კიდევ სამი წელი გავიდა. ფრენსის კოსნმა იდეა ჩამაწოდა, გადამეღო ფილმი ცნობილი ბესტსელერის «ანჟელიკა ანგელოზების მარკიზას» მიხედვით. მას უნდოდა, რომ ავანტიურისტი გრაფინია მილედის როლი ჯეინ ფონდას ეთამაშა. უარი არ მითქვამს, ცუდი ვარიანტი სულაც არ იყო.
კოსნმა გაგზავნა მოთხოვნა ჰოლივუდში, დაუკავშირდა მის იმპრესარიოს და საქმის შინაარსი გააცნო.
გავიდა რამდენიმე კვირა და ფრენსისმა ჰოლივუდიდან წერილი მიიღო. ის მაშინვე ჩემთან გამოიქცა და აღშფოთებულმა წამაკითხა. «ჯეინ ფონდა არ დაინტერესდა ამ კოსტიუმირებული ფილმით. ასევე, მთხოვა გადმომეცა, რომ არასდროს ითანამშრომლებს როჟე ვადიმთან».
საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ყოველ წუთს ეს სიტყვები მახსოვდა. ამ მომაკვდინებელი წერილის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იყო, ოლგა ხორსტიგმა რომ დამპატიჟა თავისთან ჯეინ ფონდას დაბადების დღეზე. იმ პერიოდში ფონდას რენე კელმანის ფილმ «კატებში» იღებდნენ ალენ დელონთან ერთად.
გადაღების დამთავრების შემდეგ იუბილარმა მოასწრო სასტუმროში გასვლა, რათა თავი მოეწესრიგებინა, ტანსაცმელი გამოეცვალა და ვარცხნილობისთვისაც მიეხედა. და უნდა გამოვტყდე, რომ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ეს არ იყო ის უტიფარი გოგონა, წლების წინ რომ შემხვდა. ჩემ წინ უკვე დასრულებული ქალი იდგა, ნატიფი და ლამაზი.
სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა ოლგასთან. ცოტა არ იყოს, დაძაბული ვიყავი, ჯეინის სიტყვებს ვერ ვივიწყებდი. საერთოდ, ძნელად მავიწყდება მსგავსი რამეები.
პარიზულ ცხოვრებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ჯეინმა თქვა, პარიზში თავს ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობო.
_ არადა, თქვენზე და ალენ დელონზე რას არ წერენ, _ შენიშნა ოლგამ.
_ რას ვიზამთ, ასეთია თამაშის წესები, _ უპასუხა ჯეინმა. _ პრესატაშემ გადაუკრა ერთხელ სიტყვა მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობების რომანზე რენეს და პრესამ მაშინვე აიტაცა. არც კი ფიქრობენ, ინფორმაცია გადაამოწმონ. რადგან მან თქვა, ესე იგი, ყველაფერი მართალია. არადა, სულ სხვა კონტექსტში იყო ის სიტყვები ნათქვამი. ამათ თავისებურად «გადათარგმნეს».
_ მერედა, რატომ არ იტყვით, რომ ეს ამბავი ჭორია? _ გაუკვირდა ოლგას.
_ თავის მართლება ასეთ დროს უარესია, ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას ნიშნავს. როგორ უნდა დაუმტკიცო ვინმეს, რომ არასდროს წოლილხარ მამაკაცთან, რომელიც გადასაღებ მოედანზე ნახევრად შიშველს გეხვევა და გკოცნის? და ამ დროს 60 ადამიანი შეჰყურებს ამ სცენას? ალენი ძალიან საყვარელია, მაგრამ მე მასთან არაფერი მაქვს საერთო. ან კი რაზე უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს? ჩემი რეჟისორი, რენე კლემანი საოცრად ცივი ადამიანია. გული ალბათ აქვს, მაგრამ საგულდაგულოდ მალავს. შესაძლებელია, ეს ყველაფერი მისი მორიდებულობის ბრალია. ამიტომაც პარიზში ერთადერთი მეგობარი მყავს _ პროდიუსერი ლორანი, მაგრამ ის ცოლიანია, შვილები ჰყავს, ამიტომაც ჩემთვის დრო აღარ რჩება.
_ არადა, რამდენი რამის ნახვა შეიძლება პარიზში, _ თქვა ოლგამ.
_ გეთანხმებით. თუმცა, ბევრი ვერაფერი მოვახერხე. იმიტომ კი არა, რომ თანმხლები არ მყავს, სხვა პრობლემაც მაქვს და თანაც, ძალიან სერიოზული. სომნაბულიზმის შემოტევები მჭირს. ზაფხულში საერთოდ შიშველს მიყვარს დაძინება და რამდენჯერ მომხდარა, რომ დედიშობილას ბაღში გამღვიძებია. ერთხელ შუაღამისას ჭიშკარიც კი გავაღე და ქუჩაში გავედი. როცა გამოვერკვიე, სირცხვილისგან დავიწვი. ხომ წარმოგიდგენიათ, ვინმეს რომ შიშველი დავენახე.
მათ კიდევ კარგა ხანს ილაპარაკეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე კრინტი არ დამიძრავს. მერე ტორტი შემოიტანა ოლგამ, რომლის შუაში 5 სანთელი იყო ჩარჭობილი. ეს სიურპრიზი აღმოჩნდა ჯეინისთვის. სტუმრებმა «ჰეპი ბიორტსდეი» იმღერეს. როცა სანთელი ჩააქრო, ჯეინმა სიტყვა მოითხოვა და გული გადაგვიშალა, მოგვიყვა, რატომაც წამოვიდა ჰოლივუდიდან საფრანგეთში.
_ შტატებში ექვს ფილმში ვითამაშე და სამ სპექტაკლში. ჯილდოც კი მივიღე, «წლის ახალი ტალანტის» წოდება მომანიჭეს. მაგრამ მე მაინც ჰენრი ფონდას ქალიშვილად დავრჩი და ერთ-ერთ «ჰოლივუდის იმედად». ჟურნალისტებმა ამერიკელი ბრიჟიტ ბარდო შემარქვეს, _ იგი რამდენიმე წამით შეჩერდა, გაიღიმა და გააგრძელა, _ ბრიჟიტ ბარდოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არა მგონია, მას ვგავდე. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მირჩევნია, არავის ვგავდე და ვიყო ის, ვინც ვარ. ჰოლივუდში, სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ ვიცოდი, ვინ ვიყავი. ნახევარფაბრიკატი და სისტემის ტყვე. ასე არ მინდოდა. ამიტომაც დავთანხმდი რენე კლემანს და საფრანგეთში წამოვედი. იქნებ აქ მაინც ვიპოვო საკუთარი თავი. სანამ გამოვემგზავრებოდი, ყველა მეუბნებოდა, ეს უპასუხისმგებლობაა, სწორად არ იქცევი, ჩვენგან რომ მიდიხარო. ჩამჩიჩინებდნენ, იქ წასვლით კარიერას დაიღუპავ, ჯერ არავის უნახავს, ამერიკელ მსახიობს წარმატებისთვის ევროპაში მიეღწიოსო. გრეტა გარბოსა და ინგრიდ ბერგმანის მაგალითი მოჰყავდათ, რომლებიც ჰოლივუდში შვედეთიდან ჩამოვიდნენ. მე სულაც არ ვფიქრობ ასე. რა, ბერგმანმა თავი დაიღუპა, როსელინისთან ერთად იტალიაში რომ წავიდა? ვნახოთ…
ტორტის შემოტანიდან დიდი ხანი არ გასულა, რომ ჯეინმა მოგვიბოდიშა, დილაადრიან გადაღება მაქვს, ამიტომ 11 საათზე შინ უნდა ვიყო, რათა დროზე დავწვე დასაძინებლადო. იგი ყველას დაგვემშვიდობა და წავიდა, 20 წუთის შემდეგ კი დარეკა და ოლგას დიდი მადლობა გადაუხადა წვეულების მოწყობისთვის, თან დაამატა, რაც პარიზში ჩამოვედი, ეს საუკეთესო საღამო იყო ჩემთვისო.
ყურმილი დაკიდა თუ არა, ოლგა მე მომიბრუნდა.
_ შენ მოაჯადოვე იგი.
მოჯადოებული ის კი არა, მე ვიყავი. და წამითაც არ მქონია იმედი, რომ ეს «მოჯადოება» ორმხრივი იქნებოდა.
8 8 8
ფილმ «გუნდის ხელმძღვანელის» პროდიუსერებს რობერ და რაიმონ აკიმებს ამ სურათში ჯეინისთვის როლის შეთავაზება სურდათ. მე გამეცინა.
_ რა გაცინებს? _ ეწყინა რობერს.
_ თქვენ არ იცით, მან როგორი წერილი მოიწერა ჰოლივუდიდან ჩემზე.
_ როგორი?
_ როგორი და საშინლად შეურაცხმყოფელი. კატეგორიული უარი განაცხადა, ოდესმე ჩემთან ითანამშრომლოს.
_ ეს არაფერს ნიშნავს, _ ხელი აიქნია რაიმონმა, _ მსახიობებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მაშინ ალბათ ეგეთ ხასიათზე იყო, ახლა უკვე შეიცვლიდა შეხედულებას.
მან ოლგა ხორსტიგს დაურეკა, დაელაპარაკა და მისი პირით შეუთვალა ჯეინს, რასაც ვთავაზობდით. ჩემდა გასაკვირად, ფონდამ თანხმობა განაცხადა. ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება.
მისი ასეთი შემოტრიალება მხოლოდ ოლგასთან გამართული საღამოს დამსახურება არ იყო. მან მიატოვა ჰოლივუდი, გადაწყვიტა ემუშავა საფრანგეთში, ამასთან, სცენარის ავტორ ჟან ანუის პრესტიჟმაც იმოქმედა, და კიდევ იმან, რომ ბრწყინვალე სამსახიობო გუნდი იყო შერჩეული ფილმისთვის. ამ ყველაფერმა იქონია მასზე გავლენა. ის თავს არც «სექსუალურად» მიიჩნევდა და არც მზეთუნახავად და ვერ გაეგო, მე რატომ ვიყავი ასე დაინტერესებული მისი პიროვნებით. ჩემი რეპუტაცია კიდევაც იზიდავდა და კიდევაც აშინებდა, როგორც ცხოვრებაში, ისე კინოში.
ის უკვე 25 წლის იყო და ასაკთან შედარებით, ერთობ თავდაჯერებული გახლდათ. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მალე ვარსკვლავი გახდებოდა, მკაცრად განსჯიდა მამას და ძმას და ყოველთვის მზად იყო, შოკში ჩაეგდო საზოგადოება. მისთვის სულერთი იყო, რას ილაპარაკებდა მასზე პუბლიკა.
მისი ბუნება იყო ასეთი, უნდა გაჭრილიყო წინ, არაფრის დიდებით უკან არ უნდა დაეხია და ყოველთვის უნდა დაეცინა სხვების აზრისთვის. თუმცა, ეს მხოლოდ ზედაპირულად. სინამდვილეში ნაკლებად თავდაჯერებული გახლდათ, ვიდრე ცდილობდა ამის წარმოჩენას. ხშირად ძალიან რთულ კითხვებს უსვამდა თავის თავს საკუთარ კარიერაზე, მამაზე, ძმაზე და პირად ცხოვრებაზეც კი. მას მიაჩნდა, რომ ჯერ ვერაფერსაც მიაღწია. ეს კი ძალიან აწუხებდა.
8 8 8
ცნობილი მუსიკალური გამომცემელი ედი ბარკეი ყოველ წელს, საახალწლოდ კოსტიუმირებულ ბალს მართავდა. ბულონის ტყის უზარმაზარი პავილიონი მუდამ ხალხით იყო ამ დროს სავსე, თუკი ვინმე ცნობილი და აღიარებული ცხოვრობდა პარიზში. იმ წელს კარნავალს ჯეინიც დაესწრო. ის ჩარლი ჩაპლინს განასახიერებდა _ პატარა ულვაშით, შლაპით და ტროსტით. მე წითელი არმიის ოფიცრის კოსტიუმი მეცვა.
მთელი ღამე ჩვენ შორის უცნაური თამაში მიდიოდა. ის გამუდმებით გამირბოდა, მემალებოდა, მერე ისევ მომძებნიდა და შემდეგ კვლავ უჩინარდებოდა. დილის 5 საათისთვის დარბაზში ოციოდე კაცი დარჩა. მათ შორის იყო ჯეინიც.
_ თქვენ საახალწლო კოცნა დაგავიწყდათ, _ ვუთხარი თამამად, მივაჭერი და პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე.
მან დაბნეულად შემომხედა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა და ლორანისკენ გაემართა, რათა მისთვის შინ გაცილება ეთხოვა.
რამდენიმე დღის შემდეგ სტუდია «ეპინში» გავედი, რათა ჟან ანდრე მენახა, ჩემი ყველა ფილმის კოსტიუმების მხატვარი. ის თვალს ადევნებდა, როგორ აშენებდნენ დეკორაციას რენე კლემანის ფილმისთვის «კატები». ცოტა ხანს ვიბაასეთ და სტუდიის ბარში ვისკი დავლიეთ. გარეთ კოკისპირულად წვიმდა.
მოულოდნელად კარი გაიღო და ჯეინი შემოვიდა. თმიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა. არადა, ერთი წუთის წინ ის სასიყვარულო სცენას თამაშობდა ალენ დელონთან ერთად ლოგინში და იმისთვის, რომ პავილიონიდან ბარამდე ეზო გადმოეკვეთა, ღამის პერანგზე ლაბადა ჰქონდა მოსხმული. ამწუთას ძალიან ლამაზი იყო, აღგზნებული, წვიმით დასველებული, გაბრწყინებული თვალებით.
როგორც კი მე დამინახა, მაშინვე შეცბა.
სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რომ მიყვარდა.
_ დამალევინეთ რამე! _ პირდაპირ მე შემომხედა.
ვისკი დავუსხი. რუსულად დალია _ ერთი ყლუპით გადაკრა. სასიამოვნო მომენტი იყო… მე შეყვარებული ვიყავი.
ორი საათის შემდეგ ჯეინი სასტუმრო «რელე ბისონში» მივაცილე და მასთან ერთად მის ნომერში ავედი.
ფანჯრები სენას გადაჰყურებდა. ოთახს ნაძერწი ჭერი ამშვენებდა და კუთხეში ერთი დიდი საწოლი იდგა. იყო კიდევ ერთი დივანი, რომელზეც დავეხეთქეთ ორივენი, როგორც კი მან ლაბადა გაიხადა…
პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ერთი ქალის ლოგინიდან ამდგარი, მეორის მკლავებში აღმოვჩნდი. კატრინის მოტყუება არ მინდოდა. მას შემდეგ, რაც აღარ ვჩხუბობდით, უფრო მეტ მოწიწებას განვიცდიდი მის მიმართ.
ავდექი და გამოვუცხადე, სხვა მიყვარს-მეთქი. რეაქცია დიდად არ ჰქონია, მხრები აიჩეჩა მხოლოდ. როგორც ჩანს, ყოველგვარი ზედმეტი წუხილის გარეშე გადაწყვიტა ურთიერთობის გაწყვეტა. თუმცა, მგონია, რომ იმაზე მეტად განიცდიდა ამ დაშორებას, ვიდრე მე. მაგრამ არა სიყვარულის გამო, არამედ იმის გამო, რომ მე პირველმა მივატოვე იგი.
8 8 8
ერთხელ ჯეინმა გამომიცხადა, ორი დღით ჟენევაში უნდა გავემგზავრო ლორანთან ერთადო.
რამდენიმე საათის წასული იყო, რომ ვიგრძენი, როგორ მაკლდა. მარტოსულად ვიგრძენი თავი. კრისტიან მარკანთან, მორის რენესთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად, შევეცადე, დამევიწყებინა ჩემი მარტოობა. დავლიეთ.
თენდებოდა, სასტუმროში რომ დავბრუნდი. თუმცა, მეგონა, რომ დავბრუნდი. სხვათა შორის, ხშირად ამრევია ხოლმე მისამართი. იმის მაგივრად, რომ «რელე ბისონში» მივსულიყავი, ენგრის ავენიუზე ამოვყავი თავი. კარი გავაღე, უხმაუროდ გავედი საძინებელში, გავიხადე და დასაწოლად გავემზადე.
კატრინი გაოცებული მომჩერებოდა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.
_ შეიძლება გავიგო, შენ აქ რას აკეთებ? _ მკითხა, როცა მის გვერდით გავიშოტე.
სწორედ მაშინ მივხვდი ჩემს შეცდომას.
_ მაპატიე, _ ვუპასუხე, _ მისამართი ამერია.
კატრინმა რაღაცა მითხრა, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი და ისე მინდოდა დაძინება, სანამ ის ფრაზას დაამთავრებდა, უკვე დამეძინა.
როცა გამეღვიძა, საწოლი ცარიელი დამხვდა. ჩავიცვი და სასადილო ოთახში გავედი. კატრინს მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ისე მიყურებდა, როგორც ცხოველს, რომელიც პირველად ნახა.
_ წუხელ რა მკითხე? _ მშვიდად გავხედე.
_ გთხოვე, ჩაგეცვა და წასულიყავი აქედან.
_ და რა გააკეთე, როცა დამეძინა?
_ თავიდან ვიფიქრე, პოლიციას გამოვუძახებ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, ეს ხომ შენი ბინაა. მერე შენი ბალიშით გაგუდვა გადავწყვიტე, მაგრამ ესეც გადავიფიქრე. შენნაირი ტიპის გამო ციხეში ჩაჯდომა სრულიად არ მხიბლავს. გარდა ამისა, ძალიან დაღლილი ვიყავი, რომ საწოლიდან გადმომეთრიე და დერეფანში დამეგდე. ჰოდა, მეც დავიძინე, _ ცოტაოდენი პაუზის შემდეგ კი დაამატა, _ არ გრცხვენია, ვადიმ?
_ მრცხვენია, _ ვუპასუხე.
და ეს სიმართლე იყო.
8 8 8
როცა ჯეინი ჟენევიდან დაბრუნდა, ვერ მოვითმინე და პირდაპირ დავუსვი საჭირბოროტო შეკითხვა.
_ მითხარი, ჯეინ, ლორანი შენი საყვარელი იყო?
_ ჰო, _ წარბიც არ შეუხრია, ისე მიპასუხა.
_ გიყვარდა იგი?
_ მე მარტოობას განვიცდიდი. ის კი ძალიან ნაზი და საყვარელი ადამიანი იყო, თანაც საიმედო. ის ძალიან დამეხმარა.
_ და ეს გამგზავრება რა საჭირო იყო?
_ მასთან ურთიერთობა უნდა მომეგვარებინა. სხვანაირად არ გამოდიოდა. თანაც, მინდოდა ცოტა ხნით შორს ვყოფილიყავი შენგან, რომ საკუთარ თავში გავრკვეულიყავი.
მე თითქოს მესმოდა მისი. ის უკიდურესობამდე პრაქტიკული ქალი იყო.
_ და მერე?
_ მე შენ მიყვარხარ.
_ ჟენევაში იწექი ლორანთან?
_ ჰო. ხომ გითხარი, საკუთარ თავში გარკვევა მინდოდა-მეთქი.
მისმა პასუხმა თავზარი დამცა. ეს გამაოგნებელი შოკი იყო ჩემთვის, მაგრამ როგორც კი რისხვამ გამიარა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეგრევე დავწყნარდი.
პირველად შევხვდი ცხოვრებაში ქალს, რომელიც არ მატყუებდა.
ჯეინის პიროვნებაში სულაც არ მიზიდავდა ის თვისებები, რაზეც დღეს სხვები ამახვილებენ ყურადღებას _ პოლიტიკური სითამამე, ლიდერობის ნიჭი, ფემინისტური იდეალების მხარდაჭერა, თუ მისი დაუჯერებელი წარმატებები კინოში. არც მისი საყოველთაო იმიჯი _ «ქალი-ინტელექტუალი» აღმაფრთოვანებდა. არა! მე მხოლოდ მის მიამიტობას, გულწრფელობას და თავდაჯერებულობას ვხედავდი და ვაფასებდი. გარდა ამისა, მიზიდავდა კიდევ ერთი რამ _ მისი სახე, სხეული და ის ფაქტი, რომ გარეგნობით ჩვენ ძალიან ვუხდებოდით ერთმანეთს.
ჩვენ ორივეს ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯეინი მაინც არ იყო დარწმუნებული, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდებოდა. ამიტომაც ჩემთან შეუღლებას არ ჩქარობდა, თავს იკავებდა, გაურბოდა ოჯახურ მოვალეობებს. ამბობდა, ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო, ჩემი ცხოვრება მამაკაცს დავუკავშიროო.
ფილმ «კატების» გადაღება რომ დასრულდა, პროდიუსერებმა სასტუმროს ფულის გადახდა შეგვიწყვიტეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, პატარა ბინა გვექირავებინა.
სეგეს ქუჩაზე, სენ-მიშელის მოედნის კუთხეში, იდეალური ოთახი ვიპოვე, მერცხლის ბუდეს ჰგავდა. სახლიდან რამდენიმე მეტრში სენა ჩამოდიოდა. ამაზე უკეთეს რომანტიკულ ადგილს ვერ ინატრებდი.
მთელ დღეებს პროდიუსერებთან ვატარებდი, ფილმ «გუნდის ხელმძღვანელის» გადასაღებად მზადება მთავრდებოდა. ჯეინი დადიოდა მუზეუმებში, ემზადებოდა ფრანგულ ენაში და წერილებს სწერდა მამას, ძმებს, ყოფილ დედინაცვალ სიუზენს _ ბოლოსწინა ქალბატონ ფონდას _ რომელიც ძალიან უყვარდა. ჯეინი ბევრს კითხულობდა, ძირითადად, პოლიტიკას და ისტორიას ეცნობოდა. მე ვურჩიე, მარლოს «იმედი», გორკის «დედა» და მაკიაველის «მთავარი» წაეკითხა. ბოლო წიგნი ვეღარ დაამთავრა. მაკიაველის პოლიტიკის მექანიკა მას ჯერ კიდევ არ აინტერესებდა…
მაგრამ მისთვის მთავარი მაინც ფილმში თამაში იყო. გადაღების პროცესი უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. ის ყურადღებით მისმენდა, როცა რამეს ვუხსნიდი, მივუთითებდი, ვურჩევდი… ძალიან დისციპლინებული იყო, ყოველთვის ცდილობდა, რაც შეიძლება, უკეთ გამოსვლოდა როლი. ერთი სიტყვით, ის ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ, რასაც ბევრ ფრანგ და იტალიელ მსახიობ ქალზე ვერ იტყვი. თუმცა, ის არც იყო ფრანგი, მით უმეტეს _ იტალიელი.
ჯეინს იდეალური სამსახიობო კურსები ჰქონდა გავლილი. ლი სტრასბერგის (ცნობილი «აქტორე სტუდიოს» დამაარსებელი) მოსწავლე პროფესიონალურად ახერხებდა, კინოსა და სცენაზე მიღებული გამოცდილებით თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან დაეკავშირებინა. მას საქვეყნოდ აღიარებულ რეჟისრებთან მოუწია მუშაობამ _ ჯორჯ კიუკორთან, ჯორჯ როი ჰილთან, რენე კლემანთან…
მიუხედავად ამისა, რაღაც მაინც აკლდა _ ჩემი აზრით, სპონტანურობა. გასაოცარი მოსწავლე იყო, მაგრამ სითამამე არ ჰყოფნიდა, თავისი თავი გამოემჟღავნებინა და მისეული რაც იყო, ის წარმოეჩინა. ვერ წყვეტდა ამას და მხოლოდ რეჟისორის მითითებებს ასრულებდა, თანაც ზედმიწევნით კარგად. ყოველთვის ყველაფერს აანალიზებდა, ამასთან _ ზედმეტად. იმპროვიზაციის უნარს სრულებით არ ამჟღავნებდა.
თუმცა მალე მიხვდა, რომ ამ გაანალიზებაში, სანამ ამა თუ იმ ქმედებას აწონ-დაწონიდა, საკუთარ ინდივიდუალობას კარგავდა. ამიტომაც ყოველთვის ყურადღებით ისმენდა ჩემს რჩევებს და ყველა წვრილმანს ითვალისწინებდა. ჩემი ძალისხმევა კი მხოლოდ ერთი რამისკენ იყო მიმართული: გამემტკიცებინა მისი თავდაჯერებულობა და მეტად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. ანუ ვცდილობდი, სპონტანური რეაქციების გამოსამჟღავნებლად თავისუფლება მიმეცა მისთვის და მთლიანად კინემატოგრაფიულ გამოცდილებას არ დაყრდნობოდა. ეს რთული და დელიკატური ამოცანა იყო, რომელმაც შედეგი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოიღო. მე არც ვაჩქარებდი მას. ვიცოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივაღწევდი მიზანს. მე მხოლოდ ალმასის წახნაგების დამმუშავებელი ვიყავი _ ძვირფასი ქვა არსებობდა, მას მხოლოდ ბრწყინვალება აკლდა, რათა ბრილიანტად ქცეულიყო. ერთი სიტყვით, როჟე ვადიმს კარგი მსახიობი ვარსკვლავად უნდა ექცია. მოგვიანებით (მაგრამ უკვე სხვა რეჟისორების თანადგომით) მან გაიარა ის რთული გზა, რომელმაც ორ «ოსკარამდე» მიიყვანა.
8 8 8
ყოველთვის მსურდა მომენახულებინა ჩემი წინაპრების ქვეყანა, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ხშირად გადამიდია გამგზავრება. გულის სიღრმეში სულ მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებდი. ერთხელ ჯეინმა მითხრა, ძალიან მინდა რუსეთის ნახვაო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა. ვიცოდი, ახლა უკვე აღარ გადავდებდი. გადაღებების დამთავრების შემდეგ ორივემ გადავწყვიტეთ მოსკოვში გამგზავრება.
ჩვენთან ერთად მონიკ კარონიც წამოვიდა. ის კარგად ლაპარაკობდა რუსულად, რაც საშუალებას გვაძლევდა, თარჯიმნის გარეშე დავბინავებულიყავით სასტუმრო «ინტურისტში».
იმ პერიოდში რუსებს უზარმაზარი თვითმფრინავი ჰყავდათ _ «ილიუშინი», რომლითაც შეიძლებოდა კუბამდე და მოსკოვამდე გადასხდომის გარეშე ჩაფრენა. სანამ სალონში მოხვდებოდი, უნდა გაგევლო პილოტების განყოფილების ოთახი, სადაც უამრავი ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ფუსფუსუბდა. შემდეგ უნდა გადაგეკვეთა დერეფანი, რომელიც მატარებლის ვაგონს მოგაგონებდათ და რომელსაც ავტომატურად მოძრავი კარი ჰქონდა, როგორც აღმოსავლეთის ექსპრესებს. შემდეგ გაივლიდი ბარს, თუ რესტორანს და აღმოჩნდებოდი სივრცეში, რომელიც თვითმფრინავს მოგაგონებდათ და რომელიც ძალიან ვიწრო და მოუხერხებელი სავარძლებით იყო აღჭურვილი. ამას მოსდევდა მეორე სალონი, ერთობ კომფორტული პულტირებული სავარძლებით. ეს პირველი კლასის სალონი გახლდათ.
_ არ დამიწყო ახლა იმის მტკიცება, რომ ამ საშინელებას ჰაერში აფრენა შეუძლია, _ გადმომიჩურჩულა დამფრთხალმა ჯეინმა.
ჯეინის ლოგიკამ არ «გაამართლა» _ «ამ საშინელებამ» ჰაერშიც აიწია, გაფრინდა კიდეც და რვაცილინდრიანი ტურბორეაქტიული ძრავის უსიამოვნო გუგუნის მიუხედავად, ძალზე კომფორტულად ჩაგვიყვანა მოსკოვამდე. სტიუარდესები ერთობ სასიამოვნო გოგონები იყვნენ და თავს არ აბეზრებდნენ მგზავრებს იდიოტური წესების შეხსენებით. დაშვების დროს კი მათ ყველა მგზავრს დაუდგეს მაგიდაზე ერთი ბოთლი არაყი სირჩებით, რის გამოც პირადად ჩემგან «ცხელი» მადლობა დაიმსახურეს.
ჯეინის გასაკვირად, მოსკოვის საბაჟო ათჯერ უფრო სწრაფად გავიარეთ, ვიდრე ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.
ჩემი მემონტაჟის ძმა, ტოტო მერკანტონი მოსკოვში ცხოვრობდა. ის გაფრთხილებული გვყავდა და თავისი მანქანით აეროპორტში დაგვხვდა.
გზაში ჯეინმა მანქანის მინა ჩამოსწია და განცვიფრებულმა დაიწყო ყურება აქეთ-იქით. ყველაფერი აინტერესებდა, მისი მახვილი მზერა ყველაფერს იმახსოვრებდა. მოულოდნელად პატარა ბიჭი დაინახა, რომელიც სამბორბლიან ველოსიპედზე იჯდა.
_ ვადიმ, შეხედე! _ იყვირა უცებ და მკლავში ჩამაფრინდა.
_ რა იყო?
_ პატარა ბიჭი… სამბორბლიანი ველოსიპედი ჰყავს.
სიმწრით გამეცინა. ჯეინს ეგონა, რომ საბჭოთა კავშირში პატარებს სათამაშოები არ ჰქონდათ. სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რა გიგანტური უფსკრული ჰყოფდა აშშ-სა და რუსეთს ორმხრივი პოლიტიკური პროპაგანდის წყალობით.
8 8 8
რუსეთში სწორედ იმას წავაწყდი, რასაც ველოდი: არანაირი სიმდიდრე, არანაირი კომფორტი და ფუფუნება, მხოლოდ სიღარიბე, სერიოზული საყოფაცხოვრებო პრობლემები, დამპალი და გულისამრევი ბიუროკრატია. ის კი არა, პოლიციელების უმრავლესობა გადაცმული დადიოდა ქუჩებში, რადგან უჩინარი უნდა ყოფილიყვნენ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებოდნენ ტურისტებს და თვალს არ აშორებდნენ, რათა მათ შორის აგენტი არ გაჭაჭანებულიყო.
ტურისტები კი გაწამებულები იყვნენ სასტუმროსა თუ რესტორანში ცუდი მომსახურების გამო. უცნური სიტუაცია იყო. რუსები უცხოელებში მხოლოდ მტრებს ხედავდნენ, განსაკუთრებით ამერიკელებში. მაღაზიებში ვერაფერს შეიძენდი, დაცარიელებეული იყო დახლები. აქ კარგად მხოლოდ ბიუროკრატები ცხოვრობდნენ, თანამდებობის პირები და პარტიის ხელმძღვანელი მუშაკები. მათ კი უბრალო ხალხის ბედი სულაც არ ანაღვლებდათ. არადა, მხიარული, თბილი, მოსიყვარულე ხალხია რუსები, რომლებსაც უყვართ გართობა, დალევა.
ერთი შეხედვით, გეგონებათ, რომ მათ სრულებით არ აწუხებთ სიღარიბე, რომ კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ. მსუბუქად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, ლაღი იუმორით, მაგრამ ვერ რისკავენ უკმაყოფილება ხმამაღლა, სერიოზულად გამოთქვან. თანაც, ყველანი ერთხმად გიმტკიცებენ, რომ მიუხედავად ასეთი ყოფისა, სოციალიზმი კაპიტალიზმს ჯობია.
ჯეინი განსაკუთრებით მოხუცმა ქალებმა გააოცეს, მთელი სამი საათი რომ შეეძლოთ რიგში დგომა რაღაც უბრალო, მაგრამ რუსეთში იშვიათი ნივთის გამო და საღამოებმა, რომელიც მოკრძალებულ საბჭოურ ბინებში რუსებმა სპეციალურად ჩვენთვის მოაწყვეს. ამასთანავე, მოიხიბლა რუსი სტუდენტებით. ჩვენ ვინც გავიცანით, თითქმის ყველანი ლაპარაკობდნენ ფრანგულად და ინგლისურად და ჯეინზე უკეთესად იცნობდნენ შეერთებული შტატების ისტორიას და ლიტერატურას.
8 8 8
ჰენრი ფონდა რუსეთში ყველაზე ცნობილი ამერიკელი მსახიობი იყო. ამიტომაც მის ქალიშვილს ყველგან უდიდესი სითბოთი და სიხარულით ხვდებოდნენ. მე ვიცნობდი მსახიობ და რეჟისორ სერგეი ბონდარჩუკს, რომში გავიცანი. მან მიგვიწვია სტუდიაში, სადაც იღებდა ფილმს «ომი და მშვიდობა», ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით. ფილმი რვა საათს უნდა გაგრძელებულიყო.
უზარმაზარი დეკორაციებით აღფრთოვანებულმა ჯეინმა შესძახა.
_ ჰოლივუდს ჰგავს!
ბონდარჩუკს სიმწრით გაეღიმა. მას უკვე ნევროზი დამართა ფილმის გადაღებებმა.
_ თითქმის სამი წელია, ამ სურათზე ვმუშაობ, მეტი აღარ შემიძლია, _ შემოგვჩივლა შინაურულად, მერე კი შემომთავაზა, მის მაგივრად მე დამემთავრებინა «ომი და მშვიდობა». ბოლოს, კვლავ გაიღიმა და დაამატა.
_ ნუ ნერვიულობ, ჯეინს პარიზამდე მე გავაცილებ.
ბუნებრივია, რუსეთში მოგზაურობას არ ჰქონია პირდაპირი კავშირი, რომ ჯეინის პოლიტიკური შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა და მან ამ კუთხით კარიერა გაიკეთა, მაგრამ უდავოა, ამ მოგზაურობამ განსაზღვრული ფსიქოლოგიური ზემოქმედება მაინც მოახდინა მასზე. სწორედ მოსკოვისა და ლენინგრადის მონახულების შემდეგ დაიწყო მან იმ შეხედულებების უარყოფა, რომლითაც თავის ქვეყანაში იყო «მოწამლული».
8 8 8
«შერბურის ქოლგებს» ტრიუმფული წარმატება ხვდა წილად კანში, ხოლო ორი თვის შემდეგ ამ წარმატებას ლუი დელიუკის პრიზიც დაემატა. ამ სურათის შემდეგ კატრინმა მიყოლებით ორ ფილმში ითამაშა _ «ცხოვრება კოშკში» და «კომპანიონი». იმ წელს მისი სახელი უფრო ხშირად ჩნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, ვიდრე ბრიჟიტ ბარდოსი, რომელიც სან-ტროპეში, თავის ვილაში განმარტოვდა და კატეგორიულად ამბობდა უარს დენევის გაგზავნილ ყველა სცენარზე.
კატრინი არასდროს ამბობდა ჩემზე ცუდს, როცა ჟურნალისტები მას ჩვენს დაშორებაზე უსვამდნენ შეკითხვებს.
«ჟურ დე ფრანსში» (1964 წლის 4 ივლისი) გამოქვეყნებულ ინტერვიუში იგი აცხადებდა: «ჩვენ შორის არანაირი მორალური განხეთქილება არ მომხდარა. ის ჩემი ვაჟიშვილის მამაა. ვადიმმა ყველაზე ბედნიერი დღეები მაჩუქა ცხოვრებაში. ჩვენ მხოლოდ ფიზიკურად დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ სულიერ მეგობრებად დავრჩით… მე არასდროს დავივიწყებ მას, რაც უნდა მოხდეს და ვერც ის დამივიწყებს»…
8 8 8
ჯეინს აშკარად რაღაც არ ჰყოფნიდა. ქალიშვილი რომ შეგვეძინა, ვანესა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამომიცხადა: «32 წელიწადს მივაღწიე და მივხდი, რომ ცხოვრების 32 წელიწადი დავკარგე» (ლაპარაკის თავი რომ ჰქონოდა, მშობიარობის შემდეგ ბებიაქალს ალბათ დაახლოებით ამავეს ეტყოდა: «მე ჩემი ცხოვრების 9 თვე დავკარგე»).
მაშინ არ მიფიქრია იმაზე, რომ ჯერ კიდევ იმ დროს ეტყობოდა უკვე პროგრესირებადი ამერიკული პურიტანიზმის ნიშნები _ მოთხოვნილება, გაამართლო შენი არსებობა, მოახდინო ზემოქმედება ან განაგო სხვისი ბედი მათსავე საკეთილდღეოდ. «უმიზნოდ ცხოვრება დაკარგული ცხოვრებაა» _ ეს ფრაზა მას დევიზად შეეძლო გაეხადა. ძალიან კეთილშობილური პოზიციაა, მე თუ მკითხავთ, ერთი მხრივ, აღფრთოვანებულიც კი ვარ მისით. მაგრამ მე სხვანაირი ვარ, არ შემიძლია შევზღუდო ჩემი ცხოვრება რაღაც ერთი, განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. მე სიტყვა «ცხოვრებას» უფრო ღრმა მნიშვნელობას ვანიჭებ, უფრო ფართო სპექტრში განვიხილავ, რომელიც არ გამორიცხავს არც სიამოვნებას, არც ფუჭად დაკარგულ დროს და არც სიხარულის იმ «სახეობებს», რომლითაც შემოქმედმა დააჯილდოვა მშვენიერი პლანეტა, რომელსაც დედამიწა ჰქვია.
ერთადერთი, რასაც ჯეინი ტრადიციული პურიტანული წესების (რომელიც მე-16-17 საუკუნეებში პურიტანებმა დააამკვიდრეს) მიხედვით არ აღიარებდა, იყო ის, რომ სექსს ცოდვად არ მიიჩნევდა. ამ საკითხში ის იყო ქალი და დარჩა ქალად, დანაშაულის შეგრძნების კომპლექსების გარეშე.
8 8 8
ერთხელ, პლაჟიდან დაბრუნებულს, კატრინის წერილი დამხვდა მაგიდაზე.
«ოთხშაბათი, 22 ივლისი.
მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია ჩემი თავისთვის. მაგრამ ამ საღამოს შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც შემიძლია ისე ვესაუბრო, როგორც საკუთარ თავს».
გრძელი წერილი იყო. პატიების და დახმარების მუდარა. წერილი, რომელშიც ტკივილიც იგრძნობოდა და მელანქოლიაც, წყენაც და დანაშაულის აღიარებაც. კატრინი, რომელიც იშვიათად იხსნიდა ნიღაბს, დაუცველ და სასოწარკვეთილ ქალად გადაქცეულიყო. ეს წერილი, ფაქტობრივად, აღსარებას უდრიდა.
ის მიხვდა, რომ საკუთარი სისუსტეების აღიარება მხოლოდ ძლიერების და კეთილშობილი პერსონების პრივილეგიაა. ვკითხულობდი და ვგრძნობდი, როგორ მნუსხავდა ეს ქალი. იმ დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენი მის მიმართ პატივისცემა. არა როგორც მსახიობის და დედის, არამედ როგორც ქალის, რომელსაც მთელი სულით და გულით შეეძლო დაეწერა. მე ვიგრძენი მისი უსუსურობაც, კეთილშობილებაც, ცრემლიც და ღიმილიც.
კატრინი ალბათ ძალიან აღშფოთდებოდა, ეს წერილი დღეს რომ მეჩვენებინა მისთვის. სამწუხაროა, რომ სული მუდამ შიშის ჯავშანში იწყებს ჩამალვას, როგორც კი დიდების მწვერვალს მიუახლოვდება. სულს არ უნდა რცხვენოდეს თავისი სისუსტეების.
ბევრჯერ მაქვს გადაკითხული ეს შესანიშნავი წერილი. და რამდენჯერაც წავიკითხავ, იმდენჯერ ჩვენი ბოლო შეხვედრა მახსენდება ტოსკანაში, კატრინს იქ ფილმში იღებდნენ. მე კრისტიანის წამოსაყვანად მივედი, არჟანტიერში უნდა წამეყვანა, მონბლანის დაბლობზე, სადაც სახლს ვქირაობდი. როცა კატრინი გადაღებებიდან დაბრუნდა, უკვე ღამე იყო. ყველა წინააღმდეგობა დაგვავიწყდა, რაც ჩვენ შორის აქამდე არსებობდა _ ის ღამე ტკბილ მოგონებებში, ერთმანეთის ალერსსა და სითბოში გავატარეთ და მე იმედი ჩამესახა _ მეგონა, ყველაფერს მოვაგვარებდით, ჩვეულებრივად გავაგრძელებდით ურთიერთობას, რომ ჯეინთან თავგადასავალი მხოლოდ ოცნება იყო და კრისტიანი აუცილებლად ოჯახში გაიზრდებოდა _ მოსიყვარულე დედასთან და მამასთან ერთად. იმ ღამეს თანახმა ვიყავი, ჯეინი მიმეტოვებინა და კატრინთან დავბრუნებულიყავი…
8 8 8
მეორე დილით ბავშვთან ერთად გზას გავუდექით… და კვლავ ამოქმედდა ეშმაკის მანქანა. ჩემი ილუზიები ოჯახის შენარჩუნების თაობაზე წამებში დაიმსხვრა.
ისევ დავიწყეთ კამათი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, კვლავ დაიწყო ომი და გაგვეხსნა ძველი ჭრილობები.
საბოლოოდ სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო. ჩვენ ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს… ის სიყვარული თუ პატივისცემა, რაც წლების განმავლობაში გვაკავშირებდა ერთმანეთთან, სადღაც გამქრალიყო.
არჟანტიერში რომ მივედით, კატრინმა მანქანიდან გადმოსვლაც კი არ ისურვა. მე გადმოვიღე ჩემი და კრისტიანის ჩემოდანი, გზის პირას დავდგი, ბავშვი ხელში ავიტატე და ეზოში შევედი. ჯეინი გამომეგება და მაკოცა. მოვტრიალდი, მაგრამ კატრინის სახე ვერ დავინახე, მისი რეაქცია მაინტერესებდა. მან თავი მიაბრუნა და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს…