სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 7 - Marao

სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 7

2023-05-15 10:20:23+04:00

წინა თავი

კატრინს «ახალი ტალღის» რომელიღაც «უღმერთო» ფილმში შესთავაზეს როლი, თუმცა მასში რამდენიმე კარგი მსახიობი თამაშობდა. მიუხედავად ამისა, იგი ილუზიების ტყვეობაში არ მოხვედრილა. დაუღალავად მუშაობდა და სულაც არ ეძებდა დიდებას მანამ, სანამ გამოცდილებას არ შეიძენდა. თავში არ ავარდნია. პროდიუსერებმა და რეჟისორებმა დამირეკეს და გარკვეული ბარტერული გაცვლა შემომთავაზეს: «თუკი თქვენ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე დაგვთანხმდებით, მაშინ მადმუაზელ დენევის როლს შევთავაზებთ».

ამ ეტაპზე მე ვემზადებოდი ახალი ფილმის «დასვენება ომის» გადასაღებად და არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ფილმისთვის «სატანა იქ მეჯლისს მართავს» ხელმძღვანელობა გამეწია. მაგრამ ისინი არ მეშვებოდნენ. «ერთი დღე დაგვითმეთ», _ დაჟინებით მარწმუნებდნენ, _ «თქვენ გადაიღებთ კატრინთან სცენას და მორჩა. სულ ესაა, რასაც გთხოვთ». ამასთან, სრულებით არ გახსენებიათ, რას გადამიხდიდნენ.

ბოლოს და ბოლოს, კატრინის ხათრით, დავთანხმდი.

აი, ამიტომაც შეიღება კატრინმა თმა ქერად. ჟურნალისტების ნაწილი გაიძახოდა, დენევის სურს, ბრიჟიტ ბარდოს დაემსგავსოსო, ნაწილი კი მის გაქერავებას მე მაბრალებდა _ თითქოს მე ვაიძულე კატრინი, თმა ქერად შეეღება, რათა ჩემს ყოფილ ცოლს დამსგავსებოდა.

სიმართლე კი იცით, რა იყო? გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, როცა კატრინი ქერა თმით გამომეცხადა. სად გაქრა ის პატარა, საყვარელი გოგონა, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა?..

 

8 8 8

კატრინი ჩრდილოეთ საფრანგეთში გაემგზავრა გადაღებებზე, პერპინიანში, მე კი _ ფლორენციაში, ბრიჟიტთან, რობერ ოსეინთან და ფრანსის კოსნოსთან ერთად, რათა შევდგომოდი კრისტიან დე როშფორის ბესტსელერის «დასვენება ომის» ეკრანიზაციას.

ბრიჟიტმა ის-ის იყო, ითამაშა ლუი მალის ფილმში «პირადი ცხოვრება», რომლის სიუჟეტი მის საკუთარ ცხოვრებაზე იყო აგებული. თუმცა ამ ფილმში მისი ნევროზის გამოვლინების ხელოვნური ფორმები უფრო იყო გამოყენებული. რეალურ ცხოვრებაში იგი სრულიად სხვაგვარი შიშებით იყო შეპყრობილი. თუმცა, კარგი ფილმი გამოვიდა და დამსახურებული წარმატებებიც ხვდა წილად.

ბრიჟიტის პარტნიორი იყო მარჩელო მასტროიანი. პრესა მათ რომანს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ ამაოდ… ამაში არც არაფერი იყო გასაკვირი _ ბრიჟიტს ყოველთვის უცნობი შემსრულებლები იზიდავდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ცნობილ მამაკაც მსახიობებთან უთამაშია. მისი პარტნიორები იყვნენ: ჟერარ ფილიპი, დანიელ ჟელენი, კერკ დუგლასი, ლუი ჟურდანი, ალენ დელონი, ჟან გაბენი, ლინო ვენტურა, ჯეკ პალანსი, ენტონი პარკინსი, შონ კონერი და მათგან არც ერთი არ შეყვარებია.

ის მარტო იყო, როცა ჩვენ ფლორენციაში «დასვენება ომის» გადაღებას შევუდექით. გარეთა გადაღებებსა და სტუდიურს შორის შესვენებების პერიოდში მე თავისუფალი დღეები მრჩებოდა. ამ დროს მივემგზავრებოდი პერპინიანში, რათა დავხმარებოდი ფილმს «სატანა იქ მეჯლისს მართავს». სწორედ მაშინ ვნახე კატრინი პირველად უჩვეულოდ შეცვლილი თავისი ქერა თმით…

და გადავიღე ნეოეროტიკული სცენა მასთან ერთად…

და პირველად ვიგრძენი უხერხულობა ასეთი სცენის გადაღების დროს…

გადაღებების შემდეგ მეთევზეთა რესტორანში ვივახშმეთ. აივანზე ციოდა. ქერა და გამხდარი, ქაშმირის თხელი პულოვერით შემოსილი კატრინი შეფიქრიანებული მეჩვენა. ხმას არ იღებდა. ქარი უწეწავდა «ახალ» თმას. იყო ლამაზი და იდუმალი. არ ლაპარაკობდა ფილმზე, არ მეკითხებოდა, როგორ მიდიოდა გადაღებები ფლორენციაში, არ მომკიდა ხელზე ხელი და არ ჩამხედა თვალებში, როგორც ეს მას ჩვეოდა. «ახლა მეტყვის, რომ სხვა შეუყვარდა», _ გავიფიქრე, მაგრამ მან გვერდზე გაიხედა და ჩუმად, საყვედურით სავსე ხმით ჩაიდუდუნა.

_ მე შვილი მინდა, მე შვილი მინდა, შვილი მინდა!

ადრეც ხშირად გამოუთქვამს დედობის სურვილი, მაგრამ იმ საღამოს მივხვდი, რომ ეს მოზარდის ახირება აღარ იყო. მის ამაღელვებელ და, ამავდროულად, დარცხვენილ აღიარებაში იყო რაღაც მიწიერი, რამაც გული ამიჩქროლა და ისეთი გზნებით ამანთო, როგორც ბავშვობაში, სავოიის მთაზე ცვრიან ბალახში რომ დავრბოდი. იყო მასში რაღაც მხურვალე, უჩვეულოდ ადამიანური, რასაც მე დღემდე ვეძებ ფრანგული კინოს დიდებული «ვარსკვლავების» გამოხედვაში. მაგრამ ვერ ვპოულობ. ასე მხოლოდ მას შეეძლო _ ერთადერთს _ კატრინ დენევის.

მისი ხელი ჩავბღუჯე და ნაზად ვაკოცე პატარა თითებზე. მინდოდა მეტირა. მე კი მხოლოდ მაშინ ვტირი, როცა ბედნიერი ვარ. ის ახლა რთულ კარიერას იწყებდა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე დედობა მისთვის სულაც არ იყო აუცილებელი. მას ასეთი ცხოვრება მოსწონდა. ბედისწერამ ასე არგუნა. კატრინს შვილი უნდოდა.

 

8 8 8

ფილმის «სატანა იქ მეჯლისს მართავს» გადაღებების დამთავრების შემდეგ კატრინი ჩემთან პარიზში ჩამოვიდა. მან უფრო მეტად დაიწყო ზრუნვა თავის გარეგნობაზე. უბრალო სამოსი სახელობითმა შეცვალა. «შანელის» ქვედაბოლოებსა და ბლუზებს კაბები დაემატა. ფეხსაცმლის ყიდვის ნამდვილმა მანიამ შეიპყრო. რადგან მდიდრები არ ვიყავით და ძვირად ღირებულ ფეხსაცმელს ბევრს ვერ შეიძენდა, საკუთარი სტილი შეიმუშავა _ ფეხსაცმელს იკერავდა, ხოლო სახლიდან გასვლის წინ საათობით იჯდა სარკესთან, ძალიან დიდ დროს უთმობდა მაკიაჟს, ვარცხნილობას.

ამავდროულად, თავგამოდებით ზრუნავდა ნატალიზე (ანეტისა და ვადიმის ქალიშვილი), შეძლებისდაგვარად აკეთებდა ეკონომიას ოჯახურ საყიდლებზე და მოსამსახურესთან ყოველთვის სიმკაცრეს იჩენდა. ხანდახან, კერძს რომ დაიწუნებდა, თავად ამზადებდა ხოლმე. სხვების თანდასწრებით, ნებისმიერ სიტუაციაში, მუდამ  გაწონასწორებული იყო და თავი ხელში აჰყავდა. არადა, ბევრჯერ ჰქონია ნერვული შემოტევები, როცა თავი ვერ გაუკონტროლებია და ისტერიკაში ჩავარდნილა, ოღონდ მხოლოდ შინაურულ გარემოში.

 

 

კატრინი ხშირად ხვდებოდა თავის მშობლებს და დას, ფრანსუაზას. ის ერთი შეხედვით, ბედნიერი ჩანდა, არაფერს უკრძალავდა თავის თავს, აბსოლუტურად შეუზღუდავად ცხოვრობდა, მაგრამ მე მაინც მეჩვენებოდა, რომ მთლად ასე არ იყო, თითქოს რაღაც აკლდა მის სრულ ბედნიერებას. იქნებ იმიტომ, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან, არასდროს არიან ცხოვრებით კმაყოფილნი? ან იქნებ, როგორც ერთმა ირლანდიელმა პოეტმა დაწერა, რომლის გვარიც, სამწუხაროდ არ მახსოვს: «ბედნიერება ისეთი რამეა, რაც არ არსებობს და რომც არსებობდეს, ერთ მშვენიერ დღეს მაინც გაქრება?».

იქნებ ფიქრობდა, რომ მე საკმარისად არ მიყვარდა? არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად სწორედ ეს გამოხატავს ჩემს სათქმელს.

ამას წინათ ერთ ჩემს სამოყვარულო ფილმს გადავავლე თვალი, რომელიც ერთ ზაფხულს სან-ტროპეში გადავიღე. კატრინი კადრებში ისეთი ბედნიერი ჩანს, ისე ლაღად იცინის, მაგრამ მოულოდნელად ორ ეპიზოდში რაღაც უცნაური გარდასახვა შევნიშნე _ სულ რამდენიმე წამით თითქოს იდუმალი შიში ჩაუდგა თვალებში. ერთ ეპიზოდში ის ნატალის უხსნის, როგორ უნდა წაისვა გრიმი, რათა მასხარას დაემსგავსო, მეორე მომენტში ბრიჟიტის გვერდით ზის, რომელიც გიტარაზე დაკვრას ასწავლის.

 

8 8 8

მეგონა, კატრინი ისე გააგრძელებდა კარიერულ აღმასვლას, რომ ჩემს ფილმებში გადაღებას აღარ მოისურვებდა. არ მინდოდა, მასზეც ისე ეთქვათ, როგორც ანეტზე ამბობდნენ: «ის როჟე ვადიმმა შექმნა. მის გარეშე…» და ა.შ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემ გარეშე გაკეთებული კარიერით იგი უფრო ბედნიერი იქნებოდა. მას შეეძლო ეს, ის ძალიან ნიჭიერი იყო.

მაგრამ ფილმმა «სატანა იქ მეჯლისს მართავს» კატრინს დიდებისკენ მიმავალი გზა ვერ გაუხსნა. არც ერთ სტუდიას მისი მიწვევა თავში აზრადაც არ მოსვლია. იღებდნენ ფილმებს, მაგრამ კატრინის გარეშე, მას კი არანაირი სამომავლო გეგმები არ ჰქონდა. არ იცოდა, ვისთვის მიემართა. სხვა რა მრჩებოდა, გადავწყვიტე, ჩემს შემდეგ ფილმში დამესაქმებინა _ «მანკიერი და კეთილმოსურნე». ამ სურათში ისეთი დიდი მსახიობები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ ანი ჟირარდო და რობერ ოსეინი, ამიტომ კატრინს ფილმის მომავალ ბედზე პასუხისმგებლობა ნაკლებად ეკისრებოდა, მასზე არ იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად მიიღებდა მას მაყურებელი. მიუხედავად ამისა, დენევის როლი მაინც საპასუხისმგებლო იყო და ცოტათი ეშინოდა კიდეც. სამაგიეროდ, რეჟისორი ჰყავდა ფილმს ისეთი, რომელმაც იცოდა, როგორ ემუშავა დებიუტანტებთან.

ფილმის სიუჟეტი მარკ დე სადისეულ თემაზე იყო აგებული: ეს გახლდათ ორი დის თავგადასავალი, სიმბოლურად _ მანკიერის და კეთილის. მანკიერი გალაღებული ცხოვრებით ცხოვრობს, ყველაფერი აქვს, რასაც მოისურვებს, კეთილს კი მხოლოდ წყენა და ტკივილი ხვდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე. დასასრულს მანკიერი კვდება, ხოლო კეთილმოსურნე იმარჯვებს.

სიუჟეტი ვითარდებოდა ევროპაში, ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში. ეს არ იყო რეალურ ამბებზე გადაღებული ფილმი, თავიდან ბოლომდე გამოგონილ სცენარზე ავაგეთ.

გადაღებების დროს კატრინის შინაგანი ბუნების კიდევ ერთი მხარე დავინახე. გადასაღებ მოედანზე ის პროფესიონალივით იქცეოდა, განსაკუთრებით მომთხოვნი იყო ტექნიკური პერსონალის _ გრიმიორების, სტილისტებისა და მხატვრების მიმართ. მასზე ცოტა არასამართლიანადაც ლაპარაკობდნენ: «თავი ვარსკვლავი ჰგონიაო». ის ჩემთან დამჯერი იყო, ყველაფერს მორჩილად ასრულებდა, რასაც ვეტყოდი, თუმცა თავისი პრინციპებიც ჰქონდა, რომელსაც არავის გულისთვის არასდროს გადაუხვევდა. ეს თვისება მე ადამიანის მთავარ ღირსებად მიმაჩნია, მაგრამ მან ძალიან ადრე და ძალიან მწვავედ გამოაჩინა იგი.

გადაღებები მიმდინარეობდა სუიაკში, ერთობ სასიამოვნო და ხმაურიან ატმოსფეროში. იქ ბევრი ჩემი მეგობარი იმყოფებოდა: ჟან-მიშელ ლაკორი, სერჟ მარკანი, პოლ ჟეგოფი, რომელიც ესესელ სადისტს თამაშობდა, რომელსაც ერთ-ერთი თავისივე მსხვერპლი დაჩეხავს (ჟეგოფი, ძალიან ნიჭერი სცენარისტი, 1985 წელს მართლაც დაჩეხა… საკუთარმა ცოლმა), რობერ ოსეინი და უამრავი ახალგაზრდა მსახიობი ქალი, ერთიმეორეზე ლამაზი, რაც, ცოტა არ იყოს, ცდუნების წინაშე გვაყენებდა მამაკაცებს. ყოველი საღამო მათი თანხლებით ნამდვილ დღესასწაულად გვექცეოდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, მე მაინც კატრინის ერთგული ვრჩებოდი.

ის ადრე წვებოდა ხოლმე და ჩვენს საღამოებში არ მონაწილეობდა. ეს ამბავი ძალიან მაოცებდა, რადგან მას მუდამ უყვარდა გართობა და დროსტარება. მოგვიანებით მივხვდი _ იგი ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა თავის პროფესიას…

 

8 8 8

მარკ ალეგრე იღებდა ფილმს «პარიზელები», რომელიც ოთხი ისტორიისგან შედგებოდა. მასში ნაჩვენები იყო სხვადასხვა ასაკის და სოციალური ფენის პარიზელების ნაკლოვანება, ღირსება და მომხიბვლელობა. მარკმა მთხოვა, ერთ-ერთი თავისი ნოველა მე გადამეკეთებინა სცენარად და დიალოგებიც მომეფიქრებინა. ამ ნაწილში კატრინს უნდა ეთამაშა მთავარი როლი.

რა თქმა უნდა, დავწერე სცენარი და მშვენიერიც გამოვიდა.

კარგა ხანს ვეძებდით მსახიობს, რომელიც დენევის პარტნიორის როლს შეასრულებდა. მარკს მომღერალი ჯონი ჰოლიდეის კანდიდატურა შევთავაზე, რომელმაც იმ პერიოდში შეაშფოთა კონსერვატორული პუბლიკა და კრიტიკოსებიც, საფრანგეთში ელვის პრესლის სტილის დამკვიდრების გამო. თუმცა, ნელ-ნელა უკვე ხდებოდა მისი ნიჭის აღიარება და ალეგრემაც მოიწონა მისი კანდიდატურა. შემდეგ პროდიუსერს დაველაპარაკეთ და ისიც დავითანხმეთ.

ნათქვამია, ვინ არის შენი მტერი და შენი ენაო… ახლა მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ მოგვიანებით ვინანე კიდეც ჯონის რომ რეკომენდაცია გავუწიე. რას ვიფიქრებდი, რომ მისი და კატრინის რომანი სტუდიის გარეთაც გაგრძელდებოდა…

ქვეყანაზე არაფერი მიკვირს. შეიძლება ბევრი რამ ავიტანო, ბევრი რამ ვაპატიო საყვარელ ადამიანს, მაგრამ თუკი ერთხელ შემეპარა ეჭვი, რომ მატყუებს, შეუვალი ვხდები. ბევრი მამაკაცისა და ქალისგან განსხვავებით, მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე, ვიდრე ჩუმმა ეჭვის ჭიამ დამღრღნას. გავუგებ, თუკი გულწრფელად მეტყვის, რომ სხვა შეუყვარდა, რომ მე ძველებურად აღარ ვაღელვებ… პირველი შოკის შემდეგ შემიძლია ყველაფერი დავივიწყო და ვაპატიო. და რაც უფრო ადვილად ვპატიობ, მით მეტად ვენდობი შემდეგ ასეთ ადამიანს. სწორედ ეჭვია, ოჯახურ ურთიერთობებს რომ ანგრევს და არა ღალატის გულწრფელად აღიარება.

რადგანაც ეჭვი მქონდა, ერთხელაც, როცა შინ დავბრუნდით, კატრინს პირდაპირ, მოურიდებლად ვკითხე:

_ შენ გიყვარს იგი?

_ რა სულელი ხარ, _ წარბშეუხრელად მიპასუხა, _ ის კარგი მეგობარია, მეტი არაფერი…

არადა, იტყუებოდა, თანაც… თამამად… მე კი მინდოდა, სიმართლე ეთქვა… ასე უფრო ადვილი იქნებოდა ჩემთვის, რადგან სწორედ ამ თამამი ტყუილის შემდეგ აღარ ვენდობოდი…

მე კი სწორედ ასეთი ფორმულირება მეჩვენებოდა ყოველთვის ყველაზე საეჭვოდ. თუკი კატრინი ეჭვიანობდა, ეს უკავშირდებოდა არა ჩემს ქალებში სიარულს ან დაგვიანებებს (მე გამოუსწორებელი ვიყავი ამ მხრივ, ღამის 11 საათზე ადრე არ შევდიოდი სახლში, როცა ვიცოდი, რომ ვახშმად მელოდებოდნენ. ყოფილა შემთხვევა, დილის ხუთ საათზე დავბრუნებულვარ), არამედ ჩემს დამოკიდებულებას სუსტ სქესთან, მათთან მოქცევის ჩემეულ მანერას, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა მას და ისტერიკაში აგდებდა.

არადა, ბევრსაც ითმენდა, ცოდვა აღიარებული ჯობია. ძალიან ბევრჯერ შეუკავებია თავი, რომ ნერვები არ აშლოდა. მიმიცია საბაბი, მაგრამ არა იმით, რომ მას ვუღალატე, უბრალოდ, მე ბოჰემური ცხოვრება მიზიდავდა და მისი კაპრიზების გამო მასზე უარის თქმას არ ვაპირებდი.

თუმცა, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. მას დღითიდღე უფრო უჭირდა ჩემი თავისუფლების ატანა, ამიტომ მოუხშირა ბუზღუნს და საყვედურებს. იმისთვის, რომ სკანდალი ამეცილებინა თავიდან, მისთვის ტყუილის თქმა მიწევდა, თუმცა ეს არაფერს ცვლიდა…

 

8 8 8

რამდენჯერ უკითხავთ ჩემთვის ჟურნალისტებს და შემთხვევით გაცნობილ ადამიანებსაც: «ბოლოს და ბოლოს, რა ნახეს შენში ასეთი ბრიჟიტ ბარდომ, კატრინ დენევიმ ან ჯეინ ფონდამ?»

ერთი ნაწილის აზრით, მე ლოგინში ვიყავი მაგარი და ამით გავაგიჟე ეს ქალები. მეორე ნაწილი ვარაუდობდა, რომ მე მხოლოდ შუამავალი ვიყავი მათი წარმატებების მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, მესამენი კი ჩემში ჯადოქარს ხედავდნენ, რომელსაც ქალების მონუსხვა და მოჯადოება შეუძლია. ჩემი რეპუტაცია ხომ საერთოდ! ერთიმეორის გამომრიცხავი თვისებებით მახასიათებდნენ _ ჩემზე ამბობდნენ, რომ ცინიკოსი მანიპულატორი ვიყავი, რომელიც ჰედონისტურ სიამტკბილობას ეძებს, ან პირიქით, როჟე ვადიმი გახლდათ მამაკაცი, რომელსაც ბოლოს ყოველთვის  ტოვებდნენ ქალები _ ბევრად ლამაზები და ნიჭიერები, ვიდრე თვითონ იყო.

შევეცადე, ჭეშმარიტება დამედგინა: თუმცა, არც ისე ადვილია, ილაპარაკო საკუთარ თავზე, თანაც სრულიად ობიექტურად. ასევე, უხერხულია, აქო და ადიდო შენი თავი.

ჰოდა, ასეთ დროს რატომ არ უნდა გამოვიყენო კატრინის დახასიათება? აი, რას ამბობს იგი ჩემზე 1963 წელს «ჟურ დე ფრანსისთვის» მიცემულ ინტერვიუში.

კითხვა: _ რითი მოგხიბლათ ვადიმმა?

კატრინი: _ თავისი მომნუსხველობით. ეს ის თვისებაა, რომელიც განსაკუთრებით აღელვებს ქალს მამაკაცში. ღიმილითაც კი განსაკუთრებულად იღიმის, გაჯადოებს, თან ხმა აქვს რაღაც იდუმალი, ჟღერადი… ამასთან, ჭკვიანია, რასაც ძალიან ვაფასებ. მამაკაცის ხიბლი სილამაზით არ აიხსნება, მით უფრო _ ახალგაზრდობით. სწორედ ეს ანიჭებს მათ უპირატესობას.

კითხვა: _ რა მორალური თვისებები გაკავშირებთ მასთან განსაკუთრებულად?

კატრინი: _ კეთილშობილება. არ ვგულისხმობ იმას, რომ გადაყოლილი მეგობარია და ფინანსურად ეხმარება თავის ახლობლებს, მხედველობაში მაქვს მისი შინაგანი ბუნება, მისი სულის გამოძახილი, რაც აიძულებს მას, ადამიანებში მხოლოდ კარგი დაინახოს. ვადიმს შეუძლია ნებისმიერი გაამართლოს, რაც უნდა ცუდი საქციელი ჩაიდინოს. მოსამართლე რომ ყოფილიყო, საშინელება იქნებოდა: შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებისას უამრავ რამეზე დახუჭავდა თვალს და ბრალდებულს გაამართლებდა. მე ნაბიჯსაც არ ვდგამ მისი ნებართვის გარეშე. ყოველთვის ვეკითხები რჩევას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩემს გარდერობს ან მაკიაჟს ეხება. სწორედ მან ჩამინერგა ისეთი ფერების სიყვარული, როგორიცაა თეთრი, შავი, ვარდისფერი და კრემისფერი, სწორედ მან შემაყვარა ვიწრო ქვედაბოლოები და ნატურალური აბრეშუმი.

 

ახლა ვნახოთ, რას ამბობს კატრინი ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ «მარი კლერში» დაიბეჭდა 1963 წლის მაისში.

_ ვადიმი ყველაზე ერთგული მამაკაცია, რომელსაც კი ოდესმე ვიცნობდი. ხალხს ეცინება, როცა მე ამას ვამბობ. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ამბობენ: «ეჰ, ვადიმ, ვადიმ… ქალები ყოველთვის გარბიან მისგან, ამიტომაც ცოტათი შეშინებულია კიდეც «. არადა, მე ვიცნობ ვადიმს. მას არაფრის ეშინია. არც კი ვიცი, სინამდვილეში როგორ იყო _ ვინ ვის გაექცა. განა შეიძლება გაექცე ვინმეს, როცა ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ თავად მიგატოვონ?»

კატრინი «საქმეში ბევრად ჩახედული ფსიქოლოგი» აღმოჩნდა, ვიდრე ჟურნალისტები ან ის ქალები, რომლებიც მის გამოჩენამდე იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ დღეს მას ცოტათი შეეცვალა ჩემზე წარმოდგენა. მაგრამ როგორ გინდა, თავი შეიკავო ასეთი კომპლიმენტებისგან?

8 8 8

არავინ იცოდა (გარდა ოჯახისა და ახლო მეგობრებისა), რომ ჩვენ კინაღამ დავქორწინდით. მას თავისებური შეხედულება ჰქონდა ოჯახურ ურთიერთობაზე. უპირატესობას თავისუფალ სიყვარულს ანიჭებდა და ყოველთვის აღიზიანებდა შეკითხვა: «ვადიმი ბრიჟიტ ბარდოსა და ანეტზე დაქორწინდა, თქვენზე რატომ არა?» თუმცა, ამას არასდროს იმჩნევდა. როცა გადასაღებ მოედანზე ბრუნდებოდა, შეყვარებული ქალის თბილი ღიმილი ყოველთვის ბუნებრივად უთამაშებდა ტუჩებზე და არა ხელოვნურად.

რაც უნდა იყოს _ დაფარული თუ ნამდვილი მიზეზი, ფაქტი ფაქტად რჩება: ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ.

ტაიტიზე უნდა გავმგზავრებულიყავი, სადაც პოლ ჟეგოფი თავისი რეჟისორობით პირველ ფილმს იღებდა. ის ძალიან ნერვიულობდა და მთხოვა, გადაღებების დროს მის გვერდით ვყოფილიყავი. კატრინსაც გაუხარდა. მას დედამიწაზე ტაიტიზე უფრო რომანტიკული ადგილი ვერ წარმოედგინა დასაქორწინებლად. რა ჯობდა იქ თაფლობის თვის გატარებას.

თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, მისმა მშობლებმა დაჟინებით მოითხოვეს, ჯერ საქორწინო კონტრაქტი გაგვეფორმებინა და ჯვარი მერე დაგვეწერა.

ასეც მოვიქეცით.

სენ მიშელის მოედანზე, ნოტარიუსის კაბინეტში შევიყარეთ ერთ დღესაც მე, კატრინი, ბატონი დორლეაკი და ქალბატონი დორლეაკი. ეს იყო საზიზღარი შენობა, მტვრიანი და სიძველის სუნით გაჟღენთილი, სადაც მაგიდაზე ერთიმეორის მიყოლებით უამრავი დანაგვიანებული საქაღალდე გორებად ეწყო.

ნოტარიუსის მაგიდის ირგვლივ ნახევარწრის ფორმით ელაგა ხავერდგადაკრული სკამები, რომლებზეც ოთხივე დაგვსხეს. ნოტარიუსის მონოტონური ხმა, საქორწინო ხელშეკრულების პირობებს რომ კითხულობდა, საშინლად მადუნებდა. ლამის ჩამეძინა და ძილბურანში მყოფს ჩამესმოდა, რა უნდა მოგვემოქმედებინა მე და კატრინს განქორწინების შემთხვევაში, რას ითვალისწინებდა ქონების გაყოფისას დაზღვევის პირობები, როგორ უნდა გაგვეყო ოქრო, ვერცხლი, ყველანაირი სიმდიდრე, რომელიც მე არ გამაჩნდა. ერთი ასეთი ფრაზა იყო: «გარდაცვალების შემთხვევაში სამზარეულოს კუთვნილი ქონება დარჩება მეორე ნახევარს სრულ საკუთრებაში». სწორედ ამ ფრაზამ გამომაფხიზლა და შევხტი. «სამზარეულოს კუთვნილი ქონება» _ ეს უკვე მეტისმეტი იყო.

_ და საფერფლეები? _ დავიყვირე უცებ, _ თქვენ საფერფლეები დაგავიწყდათ!

კატრინი საერთოდ ყოველთვის კარგად იგებდა იუმორს და თვითონაც არაჩვეულებრივად ხუმრობდა, მაგრამ ამჯერად მან ისე დამიბღვირა, მივხვდი, რა შეცდომაც დავუშვი. მისი მშობლების თანდასწრებით არ უნდა მეოხუნჯა.

 

8 8 8

მეგონა, ტაიტური სიმღერები და მისი ლაგუნის ზურმუხტისფერი ტალღები დამავიწყებდა «სამზარეულოს კუთვნილ ქონებას»…

ჩავედით ნიუ-იორკში და სასტუმრო «ჩარი რიზერლენდში» დავბინავდით.

წვიმიანი საღამო იყო. კატრინი საწოლზე ჩამომჯდარიყო და ყუთებიდან ახალ ნაყიდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ალაგებდა, რომელიც სრულიად შეუფერებელი და არაპრაქტიკული იყო მარჯნის რიფებზე გასასეირნებლად. მაგრამ არ დამიჯერა და ბოტასს, რომელიც მე ვურჩიე (და მეორე დღეს მაინც იყიდა), ესენი ამჯობინა. სასტუმროს მე-17 სართულიდან ცენტრალური პარკის მოშრიალე ხეებს დავყურებდი, ტელეფონმა რომ დარეკა. ყურმილი ავიღე. ანეტი აღმოჩნდა.

_ პიუფელ (მეტსახელი, რომელიც ანეტმა შეარქვა ქმარს და რომელიც გერმანულად «ბეღურას» ნიშნავს)! მე ვიცი, რომ შენ დედაჩემის გაშაყირება გიყვარს. საწყალს სჯერა, რასაც ამბობენ.

_ რა გაშაყირება? _ ვერ მივხვდი.

_ ქორწილზე გეუბნები, ტაიტიზე რომ აპირებ.

_ ეს შაყირი სულაც არ არის, _ მწყრალად ვუპასუხე.

ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, თან ისეთი, რომ მეგონა, გაგვთიშეს.

_ შენ არ შეგიძლია მასზე დაქორწინება, _ გაისმა ბოლოს ანეტის მბრძანებლური ხმა.

ჩემი ყოფილი ცოლი დარწმუნებული იყო, რომ კატრინი ჩემთან მხოლოდ კარიერისტული მიზნებით ცხოვრობდა. დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ არც მე მიყვარდა იგი და მასთან მხოლოდ იმიტომ გავაბი რომანი, ანეტთან დაშორების ტკივილი გამენელებინა.

_ შენ უბედური იქნები, დამიჯერე. მე შენ მიყვარხარ და იმიტომაც გეუბნები ამას და ყოველთვის შეგიშლი ხელს, რომ ასეთი სისულელე არ ჩაიდინო.

_ რას ეძახი სისულელეს? _ გავღიზიანდი.

_ შენ მას არ უყვარხარ! არც შენ გიყვარს! ამიტომ თავს ნუ გაიუბედურებ. ვიცი, რასაც ვამბობ და ოდესმე გაგახსენებ ამას!

_ ანეტ! _ ვცადე, გამეჩერებინა, მაგრამ ამაოდ.

_ თუკი შენ მასზე დაქორწინდები, _ აგრძელებდა გაცხარებული, _ მე ნატალის წამოვიყვან (იმ პერიოდში არდადეგები იყო და ბლოშკა, ასე ვეძახდი ჩემს ქალიშვილს, დედასთან გაემგზავრა) და ამას სრული სერიოზულობით გპირდები. შეიძლება ახლა ძალიან ბრაზდები ჩემზე, მაგრამ მოვა დრო და ამისთვის მადლობას მეტყვი.

როცა ყურმილი დავკიდე, კატრინს სიტყვასიტყვით გავუმეორე ანეტის ნათქვამი ფრაზები.

_ გგონია, შეუძლია თავისი მუქარის შესრულება? _ მკითხა მან.

_ სრულიად დარწმუნებული ვარ.

კატრინმა იცოდა, როგორ ვიყავი ნატალიზე მიჯაჭვული, რომ მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა და შემომთავაზა, დროებით გადაგვედო დაქორწინება. ვიცი, რომ მაშინ არა «დროებით», არამედ «სამუდამოდ» გაიფიქრა.

იმ საღამოს ამის მეტი ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის, არანაირი საყვედური, არანაირი დაჩივლება… შემდეგ დღეებშიც სრულიად მშვიდად იყო, პოლინეზიაში ყოფნის პერიოდშიც არ უხსენებია ჯვრისწერა, არც ანეტი… ისე ჩამთავრდა გადაღებები, ამ თემას ერთხელაც არ მივბრუნებივართ. მეც პირში წყალი ჩავიგუბე, ვერ გეტყვით, რატომ. ის კი არა, მიხაროდა კიდეც, რომ კატრინი აღარ ახსენებდა დაქორწინებას.

მაგრამ მგონია, რომ მან დღემდე არ მაპატია ჩვენი არშემდგარი ქორწინება.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ ვცდილობ, ჩემს თავში გავერკვე. რა თქმა უნდა, მაშინ ჩემი ქალიშვილის დაკარგვის შიშით დავიხიე უკან, რომ არ ჩამოერთმიათ ჩემთვის მისი აღზრდის უფლება და ამის გამო არ ჩავები შანტაჟით გაჩაღებულ ბრძოლაში, რომლითაც ყოფილი ცოლი მემუქრებოდა. მაგრამ ბოლომდე რომ ჩავეძიები ხოლმე ჩემს თავს, აღმოვაჩენ, რომ «სამზარეულოს კუთვნილმა ქონებამაც» არანაკლები როლი ითამაშა.

 

 

«მეომრის შვებულებას» უდიდესი წარმატება ხვდა წილად, სამაგიეროდ, «მანკიერი და კეთილმოსურნე» არ მიიღო მაყურებელმა, პრემიერას სტვენით შეხვდნენ. ფრანგებს ჯერ კიდევ ვერ მოეშუშებინათ ნაცისტური ოკუპაციის წყლულები და ისტორიიდან გადახვევა არ მაპატიეს. ეგ კი არა, წინააღმდეგობის ასოციაციის ყოფილმა წევრებმა ფილმის აკრძალვაც კი მოითხოვეს. ორი წელი მოცდამ მომიწია, სანამ სურათს სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში გავიტანდი და, ცოტა არ იყოს, შვებით ამოვისუნთქე, როცა ფილმმა დადებითი შეფასება მიიღო.

ამ ჩავარდნას კატრინის კარიერაზე სრულიად არ უმოქმედია. იგი მალევე მიიწვიეს «პარიზელების» გადაღებაზე. მაგრამ თვითონ ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, მაყურებელმა მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი ასე რომ მიიღო. გარდა ამისა, ამ ამბიდან ოცი წლის შემდეგ აღმოვაჩინე (იმ წერილიდან, რომელიც კატრინმა ამას წინათ გამომიგზავნა), რომ მან არც მე მაპატია ფილმის წარუმატებლობა. ეს მისი ხასიათია _ არაფერს გაგრძნობინებს, მაგრამ წყენას წლების განმავლობაში გულში ინახავს.

«პარიზელები» პუბლიკას მოეწონა და კატრინზე, როგორც მომავალ ვარსკვლავზე, აქტიურად ალაპარაკდნენ.

მოგვიანებით ჩემმა მეგობარმა, პოლ ჟეგოფმა შესთავაზა მას, ეთამაშა მის შემდეგ ფილმში «მიქცევა». კატრინმაც უარი ვერ უთხრა, შენს მეგობარს როგორ ვაწყენინოო, გამიღიმა. სურათის გადაღება ტაიტიზე უნდა მომხდარიყო, თუმცა იგი დიდი ხალისით არ შეხვედრია ამ ამბავს.

გადაღებები პაპეეტეში იყო დაგეგმილი. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ჩვენ «კინაღამ» დავქორწინდით. იქ კი საოცრად სულელური ამბები დატრიალდა. კატრინი ისე დაიწვა მზეზე, ციება დაეწყო. რამდენიმე დღის შემდეგ კი კანი გადაძვრა და საშინელი სანახავი გახდა.

პოლ ჟეგოფს სცენარის შეცვლამ მოუწია. იგი იძულებული გახდა, კატრინის ნაცვლად როლზე ადგილობრივი ლამაზმანი მოეწვია. პროდიუსერს არ ჰქონდა თანხები, რომ პარიზიდან სხვა მსახიობი გამოეძახა.

მამაკაცის როლებს ასრულებდნენ ფრანკო ფაბრიცი, კრისტიან მარკანი და მიშელ სიუბორი. პოლი უცნაური რეჟისორი იყო, თევზაობა უფრო იტაცებდა, ვიდრე მსახიობებთან მუშაობა. სამაგიეროდ, ჩემი დიდი იმედი ჰქონდა.

გემით მგზავრობისას, შუა ზღვაში, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. კაიუტაში შევიყუჟეთ ყველანი. მე და კატრინი, უსაქმურობის გამო, საწოლზე წამოწოლილები უაზროდ ვლაყბობდით. მოულოდნელად იგი ჩემკენ გადმობრუნდა, ჩემი თავი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა. დიდხანს მიყურა, ძალიან დიდხანს. მერე რაღაც მითხრა, მაგრამ ვერ გავიგონე. ქარის ქროლვაზე გემი ისე ჭრიალებდა, ვერაფერს გაიგონებდა კაცი.

_ რა თქვი? _ ჩავეკითხე.

_ ჩვენ შვილი გვეყოლება! _ გამომიცხადა.

არ ვიცი, როგორ აგიხსნათ… ძალიან უცნაური სიხარული იყო, დავმუნჯდი. მართალია, შვილი უკვე მყავდა, მაგრამ კიდევ ერთის ყოლა ვგრძნობდი, მეტი სიამოვნება იქნებოდა.

ორსულობამ კატრინი სრულიად შეცვალა. ისეთ კონტრასტულ ბუნებას აჩენდა, მიკვირდა, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე-მეთქი. იყო ისეთი დღეები, როცა იგი ადრე დგებოდა, ნატალი სკოლაში მიჰყავდა, შემომირბენდა სტუდიაში, რათა მოვეკითხე და აუცილებლად ეკოცნა, მიდიოდა ბაზარში გუსტავის (იუგოსლავი მზარეულის) ნაცვლად, რათა მას ფული არ მოეტეხა, ალაგებდა სახლს, რწყავდა ყვავილებს. შუაღამისას კი, როცა მე იგი ძლიერ დაღლილი მეგონა, დამიძახებდა, რომ რამდენიმე კათხა ლუდი ერთად დაგველია.

ან კიდევ მთელი დღე შეეძლო ელაყბა ელიზაბეტ ტეილორთან, ფრანსუაზა საგანისთან, ტრუმენ კაპოტთან, კუინი ჯონსთან ან თუნდაც, დასასვენებლად ჩამოსულ მინისტრებთან. თუ არადა, მთელი დღე იწვა, ეძინა, ხმას არ იღებდა, უხასიათოდ იყო. მერე კვლავ ახალი «გასვლები» ეწყებოდა. ლაშქრავდა მაღაზიებს და უამრავ უაზრო, არაფრის მაქნის ნივთებს ყიდულობდა. საშინლად მეჯავრებოდა მაღაზიებში სიარული, მაგრამ მას ხათრს ვერ ვუტეხდი, არ მინდოდა ორსული ქალისთვის მეწყენინებინა. უცნაური ის იყო, რომ კატრინი საბავშვო მაღაზიებს ისე შემოივლიდა, არაფერს ყიდულობდა, მხოლოდ ათვალიერებდა ნივთებს, სამაგიეროდ, შინ რამდენიმე წყვილი ახალი ფეხსაცმლით «გამდიდრებული» ბრუნდებოდა. ის ყოველთვის ცდილობდა თავისი გარდერობის განახლებას, განსაკუთრებით ფეხსაცმელებით.

ამასთანავე, არც მე ვამბობდი ჩემს მავნე ჩვევებზე უარს. ერთხელ სტუდიის ბარში მომიწია დარჩენამ, ჩვენი ასისტენტი, ჟან მიშელ ლაკორი წვეულებას მართავდა, ამიტომ დავურეკე კატრინს და ვუთხარი.

_ ცოტა განტვირთვა მჭირდება. არ დამელოდო, გვიან მოვალ.

პასუხად ყურმილი დამიხეთქა. მე კი ძარღვიც არ შემტოკებია. მივეჩვიე მის გამოხდომებს, ის კი ვერ მიეჩვია ჩემს ღამის «ექსკურსიებს».

ცოტა რომ შევთვერით ბიჭები, უკეთესი გართობა მოგვინდა და ელისეის მინდვრებზე მდებარე ბარ «სექსისს» მივაშურეთ, სადაც ერთი ძალიან ლამაზი გოგო ძალიან ლამაზ სტრიპტიზს ცეკვავდა. პოლ ჟეგოფი და კრისტიან მარკანიც შემოგვიერთდნენ. კარგა ხანს დავყავით იქ, მერე კი «პიგალში» გადავინაცვლეთ, სადაც კინაღამ ჩხუბი მოგვივიდა რომელიღაც სუტენიორთან შამპანურის გამო. იქიდან გამოსულებმა «ესკარგოში» ამოვყავით თავი, მწვანე სუპის დასაგემოვნებლად და განთიადსაც იქ შევხვდით. უნდა ვაღიარო, რომ მშვენიერი დრო ვატარეთ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა სრულიად გულწრფელად ვთქვა, რომ კატრინისთვის არ მიღალატია.

გაგრძელება იქნება