მსახიობი იმედა კახიანი იუბილარია. ის 86 წლის გახდა. მსახიობს იუბილე სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის, შვილმა, ეკა კახიანმაც:
"ჩემი ცხოვრების იმედი 86" - წერს ეკა. იმედა კახიანი ადრეული წლებიდანვე გახდა მაყურებლისთვის საყვარელი სახე. "თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი დღესაც ვარ, მგონი. დიპლომი არ ამიღია, ოთხჯერ გამრიცხეს. პირველ კურსს ვამთავრებდით, "საბუდარელ ჭაბუკს" იღებდნენ. მოვიდა თეატრალურ ინსტიტუტში კაცი. მთავარ როლში ბიჭი დამტკიცებული გვყავს, მაგრამ მისი გარემოცვა გვჭირდება და რამდენიმე პირველკურსელს გადავიღებთო. წაგვიყვანეს. მივედით მეორე დღეს ჩემი ჯგუფის ბიჭები. აგვიყვანეს რეჟისორ შოთა მანაგაძესთან. გამოგვკითხა, ვინ ვიყავით, სად ვსწავლობდით. მერე ერთ-ერთს უთხრა, მოდი, ამ ბიჭს ჩააცვით გოგიტას ტანსაცმელი, გრიმი გაუკეთეთ და გავსინჯოთო. სულ არ ვიცოდი, რა იყო სინჯი. წამიყვანეს, ბევრი გრიმი დამადეს და ეპიზოდის თამაში მთხოვეს. გადაიღეს. ერთ დღესაც ეს კაცი დამხვდა და მითხრა: შენი საქმე გადავწყვიტეთ გუშინ, შენ დაგამტკიცეთ მთავარ როლზე და აბა, შენ იციო" - ასე იხსენებდა ის პირველ ნაბიჯებს კინოში.
