სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 5 - Marao

სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 5

2023-05-12 09:39:19+04:00

წინა თავი 

სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა ბრიჟიტმა, რომ მისი ამქვეყნად არსებობა ზედმეტი იყო და მომკვდარიყო. ეგონა, რომ დედამიწას ამძიმებდა. მას უფრო და უფრო უჭირდა, გამკლავებოდა დიდების მწვერვალზე ასვლას და აღიარებას, ბრბოს ცნობისმოყვარეობას, რომელიც ყველგან აჩრდილივით კვალდაკვალ დაჰყვებოდა.

მას უყვარდა და არც უყვარდა ქმარი.

მას უყვარდა საყვარელი და არ იცოდა, უყვარდა თუ არა.

იგი გამოფიტა კლუზოს ფილმის გადაღებებმა… დაგროვდა და დაგროვდა უარყოფითი ემოციები…

ყოველი წლის 28 სექტემბერი, ბრიჟიტის დაბადების დღე, მისთვის რთულ გამოცდას წარმოადგენდა. 26 წლის რომ გახდა, გადაწყვიტა, იუბილე ნიცაში მდებარე ვილაში აღენიშნა. მეგობრებით იყო გარშემორტყმული, მაგრამ უზარმაზარი სახლი მაინც ცარიელი ეჩვენებოდა. არც ჟაკი (ქმარი) იყო მის გვერდით, არც სემი (საყვარელი). ჰოდა, ადგა, გადაყლაპა საძილე აბების მომაკვდინებელი დოზა, გადაიჭრა ვენები და სახლიდან გავარდა, თან ისე, რომ ვერავინ შენიშნა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თვითმკვლელობა, ამიტომ არ უნდოდა, ვინმეს გადაერჩინა.

ზუსტად იმ დროს, როცა ვენებგადახსნილი ბრიჟიტი პარკში დაეხეტებოდა, მე ენგრის ქუჩიდან დავბრუნდი, მარტო ვიყავი, ცოტა ნასვამი. ეგრევე მივეგდე დივანზე და დავიძინე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სწორედ იმ მომენტში სიკვდილი უკვე პატარა სოფის (სოფი ერქვა ვადიმის რომანის მთავარ მოქმედ გმირს, რომელიც მან ადრე დაწერა. ავტორის თქმით, იგი ძლიერ ჰგავდა ბრიჟიტ ბარდოს) სიცოცხლის კარიბჭესთან იდგა. არც წინათგრძნობას შევუწუხებივარ და არც უძილობას…

თბილი პარიზული ღამე იდგა… უკვე შუაღამე… სწორედ ამ დროს, პარკში მოხეტიალე 13 წლის ბიჭუნამ, ჟან-ლუიმ ჭის პირას რაღაც შავი საგანი შეამჩნია. ბავშვი შიშისგან აკანკალებული მიუახლოვდა უძრავად დაგდებულ საგანს…

ჭის გვერდით ბიჭუნამ ბრიჟიტ ბარდოს დასისხლიანებული სხეული აღმოაჩინა.

გადარჩა… ესეც ბედისწერა იყო, სიკვდილი მას სიკვდილის საშუალებას არ აძლევდა…

 

8 8 8

მისი თვითმკვლელობის ამბის დამალვა შეუძლებელი იყო. ადრე ყოველთვის ვიცავდი ასეთი რამეებისგან, მაგრამ ამჯერად ვეღარ შევძელი. სენსაციური ამბავი ელვის უსწრაფესად მოედო მთელ პარიზს, თან მეორე დღეს ან ერთი თუ ორი საათის შემდეგ კი არა, მაშინვე, რამდენიმე წუთში, წამებშიც კი…

თავზარდამცემი ამბები ხომ ყველაზე სწრაფად ვრცელდება… ჭორზე სწრაფადაც კი.

ფოტოგრაფებმა ლამის ჩამოიღეს სასწრაფო დახმარების მანქანის კარი, რომლითაც ბრიჟიტი საავადმყოფოში გადაჰყავდათ. არადა, ყოველი დაგვიანებული წუთი შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო. სამაგიეროდ, ის ფოტოები 20 ათას ფრანკად გაიყიდებოდა. ხოლო, თუკი მოკვდებოდა _ სამმაგ ფასში. ვის რაში ენაღვლებოდა ბრიჟიტის სიცოცხლე? მათთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, იგი ვარსკვლავი იყო, თუ უბრალო მოკვდავი? მთავარი ფული იყო, სხვა არაფერი!

«ფრანს-დიმანშის» ჟურნალისტმა საოცრება მოახდინა. იგი თავისი ავტომობილით წინ გადაეღობა სასწრაფო დახმარების მანქანას და შემდეგ შიგნით შეხტა, რათა ნანახი ყველაზე «ყოჩაღად», ექსკლუზიურად გაეშუქებინა და თან ბრიჟიტისთვის სურათები ექსტრემალურ სიტუაციაში გადაეღო.

_ მას ლაპარაკი არ შეუძლია, _ უყვირა სანიტარმა, _ ის კომატოზურ მდგომარეობაშია! _ თუმცა მისი ვიღას ესმოდა!

ამ დროს ბრიჟიტმა უცნაური ბგერები გამოსცა: «ვრშშშშ…» ეს მხოლოდ ამოოხვრა იყო, მომაკვდავის ხროტინის ხმა, მაგრამ ჟურნალისტმა იგი თავისებურად გაიგო და მეორე დღეს დიდი მონდომებით აღწერა, უგონო მდგომარეობაში მყოფმა ბრიჟიტმა როგორ ახსენა მეუღლე, ჟაკ შარიე.

«მომაკვდავმა ბრიჟიტმა მეუღლის სახელი წაიჩურჩულა», _ იუწყებოდა სტატიის სათაური.

ეიფელის კოშკი რომ ჩამონგრეულიყო, ის არ გამოიწვევდა ისეთ ხმაურს, როგორც ამ წერილმა გამოიწვია, რადგან შემდეგ უფრო და უფრო ხმაურიანი სტატიების გამოქვეყნება დაიწყეს.

«შარიე: «მე დიდი ხნის წინ უნდა მიმხვდარიყავი, რომ ის თავის მოკვლას აპირებდა».

«ბრიჟიტის თვითმკვლელობის ნამდვილი დამნაშავეები».

«კლუზო აიძულებს ბრიჟიტს, თვითმკვლელობა ჩაიდინოს».

ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ სათაურთაგან, რომლებიც მაშინდელ პარიზულ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა. არც უცხოური პრესა ჩამორჩენია ფრანგულს. აჭრელდა წერილებით და ფოტოებით მსხვილი თუ წვრილი გამოცემები.

აშშ-ში ჯონ კენედს წინასაარჩევნო ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული ნიქსონთან. გაეროში ყველა აღელვებული იყო, როცა პირველი ფრანგული ბომბის აფეთქების ამბავი გაიგეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ბრიჟიტის თვითმკვლელობის მცდელობის ამბავმა ყველაფერი გადაფარა. მსოფლიოს მთავარი მოვლენა სწორედ ეს ამბავი გახდა.

მისი თვითმკვლელობის მცდელობა ყველამ გაარჩია, ახსნა და «გონივრულად» გააანალიზა. იმართებოდა დებატები, ინტერვიუს იძლეოდნენ ფსიქოლოგები, ექიმები, მეგობრები, კრიტიკოსები, მტრები… ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, მაგრამ ვერც ერთი ჟურნალისტი, ვერც ერთი ფსიქოლოგი ახლოსაც ვერ მივიდა ჭეშმარიტებასთან.

აბა, საიდან უნდა სცოდნოდათ მათ, რომ ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, სანამ ბრიჟიტ ბარდოს გამარჯვებების და ზეასვლის კასკადი დაიწყებოდა, რომელმაც ამოატრიალა მისი ცხოვრება, სანამ ოჯახური ცხოვრება დაენგრეოდა, სანამ განქორწინდებოდა, სანამ ბავშვს გააჩენდა, სანამ რთული გადაღებების შემდეგ ნერვული აშლილობის ზღვრამდე მივიდოდა, მანამ _ 16 წლის ასაკში ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. ეს არავინ იცოდა. ვიცოდი მხოლოდ მე… ვიცოდი, რადგან ჩემზე კარგად მას არავინ იცნობდა. ჩემზე მეტი მასზე არავინ არაფერი იცოდა.

საქმე არც კინოში იყო, არც მის ვარსკვლავობაში, არც ორ მამაკაცს შორის არჩევანის გაკეთების შიშში…

როცა პოეტი იკლავს თავს, ამბობენ: «ის ვერ შეეწყო ცხოვრებას». ბრიჟიტიც სწორედ ამას განიცდიდა… მას ცხოვრებასთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდა…

 

კატრინ დენევი

ორი გოგონა ცეკვავდა…

ერთი ძალზე თავდაჯერებული ჩანდა, დარწმუნებული იმაში, რომ ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი. მეორე _ ოდნავ დაბნეული, თუმცა, უდიერი გამომეტყველებით.

პირველს ფრანსუაზა დორლეაკი ერქვა. ის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი მსახიობი იყო. კინოკრიტიკოსები მას ფრანგ კეტრინ ჰეპბერნად მოიხსენიებდნენ. მეორე _ მასზე ორი წლით უმცროსი, მუქთმიანი, ძალზე მოკლედ შეკრეჭილი თმით _ კატრინ დენევი გახლდათ. მამაკაცები თვალებით ჭამდნენ მის უფროს დას, მაგრამ პირადად მე პატარა კატრინმა დამაინტერესა.

«ელიტ-კლუბი», სადაც წვეულება იმართებოდა, მაშინ მოდური ადგილი იყო პარიზში. მონპარნასმა შესამჩნევად დაჩრდილა სენ-ჟერმენი და ამიტომაც ხალხი ახლა აქეთ უფრო მოეძალა.

როცა ორივე დამ დატოვა საცეკვაო მოედანი, უცნაური რამ მოხდა. თავდაჯერებული, ელეგანტური, ირგვლივ მყოფთა მიმართ ყურადღებიანი ფრანსუაზა, რომელიც ყველას ესალმებოდა, სრულიად არ შეცვლილა. აი, კატრინი კი, წუთის წინ თვალებგაბრწყინებული უეცრად ლოკოკინას დაემსგავსა, თავის ნიჟარაში სწრაფად რომ შეიმალება ხოლმე საშიშროების მოლოდინში. მართალია, კატრინს არავინ და არაფერი დამუქრებია, მაგრამ აშკარა იყო, მას ხასიათი მოულოდნელად შეეცვალა. მეც რაღაც იდუმალი შეგრძნება დამეუფლა, მისი დისკენ მიმართული ყველა მზერა თითქოს მასზე აირეკლებოდა. მის გარდა ვერავის და ვერაფერს ვხედავდი. კატრინის ასეთმა გარდასახვამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ მას ფრანსუაზაზე ლამაზად აღვიქვამდი. და არც შევმცდარვარ…

ათი წლის შემდეგ პრესამ მას «მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი» უწოდა.

პირადად მე სულაც არ დამჭირვებია არც მისი წარმატებები კინოში, არც ფოტოსურათები (რომელსაც მომავალში «შანელი» დაბეჭდავს თავისი სარეკლამო კამპანიისთვის) იმისთვის, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მისი პატარა ცხვირი, ცივი, მაგრამ დაძაბული მზერა, მკვეთრად მოხაზული, კლასიკური ფორმის პირი სრულყოფილი სილამაზის ნიმუში იყო.

ელეგანტურობა, დიდება და ჭკუა, რომლითაც განგებამ ფრანსუაზა დააჯილდოვა, თავისთავად ჩრდილს აყენებდა ამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, მოუმწიფებელ საოცრებას. თავად კატრინი თვლიდა, რომ უფერული ასლი იყო საკუთარი დის, რომელსაც პატივს სცემდა, ეთაყვანებოდა, აღმერთებდა, ამასთან, ყოველგვარი შურის გარეშე.

ჩემი ასისტენტი და, ამავდროულად, მეგობარი ჟან-მიშელ ლაკორი ორივე დას კარგად იცნობდა. მან ჩვენს მაგიდასთან მოიწვია ისინი და ლაკორმა ფრანსუაზასთან გააბა საუბარი მის მომავალ გეგმებზე. კატრინი ჩუმად იჯდა და მხოლოდ თვალყურს ადევნებდა საუბარს.

უკვე გვიან იყო, დაშლა რომ დავაპირეთ. მივხვდი, თუ რაღაცას არ ვიღონებდი, კატრინის მეორედ ნახვის შანსი არ მექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვილაპარაკეთ, ვიხუმრეთ, ვიცინეთ კიდეც, ეს მასთან შეხვედრის პერსპექტივას სრულიად არ მიქადდა. ავდექი და უბრალოდ, პირდაპირ ვუთხარი.

_ ძალიან მინდოდა, კიდევ ერთხელ მენახეთ… რას იტყვით?

ჩემდა გასაკვირად, ისეთი პასუხი მივიღე, როგორსაც არ ველოდი.

_ ხვალ, შუადღის შემდეგ, სტუდია ბიიანკურის პავილიონში ვიქნები, ჩემს დას გადაღებები აქვს, შეგიძლიათ მოხვიდეთ, _ და ცივად გამიღიმა.

მე მოწიწებით ჩამოვართვი ხელი, დავემშვიდობე და ის გაუჩინარდა…

ხდება ხოლმე, უბედური შემთხვევის დროს, მაშინვე ვერ აცნობიერებ, რომ სერიოზულად ხარ დაშავებული ან დაჭრილი. იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთი შეხვედრის შესახებ, რომელმაც შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს შენი ცხოვრება. ორი საათის შემდეგ, შინ რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ სწორედ ასე ვიყავი დაჭრილი… კატრინის სახე გონებიდან არ მშორდებოდა…

 

8 8 8

კატრინი პავილიონ «C-ს» ცუდად განათებულ დერეფანში ვიპოვე. მას თეთრი პიჯაკი და შალის ქვედაბოლო ეცვა, ხელთ კი საკმაოდ გაქუცული ჩანთა ეჭირა. რომ დამინახა, თავი ასწია და ნელი ნაბიჯით გამოემართა ჩემკენ ისე, რომ სახის გამომეტყველება არ შეცვლია.

ღამის გასართობი ადგილები, მხიარულება, განათება, სასმელი ზოგიერთი ქალის ეფემერულ სილამაზეზე გავლენას ახდენს. ზოგი ამ დროს ბრწყინავს, ზოგი კი, პირიქით, სრულიად კარგავს ქალურ ხიბლს და შეუმჩნეველი რჩება. კატრინის სილამაზე კი საერთოდ არ იყო დამოკიდებული არც ფერადი სინათლეების ციმციმზე, არც ჩრდილზე და არც დეკორაციაზე.

_ ა! გამარჯობა! _ თქვა მან, _ გელოდებოდით, როდის მოხვიდოდით, _ ლამაზი ფრანგულით მითხრა.

მთელი ორი საათი ვისხედით სტუდიის ბარ-რესტორანში და ვბაასობდით. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნდობის მოსაპოვებლად ყველაფერს ვაკეთებდი, მაინც ეჭვის თვალით მიყურებდა, არაფრით გამეხსნა ბოლომდე, ალბათ ჩემი რეპუტაციის გამო. ის ელოდა, გაიცნობდა საშინელ ცინიკოსს, ქედმაღალ და ინტელექტუალ ადამიანს… ამ დროს აღმოაჩინა, რომ თურმე შემიძლია, ვიყო რბილი, ნაზი და ყურადღებიანი, რომ სულაც არ დავყურებ ადამიანებს ზემოდან და კარგად ვიცი ქალის ფასი. როცა ბოლოს და ბოლოს ამას ჩასწვდა, ცოტა მოეხსნა დაძაბულობა, გახალისდა. მას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, 17 წლის გოგონასთვის გასაკვირიც კი.

გადაღებები რომ დამთავრდა, ფრანსუაზა დორლეაკი შემოვარდა, რეჟისორის შექებით აღტყინებული დას გადაეხვია, მე ცივად მომესალმა და ისევ გაიქცა.

_ არ გინდა, წავიდეთ აქედან? _ გამბედაობა მოვიკრიბე, როცა კვლავ მარტონი დავრჩით.

_ სად? _ თვალებში აქამდე ჩემთვის უცნობი ნაპერწკალი გაუკრთა.

_ სადმე.

თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

როცა სტუდია დავტოვეთ და ჩემს მანქანაში ჩავსხედით, არანაირი გეგმა არ მქონდა, სად წამეყვანა და რა გამეკეთებინა. ალბათ ძალიან ავღელდი, რადგან მანქანის გასაღები ვერ ვიპოვე. ყველა ჯიბე მოვიჩხრიკე, სავარძლის ქვეშაც კი შევიხედე, მაგრამ ამაოდ. კატრინს სიცილი აუტყდა.

_ «ფერარი» უგასაღებოდ არა მგონია, რამეში გამოგადგეთ, _ თქვა მან.

_ როგორც ჩანს, ბარში დავკარგე, _ ძლივს ამოვღერღე.

გავედი, რათა რესტორანში მომეძებნა, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, იგი უკვე დაკეტილი დამხვდა.

_ ტაქსი ხომ არ გავაჩეროთ? _ შემომთავაზა კატრინმა.

_ სამწუხაროდ, კაპიკი არ მაქვს, საფულე სახლში დამრჩა, _ ამაზე უარეს დღეში არასდროს აღმოვჩენილვარ.

_ სამაგიეროდ, მე მაქვს, _ გამიღიმა.

რა უნდა მექნა? გავაჩერეთ ტაქსი და ჩავსხედით.

_ საით წავიდეთ? _ გვკითხა მძღოლმა.

ჩემს ბინაში, ენგრის ავენიუზე მისი წაყვანა არ მინდოდა. უეცრად გამახსენდა, რომ ჩემი მეგობარი კრისტიან მარკანი პარიზში არ იმყოფებოდა. ვიცოდი, ის სადაც ტოვებდა თავისი ბინის გასაღებს და ამით ვისარგებლე.

_ ბასანოს ქუჩა, 15 ნომერი, _ ვუკარნახე მისამართი მძღოლს.

ტაქსის ფული კატრინმა გადაიხადა. შესასვლელში, როგორც ყოველთვის, კონსიერჟი მადმუაზელ მარი იჯდა, მაგრამ ისე შეუმჩნევლად ავუარეთ გვერდი, არც შერხეულა. მან ბოლო დროს კვლავ სმა დაიწყო და ჩვენთვის არ ეცალა. სიბნელეში გასაღებს ადვილად მივაგენი და კარი გავაღე. აბაჟური რომ ავანთე, გულმა ძალუმად დამიწყო ძგერა, ეს ოთახი იმდენ სასიამოვნო მოგონებას იტევდა…

სასწრაფოდ ავადუღე წყალი, იატაკზე გავშალე პატარა სუფრა და ასე, ფეხმორთხმულებმა სიცილ-სიცილით დავლიეთ ჩაი, თან ვეფლირტავებოდით ერთმანეთს. კატრინი 17 წლის იყო, მე _ 32-ის, მაგრამ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა არ იგრძნობოდა, მასთან მეც პატარა ბიჭივით ვგრძნობდი თავს. არც მას უგრძნია უხერხულობა და, სხვათა შორის, გამოუცდელობაც არ ეტყობოდა. არიან გოგონები, რომლებსაც ჯერაც არაფერი უნახავთ, მაგრამ ალღოთი იციან, რა როგორ გააკეთონ…

როცა მან წასვლა დააპირა, შევთავაზე, ჩემთან გაგვევლო ბინაში.

_ საფულეს ავიღებ და სადმე ვივახშმოთ.

_ არა, შინ უნდა წავიდე, _ გადააქნია ლამაზი თავი, _ მე წაგიყვანთ და გზად სახლთან ჩამოგსვამთ.

ტაქსიში ჩუმად იჯდა, მაგრამ მხარი ჩემზე ჰქონდა მოდებული. დამშვიდობების წინ ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ…

დილით, 9 საათზე, ჟან-მიშელ ლაკორს დავურეკე და კატრინის ტელეფონის ნომერი გამოვართვი. ხელი მიცახცახებდა, სანამ ნომერს ავკრეფდი. ყურმილი მადამ დორლეაკმა აიღო. მისი ხმის ტემბრით მივხვდი, რომ უხალისოდ გადააწოდა ყურმილი ქალიშვილს.

_ როდის შემიძლია კიდევ გნახო? _ ისე მქონდა ხმა შეცვლილი, ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი.

_ ახლავე, _ მიპასუხა მან.

გაგრძელება იქნება