უმშვენიერესი ცირა სუქნიძე 2009 წელს კონკურსის - "მის საქართველოს" გამარჯვებული გახდა და იმავე წელს წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2009"... დღეს ცირა სუქნიძეს ჰარმონიული ოჯახი აქვს, ჰყავს მეუღლე - გიორგი გოგოლაძე და ორი შვილი. იგი ამავდროულად, თავის პროფესიაშიც წარმატებულია... თუ როგორ შეძლო ბავშვობიდან ყველა ოცნებისთვის ფრთები შეესხა, ამის შესახებ მან ჟურნალთან "გზა" გულწრფელად ისაუბრა...

- იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე... ლაღი ბავშვობა მქონდა, მაგრამ დატვირთულიც - დავდიოდი მუსიკაზე, ცეკვაზე, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. თანაბრად შემეძლო მესწავლა ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნები. მასწავლებლებისთვის იმდენად საყვარელი მოწაფე ვიყავი, დღესაც რომ მხვდებიან, სულ იხსენებენ, თუ როგორი მოწესრიგებული, კარგი მოწაფე ვიყავი.
- ბავშვობაში თანატოლებისგან სილამაზით უფრო გამოირჩეოდით თუ წარჩინებული სწავლით?
- ცოტა არ იყოს, თავის ქება გამომდის, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ გამორჩეული ვიყავი გარეგნობითაც, სწავლითაც, მოწადინებითაც... სიმღერის კონკურსებზე მიწვევდნენ. სხვათა შორის, რაიონის სილამაზის კონკურსშიც ვმონაწილეობდი და ამ მხრივ პირველი გამოცდილება ჭიათურაში მივიღე... რაიონის ფარგლებში თუ რამ კულტურული ღონისძიება იმართებოდა, აუცილებლად ვმონაწილეობდი... რადგან ბევრთან შედარებით, მაღალი ვიყავი, სხვებს ცოტა არ იყოს, დისკომფორტს ვუქმნიდი და ეს არ მომწონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სიმაღლე დადებითი მხარეა და არა უარყოფითი, როგორც მანამდე მეგონა.
- ოჯახში პრინცესულად გზრდიდნენ?
- მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვარ, ნებიერა არასოდეს ვყოფილვარ. პირიქით, ყოველთვის სიმკაცრისა და კონტროლის ქვეშ ვიყავი. თუმცა, ყველაფრის საშუალებას მაძლევდნენ ზომიერების ფარგლებში. მოგეხსენებათ, იმ დროში მშობლები, მით უფრო მამები, სილამაზის კონკურსში მონაწილეობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ ამ საკითხში მამაჩემი, ისევე როგორც დედა, მუდამ მხარში მედგა.
- როცა თბილისში წამოსვლის, პროფესიის არჩევის საკითხი დადგა, ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?
- სიმღერის ნიჭი მქონდა, მაგრამ პროფესიულად რომ გავყოლოდი, ამაზე არ მიფიქრია, იურისტობა მინდოდა. უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები წარმატებით ჩავაბარე. აბიტურიენტებს შორის რაიონის მასშტაბით მაღალი ქულებით პირველ ადგილზე ვიყავი... ეს პროფესია ალბათ ყველაზე ახლოს იყო ჩემს ხასიათთან, რადგან ყოველთვის სამართლიანობის მომხრე გახლდით. სკოლაში სულ დაჩაგრულების დამცველი გახლდით. მართალია, ჩემი კარიერა სისხლის სამართლის კუთხით არ გაგრძელებულა, საჯარო საქმის (ადმინისტრაციული სამართლის) მიმართულებით ვარ დასაქმებული, მაგრამ ეს განხრაც ხომ ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
- თქვენი საქმე გიყვართ, არა?
- დიახ, მიყვარს და პროფესიის შეცვლაზე არასდროს მიფიქრია...
- პატარა ასაკიდანვე ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ, მათ შემოტევებს როგორ უმკლავდებოდით?
- სხვათა შორის, ბევრ უკვირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ თაყვანისმცემლების დიდ ტალღას არასდროს შევუწუხებივარ. ასე ალბათ ჩემი ხასიათის გამო ხდებოდა. არ ვიყავი დაინტერესებული იმით, რომ თაყვანისმცემლების არმია მყოლოდა და თუ შეყვარებული მყავდა, ყოველთვის იმ ერთის ერთგული ვრჩებოდი. საპირისპირო სქესის ბევრ წარმომადგენელს არ ვეკონტაქტებოდი. სწავლით ვიყავი დაკავებული და იმის საშუალებას არავის ვაძლევდი, შევეწუხებინე. ერთი-ორი მესიჯით ყველაფერი მთავრდებოდა, თუ ურთიერთობა ჩემთვის სასურველი არ იყო.
- სამოდელო სფეროში როგორ აღმოჩნდით?
- დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა კონკურსი პირველი "მის საქართველო" გაიმართა და ამის შესახებ პრესაში დაიბეჭდა. ეს ინფორმაცია ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი იყო, გაზეთი საგულდაგულოდ შევინახე და თავადაც გამიჩნდა მსგავს კონკურსში მონაწილეობის სურვილი... ერთ წელსაც ტელევიზიით რეკლამა გავიდა, რომ "მის საქართველოს" შესარჩევი კასტინგი ტარდებოდა. მახსოვს, ზაფხული იყო, დასასვენებლად ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მივატოვე, მყისვე თბილისისკენ გამოვეშურე... ასეთ საკითხებს ყოველთვის სპონტანურად ვწყვეტდი... როცა კონკურსის მონაწილეთა ფინალში მოვხვდი, ძალიან მოვინდომე, მოწოდების სიმაღლეზე ვყოფილიყავი, ფორმაში მაქსიმალურად ჩავმდგარიყავი, რომ არავის ეთქვა, ამ კონკურსში მონაწილეობა რამ გადაaწყვეტინაო?!.