სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 4 - Marao

სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 4

2023-05-11 10:04:28+04:00

წინა თავი

საშინლად გამხდარი ძაღლები, რომლებიც სტუდიის სასადილოს უვლიდნენ გარს, კედლებს აწყდებოდნენ, რომ სიგრილეს შეხებოდნენ. დაცვის სამსახურის კარაბინერები ოფლში იწურებოდნენ. გადასაღებ მოედანზე ერთი ოპერატორი გულწასული ძირს გაიშხლართა, ზედ პროჟექტორზე დაეცა, რის გამოც სერიოზული დამწვრობა მიიღო. ბრიჟიტს სამჯერ განვუახლეთ გრიმი… 1957 წელი მადრიდში არნახული ხვატით დაამახსოვრდა ყველას.

ასეთ სიტუაციაში ფილმის გადაღება ნამდვილი წამება იყო. ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა პავილიონში მომუშავე მუშების ესპანური ტემპერამენტი. მცირე ინციდენტიც კი დრამაში გადაიზრდებოდა ხოლმე. ფრანკოს პერიოდში სცენის მუშებს მონებივით ექცეოდნენ, რეჟისორის ასისტენტი კი სარგებლობდა შექმნილი ვითარებით და ცდილობდა, თავისი უფლებები დაეცვა.

გვიან ღამით ვიღებდით ხოლმე, თან რაც შეიძლება, სწრაფად, რათა დროზე გავცლოდით დეკორაციებს. მუშებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, როცა ნახეს, რა ჯოჯოხეთური პირობები ჰქონდათ შექმნილი, დამატებითი შესვენება მოითხოვეს სავახშმოდ და ხელფასიც, რა თქმა უნდა. მათ ცივი უარი სტკიცეს. როგორც რომაულ გალერებზე ხდებოდა წინა საუკუნეებში, ზუსტად ისე მოხდა. სტუდიაში ბუნტი მომწიფდა.

ღამის ორი საათი იყო, ბოლო პლანის გადაღებებს მოვრჩით და ის იყო, პავილიონის დატოვებას ვაპირებდით, რომ რეჟისორის ასისტენტმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. შეხლა-შემოხლა მოუხდა სტუდიის მუშასთან, რომელიც სამსახურიდან წასვლით დაგვემუქრა, ასეთ კაბალურ პირობებში არ ვიმუშავებ, თუ ხელფასს არ მომიმატებთო. რეჟისორის ასისტენტმა მას «მენსტრუაციიანი დედაკაცი» უწოდა. ეს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა იყო იმ ერისთვის, რომელიც თავისი მამაკაცური ღირსებებით ოდითგანვე ამაყობდა. მოულოდნელად ტექნიკური პერსონალი ჯგუფად შეიკრა და ყველანი ერთად ასისტენტისკენ მუქარით დაიძრნენ. იმან კიდევ, შეშინებულმა, კარაბინერებს ანიშნა, რაციით დამხმარე ძალა გამოიძახეთო. არ გასულა ორიოდე წუთი და შეიარაღებული პოლიციელების მთელი დივიზია შემოვარდა, ჩახმახშემართული თოფებით. ასეთ დროს შეიძლება წამში მოხდეს უბედურება. ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს, ვიღაცა გაღიზიანდეს და მუშტი მოიქნიოს… ყველაფერია მოსალოდნელი. მაშინ შეიძლება სიტუაცია სასაკლაოს დაემსგავსოს. მაგრამ თავიდან ორივე მხარე მხოლოდ რეპლიკებით შემოიფარგლებოდა.

_ კი! _ არა! _ ყვიროდნენ მუშები.

_ არა! _ პასუხობდნენ ასისტენტი და მისი მომხრეები.

_ კი! _ არა!

_ არა!

შევეცადე, ჩავრეულიყავი, ამიტომ განზე გავწიე ასისტენტი, რომელსაც დათმობაზე წასვლა არაფრის დიდებით სურდა. არაფერი გამომივიდა. მერე კარაბინერს მივვარდი, მაგრამ ახლოსაც არ გამიკარა, ხელი მკრა და გვერდზე მიმაგდო. ბრიჟიტს თავისუფლად შეეძლო, გარიდებოდა სიტუაციას და თავისი საგრიმიოროსთვის შეეფარებინა თავი, მაგრამ იმდენად იყო შეძრწუნებული, თუ როგორ ექცეოდნენ მუშა ჯგუფს, რომ თავისი იქ ყოფნით გამოხატავდა სოლიდარობას. თუმცა მისი ვაჟკაცური საქციელი ვერაფერს შეცვლიდა, ისე იყო ორივე მხარე აღგზნებული.

სწორედ ამ დროს მას თავში გენიალური ხუმრობა მოუვიდა. მოწინააღმდეგის როლი გაითამაშა და იმ დროს პოპულარური სამბის მელოდია წამოიწყო: «კი-არა, კი-არა». ჩემმა გონიერმა ასისტენტმა სერჟ მარკანმა მაშინვე გაიაზრა ბრიჟიტის განზრახვა და აჰყვა. ახლა უკვე დუეტში გაისმოდა: «კი-არა, კი-არა»… და ორივე აცეკვდა.

სამბას ცეკვით მათ გაწი-გამოწიეს კარაბინერების და მუშების რიგები, რომლებიც მზად იყვნენ ჩხუბის დასაწყებად. წამით ყველა გაშეშდა, შემდეგ კი რამდენიმე მუშამ აიტაცა მელოდია და აჰყვა ბრიჟიტს და სერჟს. მერე სხვებიც შეუერთდნენ. თამაშში ესპანელი ასისტენტი და მისი დამხმარეებიც კი ჩაერთვნენ: «კი-არა, კი-არა!»

დრამა მუსიკალურ კომედიად იქცა. ორივე მხარის ღირსება გადარჩა, სისხლი არ დაღვრილა. ბოლოს მე მათ სიტყვა მივეცი, რომ ხელფასის მომატების თაობაზე ვუშუამდგომლებდი რაულ ლევისთან, რომელსაც მეორე დღეს ელოდებოდნენ მადრიდში.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ბრიჟიტის სიმამაცე და მოხერხებულობა აღაფრთოვანებდა ესპანელ მამაკაცებს, რომელთა უბრალოდ მოხიბვლა არც ისე ადვილი იყო და რომელთაც ჯერ კიდევ ახსოვდათ სამოქალაქო ომის სისხლიანი ბრძოლები.

მეორე დღეს ბრიჟიტმა თავის საგრიმიოროში ყვავილების თაიგული და ქაღალდის ფურცელი აღმოაჩინა, რომელსაც გადამღები ჯგუფის უკლებლივ ყველა წევრი აწერდა ხელს.

«ამ ვარდებივით არასდროს გამხარებია ყვავილების მორთმევა», _ მითხრა მან.

8 8 8

…იმ პერიოდში ბრიჟიტი კვლავ დაუბრუნდა საყვარელი ფრანგული კომედიების გადაღებებებს: «ზედმეტად ლამაზი პატარძალი» და «პარიზელი ქალი». ამ დროს ტრენტინიანი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში იყო გაწვეული. სასტუმრო «სავოიაში» ვიმყოფებოდით, აუზზე გავედით და მატრასზე წამოწოლილები ვმასლაათობდით. ბრიჟიტმა მითხრა:

_ სიცოცხლე აღარ მინდა! ვერ წარმოიდგენ, როგორ მიფანცქალებს გული ტელეფონის ყოველ ზარზე. საწყალი გული! მას ისედაც უჭირს სისხლის არტერიებში გაშვება და გადანაწილება, ამ დროს კი, დილიდან საღამომდე ჩემი სასიყვარულო საქმეების მოგვარებაც დააწვა ტვირთად.

თითქმის ნაღვლიანად გაიღიმა, თითქოს თავის ზედმეტად მოწოლილ რომანტიზმს დასცინოდა. ის მარტოსულად გრძნობდა თავს, დაუცველად.

_ ჩემი ვავა, _ მითხრა მან და ხელი ჩამავლო, _ მხოლოდ შენ ერთს გესმის ჩემი.

ის «ვავას» მეძახდა ხოლმე, ან «ძველ რუსს»… ვადიმს _ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში…

 

8 8 8

ბრიჟიტს იღებდნენ კლოდ ოტან-ტარას შესანიშნავ ფილმში «უბედური შემთხვევა». მისი პარტნიორი ჟან გაბენი გახლდათ. კრტიკოსები თავიდანვე ენას ილესავდნენ და წინასწარმეტყველებდნენ, «კაციჭამია» შეახრამუნებს ლამაზ თოჯინასო, ანუ ეგონათ, ჟან გაბენი ბრიჟიტს დაჩრდილავდა. როგორი იმედგაცრუებულები დარჩნენ! ჟან გაბენის ტალანტმა ვერ დაჩრდილა ბარდოს შეუდარებელი მომხიბვლელობა. მაშინ პირველად ალაპარაკდნენ მის, როგორც მსახიობის, ღირსებებზე და არა მხოლოდ სილამაზეზე.

სანამ მე «სახიფათო კავშირებს» ვიღებდი, ბრიჟიტი «სურათში «ბაბეტა მიდის ომში» თამაშობდა. მისი პარტნიორი იყო ახალგაზრდა მსახიობი ჟან შარიე, რომელმაც ის-ის იყო, ქულების აწევა დაიწყო. და ბრიჟიტს კვლავ შეუყვარდა…

მაისის ბოლოს დამირეკა.

_ ვადიმ, სასწრაფოდ უნდა გელაპარაკო.

რადგან სახელით მომმართა, ვიცოდი, სერიოზული საქმე ჰქონდა.

_ გინდა მითხრა, რომ ერთად ვივახშმებთ? _ ვკითხე მე.

_ არა! არავითარი რესტორანი! ჟანმა რომ გაიგოს, სკანდალი არ ამცდება!

მოვილაპარაკეთ, ერთმანეთს დე ლა მიუეტის პორტში შევხვედროდით, ბულონის ტყის მხარეს.

_ ადვილად მიცნობ, _ მითხრა მან, _ ხელში ყვითელ ვარდს დავიჭერ.

დანიშნულ დროს, დანიშნულ ადგილზე ჩემი «ფერარით» მივედი. ბრიჟიტი უკვე მელოდა. თავისი ავტომობილიდან თბილად ჩაცმული გადმოვიდა _ წვიმიანი ამინდი იდგა, ციოდა _ და ჩემს «ფერარიში» ჩაჯდა._ აი, ეს მოხდა, _ თქვა მან.

_ შენ რა, ორსულად ხარ? _ მაშინვე მივხვდი.

_ უკვე თვეზე მეტია.

მანქანა დავძარი და რამდენიმე ხანს მდუმარედ ვატრიალებდი საჭეს ბულონის ტყის გასწვრივ.

_ შენსავით ვერავინ გამიგებს. მხოლოდ შენ იცი, დედობის როგორი შიში მაქვს, _ პირველმა თვითონ დაარღვია დუმილი, _ არც მშობლებს ესმით ჩემი, არც მეგობრებს. ამიტომ მხოლოდ შენთან შემიძლია ამაზე ლაპარაკი.

იგი ჩემკენ შემობრუნდა, დაჟინებით მომაშტერდა და მკითხა:

_ იქნებ მე ურჩხული ვარ?

_ რატომ, ბავშვების რომ გეშინია, იმიტომ?

_ ჰო. მე მიყვარს ძაღლები, კატები, თაგვები, მტრედები, მაგრამ ბავშვების მეშინია.

_ გეშინოდეს, სულაც არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს.

მცირე პაუზის შემდეგ დაამატა:

_ შენ გიყვარს შენი თავი? იმის თქმა მინდა, რომ… საკუთარ თავს პატივს სცემ?

კვლავ პაუზა.

_ მე მგონია, რომ მსოფლიოს სამ მეოთხედ კეთილ ადამიანს ვჯობივარ, მე მათზე უკეთესი ვარ.

_ შენ რა, მამაკაცები არ გიყვარს? უფრო სწორად მამაკაცი, როგორც კაცობრიობის საწყისის წარმომადგენელი?

_ მე ისინი ულმობლებად მეჩვენებიან. ყველაზე დიდებულებიც კი საშინლად უღმერთოები არიან. არასდროს დამავიწყდება, ევროპის გადამრჩენელმა გენერალმა ეიზენჰაუერმა როზენბერგები როგორ გაანადგურა.

უეცრად მან ჩემი «ფერარის» ფარს გახედა.

_ რა ღირს შენი მანქანა?

_ 150 ათასზე მეტი.

_ და რადიომიმღები არ გაქვს? ისევ მოგატყუეს…

_ მე მხოლოდ 15 ათასი გადავიხადე.

_ რა, მოიპარე?

_ არა. რეკლამა. ერთ კვირაში ბურიოსთან ერთად მონაწილეობა უნდა მივიღო საფრანგეთის ავტორალიში.

_ გაგიჟდი? კატეგორიულად გიკრძალავ! _ მერე გაიცინა და დაამატა, _ მაპატიე, დამავიწყდა, რომ ცოლ-ქმარი აღარ ვართ.

ტბას ჩავუარეთ.

_ გააჩერე! _ მთხოვა ბრიჟიტმა.

იგი ტბისკენ დაეშვა, რომლის ზედაპირზე წვიმის წვეთებმა იწყო დაცემა. მან კაბარდინის ლაბადის ჯიბიდან პურის ნატეხი ამოიღო, დაფშვნა და იხვებს გადაუყარა. მე საჭესთან დავრჩი…

18 ივლისს, ლუვესენკში, ბრიჟიტი ცოლად გაჰყვა ჟაკ შარიეს. 1960 წლის 11 იანვარს კი ვაჟი ნიკოლა შეეძინა…

 

 

მაისში ბრიჯიტს ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმში _ «ჭეშმარიტება» გადაღებები დაეწყო. კლუზო თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ, ნამდვილი გენია, მაგრამ ერთი უსიამოვნო თვისება სჭირდა. იგი ისეთი რეჟისორების რიცხვს განეკუთვნებოდა, ვინც შემსრულებელთა ნიჭის მაქსიმალურ გამოვლინებას მათი ტანჯვა-წამების გზით ცდილობს. განსაკუთრებით ტერორში მსახიობები ჰყავდა. ისედაც ნერვული ადამიანი იყო, მცირე შეცდომაზეც კი უყვიროდა და შეურაცხყოფდა თანამშრომლებს. ვინ იცის, ხელითაც რამდენჯერ შეხებია მათ, ან მძიმე საგანი უსვრია, მაგრამ გაპროტესტებას და შეწინააღმდეგებას ვერავინ ბედავდა.

თუმცა, ერთხელაც გამოჩნდა «მედგარი გამპროტესტებელი».

ის, რაც ადვილად გამოსდიოდა სხვებთან, ბრიჟიტთან არ გამოუვიდა.

რთულად დაიწყო ფილმის გადაღებები. რეჟისორს არაფერი მოსწონდა. არც ერთი მსახიობის თამაშით არ იყო კმაყოფილი.

პირველმა ორმა დღემ შედარებით მოთმინებით ჩაიარა, დიდად არ გართულებულა სიტუაცია.

გადაღების მესამე დღეს, ანრი-ჟორჟის განრისხებამ ზღვარს გადააჭარბა, ამჯერად სამიზნე ბრიჟიტ ბარდო აღმოჩნდა. მისი შესრულებით უკმაყოფილო კლუზომ გაგულისებულმა ჩაავლო ბარდოს მხრებში ხელი, ძლიერად შეაჯანჯღარა და უყვირა:

_ მე ჩემს ფილმში მოყვარულები არ მჭირდება! მე მსახიობი მჭირდება! გასაგებია? შევიდა შენს თავში, თუ არა?!

ბრიჯიტი ვერ იტანდა, როცა ვინმე აჯანჯღარებდა. და ის, რომ მას ასეთ აგრესორად გენია მოევლინა, სულაც არ ანაღვლებდა. იგი წამითაც არ შეცბუნებულა, მოულოდნელად მოიქნია ხელი, ორი ძლიერი სილა გააწნა რეჟისორს მთელი თავზარდაცემული გადამღები ჯგუფის წინაშე და ამრეზით მიუგო:

_ მე კი რეჟისორი მჭირდება და არა ავადმყოფი!

და პავილიონი დატოვა.

არავინ იცის, რა გაიფიქრა იმ წუთში კლუზომ. ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი იყო. გადამღები ჯგუფი შიშით შეჰყურებდა მას, რას მოიმოქმედებდა. მაგრამ ანრის ხმა არ გაუღია, ერთი სიტყვაც არ დასცდენია. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ სადისტობასთან ერთად, იგი მაზოხიზმითაც იყო დაავადებული… და როგორც ბევრ სხვა სადისტს, კლუზოსაც არ შეეძლო მაზოხიზმის სასიამოვნო გამოვლინებებზე უარი ეთქვა. საკმაო დროის გასვლის შემდეგ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, იგი მე გამომიტყდა: «ცხოვრებაში პირველად გამარტყა ქალმა პუბლიკის წინაშე. მე აღფრთოვანებული ვიყავი.»

რა თქმა უნდა, ამ ინციდენტის შემდეგ ძნელი იყო ბრიჟიტის შემორიგება. ის ისეთი ამაყი გახლდათ, არამც და არამც არ დაბრუნდებოდა კლუზოსთან სამუშაოდ.

_ ფეხებზე მკიდია მისი ფილმი! _ უარზე იდგა ბრიჟიტი, _ იმის უფლებასაც კი არ მივცემ, ჩემ მაგივრად დუბლიორი ათამაშოს!

მაგრამ ანრის სულაც არ სურდა დუბლიორის აყვანა. ის გენიალური რეჟისორი გახლდათ და დუბლიორს ფილმს არ გააფუჭებინებდა. ბრიჟიტი ბოლოს მაინც დაითანხმეს.

გაგრძელდა გადაღებები და დიდი ხვეწნის შემდეგ ისიც დაბრუნდა, მაგრამ უკვე ყოველგვარი სილაქების გარეშე.

ნათქვამია, კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებსო… მუხედავად ამ ინციდენტისა, კლუზო კვლავ ისეთივე მომთხოვნი დარჩა, როგორც ადრე იყო, თუმცა ბარდოსთვის შეურაცხყოფა მეტჯერ აღარ მიუყენებია. პირიქით, სხვებთან შედარებით ოდნავ ლოიალურადაც ექცეოდა. და გასაგებიც იყო, რატომაც.

მიუხედავად ამისა, ბრიჟიტი მაინც იტანჯებოდა. ის არ იყო მიჩვეული სიმკაცრეს და რეჟისორულ დიქტატურას. იმდენად განიცდიდა ამას, რომ გადასაღებ მოედანზე ჟურნალისტი პიერ რეი მოიწვია და ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ კინოს მიტოვებას აპირებდა. «დავიღალე… მინდა უარი ვთქვა მსახიობობაზე… იქნებ ასე დაწერო», _ უთხრა მან პიერს.

მეორე დღეს ჟურნალში რეის სტატია გამოქვეყნდა უზარმაზარი სათაურით: «ბრიჟიტ ბარდო კინოდან მიდის!»

შემდეგ ცოტა უცნაური რამ მოხდა. ბრიჟიტმა მეორე დღეს მეორე ჟურნალისტი პოლ ჟიანოლი მოიწვია და მას ასე გამოუცხადა:_ მინდა უარვყო ეს ინფორმაცია, სულაც არ ვაპირებ კინოდან წასვლას! მე ვთამაშობ და მომწონს ჩემი პროფესია!

ასეთი გახლდათ ნამდვილი ბრიჟიტი! ის სრულიად გულწრფელი იყო, როცა პიერ რეის გამოუცხადა, მსახიობობა აღარ მინდაო და ერთი დღის შემდეგ პოლ ჟიანოლთან მიცემულ ინტერვიუშიც არ იტყუებოდა. მან, უბრალოდ, 24 საათში შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. და ეს პირველი შემთხვევა არ იყო…

პირად ცხოვრებაშიც ასე მოსდიოდა. თითქოს გაორებული ხდებოდა, თან ძალიან ხშირად, ყველგან და ყოველთვის, ყველასთან და ყველაფრით.

ფილმში «და ღმერთმა შექმნა ქალი», მას ტრენტინიანი შეუყვარდა, «ბაბეტაში» _ ჟაკ შარიე და ცოლადაც გაჰყვა. სურათში «ჭეშმარიტება», თუკი პრესაში გაოქვეყნებულ მასალებს ვენდობით, მას თავისი ახალგაზრდა პარტნიორი შეუყვარდა. სემი ფრეის ყველანაირი თვისება ჰქონდა, მოეხიბლა იგი. გამჭოლი, მომნუსხველი მზერა, გამარჯვებულის ღიმილი, შავი ანგელოზის მომხიბვლელობა… ერთი სიტყვით, სუპერმამაკაცი გახლდათ. ისეთი, რომელსაც ბრიჟიტისნაირი მოუხელთებელი ქალების ერთი მზერით ცდუნება შეუძლიათ.

ერთხელ დამირეკა ბრიჟიტმა და მთხოვა, სტუდიაში გამომიარეო.

«ესე იგი, უჭირს», _ გავიფიქრე.

ბრიჟიტი არასდროს მიხმობდა მოსაკითხად ან კარგი ამბის სათქმელად. როცა შეხვედრას მთხოვდა, ესე იგი, რაღაც ვერ იყო მის ცხოვრებაში რიგზე.

მაშინვე გავვარდი. არ შემეძლო მისთვის უარი მეთქვა… არასდროს. როცა მეძახდა, მე ყოველთვის მასთან ვიყავი.

ის საგრიმიოროში იჯდა, ხალათმოსხმული, ფეხები მაგიდაზე შემოეწყო. სენდვიჩს ილუკმებოდა გემრიელად და წითელ ღვინოს აყოლებდა.

_ ჩემი ვავა! რა სასიამოვნოა, ჩემს სანახავად რომ მოხვედი. ამ ტიპის გამო მგონია, ვკვდები! ჩემი ნერვები ამან დაგლიჯა!

მივხვდი, რეჟისორ კლუზოს გულისხმობდა. უხმოდ ჩამოვჯექი იქვე მდგარ სკამზე და გამომცდელად მივაჩერდი. საშინელი სევდა იკითხებოდა მის თვალებში, სახეზე, ტუჩებზე… სახის ყველა ნაკვთზე…

_ რამდენი წლისაა შენი ქალიშვილი? _ მკითხა ცოტა მოგვიანებით._ ორწლინახევრის. შენ როგორ გრძნობ თავს დედის ამპლუაში? მახსოვს, გეშინოდა ბავშვების.

_ შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ არც არანაირად. ჯერაც არ ვიცი, რას ნიშნავს, იყო დედა… ვერ განვიცადე ეს სიამოვნება. აი, დავიცდი, სანამ ნიკოლა გაიზრდება და მერე გავარკვევთ ორივენი, რა ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, რას წარმოვადგენ მე მისთვის და ის _ ჩემთვის.

შემდეგ საუბარი მთავარ თემაზე გადაიტანა, ანუ იმაზე, რისთვისაც დამიბარა. მას კიდევ ერთხელ «გაეთამაშა» გული, თუმცა ამჯერად ბრიჟიტს თავში აზრადაც არ მოსვლია, ქმარს გაშორებოდა.

_ მგონი, შემიყვარდა ის ლაწირაკი. რა მემართება, ვავა? ნუთუ ასეთი უნებისყოფო ვარ? შეიძლება ყოველი ახალი პარტნიორის გამოჩენის მეშინოდეს? განა რამდენჯერ უნდა შემიყვარდეს? აკი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდისო?

შევხედე. წარბები შეეჭმუხნა, ტუჩები გამოებუსხა და ჯიუტად მომჩერებოდა. ძალიან ლამაზი შესახედავი იყო იმ წუთას.

_ და რას აპირებ? _ შევუბრუნე კითხვა.

_ რას უნდა ვაპირებდე? რას გულისხმობ?

_ იმას არა, რომ ლოგინში აუცილებლად ჩაუგორდები, თუკი უკვე არ გაგიკეთებია ეს. ქმართან ურთიერთობას როგორ აპირებ? გაშორდები?

_ ვის, შარიეს? არავითარ შემთხვევაში! ამ სისულელეს მეტად აღარ ჩავიდენ!

როგორც ჩანს, ნანობდა ჩვენი ოჯახის დანგრევას. ეს ისედაც ვიცოდი, ასე რომც არ ეთქვა. მას არასდროს სურდა ჩვენი განქორწინება. პირიქით, მაქსიმალურად ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას, მაგრამ მე არ დავუშვი ეს… ალბათ ერთგული ქმრის სიამაყემ მძლია… არ ვიცი…

ბრიჟიტი ადგა. ხალათი გადაეხსნა და შიშველი სხეული გამოუჩნდა, რომელიც დედობას სრულიად ვერ დაეზარალებინა. მისი წელი კვლავინდებურად წვრილი იყო, მუცელი _ ნაზი და მკვრივი, ფეხები გრძელი და ჩამოსხმული. თვალი ავარიდე…

მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა და სასოწარკვეთილი ხმით მითხრა:

_ ჩემო ვადიმ, მე უბედური ვარ!

«ვარსკვლავობას» ჯერაც ვერ გადაეყლაპა პატარა ბრიჟიტი. ის ტიროდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ღაწვებზე…

შემოვიდა ოდეტა, მისი გრიმიორი და შეიცხადა, როცა ბრიჟიტის ცრემლებში აზელილ გრიმს შეხედა. მაშინვე დატუქსა, რა დროს ტირილიაო და საქმეს შეუდგა.

ათი წუთის შემდეგ იგი სრულიად მოწესრიგებული გავიდა საგრიმიოროდან. ნამტირალევის კვალიც არ ეტყობოდა…

მე არაფრით შემეძლო მისი დახმარება. გარდა ამისა, მას არც უკითხავს ჩემთვის რჩევა. უბრალოდ, მოუნდა, დაცლილიყო იმისგან, რაც აწუხებდა, უნდოდა, შემცოდებოდა, მაგრამ არ განმესაჯა. სწორედ ამიტომ იყო ჩემზე ასე დამოკიდებული. მეც…

მეც ვხედავდი მას ისეთს, როგორიც იყო და არ განმისჯია…

 

8 8 8

28 სექტემბერს პარიზში ჩემი ფილმის «და სიკვდილი სიამოვნებისგან» პრემიერა გაიმართა. საკმაოდ თბილი მიღების შემდეგ სტუმრები რესტორან «მაქსიმში» მიგვიწვიეს. ბრწყინვალე ბანკეტი გაიმართა, «მთელმა პარიზმა» მოიყარა თავი, რათა ქალ-ვამპირთან ევახშმათ და მისი ცქერით დამტკბარიყვნენ.

_ ვაღმერთებ ამ ვარდისფერღაწვება კანიბალს, _ მითხრა სალვადორ დალიმ (ფილმში «და სიკვდილი სიამოვნებისგან» ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა ქერათმიანი ანეტ ვადიმი, როჟე ვადიმის მეორე ცოლი, რომელსაც ქალიშვილის შეძენის შემდეგ მალევე გაშორდა) და იქვე მდგარ ანდრე მალროს მიუბრუნდა, რათა მას ქვების «ფერადოვნებაზე» დალაპარაკებოდა:

_ არ ვუვლით ჩვენს ისტორიულ ძეგლებს და იმის ბრალია ეს ყველაფერი, _ თითქოს ანდრეს უსაყვედურა.

_ და რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს მოვლა, სალვადორ? _ ვერაფერიც ვერ გაიგო მარლომ.

_ რაში? რაში და… აბა, წარმოიდგინეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რომ თეთრი იყოს. თქვენ მოგწონთ ჭუჭყისფერი ღვთისმშობლის ტაძარი?

არ ვიცი, შეიძლება სწორედ იმ ღამეს მოუვიდა თავში აზრად კულტურის მომავალ მინისტრს, შემდგომში პარიზის ისტორიული ძეგლების გასუფთავება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია _ ამ აქციის შემდეგ ქალაქი თითქოს საუკუნეებით გაახალგაზრდავდა…

გაგრძელება იქნება