სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 8 - Marao

სარეცელი ვარსკვლავებთან - თავი 8

2023-05-15 16:29:08+04:00

წინა თავი

როცა კატრინი გავიცანი, ორი მიზანმიმართული ოცნება ჰქონდა _ გამხდარიყო დედა და გამხდარიყო მსახიობი. ახლა, როცა ერთსაც მიაღწია და მეორესაც, თითქოს გაიფურჩქნა. ის დაბადებული იყო იმისთვის, რომ სხვები ემართა. ცხოვრებაზე სრულიად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, რომელსაც უნდა დამორჩილებოდნენ ადამიანებიც და მოვლენებიც. ის ზედმეტად თავდაჯერებული გახლდათ. ეგონა, რომ ყოველთვის თვითონ იყო მართალი და შეეძლო ყველასთვის ბედნიერება მოეტანა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ისე გააკეთებდნენ, როგორც თავად სურდა. ყველა მის ნებას უნდა დაჰყოლოდა. ის ჭკვიანი იყო, თუმცა იუმორის გრძნობას მოკლებული. სამაგიეროდ, ისე შეეძლო თავი წარმოეჩინა, რომ ადამიანები უმალ იხიბლებოდნენ მისით. ამიტომაც სანამ საშიშროების წინაშე დადგებოდნენ, მართლაც რომ ყველანი ემორჩილებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ მის ყოველ შემოთავაზებაზე არ იყო საჭირო «ჰოს» თქმა. ძალიან იშვიათად მინახავს ეს რკინის ხასიათის გოგონა უძლური და სასოწარკვეთილი.

როცა იგი თავისი ხასიათის გამოვლინებას იწყებდა, მე ვიმალებოდი. სულაც არ მინდოდა, ვინმეს მოვეთვინიერებინე, ამიტომაც თავს ვარიდებდი, ეს კი ჩვენ შორის ურთიერთობის დაძაბვას იწვევდა.

ვერ გეტყვით, მართლა იყო თუ არა ყოველთვის მართალი, თუმცა, თვითონ ასე ეგონა. როგორც ხდება ხოლმე, ორ მოკამათე ადამიანს, თავისებურად, თავისი გამართლება აქვს. მე კი არ დავიწყებ თავის მართლებას, იმიტომ, რომ არ ვიცი, როდის ვიყავი მართალი და როდის ვტყუოდი. აშკარა მხოლოდ ერთი რამ გახლდათ _ კატრინი შეიცვალა. უფრო სწორად, მასში იმ თვისებებმა გაიღვიძა, რომელსაც აქამდე ეძინა.

ამავდროულად, არ ივიწყებდა თავის კარიერას, ხვდებოდა რეჟისორებს და პროდიუსერებს. ერთხელაც თავისმა დამ ჟაკ დემი გააცნო, რომელსაც დაუმეგობრდა…

 

***

აპრილში ლაპლანდიაში გავემგზავრე, რათა იქაური ბუნება გადამეღო ფილმისთვის «ციხესიმაგრე შვედეთში», ფრანსუაზა საგანის კომედიის მიხედვით. შვიდი თვის ორსული კატრინი პარიზში დარჩა. შემდეგ გადაღებები პარიზში გაგრძელდა, ბიიანკურის სტუდიაში. ამასობაში მშობიარობის დრომაც მოუწია. მე ფილმს ვიღებდი, მაგრამ გამუდმებით მასზე ვფიქრობდი.

18 ივნისს ცნობა მივიღე: «კატრინ დენევი ნეიის ამერიკულ ჰოსპიტალში წევს». შევშფოთდი და მაშინვე დავრეკე.

_ რა ხდება, კატრინ? ცუდად ხარ?

_ ხვალ ელოდებიან, _ მშვიდი ხმით მიპასუხა.

_ ხომ არ გართულდა რამე?

_ არა, არაფერი, ნუ ნერვიულობ.

ცოტათი მომეშვა გულზე, მაგრამ მთელი გულისყური იქითკენ მქონდა, როგორ წარიმართებოდა მშობიარობა, არ ვიცოდი.

ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. სამი საათის შემდეგ კიდევ ერთი შეტყობინება მივიღე. ამჯერად დამირეკეს და მახარეს.

_ ვაჟი შეგეძინათ, ბატონო ვადიმ. გილოცავთ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

მუშაობის გაგრძელება უკვე აღარ შემეძლო. ჟან მიშელს გადავაბარე საქმე, ვთხოვე, შენ დაამთავრე გადაღება-მეთქი და ჰოსტიპალში გავქანდი.

ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი…

გაფითრებული იწვა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ბრწყინავდა. ოფლისგან თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. მას გულზე მიეხუტებინა კრისტიანი, რომელიც მხოლოდ ერთი საათის იყო. გოგონა უკვე მყავდა, ამიტომ მიხაროდა, ვაჟიც რომ შემეძინა. აღელვებული შევყურებდი ჩვილს, ხმას ვერ ვიღებდი. კატრინმა გამიღიმა.

_ ეს ბავშვია. იცი, რას ნიშნავს ბავშვი? არიან ასეთი არსებები, რომლებიც ძუძუს წოვენ, რომლებსაც უცვლიან საფენებს და იზრდებიან ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

ამ დროს ექთანი შემოვიდა ბავშვის გასაყვანად. მე ფრთხილად ავიყვანე ხელში კრისტიანი, დანაოჭებულ შუბლზე ვაკოცე და ექთანს გადავეცი.

_ ნაოჭები უნდა მოვაშოროთ, _ გავიხუმრე და კატრინის ხელი მუჭში მოვიქციე.

ჩვენ უხმოდ შევცქეროდით ერთმანეთს და მზერით ვაიმედებდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. სითბო ჩამეღვარა სხეულში, თითქოს სული გამითბა. დიდი ხანია, ასე კარგად არ მიგრძნია თავი.

მაშინ არ ვიცოდი, რომ 18 წლის ასაკში კრისტიანი ისეთივე ლამაზი მამაკაცი დადგებოდა, როგორც დედამისი იყო, მაგრამ ახალშობილი საშინლად გამოიყურებოდა.

 

***

კრისტიანი ორი თვის გახდა. ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა მისი კალთაში ჩასმა. თავსაც კი ვერ იმაგრებდა. მძიმე თავი ჰქონდა, ხან წინ გადმოუვარდებოდა მკერდისკენ, ხანაც უკან. გამუდმებით მეშინოდა, კისერი არ გადაუტყდეს-მეთქი.

ერთ საღამოს ვან ფოგტის რომანს ვკითხულობდი. ეს მწერალი ჩემთვის გამორჩეულია თავისი ფანტასტიკური ნაწარმოებებით. სწორედ ამ დროს ბავშვის ოთახიდან უცნაური ხმები შემომესმა. შევეცადე, კატრინი არ გამეღვიძებინა და ფეხაკრეფით გავედი კრიასტიანის საძინებელში. დერეფნიდან ოთახში მთვარის შუქი უცნაურ ლანდებს ქმნიდა და რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, უცხოპლანეტელები ხომ არ შემოიპარნენ კრისტიანის გასატაცებლად-მეთქი, მით უმეტეს, ფანტასტიკას სწორედ იმ მომენტში ვკითხულობდი. არადა, კრისტიანი ჭუჭყუნებდა და ცდილობდა, ფეხის თითები პირში ჩაედო, ეს იყო და ეს.

იმ ღამის შემდეგ კრისტიანს მარსიანელი შევარქვი. ეს აღიზიანებდა კატრინს, რომელიც თავის პირმშოს დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზ პატარად აღიქვამდა. რამდენიმე თვის შემდეგ მარსიანელი მართლაც ძალიან ლამაზ ბიჭუნად გადაიქცა.

ჩვენ სან-ტროპეში ვცხოვრობდით, პამპელოანეს სანაპიროსთან ახლოს. სახლი პირდაპირ პლაჟს გადაჰყურებდა. ივლისის მზე, სტუმრად მოსული მეგობრები, ვახშამი აივანზე, გასეირნება ნავებით, ბავშვი, რომელსაც მე და კატრინი ვაღმერთებდით, ნატალის მხიარული შეძახილები ვარდებითა და ლილიებით გაფურჩქნილ ბაღში, მიმოზებისა და ევკალიპტების სურნელი _ ყველაფერი ეს ბედნიერების აღქმის შეგრძნებას ბადებდა. არადა, ამდენი არასდროს გვიჩხუბია. იმედი, რომ კრისტიანის გაჩენა ორივეს დაგვაახლოებდა, არ გამართლდა. უფრო და უფრო მიძნელდებოდა კატრინის ინტელექტუალური და ოჯახური საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობის ატანა. ის მაყვედრიდა, რომ მეგობრები მხოლოდ გასართობად მოდიოდნენ ჩემთან და მეც ხშირად ვიკარგებოდი ღამღამობით, რომ ვიყავი არაორგანიზებული და ოჯახზე არ ვფიქრობდი. უკვე თითქმის ყოველდღე მატყუარას მეძახდა. თავდაპირველად ვცდილობდი, რაღაც-რაღაცებზე თვალი დამეხუჭა, მაგრამ ბოლოს მომბეზრდა, აღარ მინდოდა ცხოვრებაში მხოლოდ შავი და თეთრი ფერები დამენახა. უნდა ვაღიარო, რომ სიტყვა «ჭეშმარიტების» ჩემეული ფორმულა ცოტა სხვანაირად ჟღერს, რაც დღემდე ძალიან აოცებთ ადამიანებს, განსაკუთრებით იმ ქალებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან. ჩვენი ტემპერამენტი, ჩვენი ცხოვრებისეული კონცეფციები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. იურიდიულ ენაზე ამას ხასიათების შეუთავსებლობას უწოდებენ.

მაგრამ მაშინაც კი, როცა სიყვარული ნელდება, მრავალი წლის თანაცხოვრების შემდეგ, დაშორება საშინლად მტანჯველი ხდება. ხოლო თუ კიდევ გიყვარს, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში იყო, მაშინ ხომ, მით უმეტეს, უფრო აუტანელია გაყრა. ყოველი ჩხუბის შემდეგ, ყოველი გაურკვევლობის შემდეგ, მე და კატრინი ერთმანეთს ვეხვეოდით და პატიებას ვითხოვდით ერთმანეთისგან. მაგრამ ცრემლებს და შერიგებებს, კოცნას და ალერსს უკვე აღარ შეეძლო დაწყებული პროცესის შეჩერება. ჩვენი ურთიერთობა დაჩირქებულ ჭრილობას დაემსგავსა, რაც უნდა წმინდო ჩირქი, ბოლოს მაინც რომ ჩადგება.

უკვე თვითონაც ვერ ვხვდებოდით, რა ერქვა ჩვენს ურთიერთობას. ჩხუბის დროს აუცილებლად შევახსენებდით ერთმანეთს, რომ უნდა დავშორებულიყავით, მაგრამ საღ გონებაზე, მშვიდ ატმოსფეროში ამაზე არასდროს გვისაუბრია. იმ დღემდე, იმ ქარიშხლამდე, ზღვაზე რომ ამოვარდა.

იახტით ვიყავით. ისეთი ამინდი გამოვიდა, არავის გვეგონა, თუ გადავრჩებოდით. აქეთ-იქით ვეხეთქებოდით ყველანი. ასეთ დროს ადამიანი მხოლოდ სიცოცხლეზე ფიქრობს და სწორედ იმ წუთებში ხვდება, რა მშვენიერია ცხოვრება, მიუხედავად უამრავი ყოფითი თუ არაყოფითი პრობლემისა.

როგორც იქნა, ქარიშხალი ჩადგა. უკვე დამშვიდებულები ნაპირზე ვბრუნდებოდით. კაიუტაში ვისხედით სავარძლებზე. კატრინი ჩემ წინ მოკალათებულიყო. მან სრულიად მოულოდნელად დაიწყო ლაპარაკი.

_ მეგონა, ყველანი დავიხრჩობოდით. იმედი უკვე გადაწურული მქონდა. ამ დროს მხოლოდ კრისტიანზე ვფიქრობდი. ნატალის დედა ჰყავს და არაფერი გაუჭირდებოდა. მერე ჩვენზე ვიფიქრე. ვიფიქრე და ჩემს თავს ვუთხარი: «თუკი მოხდა საოცრება და გადავრჩით, ჩვენი გზები გაიყრება. ცხოვრება ერთმანეთს დაგვაშორებს. იცი? ყველაფერი გასაოცრად ნათელი გახდა ჩემთვის. თითქოს მომავალს ვხედავდი, თითქოს სურათებიან წიგნს ვათვალიერებდი. და საშინლად მეტკინა გული… ახლაც მტკივა… ამ ყველაფრის გაფიქრებამ სევდა მომგვარა».

 

***

ზაფხულის ბოლოს კატრინი ჟაკ დემის ფილმ «შერბურის ქოლგების» გადაღებაზე გაემგზავრა. მე კი ვენეციის კინოფესტივალზე მომიწია წასვლამ. იქიდან დაბრუნებულმა რამდენიმე დღე კრისტიანთან გავატარე, შემდეგ კი გადავწყვიტე, კატრინი მომენახულებინა შერბურში.

კვირა დღე კუნძულ ჯერსიზე გავატარეთ. ულამაზესი ადგილია თავისი ბუნებით. ირგვლივ ყველაფერი მუქ მწვანე ფერებშია ჩაფლული. თოჯინებივით პატარა და კოხტა სახლებია კუნძულზე, რომლებიც ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული და ყველა ერთნაირი, თითქოს გამოფენისთვის გაამზადესო. განსაკუთრებით ლამაზია წითელი აგურით ნაგები ეკლესიები. იმის მაგივრად, რომ ატმოსფეროს შესაფერისად დაგვესვენა, მთელი დღე ჩხუბში გავატარეთ. ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. ნებისმიერ რამეზე საბაბს გამონახავდა კატრინი, რომ კამათი დაეწყო.

მეორე დღეს ბოლომდე გულგატეხილი წამოვედი იქიდან.

«შერბურის ქოლგების» გადაღებებმა წარმატებით ჩაიარა, განსაკუთრებით კატრინისთვის. ამ ფილმმა მას საჭირო და სასიკეთო გამოცდილება მოუტანა. მან სულაც არ იცოდა, რომ ეს სურათი ვარსკვლავად აქცევდა, მაგრამ პირველად თამაშობდა მისი ხასიათის შესაფერის ფილმში. სხვათა შორის, ჟაკ დენიმაც კარგად გამოიყენა მისი დახვეწილი, რომანტიკული ბუნება და ნიჭი.

ფრანგულ ფილმს ახალი სახე სჭირდებოდა, ნაკლებად მგრძნობიარე, ვიდრე ჟანა მორო, ნაკლებად აგრესიული, ვიდრე სიმონა სინიორე. ასეთი სახის ადგილი კინემატოგრაფში ცარიელი იყო და კატრინმა დაიკავა იგი თავისი პირველივე დიდი როლით.

როცა ის პარიზში დაბრუნდა, თითქოს ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. ისე აღარ ვჩხუბობდით, ვერიდებოდით სკანდალებს. ჩვენ ორ დაღლილ მოკრივეს დავემსგავსეთ, ერთი რაუნდის შემდეგ გონს მოსასვლელად და «ამოსასუნთქად» კუთხეში რომ მიდგებიან. კატრინი ძალიან ბევრ დროს ატარებდა ბავშვთან, მე კი დღეღამეში 15 საათი სტუდიაში ვიყავი დაკავებული, ვემზადებოდი მორიგი ფილმი-რიმეიქის «ფერხულის» გადასაღებად, ჟან ანუის სცენარის მიხედვით.

 

ჯეინ ფონდა

12 დეკემბერი იყო. საღამო ხანი. დაღლილ-დაქანცული ვბრუნდებოდი შინ. ის იყო, სახლის კარი შევაღე, რომ ცოტა მოულოდნელი სურათი გადამეშალა თვალწინ. კატრინი ჩემოდნებს ალაგებდა. ამ სცენამ რაღაც გამახსენა.

_ უნდა გავემგზავრო, _ მითხრა მან, _ ასე მეტი აღარ შემიძლია.

_ და საით შენი მგზავრობა? _ მშვიდად, მაგრამ შეცვლილი ხმით ვკითხე.

პასუხი არ გაუცია. რამდენჯერაც ჩავეძიე, არ მიპასუხა. ისე წავიდა სახლიდან, არ უთქვამს, სად მიემგზავრებოდა.

ალბათ ამაზე მეტი გულისტკენა შეუძლებელია ადამიანმა განიცადოს, რადგან მეორე დღეს გაზეთებიდან შევიტყვე, რომ იგი ჯონი ჰოლიდეის გაეკიდა, რომელიც ლიონში თუ ევიანში, ზუსტად არ მახსოვს, კონცერტებს მართავდა. თუმცა ეს ამბავი გულთან ახლოს არ მიმიტანია, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს პრესის მოტანილი «ცხელი ნიუსი».

17 დეკემბერს კატრინი დაბრუნდა…

მაგრამ რატომღაც, სულაც არ მეჩვენა ბედნიერი. კრინტი არ დაუძრავს ამ ხანმოკლე მოგზაურობაზე. არც მიკითხავს. ვიცოდი მისი ხასიათი. თუკი რამეზე გადაწყვეტდა, არ ელაპარაკა, სიტყვას ვერ დააცდენინებდი. იყო მის ცხოვრებაში ისეთი დღეები, როცა გასაკვირად ჩაკეტილი ხდებოდა. ამ დროს მას არ უნდა შეხებოდი.

20 დეკემბერს ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა, ოლგა ხორსტიგმა დამირეკა (ბრიჟიტ ბარდოს იმპრესარიომ) და მთხოვა, ერთად გვევახშმა.

_ დღეს ერთი ჩემი კლიენტის დაბადების დღეა. ის მარტოა, ამიტომ დავპატიჟე. როგორც ვიცი, შენც იცნობ მას.

_ ვინ არის? _ დავინტერესდი.

_ ჯეინ ფონდა…

ჯეინ ფონდა ადრეც მყავდა ნანახი, რაღაც დონეზე ურთიერთობაც მქონია, თუმცა ახლოს არ ვიცნობდი.

პარიზში ერთი რესტორანი მომწონდა, «მაქსიმი». იქ კარგადაც ივახშმებდი და შეგეძლო გეცეკვა კიდეც. ერთადერთი აქ შენარჩუნდა ძველი ტრადიცია, სხვაგან ცეკვა თითქმის ყველგან შეუძლებელი იყო.

ანეტი, ჩემი მეორე ცოლი ახალი გაცნობილი მყავდა. ერთ საღამოს მას გავუარე და ერთად წავედით რესტორანში. რამდენიმე მეგობარი ერთად ვვახშმობდით, მათ შორის იყო კრისტიან მარკანი. მას უცნობი გოგონა ახლდა.

_ ეს ჰენრი ფონდას ქალიშვილია, _ თქვა იქ მყოფთაგან რომელიღაცამ.

ჯეინი მაშინ 18 წლის თუ იქნებოდა. მშვენიერი იყო, მაგრამ ალბათ არც მივაქცევდი ყურადღებას, კრისტიანთან ერთად რომ არ ყოფილიყო.

სასიამოვნო მელოდიით გაივსო დარბაზი. მარკანმა ხელი ჩაჰკიდა ჯეინს და საცეკვაოდ გაიწვია. მას მოკრძალებული კაბა ეცვა, სხეულზე შემოტმასნილი, მუხლამდე სიგრძის და უკან ოდნავ ჩახსნილი. ისეთი ვარცხნილობა ჰქონდა (ასევე, მოკრძალებული) ამერიკული ფილმებში კარგად აღზრდილ ქალიშვილებს რომ აქვთ. პარიზელი ქალებისგან განსხვავებით, მისი მაკიაჟი საოცარ კონტრასტს ქმნიდა, რამაც ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. ამერიკელმა ქალებმა სხვანაირი გაპრანჭვა იციან.

მე და კრისტიანს ჩვევად გვქონდა _ ყოველთვის ვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენი თანმხლები ქალების ნაკლზე და ხაზგასმით ვაზვიადებდით ხოლმე რაღაც-რაღაცებს, მერე კი ერთმანეთს დავცინოდით. ცეკვის დროს, როცა მარკანი მომიახლოვდა, ავდექი და შარვლის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯი ჩავუკუჭე, რომელზეც ეწერა: «მისი კოჭები ნანახი გაქვს?»

არადა, იმ საღამოს ჯეინს კოჭები მართლაც შესამჩნევად შესივებული ჰქონდა. როცა ცეკვა დაამთავრეს და მაგიდას დაუბრუნდნენ, კრისტიანმა ნაწერი წაიკითხა, მერე ქაღალდი დაჭმუჭნა და საფერფლეში ჩააგდო. არც მას უთქვამს არაფერი და არც მე მიკითხავს. ცოტა ხანში სრულიად გადაგვავიწყდა ეს ამბავი. მერე შევყევით, ვილაპარაკეთ, ამასობაში ჩემ გარდა ვერავინ შეამჩნია, როგორ აიღო ჯეინმა საფერფლიდან დაჭმუჭნილი ნაწერი. ის მე პრესიდან და ტელევიზიიდან მიცნობდა, რა თქმა უნდა, ჩემი ფოტოებიც ექნებოდა ნანახი და მაშინვე მიხვდა, რომ წერილი მას ეხებოდა. ალბათ ცნობისმოყვარეობა კლავდა, რას ვფიქრობდი მასზე. როცა ჩემი ნაჯღაბნი წაიკითხა, მეგონა, გაბრაზდებოდა, მაგრამ შევცდი. არ გაბრაზებულა. სხვას მის ადგილას ალბათ გარკვეული რეაქცია ექნებოდა.

მოგვიანებით, როცა ერთმანეთს დავუახლოვდით, მითხრა, რომ პირიქით, გაახალისა კიდეც ჩემმა შეკითხვამ.

მეორე დღეს ჯეინი ლოს-ანჯელესში გაფრინდა, ამიტომ არ მინახავს. სწორედ იქ შევხვდი მას სამი წლის შემდეგ და პირველად მაშინ დაველაპარაკეთ ერთმანეთს.

იყო ერთი ფრანგი პროდიუსერი, რომელმაც მთხოვა, დავინტერესებულიყავი ჯეინით და მომესინჯა იგი ჩემს ახალ ფილმში ერთ-ერთ როლზე. ერთ კვირაში უნდა დამეტოვებინა ჰოლივუდი, ამიტომ მის იმპრესარიოს ვთხოვე, იქნებ გამგზავრებამდე შემახვედრო-მეთქი.

და აი, შუადღე რომ გადავიდა, ჯეინი სასტუმრო «ბევერლი-ჰილზის» კაფე-შოპში მოვიდა, რადგან მე სწორედ იქ ვცხოვრობდი. უმაკიაჟოდ იყო, ხოლო რაც შეეხება მის ვარცხნილობას, თმა ისე ჰქონდა გაწეწილი, თითქოს ეს-ესაა, სანაპიროზე ასი მეტრი გაირბინაო. ჯინსის შარვალი და მამაკაცის პერანგი ეცვა. მაშინ არ ვიცოდი, რომ შეგნებულად გამომეცხადა ამ ფორმაში. თურმე მისმა იმპრესარიომ გააფრთხილა, შეეცადე, სექსუალურად გამოიყურებოდეო. მან კი ყველაფერი უკუღმა გააკეთა. მას ეშინოდა ჩემი რეპუტაციის. მე ხომ ორი «ტიტული» მქონდა საზოგადოებაში მონიჭებული: «ვარსკვლავების შემქმნელი» და «ეროტიკის სპეციალისტი».

თუმცა, მისმა მცდელობამ არ გაამართლა. ეგონა, ასეთ ამპლუაში ჩემს შოკირებას შეძლებდა, არადა, პირიქით მოხდა _ ძალიან, ძალიან მომეწონა მისი ბუნებრიობა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე დამთანხმდა, თავში აზრადაც არ მოსვლია, ჩემი წინადადება მიეღო და ახალ ფილმში ეთამაშა. მას, უბრალოდ, ჩემი გაცნობა უნდოდა. ცნობისმოყვარეობა კლავდა თურმე, როგორი ვიყავი სინამდვილეში.

რამდენიმე საათი ვილაპარაკეთ, ახლა აღარც მახსოვს, რაზე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ როლი შევთავაზე და მან უარი მითხრა. შემდეგ თავაზიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით.

გაგრძელება იქნება