„ნინიკო, სახლში ადრე უნდა მოხვიდე, მეზობლები რას იტყვიანო? 17 წლის ვიყავი, როცა სიგარეტს ვეწეოდი... მშობლებს ვითვალისწინებდი, მაგრამ მაინც თავისუფლების მოყვარე ვიყავი“ - ნინო ძოწენიძე - Marao

„ნინიკო, სახლში ადრე უნდა მოხვიდე, მეზობლები რას იტყვიანო? 17 წლის ვიყავი, როცა სიგარეტს ვეწეოდი... მშობლებს ვითვალისწინებდი, მაგრამ მაინც თავისუფლების მოყვარე ვიყავი“ - ნინო ძოწენიძე

2023-05-10 16:03:39+04:00

მომღერალი ნინო ძოწენიძე განსაკუთრებულად პოპულარული სიმღერით - "შინამანაკენა" გახდა. სიმღერის გამოსვლიდან ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ბევრმა ახლახან გაიგო, რომ "შინამანაკენას" ტექსტი არარსებულ ენაზეა შექმნილი - ემოციური იმპროვიზაციაა... გადავწყვიტეთ, გემოვნებასთან დაკავშირებით, ნინო ძოწენიძესთან გვესაუბრა...

 

- გემოვნება ინდივიდუალური ხედვის საკითხია. ვერ ვიტყვი, მოდას მივყვები-მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა, თავს გემოვნებიან ადამიანად მივიჩნევ.

- თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ვინ, რამ მოახდინა ზეგავლენა?

- ინდივიდუალური სტილი ბავშვობიდან თავისთავად ჩამომიყალიბდა. არ მინდოდა, ყველასნაირი ვყოფილიყავი. მახსოვს, 13-14 წლის გახლდით, როცა წავიქეცი და ახალი ნაყიდი შარვალი გადამეხა. მერე იმ შარვალს ნოტები დავახატე (იღიმის)... სითამამეების არასოდეს მეშინოდა. ყოველთვის გამორჩეული ვიყავი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გამოპრანჭული: ტყავის ქურთუკებს, პერანგებს ვიცვამდი... თან, ბავშვობაში კარატეზე დავდიოდი. მოზარდობისას ჩემს სტილში ქალურობა "ხაზგასმული" არ იყო... დღესდღეობით უფრო თავისუფალი სტილის სამოსს ვამჯობინებ.

- გარშემო მყოფები თქვენს განსხვავებულობას როგორ იღებდნენ?

- ჩვეულებრივად. პრობლემა არასოდეს შემქმნია. უბრალოდ, შეიძლება სტანდარტულად, სხვების მსგავსად არ მეცვა, თორემ განსაკუთრებული სითამამით არ გამოვირჩეოდი. ბავშვობიდან ხელოვნების სფეროში ვიყავი: ყოველთვის ვმღეროდი, თეატრში დაკავებული გახლდით... ურთიერთობა ისეთ ხალხთან მქონდა, ჩემი სტილი მათთვის გაუგებარი რომ არ ყოფილა...

ჩემს ბავშვობაში გარკვეული სტერეოტიპები არსებობდა, რომ მაგალითად - ნინიკო, სახლში ადრე უნდა მოხვიდე, მეზობლები რას იტყვიანო? ეს სიტუაცია არასოდეს მომწონდა, რომ მეზობლის აზრს უნდა დავმორჩილებოდი. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, როცა სიგარეტს ვეწეოდი. მაშინ ქუთაისში ეს მიუღებელი იყო. არც ვმალავდი, რომ ვეწეოდი. არ მინდოდა, ეს მალულად გამეკეთებინა. კი, მშობლებს ვითვალისწინებდი, მაგრამ მაინც თავისუფლების მოყვარე ბავშვი გახლდით - დოგმებისა და სტერეოტიპების დანგრევა ყოველთვის მიყვარდა, ზომიერების ფარგლებში.

- სიმღერის მიმართულებით ამჟამად სად, როგორ აქტიურობთ?

- რამდენჯერაც რაღაც წინასწარ ვთქვი, არასოდეს არაფერი გამოვიდა. ალბათ, ეს ცოტათი ჩემი სიზარმაცის ბრალიც არის. რაღაცებზე ვმუშაობ. მინდა, ზაფხულისთვის რამდენიმე ახალი სიმღერა მქონდეს.

- რომელი ჟანრის სიმღერების შესრულებისას გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

- სოულიც ძალიან მიყვარს, როკიც, ჯაზ-როკიც, აზიური იმპროვიზაციაც... მგონია, რომ წინა ცხოვრებაში რომელიმე აზიური ქვეყნის წარმომადგენელი გახლდით: როცა აზიურ მუსიკას ვუსმენ, თითქოს სხვა სამყაროში გადავდივარ. ალბათ ჩემთვის ყველაზე კომფორტული ასეთი მუსიკაა. ახლა ძალიან ტრენდულია: მსოფლიოს თითქმის ყველა ვარსკვლავი აზიურ მუსიკასაც ეზიარა. ეს ამბავი ძალიან მომწონს.

- ზოგმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ თქვენი სიმღერის ტექსტი - "შინამანაკენა" გამოგონილ ენაზეა...

- კი. ეს აფრიკულ-ინდურ მოტივებზე გაკეთებული კომპოზიციაა. ამ სიმღერის შექმნიდან 18 წელი გავიდა, მაგრამ ახლაც, ზაფხულობით, როცა "შინამანაკენას" შესრულება მიწევს, მსმენელები საკმაოდ კარგად ერთობიან. სხვათა შორის, იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც მეგონა, რომ ეს სიმღერა არ იცოდნენ, მეუბნებიან, რომ თურმე "შინამანაკენა" ძალიან უყვარდათ, რაც მსიამოვნებს. განწყობის კომპოზიციაა. მგონი ყველას კარგ ხასიათზე აყენებს, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მით უმეტეს - დღეს. სამწუხაროდ, ისეთი ჰიტის შექმნა, როგორიც "შინამანაკენა" იყო, ძალიან გამიჭირდა. ასეთივე იმპროვიზაცია - "აფრიკა" მაქვს, მაგრამ ისეთი ჰიტი ვერ გახდა, როგორიც - "შინამანაკენა".