავხდი. წაიყვანს კი იგი გადაღებების დამთავრების შემდეგ პატარა ბრიჟიტს თავისთან? 8 წლის თანაცხოვრების შემდეგ, როგორი რეაქცია მექნება მარტოხელა ცხოვრებაზე? _ ეს კითხვები გამუდმებით მიტრიალებდა თავში.

გაგრძელება იქნება