ის თამარ მეფის პორტრეტის მოდელად იქცა... ილიკო სუხიშვილთან ერთად ინგლისში უნდა წასულიყო, თუმცა მეუღლემ არ გაუშვა - უმშვენიერესი ალექსანდრა თოიძის ცხოვრება და კარიერა - Marao

ის თამარ მეფის პორტრეტის მოდელად იქცა... ილიკო სუხიშვილთან ერთად ინგლისში უნდა წასულიყო, თუმცა მეუღლემ არ გაუშვა - უმშვენიერესი ალექსანდრა თოიძის ცხოვრება და კარიერა

2023-05-21 10:53:14+04:00

საქართველოს სახალხო არტისტი - ალექსანდრა თოიძე 1907 წელს, ცნობილი მხატვრის, მოსე თოიძისა და ალექსანდრა სუდინას ოჯახში დაიბადა. 1924 წელს თბილისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო გ. პერინის საბალეტო სტუდიაში. აღსანიშნავია, რომ მოსე თოიძემ თამარ მეფის პორტრეტის შექმნისას მოდელად სწორედ ქალიშვილის სახე გამოიყენა.

იგი ილიკო სუხიშვილთან ერთად ცეკვავდა. ისინი ერთად უნდა წასულიყვნენ ინგლისში, თუმცა ალექსანდრა მეუღლემ არ გაუშვა. ილიკო სუხიშვილის და ალექსანდრა თოიძის წყვილი დაიშალა. მოგვიანებით, ფილმში „ქეთო და კოტე“ ერთად შეასრულეს ცეკვა „ქართული“.

მისი ეკრანზე გამოჩენა მოულოდნელი იყო - რეჟისორი ჟელიაბუჟსკი დიდხანს ეძებდა დინა ძაძუს როლის შემსრულებელს. მისმა მოადგილემ ნიკოლოზ შენგელაიამ დაათვალიერებინა მიხეილ ჭიაურელის ინდივიდუალურ ატელიეში მოწყობილი გამოფენა, და რეჟისორს მხატვარ ირაკლი თოიძის ერთ-ერთი ნამუშევარი - 17 წლის ალექსანდრა თოიძის პორტრეტი აჩვენა.  ფილმი, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა, უაღრესად საინტერესო თემას აშუქებდა. რეალისტურად ასახავდა სოციალური უთანასწორობით გამოწვეულ ადამიანურ ტრაგედიას სვანეთის ცხოვრებიდან.

ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად... სხვადასხვა ქვეყანაში აჩვენეს და ალექსანდრა თოიძე ჰოლივუდში, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე სათამაშოდ მიიწვიეს, მაგრამ ფეხმძიმობის გამო წასვლა ვერ მოახერხა.

ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მათ შორის ხელოვნური ალმასის გამომგონებელი ვეროშჩაგინი, ცნობილი საოპერო მომღერალი – იავნ კოზლოვსკი, რომელიც ალექსანდრას ფოტოს მედალიონით ატარებდა. 

მისი მეუღლე, ვლადიმერ მაჭავარიანი ცნობილი პუბლიცისტი იყო. ისინი სრულიად ახალგაზრდები - 19 წლის ასაკში დაქორწინდნენ. ვლადიმერმა სრულყოფილად იცოდა ფრანგული, იტალიური და რუსული ენები. მას ბავშვობაში ფრანგი ძიძა ჰყავდა და ფრანგული მისი მეორე მშობლიური ენა იყო. ვლადიმერ მაჭავარიანის დაარსებულია თბილისში უცხო ენათა ინსტიტუტი, რომლის პირველი რექტორიც თვითონ იყო.

ახლოს იყო და მეგობრობდა უცხოელ, გამოჩენილ მწერლებთან. საკავშირო მწერალთა კავშირში სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მას დიდი ღვაწლი აქვს საბჭოთა მწერლების და მათ შორის ქართველების ფრანგ მწერლებთან დაახლოების კუთხით. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჟერარ ფილიპთან და მის მეუღლესთან, რომელიც მისი ძალისხმევით იმყოფებოდა თბილისში. ასევე, თარგმნა მისი წიგნი ჟერარ ფილიპის შესახებ და სხვა...

წლის მანძილზე მსახიობმა 40-მდე თეატრალური როლი განასახიერა. არანაკლებ დასამახსოვრებელი იყო მისი შემოქმედება ქართულ კინოშიც:"ქალაქში შესვლა აკრძალულია " (ირინა), "ჟუჟუნას მზითევი" (ჟუჟუნა), :მოგზაურობა არზრუმში" (ნინო ჭავჭავაძე), "გაყრა "(მარო), ჭრიჭინა (ნატო), "დღე პირველი დღე უკანასკნელი "(დედა) და სხვა.

ალექსანდრა თოიძე 1985 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.