მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილი გადაცემის "შენი დილა" სტუმარი იყო, სადაც საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მან ბავშვობა და ირაკლი ჩარკვიანთან ურთიერთობაც გაიხსენა:
"ქეთათო დამარქვეს და რთული იყო ამ სახელით ცხოვრება. ეგონათ, რომ ჩემი მოგონილი იყო, არადა დედამ დამარქვა. სულ მინდოდა მარტივი სახელი მქონოდა და ამიტომ ჩემს შვილს ასეთი სახელი შევურჩიე. ბევრი რამ შეიძლება ითქვას ჩემზე, როგორც ქეთათოზე, მაგრამ ქეთათოების მეფე რომ ვარ, ეს უდავოა... აქტიური ბავშვი ვიყავი და ბებოს ჰქონდა ჩემი აღზრდა გადაბარებული. მუშაობას თავი დაანება ჩემ გამო. ბალეტზე მატარებდა, რომ ენერგია როგორმე დამეხარჯა, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო სპორტი მაინტერესებდა...
პირველი სიმღერა, რომელიც დავწერე, იყო "გელოდები", რომლის გამოც შემაქო მეფემ, მახსოვს...
სანამ ირაკლის გავიცნობდი, ყველაზე მეტად, ალბათ, მისი გაცნობა მაინტერესებდა. გაცნობის შემდეგ ვიფიქრე, კიდევ როგორ მაინტერესებს-მეთქი. სულ უფრო ღრმა იყო და თითქოს რაღაც უძირო მადლი იყო ჩემთვის. ირაკლის გაცნობა დღემდე გრძელდება. ზუსტად ახლა ვარ იმ ასაკში, რომელშიც ირაკლი იყო, უფრო მესმის მისი, ვხვდები და ვაცნობიერებ, იმ სიმძიმეებს, რასაც ატარებდა" - ამბობს ქეთათო პოპიაშვილი.