სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 6 - Marao

სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 6

2023-05-12 20:38:03+04:00

წინა თავი

როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ლიცეუმი ახალი დამთავრებული ჰქონდა და ჯერ ვერ გადაეწყვიტა, რა უნდა გაეკეთებინა მომავალში. ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ კატრინს შეეძლო რეჟისორთან სასიყვარულო ურთიერთობა თავისი კარიერის მოსაწყობად გამოეყენებინა, თუნდაც სიგიჟემდე ჰყვარებოდა იგი. ამაზე დიდი სიცრუე არ არსებობს. ის იყო პატივმოყვარე, მაგრამ არ იყო კარიერისტი.

მეორე შეხვედრის შემდეგ ჩემი პრინციპები დავივიწყე და კატრინი ჩემს ბინაში დავპატიჟე, ენგრის ავენიუზე. სიხარულით დამთანხმდა. როგორც ჩანს, ერთი სული ჰქონდა ენახა, როგორ ცხოვრობდა უკვე ცნობილი რეჟისორი. რა თქმა უნდა, მის სახეზე ვერ წავიკითხე, მოეწონა თუ არა ჩემი მოკრძალებული და მუდამ დაულაგებელი ბუნაგი, მაგრამ ამწუთას ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. სამაგიეროდ, საძინებელში რომ გადავინაცვლეთ, კრიტიკული თვალით დაიწყო ოთახის თვალიერება. სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა.

ეს ბრიჟიტი იყო.

_ ვადიმ, შენ ჩემი სიცოცხლე უნდა გადაარჩინო, _ გაისმა მისი სასოწარკვეთილი ხმა.

_ შეიძლება ხვალ დაგირეკო? _ დახშული ხმით ვუთხარი, _ ახლა დაკავებული ვარ.

_ არა! _ კატეგორიულად მომიგო, _ აჰა, ფრანსისს დაელაპარაკე.

ფრანსის კოსნი ცნობილი პროდიუსერი გახლდათ და ის მე მიცნობდა, როგორც მოყვარულ სცენარისტს.

_ ცუდად გვაქვს საქმე, ვადიმ, _ შემომჩივლა მან, _ ორელი თამაშიდან გავიდა.

ბრიჟიტის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მის სიმსუბუქეში გამოხატებოდა. მას ადვილად შეეძლო მძაფრი დეპრესიიდან მოულოდნელად გამოსულიყო და ხალისიან განწყობაზე დამდგარიყო. 1960 წელს, თავისი ცნობილი დაბადების დღის შემდეგ, როცა თავის მოკვლა სცადა, უეცრად გადაწყვიტა, ამღერებულიყო და სერიოზულად მოჰკიდა ამ საქმეს ხელი. რამდენიმე სიმღერა მართლაც შესანიშნავი გამოუვიდა, მელოდიური, პოეტური და გასართობი. ბრიჟიტი არ იყო არც ედიტ პიაფი და არც ჯუდი გარლანდი, მაგრამ ამ ახალ ამპლუაშიც შეძლო თავის წარმოჩენა.

«ჭეშმარიტების» შემდეგ მან გადაწყვიტა, ეთამაშა ფილმში «აღვირი ყელზე». მას უკვე ჰქონდა რამდენიმე შედევრად ქცეული როლი ფილმებში, რომლებიც გენიებმა გადაიღეს. ჟან ორელი კი მიეკუთვნებოდა იმ თაობას, რომელთაც პუბლიკა «ახალ ტალღად» მოიაზრებდა. იმ პერიოდში პროდიუსერები რატომღაც, მხოლოდ იმ რეჟისორებს იწვევდნენ, რომლებსაც არც ერთი ფილმი არ ჰქონდათ გადაღებული. ჟან ორელს რამდენიმე მოკლემატრაჟიანი ფილმი ჰქონდა შექმნილი და ვერ მოაბა თავი, «ვარსკვლავებით დახუნძლული», ძვირად ღირებული ფილმის ფინანსური და ტექნიკური მხარეები მოეგვარებინა. ასეთი სურათის ხელმძღვანელობა არცთუ ადვილი საქმე იყო.

გადაღების მესამე დღეს სტუდიაში ნამდვილი ქაოსი გამეფდა. არავინ იცოდა, რა უნდოდა რეჟისორს. მან კი არ იცოდა ის, რა სურდათ სხვებს.

ორელი მიხვდა, რომ ჯერ კიდევ «არდაწყებული» კარიერა ეგრევე დასრულდებოდა, თუკი ჩააგდებდა გადაღებებს. ბრიჟიტისა და კოსნას რჩევით, მან ჩემი მოწვევა გადაწყვიტა.

სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს უკვე დაწყებული ფილმის საკუთარ თავზე აღება, რომლის სცენარი თავიდან ბოლომდე გადაკეთებას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, მაინც შევპირდი ბრიჟიტს, რომ მეორე დღეს მივიდოდი სტუდიაში.

 

8 8 8

ორი საათის შემდეგ კატრინი თავის სახლთან ჩამოვსვი. თითქოს ათი წლით უკან დავბრუნდი, იმ დროში, როცა ბრიჟიტს ვაცილებდი, რომელიც კონკიასავით, თორმეტ საათს არ გადააცილებდა, აუცილებლად სახლში უნდა დაბრუნებულიყო.

ცოლ-ქმარი დორლეაკები მსახიობები იყვნენ, მაგრამ მკაცრი წესების მოყვარულები. კატრინს კვირაში მხოლოდ ორი დღე შეეძლო დაგვიანებით, ანუ შუაღამეს მისულიყო შინ. სხვა დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეპატიებოდა დაგვიანება, თუ თავის დას ახლდა თან. რამდენჯერმე მოხდა, რომ მამამისმა კატრინი ოთახში ჩაკეტა იმის შიშით, რომ შუაღამით ჩემთან გამოიქცეოდა. ჩემი რეპუტაცია _ ქალების გულთმპყრობელისა და სკანდალური ფილმების რეჟისორისა _ აშინებდა მას.

 

8 8 8

მეორე დღეს, დილით ადრე, როგორც შევპირდი ჩემს ყოფილ ცოლს, ბიიანკურის სტუდიაში გამოვცხადდი. ყველა პანიკაში იყო ჩავარდნილი. წავიკითხე სცენარი და მოვითხოვე 48 საათი, რომ ყველაზე საჩქარო შესწორებები შემეტანა მასში.

შემდეგ ბრიჟიტი შინ გავაცილე, პოლ-დუმერის ავენიუზე, რომ თავის როლზე დავლაპარაკებოდი. ის უკვე გაშორებული იყო ჟაკ შარიეს და მარტო ცხოვრობდა.

_ ნიკოლა სად არის? _ ვკითხე.

_ ბებიასთან და ბაბუასთან.

შვილთან ერთად იგი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, მაშინ ნიკოლა 6 თვის იყო. ბრწყინვალე ბავშვი გახლდათ, ჯანმრთელი ლოყებით. ბრიჟიტი სადღაც აპირებდა წასვლას და ხელოვნური ყვავილებით მორთული ფართოფართლებიანი შლაპა ეხურა თავზე, რომელიც სრულიად არ შეეფერებოდა მის სტილს. იგი ბავშვის საწოლისკენ დაიხარა, რათა ეკოცნა და სწორედ ამ დროს ნიკოლამ ღრიალი მორთო.

_ ხედავ? ის მე ვერ მიტანს, _ შემომხედა ბრიჟიტმა.

_ რა სისულელეა. ბავშვს შენი ქუდის შეეშინდა და არა შენი.

_ ის მაშინაც ტირის, როცა ქუდი არ მახურავს…

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ბრიჟიტმა განაცხადა: «მინდოდა ამ ბავშვის გაჩენა. ვნატრობდი, იქამდე გამეჩინა, სანამ ახალგაზრდა ვიყავი, თანაც ძალიან მინდოდა, ბიჭი ყოფილიყო. როცა ნიკოლა დაიბადა, ვცდილობდი, როგორმე ამერიდებინა მისთვის ფოტოგრაფები. მე ისინი არასდროს მომიწვევია, მაგრამ ყველგან ჩასაფრებულები იყვნენ _ კართან, კიბესთან, ოთახებში, სახურავებზეც კი… ერთმა ისიც კი სცადა, თოკით ჩემს აივანზე ჩამომძვრალიყო, მაგრამ თოკი გაწყდა და კაცი კინაღამ ჩემს მოსამსახურეს დაეცა თავზე, რომელიც ამ დროს ყვავილებს რწყავდა. საწყალ ქალს ლამის გულის შეტევა დაემართა. ნიკოლა ჩემია და არ მინდა, მას სხვა შეეხოს».

კლოდ ბრიულეს დახმარებით და 48-საათიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, სცენარი რეჟისორს ჩავაბარე და სტუდია ბიიანკურში მუშაობა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეებში დრო თითქმის აღარ მრჩებოდა, მაინც ვახერხებდი (თუმცა, არც ვიცი, როგორ) კატრინთან შეხვედრას.

 

8 8 8

მის მშობლებს არ უნდოდათ, ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით. მაგრამ კატრინი შეყვარებული იყო და სულაც არ აპირებდა დამორჩილებოდა ვიღაცის კაპრიზებს, თუნდაც ეს ვიღაცა ღვიძლი მამა ყოფილიყო.

იანვარში მთებში უნდა გავმგზავრებულიყავი, რათა ფილმისთვის იქაური ბუნების კადრები გადამეღო. კატრინიც დავპატიჟე. ეს გადამწყვეტი ნაბიჯი იყო _ მან გამოუცხადა მამამისს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წამოვიდოდა ჩემთან ერთად, ის დართავდა ამის ნებას, თუ არ დართავდა. სრულწლოვანებამდე მას 10 თვე რჩებოდა, ამიტომ მამამ დაუთმო, რადგან მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ექნებოდა.

გადაღებებზე უამრავი ჟურნალისტი მოვიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეუძლებელი შევძელი: ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ არც ერთ ფოტოზე კატრინი ჩემთან ერთად არ გამოჩენილა. ყოფილი ჟურნალისტი ვიყავი, ამიტომ ამ პროფესიის ყველა ხრიკი მქონდა ათვისებული. ისე «ავურიე კარტები» ერთმანეთში, ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ყველა დავარწმუნე იმაში, რომ ჩემს კამპანიაში მყოფი ახალგაზრდა შავგვრემანი გოგონა სულაც არ აკმაყოფილებდა ჩემს გემოვნებას.

კატრინი ისეთი თვისებებით იყო დაჯილდოებული, რომლებიც მოგვიანებით ყველამ აღიარა. ის ჭკვიანი გახლდათ, ბასრი იუმორით შეიარაღებული, რაც მე განსაკუთრებულად მომწონდა, და მიუხედავად გარეგნული ცივი გამომეტყველებისა, შინაგანად ძალიან მიმზიდველი იყო. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მისთვის ყველაზე წარმატებული და ხმაურიანი ორი ფილმი _ ჟაკ დემის რომანტიკული მელოდრამა «შერბურის ქოლგები» და ლუის ბენუელის «დღის მზეთუნახავი» გახდა.

მას მტკიცე ხასიათი ჰქონდა, რის დემონსტრირებასაც არცთუ იშვიათად ახდენდა.

სასიამოვნოდ მახსენდება სასტუმროში გატარებული დღეები. ჩვენ უბრალო ნომერში ვცხოვრობდით. მე მას ჭადრაკის თამაშს ვასწავლიდი, პოკერსაც ხშირად ვთამაშობდით. ჩვეულებრივ, ის მიგებდა ხოლმე, რადგან სულ მატყუებდა, თან ისეთი ანგელოზის სახით, როგორც პროფესიონალი მოთამაშე, თითქოს მისთვის ბლეფი უცხო ხილი ყოფილიყო.

ერთ შაბათ საღამოს პროდიუსერმა გადაწყვიტა, მთელ გადამღებ ჯგუფს სასტუმროს რესტორანში გამასპინძლებოდა, რომელიც მთის წვერზე იყო აშენებული. იქ მოხვედრა მხოლოდ საბარიგო გზით შეიძლებოდა.

კარგი დრო ვატარეთ. გვიან ღამით დავიშალეთ, მაგრამ უკან საბაგიროთი დაშვება ვერ მოვახერხეთ, რადგან ქარიშხალი ამოვარდა და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ფუნიკულიორი დაკეტეს. იძულებული გავხდით, იქვე დავრჩენილიყავით.

რამდენიმე ცარიელი ოთახი მსახიობებისთვის გამოყვეს, ხოლო ჯგუფის წევრები ფოიეში განთავსდნენ, სავარძლებში. მე და კატრინი საბილიარდოში განვმარტოვდით. ამერიკულ პარტიას ვთამაშობდით, როცა კარი გაიღო და ბრიჟიტი შემოვიდა.

_ ვხედავ, აქ კარგად ერთობიან, _ შენიშნა მან და, რადგან გრიგალი არ ცხრებოდა, შემოგვთავაზა, სამყაროს დასასრული აღვნიშნოთო.

მოგვეწონა იდეა. გავედით ბარში და რამდენიმე ბოთლი არაყი და წითელი ღვინო მოვიხელთეთ. მერე გემრიელად ჩავუსხედით და დავლიეთ. აღვნიშნეთ არმაგედონი და ჩვენი ბრალი სულაც არ იყო, რომ მეორე დღეს დედამიწამ არსებობა გააგრძელა.

გამთენიისას, როცა ქეიფს მოვრჩით და დასაძინებლად ვაპირებდით წასვლას, ბრიჟიტმა ყურში ჩამჩურჩულა:

_ ის შენზე ძლიერია… და იცოდე, არ დაგინახო ჩემთან მოსული, როცა უბედური იქნები.

 

8 8 8

ვილარ-დე-ლანიდან დაბრუნების შემდეგ კატრინი მშობლებთან აღარ მივიდა. ის ჩემთან, ავენიუ ეგრზე დასახლდა.

ჩემი ბინა ძალიან ლამაზი კორპუსის მეათე სართულზე მდებარეობდა. იყო დიდი და ნათელი. კოხტა აივნიდან ხელისგულივით მოჩანდა ბულონის ტყე და მთელი პარიზი. არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა. ბინა თანამედროვედ მქონდა მოწყობილი, თან გემოვნებით _ სქელი ხალიჩები, ღრმა სავარძლები, დივანი და არანაირი სასადილო ოთახი. ვერასდროს ვიტანდი სასადილო ოთახებს.

სამი საძინებელი მქონდა _ ჩემთვის, ჩემი ქალიშვილის, ნატალიასთვის და მადმუაზელ მილესთვის.

კატრინმა მალევე მოირგო დიასახლისის როლი. მე ხშირად მსტუმრობდნენ მეგობრები, ხანდახან გაუფრთხილებლადაც მომადგებოდნენ, მაგრამ კატრინი ძალიან სტუმართმოყვარე აღმოჩნდა. ამასთან _ მხიარული, ურთიერთობაში გულღია. თავდაჯერებული, თავისუფალი და ცოცხალი იყო, ყველას ისე ართობდა, რომ გვიან ღამემდე არავის უნდოდა სახლში წასვლა. მასთან არ მოიწყენდი. თუმცა, იმ ადამიანებთან, ვისაც არ იცნობდა ან ახალი გაცნობილი ჰყავდა, ყოველთვის თავდაჭერილად იქცეოდა.

სწორედ იმ პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება, კინოში ეთამაშა.

ცნობილი და განუმეორებელი ბრიჟიტისა და ანეტის (როჟე ვადიმის ერთ-ერთი ცოლი ხუთიდან, ასევე კინომსახიობი) ხვედრი რომ არ გაეზიარებინა, კატრინმა თავისი გზა აირჩია და თამამად მიჰყვა მას. ცოლად გამოყოლაზე უარი მითხრა და ამით თითქოს გამომიწვია კიდეც.

ამ გადაწყვეტილებით მან მიზანი დაისახა _ «ვარსკვლავი» ჩემს დაუხმარებლად გამხდარიყო. თუმცა, მე ისედაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მსახიობად იყო დაბადებული. მთავარი ის არის, რომ ჩვენმა ურთიერთობამ დააჩქარა მისი გადაწყვეტილება, მე რაღაცნაირად კატალიზატორის როლი ვითამაშე.

გაგრძელება იქნება