როცა პარიზში დავბრუნდით, ჯეინმა დამიმარტოხელა. რატომღაც აფორიაქებული მეჩვენა.
_ რაღაც მინდა გითხრა.
_ გისმენ, _ ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა შევხედე, მას არ ჩვეოდა სათქმელის შორიდან მოვლა.
_ შეიძლება ამერიკაში მომიწიოს წასვლამ.
ამან კიდევ უფრო გამაოცა.
_ და რა ხდება ამერიკაში ამისთანა?
იგი ვერ იტანდა თავის ქვეყანას, რადგან იქ თავისი ნიჭის აღიარება ვერ მოახერხა, სადაც ძმისა და მამის ჩრდილს ამოფარებული დარჩა, ამიტომაც დავრჩი გაოგნებული.
_ ჰოლივუდში მეპატიჟებიან, ფილმში როლს მთავაზობენ.
დავიბენი. ეს ახალი ამბავი იყო ჩემთვის, თანაც «ძალიან» ახალი ამბავი.
_ ვინ გეპატიჟება?
_ «კოლამბია პიქჩერზი».
_ და?.. _ ერთი სული მქონდა, რას მეტყოდა.
_ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
_ სცენარი გამოგიგზავნეს? _ ვკითხე.
_ ჰო, ეს ვესტერნია, მაგრამ ალბათ უარს შევუთვლი.
ვთხოვე, წამაკითხე-მეთქი სცენარი, რომელსაც «კეტ ბალუ» ერქვა.
თავი უსიტყვოდ დამიქნია და სცენარი წინ დამიდო.
იმ ღამეს დავჯექი და თავიდან ბოლომდე წავიკითხე.
მეორე დღეს, საუზმის შემდეგ, ჯეინი გვერდით მოვისვი და ვუთხარი:
_ ეს არ არის კლასიკური ვესტერნი. ეს კარგი კომედიაა. კარგი იქნება, თუ ითამაშებ, ნამდვილად საშენო როლია.
ვიცოდი, რომ ამერიკაში დაბრუნებაზე ოცნებობდა, რათა დაემტკიცებინა მამისა და ძმისთვის, რომ მისი საფრანგეთში გამგზავრება გონივრული ნაბიჯი იყო.
_ იცი რა? მე მომწონს ეს კეტ ბალუ, _ მის დარწმუნებას ვცდილობდი, _ ნაზი, თანამედროვე და საყვარელი ქალია. ეს სწორედ ისაა, რაც შენი კარიერის ამ საფეხურზე გჭირდება.
მიუხედავად ჩემი შეგონებისა, კიდევ კარგა ხანს იყოყმანა, თუმცა ბოლოს სტუდია «კოლამბიას» მაინც თანხმობა განუცხადა.
ისე მივაცილე აეროპორტამდე, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია.
ჩავიდა თუ არა ლოს-ანჯელესში, აეროპორტიდანვე დამირეკა და მითხრა:
_ აბა, თუ მიხვდები, რა უნდა გითხრა…
_ მეც, _ ვუპასუხე…
ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ამ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდებოდა…
8 8 8
მიყვარს ოქტომბრის თვე. ამ დროს ტყე საოცარი ფერებით გამოირჩევა, თითქოს ცეცხლი უკიდიაო _ ყვითელი, წითელი, ფორთოხლისფერი ფოთლებითაა გადაპენტილი, ყვავილების ფესტივალი გეგონება ადამიანს.
დენვერში მანქანა ვიქირავე და კოლორადოში ჩავედი, სადაც ჯეინს გადაღებები ჰქონდა. მას «კეტ ბალუში» იღებდნენ. პატარა ბავშვივით ხტუნავდა, რომ დამინახა. გაუხარდა… რამდენიმე არაჩვეულებრივი დღე გავატარეთ იქ.
ნიუ-იორკში ჯეინის მამასთან დავიდეთ ბინა, 73-ე ქუჩაზე, ლექსინგტონში. იქამდე ორჯერ მყავდა ნანახი ჰენრი ფონდა, მიღებებზე და გვისაუბრია კიდეც. ის ძალიან თავდაჭერილი ადამიანი იყო, თავაზიანი. არ უყვარდა პირად ცხოვრებაზე საუბარი, თითქოს ალერგია ემართებოდა, როცა ვინმე ამ საკითხზე სიტყვას ჩამოუგდებდა. თუნდაც ელემენტარულ რამეზე, მაგალითად, დილით ადრე დგება თუ გვიან, ან კიდევ _ ესიზმრება თუ არა კოშმარები… ამ დროს მას ისეთივე გრძნობა ეუფლებოდა, როგორც ქალს, რომელსაც უცხოების თანდასწრებით ეკითხებიან, ყვირის თუ არა სექსუალური აქტის დროს.
უამრავი ჭორი დადიოდა ჰენრისა და მისი შვილების ურთიერთობაზე. ამბობდნენ, მამას ისინი არ უყვარსო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს «სემანტიკური» პრობლემები უფრო ედო საფუძვლად, ვიდრე მამაშვილური «შეუთავსებლობა». ჯეინი, მაგალითად, ძალიან განიცდიდა მამის გულგრილობას. ის ამას მხოლოდ ერთი რამით ხსნიდა _ მამამისმა შვილების სიყვარული არ იცოდა. ერთხელ ასეთი რამ მომიყვა:
_ 16 წლის ვიყავი. მამაჩემის დაბადების დღე ახლოვდებოდა. ძალიან მინდოდა მისთვის განსაკუთრებული საჩუქარი მეყიდა, ამიტომ მთელი თვე ვიმუშავე და იმ ერთ თვეში თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ვიყავი გამოჭიმული. საშინლად დამღლელი იყო ამდენი ფოტოსესია, მაგრამ ისე მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა, რომ დაღლას არაფრად ვაგდებდი. ვერ წარმოიდგენ, როგორი გაბრწყინებული თვალებით მივეცი საჩუქარი. მან კი, ერთი «მადლობაო», ჩაიდუდღუნა და არც კი გახსნა კოლოფი, რომ ენახა, რა ვაჩუქე. საშინლად დამწყდა გული, მთელი ღამე ტირილში გავათენე.
მისი ძმა, პიტერი კი უარესად განიცდიდა მამის გულგრილობას. 11 წლის იყო, თოფი რომ გაუვარდა და მუცელში დაიჭრა. მაშინ ბევრი ამბობდა, ეს თვითმკვლელობის მცდელობა იყოო, მაგრამ ჯეინი მტკიცედ უარყოფდა ამ ჭორს.
_ ასე სულაც არ იყო, _ მიყვებოდა ჯეინი, _ თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ უბედური შემთხვევა იყო. ჩემი აზრით, ეს უფრო რომანტიკული საშუალება იყო ყურადღების მისაქცევად. ვერაფერს ვიტყვი. პიტერი საშინლადაა დაკომპლექსებული. მას სიყვარული სჭირდება! მამაჩემისგან კი ეს ნამდვილად აკლია.
ერთი რამ ცხადი გახლდათ: მამას და შვილებს რთული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან.
ცოტა ხნით ადრე, სანამ მე და ჯეინი მამამისს ვესტუმრებოდით, ჰენრი თავის ბოლო ცოლს აფრედას დაშორდა. ეს ქალი იტალიელი არისტოკრატი გახლდათ, ძალიან ტემპერამენტიანი, მოხდენილი და თამამი, რომელსაც არასდროს არაფრის ერიდებოდა. ძალიან კოლორიტული პიროვნება იყო და სრულიად განსხვავდებოდა ქმრისაგან. გასაკვირი იყო, როგორ ეგუებოდნენ ერთმანეთს.
იმ დღეს სასტუმრო ოთახში ვიჯექი, სავარძელში და მასზე გადაკრულ ხავერდს, რატომღაც, თითებით ვწიწკნიდი. მოულოდნელად ნაჭერი გაირღვა და ხავერდის ნაკუწი ხელში შემრჩა. შევწუხდი, მაგრამ რას გავაწყობდი. მოულოდნელად ჩემი ყურადღება ერთმა რამემ მიიქცია. ამ ხავერდის შიგნით სავარძელზე კიდევ ოთხი ფენა სხვა ნაჭერი იყო გადაკრული. ძალიან გამიკვირდა. ჯეინს დავუძახე და ვაჩვენე, რაც ვნახე. ეს რას ნიშნავს-მეთქი.
მას გაეცინა.
_ ეს მამაჩემის ცოლების ოინებია. ყოველი ახალი ცოლი, ქორწილის შემდეგ, როცა ამ სახლში დიასახლისად დაიგულებდა თავს, ახალ შალითას უკვეთავდა სავარძლებისთვის. ამასთან, ძველს არ ხსნიდა და ზედ აკრავდა. ყველა საკუთარი გემოვნებით ირჩევდა ფერსაც და ნაჭერსაც.
ჰენრი ფონდას უჩვეულო ცხოვრების წესს აღფრთოვანებაში მოვყავდი. იმდენი ცოლი ჰყავდა, თითები არ გეყოფოდა ჩამოსათვლელად, ხოლო მისი ცხოვრების ბიოგრაფია რომ დაგეწერა, დიდი გარჯა დაგჭირდებოდა, რადგან თითქმის გასაიდუმლოებული იყო. არქეოლოგიური გათხრების წარმოება უფრო ადვილად გამოუვიდოდა ადამიანს, ვიდრე მისი პირადი ცხოვრების გამოკვლევა.
8 8 8
დედაჩემს ჯეინი ძალიან უყვარდა. ისინი ხშირად მსჯელობდნენ ქალის როლზე საზოგადოებაში, კინოზე, თეატრზე და ჩემზე… დედა გამუდმებით მაკრიტიკებდა, სერიოზულად არ უდგები შენი ფილმების სიუჟეტებსო.
_ დაიხმარე ჯეინი, მასთან ერთად შენ სასწაულებს ჩაიდენ, დამიჯერე. ის უნიკალური ქალია, განსაკუთრებული, _ ჩამჩიჩინებდა დედა, _ ის უფრო ცნობილი გახდება, ვიდრე შენ, ბრიჟიტ ბარდო ან კატრინ დენევი. მას დიდი მიზნები გაიტაცებს და კიდევ მამაკაცები, რომლებიც დაეხმარებიან საზოგადოებრივი იმიჯის შექმნაში. ის ძალიან მალე მიხვდება, რომ მისთვის მსახიობობა საკმარისი არ არის, რომ მას უფრო მეტი სჭირდება.
მეც ვხვდებოდი, რომ ჯეინი გამუდმებით ძიების პროცესში იყო, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ სიყვარული, პროფესიული წარმატებები და შვილი თავის თავს საბოლოოდ აპოვნინებდა. თუმცა დედაჩემი უფრო შორს იყურებოდა.
8 8 8
როცა ჯეინმა აიტეხა, საფრანგეთში სახლი უნდა ვიყიდოო და და უდენთან მდებარე მე-18 საუკუნის ფერმა შეიყვარა, მივხვდი, რომ მან საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემთან ერთად ცხოვრება. ჩვენ დაქორწინებაზე არასდროს გვილაპარაკია, ეს ჩვენთვის უბრალო ფორმალობა იყო და მეტი არაფერი, ისედაც ბედნიერები ვიყავით.
ჯეინ ფონდას ბიოგრაფები წერდნენ: «ვადიმი მას დაქორწინებას აიძულებდა. ბოლოს და ბოლოს, მაინც ათქმევინა «ჰო».
არადა, პირიქით იყო. ვაიძულებდი კი არა, გადაკვრითაც არასდროს მითქვამს მისთვის, ჩემი კანონიერი ცოლი გახდი-მეთქი. სისულელეა იმის მტკიცება, რომ ჯეინმა ეს გადაწყვეტილება თავისი სისუსტის, დაღლილობის ან დიდსულოვნების გამო მიიღო. ვინც ამას ამტკიცებს, ნიშნავს, რომ არ იცნობს მას საერთოდ. იგი არასდროს არავის მისცემდა უფლებას, მის მაგივრად მიეღო გადაწყვეტილება, მით უმეტეს, თუ საქმე მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. განსაკუთრებით, როცა ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაზე იყო საუბარი.
ზოგი იმასაც ამბობდა, რომ მე რეკლამისთვის მჭირდებოდა ჯეინთან დაქორწინება. მაშინ რატომ არაფერი დაწერა პრესამ ამ გასაიდუმლოებულ ქორწინებაზე მაშინვე? რატომ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია გვიან? იმიტომ, რომ ჩვენი შეუღლების შესახებ მხოლოდ რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი იყო ინფორმირებული. ჩვენ დავიქირავეთ კერძო თვითმფრინავი, გადავფრინდით ლას-ვეგასში, მივედით მუნიციპალიტეტში, რათა აგვეღო ლიცენზია საჭირო საბუთების მისაღებად. უფრო სწორად, მუნიციპალიტეტში ჯეინმა მარტო გამიშვა, შენ უკეთ გაართმევ თავს ამ საქმესო. დაქორწინების ცერემონია კი სასტუმრო «დიუნას» ნომერში შედგა, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და მას რვა მოწმე ესწრებოდა. მათ, რა თქმა უნდა, საიდუმლო ბოლომდე შეინახეს და არავის გაუგია ჩვენი შეუღლების ამბავი. მეგობართა უმრავლესობამ და ჩვენმა ოჯახებმაც კი მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს.
ხელის მოწერისას პირველი სიურპრიზი ჯეინის ცრემლები იყო _ ატირდა. როგორც ჩანს, იგი დაქორწინებას სიმბოლურ მნიშვნელობას მაინც ანიჭებდა.
ის საღამო და თითქმის მთელი ღამე ტურსტებთან ერთად გავატარეთ. საოცრად კარგი საღამო იყო, ჩვენ ბედნიერები ვიყავით. მართალია, ვერ გავბედეთ წარმოგვეთქვა: «სამუდამოდ», მაგრამ გულწრფელად გვჯეროდა, რომ ერთმანეთს შევაბერდებოდით. იმ ღამეს ტურისტებთან ბანქოც ვითამაშე და ბაკარაში 2 000 დოლარი მოვიგე. მეორე დღეს კი ჩვენი ნაქირავები პატარა თვითმფრინავით ბაბენკში გადავფრინდით. ასე რომ, მისის და მისტერ პლემიანნიკოვის ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე.
მაგრამ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა შეკითხვა: და მაინც, რატომ დავქორწინდით?
შესაძლებელია, ჯეინს მაშინ დედად უნდოდა გახდომა და ფიქრობდა, რომ ბავშვისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ორივე მშობელი ეყოლებოდა. მას აშფოთებდა იმაზე ფიქრიც კი, რომ ქალთა გულთამპყრობელი ვადიმის «არასრულ» სიას შეიძლებოდა ვინმე ამერიკელი ლამაზმანი შეჰმატებოდა. გარდა ამისა, მან ამ ნაბიჯით ჩვენს ქორწინებას თითქოს მორალური დატვირთვა შესძინა _ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, გვინდა ვიყოთ ბედნიერი და გვქონდეს სამაგალითო ოჯახი. ჯეინს ისედაც სჩვეოდა _ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავდა. ქორწინება კი ამტკიცებდა, რომ იგი მზად იყო, იდეალური ცოლი და დედა ყოფილიყო. ვიტყვი კიდევ იმას, რომ ჯეინი ბევრად მგრძნობიარე იყო საზოგადოებრივი აზრის მიმართ, ვიდრე ამას პრესაში გამოთქვამდა. მისი ინტერვიუები ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა.
ჩემზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას. მეც მიხაროდა, რომ დავქორწინდით. მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახების ოფიციალურ მხარეს დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებდი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი ვარსკვლავის ქმრის ამპლუაში უკეთ ვგრძნობდი თავს და საყვარლის სტატუსით არ ვსარგებლობდი.
ადამიანთა უმრავლესობისთვის ქორწინება ეს თვითმიზანია, აუცილებელი საზოგადოებრვი შეთანხმება ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად. ჩვენთვის კი, ორივესთვის, ეს ჩვენი პრინციპების დარღვევას ნიშნავდა. მაგრამ როცა არღვევ პრინციპებს, განა ახალს არ ადგენ?
შემდეგ რაღაც უცნაურად წარიმართა ყველაფერი. ჩვენი ქორწინება თითქოს ეპიდემიად იქცა. ლას-ვეგასში ყოფნის მეხუთე დღეს კატრინ დენევი ლონდონში გათხოვდა, პოპულარულ ფოტოგრაფს, დევიდ ბეილის გაჰყვა ცოლად, ხოლო დეკემბერში ჰენრი ფონდამ მეხუთედ იქორწინა _ ცოლად შირლი ადამსი შეირთო.
ჰენრის კიდევ ერთხელ დაქორწინება არ გამკვირვებია, თითქოს მზად ვიყავი ამისთვის, მაგრამ კატრინის გათხოვების ამბავმა ნამდვილად გამაოცა. ის ხომ გამუდმებით არწმუნებდა ჟურნალისტებს, ვერ ვიტან ამ არქაულ ცერემონიებს, ნამდვილი სიყვარულისთვის დაკანონებული შეთანხმებები არ უნდა არსებობდესო. სწორედ ამიტომაც არ მომყვებოდა მეც ცოლად.
არ გამოვრიცხავ, რომ მისი მხრიდან ეს ნაბიჯი რევანში იყო: ის, რაც ჩემთან არ გამოუვიდა, გამოუვიდოდა სხვასთან. ჩვენ შორის გავლებული პარალელი აშკარა იყო _ მე ცნობილ ამერიკელ კინომსახიობთან შევქმენი ოჯახი, ის კი ცნობილ ინგლისელ ფოტოგრაფს მისთხოვდა. მე ცხოვრების უმეტეს ნაწილს შტატებში გავატარებდი, ის კი _ ლონდონში. მე ამერიკელზე დავქორწინდი, ის კი ინგლისელზე.
დამთხვევა იყო?
8 8 8
1966 წელს დავამთავრე მუშაობა ერთ სცენარზე, რომელსაც «მონაპოვარი» ერქვა და ფილმიც გადავიღე. ეს იყო ემილ ზოლას რომანის ეკრანიზაცია, რომელიც მე-19 საუკუნის პარიზის ბურჟუაზიასა და ფინანსურ მაქინაციებზე მოგვითხრობდა.
რამდენი როლიც კი ითამაშა იქამდე ჯეინმა, სერიოზული თუ კომიკური, ყველა თითქმის ერთი ყალიბის იყო _ ყველა მისი გმირი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. აი, «მონაპოვარში» კი მას სრულიად განსხვავებული როლი შეხვდა. ის თამაშობდა ქალს, რომელიც ფილმის ბოლოს აბსოლუტურად სხვა ადამიანად გარდაიქმნება.
ზოგიერთი კინოკრიტიკოსი მადანაშაულებდა იმაში, რომ მე ზოლას რომანს არასერიოზულად მოვექეცი, რომ ძალიან შევცვალე იგი. მიუხედავად ამისა, ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი პატივით მიიღეს ჩემი ფილმი, ჯეინისთვის კი იგი გრანდიოზული წარმატების სიმბოლოდ იქცა, როგორც შემოქმედებითად, ისე კომერციულად. მან მოიგო ნაძლევი, დაამტკიცა, რომ შეეძლო ვარსკვლავი გამხდარიყო და ამისთვის ჰოლივუდის აღიარებას არ დალოდებია («ოსკარი» მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღო). ეს გადამწყვეტი ნაბიჯი იყო მის კარიერაში. «ყველაზე ძვირად ღირებულ მსახიობთა» სიაში იგი ნომერ პირველი გახდა, რაც მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების მრავალფეროვნებაზე მეტყველებდა.
«მონაპოვარის» გამოსვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ჟორჟ პომპიდუმ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, კუნძულ სენ-ლუიზე ვახშმად მიგვიპატიჟა. ის უგანათლებულესი ადამიანი იყო და ხელოვნებას უდიდეს პატივს სცემდა. მისი მეუღლე კლოდი კი ფერწერით, სკულპტურითა და ანტიკვარიატით იყო გატაცებული.
სუფრასთან დაახლოებით 15 ადამიანი ვისხედით. სასიამოვნო საღამო გამოვიდა. შუაღამეს დაიწყეს სტუმრებმა დაშლა. ორი საათის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, მისი მეუღლე, მე და ჯეინი ჯერ ისევ ვლაყბობდით. უფრო სწორად, მე კლოდთან ვბაასობდი, ხოლო ოჯახის უფროსი ჯეინთან ერთად, მეორე ოთახში შაგალის ნახატს ათვალიერებდა და ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
საფრანგეთის ყველა დიდი მოღვაწე ყოველთვის სცემდა თაყვანს ლამაზ ქალებს. არც პომპიდუ იყო ამ მხრივ გამონაკლისი. როცა ჯეინი შემოვიდა, იგი არა მხოლოდ აღფრთოვანებული, გაოცებულიც იყო ჟორჟის ყურადღებით.
ვიზიტი გაგვიგრძელდა, არადა, დილით ორივეს ადრე გვიწევდა ადგომა. ჯეინმა თვალებით მანიშნა, დავემშვიდობოთ მასპინძლებს და ჩვენს გზას გავუდგეთო. მეც მადლობა გადავუხადე ცოლ-ქმარს და მოვუბოდიშე, უნდა წავიდეთ, რადგან ხვალ ადრე ვართ ასადგომი-მეთქი.
_ მეც, _ ამოიხვნეშა პომპიდუმ.
შეიძლება მას გული დაწყდა, ჩვენ რომ მივდიოდით და იმიტომაც ამოიხვნეშა, მაგრამ არ შეიმჩნია.
როცა მას ხელმეორედ შევხვდით, იგი უკვე რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლდათ, თუმცა ჯეინის მიმართ ისევ ისეთი ყურადღებიანი დარჩა.
8 8 8
იმხანად მალიბუში ვცხოვრობდით, ლოს-ანჯელესის გარეუბანში. ერთ მშვენიერ დღეს წერილი მოვიდა ჯეინის სახელზე. არასდროს დავინტერესებულვარ, ვინ წერდა, რატომ და რას. არც ახლა მიმიქცევია ამისთვის ყურადღება, მაგრამ ჯეინმა წაიკითხა თუ არა, დაჭმუჭნა და სანაგვეში ჩააგდო. ჩვეულებად არ მქონია, ცოლის მიწერ-მოწერით დავინტერესებულიყავი, მაგრამ ამჯერად, თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა… ვერ მოვითმინე და ჩვეულ წესს გადავუხვიე.
_ რა ეწერა? _ ვკითხე.
_ იტალიელი პროდიუსერი დინო დე ლაურენტისი მთავაზობს როლს ფილმში, რომელიც კომიკსების სცენარზეა აგებული.
_ შეიძლება წავიკითხო?
_ რა თქმა უნდა, _ ნება დამრთო მან.
წერილი სანაგვიდან ამოვიღე, გავასწორე და წავიკითხე. საუბარი იყო ძალიან ცნობილ ფრანგულ კომიკსზე, რომლის მთავარ მოქმედ გმირ ქალს ბარბელი ერქვა. თავდაპირველად დინომ ეს როლი ბრიჟიტ ბარდოს და სოფი ლორენს შესთავაზა თურმე, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. მათაც ზუსტად ჯეინისნაირი რეაქცია ჰქონდათ: «კომიკსის პერსონაჟი? ეს არასერიოზული შემოთავაზებაა!» მაშინ მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა «ვარსკვლავების ომები», «სუპერმენი» და «ბეჭდების მბრძანებელი». მაგრამ მე უკვე დიდი ხანია ვოცნებობდი მსგავსი პოპულარული სიუჟეტის ან კომიკსის მიხედვით გადამეღო ფილმი.
მეც ავუხსენი ჯეინს, რომ კინო ვითარდება, რომ მალე ფანტასტიკა და «ბარბელის» სტილის გალაქტიკური კომედიები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდნენ კინემატოგრაფში. დიდად ვერ დავარწმუნე, მაგრამ ის მიხვდა, რომ მე გატაცებული ვიყავი მსგავსი სიუჟეტებით და დინოს თანხმობის წერილი გაუგზავნა.
8 8 8
ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა ჯეინმა ჩემი სიყვარულით მიიღო მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო მისი კარიერისთვის. ამ ფილმამდე ორი წლით ადრე, «დოქტორ ჟივაგოს» პროდიუსერებმა შესთავაზეს მას მთავარი როლი, რომელიც ბოლოს დევიდ ლინმა ჯულია კრისტის მისცა. ჯეინმა მაშინ უარი განაცხადა როლზე, რადგან არ სურდა, 7 თვე ჩემგან შორს, ესპანეთში გაეტარებინა. ამასთან, ოცნებად ჰქონდა ქცეული, ცნობილ ინგლისელ რეჟისორთან ეთამაშა.
აგვისტოში დავიწყე «ბარბელის» გადაღება რომში, დინო დე ლაურენტისის სტუდიაში. ტიტრები იშლებოდა ბარბელის ფონზე, რომელიც იხდის კოსმონავტის კოსტიუმს და სრულიად შიშველი იწყებს ცურვას კედლებზე ბეწვგადაკრულ თავის კოსმოსურ ხომალდში. ეს იყო უწონობის მდგომარეობის ტრიუკი, რომელიც სწორედ მას შემდეგ იქცა კლასიკურ ნიმუშად…
ბრიჟიტ ბარდოსგან განსხვავებით, რომელსაც თავისი სიშიშვლის არ რცხვენოდა, ჯეინს სიკვდილი ერჩივნა, როცა მას ფილმში გახდა უწევდა. არა მორალური ან პოლიტიკური მიზეზების გამო: მისმა პროვოკაციულმა განცხადებებმა ქალის სხეულის ექსპლოატაციის შესახებ მოგვიანებით გაიჟღერა მასმედიის საშუალებით. უბრალოდ, მას მიაჩნდა, რომ არ ჰქონდა სრულყოფილი სხეული. ალბათ, ვისაც «ბარბელი» აქვს ნანახი, გაუჭირდება ამის დაჯერება.
გადაღების პროცესი ერთობ რთული აღმოჩნდა ჯეინისთვის. ის მეტალის კორსეტს იცვამდა და მიწიდან ათი მეტრის დაშორებით საათობით ეკიდა ამწე-კრანზე ჰაერში. ერთგან მას თავს ესხმოდა უზარმაზარი ფრინველების გუნდი, მეორეგან უნდა გამძვრალიყო მილებში, ხან კანიბალი თოჯინები კბენდნენ, ხანაც ეშმაკის მანქანაში გამოკეტავდნენ. კოსტიუმები კი საშინლად მოუხერხებელი იყო. მიუხედავად ამისა, ჯეინმა ენით აუწერელი მოთმინება და სიმამაცე გამოიჩინა. მისი დამსახურებით, გადასაღებ მოედანზე ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა _ რაც, უნდა ითქვას, რომ კინოსამყაროში იშვიათად ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექნიკურად რთული ფილმის გადაღება მიმდინარეობს.
ჩვენ ვიქირავეთ რომში ყველაზე ძველი სახლი _ ანტიკა, ვია აპიაზე.
ერთ საღამოს, სტუდიიდან დაბრუნებულს, ჯეინმა ყურმილი მომაჩეჩა:
_ შენთვის კარგად ნაცნობი არსება გირეკავს, _ მრავალმნიშვნელოვნად მითხრა.
ყურმილი გამოვართვი და მართლაც ძალიან ნაცნობი ბავშვური ხმა გავიგონე, ზედმეტად მგრძნობიარე ინტონაციით:
_ ვავა, შენ ხარ? ყოფილი ცოლი გირეკავს. ჩვენ მეზობლები ვართ. ჯინა ლოლობრიჯიდას ვილა ვიქირავე ვია აპიაზე. აბა, თუ მიხვდები, რა სისულელე ჩავიდინე?
_ გათხოვდი, _ იყო ჩემი პასუხი.
_ ჰო, ერთი წლის წინ. მე ქალბატონი გიუნტერ ზაკსი ვარ.
_ სირცხვილია, ეს არ ვიცოდე.
მე არ მინახავს ბრიჟიტი ცნობილი გერმანელი მილიარდერის ცოლის ამპლუაში. ამ ქორწინებამ ძალიან გამაოცა, ბრიჟიტს ხომ ალერგია ჰქონდა ცნობილ და მდიდარ ადამიანებზე. მას სძულდა ყველაფერი, რაც სიმდიდრეს მოსდევდა _ პატივმოყვარეობა, ტყუილი, სიყალბე…
გიუნტერ ზაკსი გამონაკლისი აღმოჩნდა. ვიღაცისთვის იგი მდიდარი პლეიბოი იყო, ვიღაცისთვის _ უკანასკნელი დიდებული სენიორი, მე კი ვიტყოდი და ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ მას ცხოვრების თავისებური სტილი გააჩნდა. ბრიჟიტის ყურადღების მიქცევა სტილით ძალიან ძნელი იყო. ჩემი აზრით, ზაკსი სრულებით არ გახლდათ იმ ყალიბით ჩამოსხმული მამაკაცი, რომელსაც მე ყოფილი ცოლისთვის ვისურვებდი. მაგრამ იგი ცნობილი ადამიანი იყო, ცოტათი რომანტიკოსი, და ბრიჟიტიც, ალბათ, ახალგაზრდა საყვარლების ეჭვიანობით და ეგოიზმით დაღლილი, ახლა ძლიერი მამაკაცის ზურგს საჭიროებდა, რომელიც მის დაცვას შეძლებდა.
ეს ექსტრავაგანტური ქორწილი 1966 წლის 14 ივლისს გაიმართა.
_ იმიტომ არა, რომ ჩემი ტევტონელი ბასტილიის აღების თარიღს აღმერთებს, უბრალოდ, ეს ციფრი მისთვის მაგიურია, _ ამიხსნა ბრიჟიტმა.
პირველად და უკანასკნელადაც გიუენტერ ზაკსთან შეიგრძნო ბრიჟიტმა ვარსკვლავური ცხოვრების ნამდვილი გემო. ფრენები პირადი «ბოინგით» ლას ვეგასში, მონაკოში… ორივენი კაზინოდან კაზინოში გადადიოდნენ და ყველა ქვეყანაში, სადაც ჩადიოდნენ, მილიარდერი მდიდრულ ვილებს ფლობდა თვალისმომჭრელი შადრევნებით.
კაზინოებში გიუნტერი მაღალი ფსონებით თამაშობდა და უტიფრად იგებდა. ამასთან, ყოველთვის ციფრ 14-ზე დებდა ფსონს. გაზეთები აჭრელდა სტატიებით. «იდეალურ» წყვილზე მთელი ევროპა ალაპარაკდა. ალბათ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ ბედნიერების არ სჯეროდა. ვგრძნობდი, რომ მთლად ისე არ იყო საქმე, როგორც გარედან ჩანდა.
ერთხელაც გიუნტერმა და ბრიჟიტმა სტუმრად დამპატიჟეს. რა თქმა უნდა, მიპატიჟებაზე უარის თქმა არც მიფიქრია. წავედი…
მადამ ბარდო უზარმაზარ ოთახში დამხვდა _ მას შორტი და სვიტერი ეცვა. ვეებერთელა ძველებური ავეჯის ფონზე პატარა, გამხდარი ბრიჟიტი არც კი ჩანდა. რატომღაც, არ მომეწონა, რომ შევხედე. მხრებჩამოშვებული რაღაცნაირად უსუსური და მარტოსული მომეჩვენა. მე იმდენად კარგად ვიცნობდი მას, ასეთი რამეები არასდროს გამომეპარებოდა. ერთი შეხედვით ვხვდებოდი, როდის იყო ბედნიერი და როდის უბედური.
როცა მომიახლოვდა, შევამჩნიე, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. არადა, საუკუნეა, ატირებული არ მენახა.
შემომხედა და გამიღიმა.
_ ცოტათი სევდიანი ვარ, ჩემო ვავა, _ სინანულით სავსე ხმით მითხრა, ხელისგულებით ამოიწმინდა ცრემლიანი თვალები და მაკოცა…
დიდხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები. კიდევ ერთხელ შემეცოდა.
ბოლოს ისევ ბრიჟიტმა განმუხტა სიტუაცია, თავი ხელში აიყვანა და ჩვეული იუმორი მოიშველია.
_ მე მყავს მეტრდოტელი, სამი მოსამსახურე, _ დაიწყო ჩამოთვლა, _ ექვსი ძიძა, ოთხი მებაღე, ერთი მძღოლი, ორი ჰერცოგინია, საბერძნეთის თუ ესპანეთის ყოფილი მეფე, უკვე აღარც ვიცი, ზუსტად როგორაა, ნევადელი მაფიოზის შორეული ნათესავი, ასევე, მყავს მეგობრები _ სერჟ მარკანი, სავოიის პრინცი, პოლ ნიუმანი, ვისკონტი, ავა გარდნერი, მყავს ქმარი, რომელიც მანებივრებს… და მაინც ყველაფერი არეული მაქვს, ყველაფერი, ყველაფერი! თან ისე, როგორც არასდროს!
…ასეც ვიცოდი. მისთვის ცხოვრების ასეთი წესი ყოველთვის მიუღებელი იყო. დღესაც არ ვიცი, რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება… იგი არასდროს ცნობდა ფუფუნებას და მდიდარ მამაკაცებს. მისი ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ბოლომდე გამოცანად დარჩა.
მათთან დიდხანს ვერ დავრჩი, მალევე წამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ გიუნტერი დიდი პატივით შემხვდა. არ შემეძლო იმის ყურება, როგორ იტანჯებოდა ჩემი ყოფილი ცოლი.
და ამას მხოლოდ მე ვამჩნევდი და არავინ ჩემ გარდა…
გაგრძელება იქნება