ქართველმა ნუცა ბუზალაძემ სულ ცოტა ხნის წინ მთელი ამერიკა აალაპარაკა, როცა გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც "ამერიკის ვარსკვლავის" 12-ეულში მოხვედრა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მან შოუ დატოვა, პროექტის ფინალურ ეტაპზე, ნუცა დიდ სცენაზე ცნობილ ვარსკვლავთან ერთად იმღერებს, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ნუცა ამბობს, რომ საზოგადოება შოკში ჩავარდება, როდესაც გაიგებს, ვისთან იმღერებს დუეტს მუსიკალური პროექტის ფინალში. ცნობილია, რომ მუსიკალური პროექტის ფინალი 21 მაისს გაიმართება. ნუცას და სხვა საუკეთესო 12 მონაწილის შესახებ American Idol-მა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საუკეთესოები კონკურსში ბრუნდებიან.
„მოგენატრათ ჩემი ხილვა ტელევიზიაში?…21 მაისს American Idol-ის გრანდიოზულ ფინალში ვბრუნდები. „ჩემი უდიდესი ოცნებისკენ სვლა დაიწყო”, – წერს ნუცა ბუზალაძე. ის „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერშიც ჩაერთო, სადაც American Idol-ის ფინალის შესახებ ისაუბრა:
„21 მაისს გვაქვს ფინალი და ძალიან ბევრი სიურპრიზი გვაქვს მაყურებლისთვის. რა შემმატა ამ პროექტმა, ყველამ იცის რომ ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ჩამოვსულიყავი ამერიკაში, კერძოდ ჰოლივუდში. არ მიყვარს რამის გაჟღერება, სანამ ბოლო ნაბიჯამდე არ მივალ ხოლმე. როდესაც ასეთ პროექტში გამოდიხარ, ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანია იჩენს ხოლმე ინტერესს კონკურსანტების მიმართ. სანამ ჩვენი ბოლო „ლაივი“ იქნებოდა, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი მოვიდა და გვეუბნება, რომ მთელი 21 წლის მანძილზე ყოველთვის იყო ტოპ 10 მონაწილე და ამ სეზონზე მარტო დააბრუნეს ტოპ 12. მე სად მექნებოდა ამერიკაში ამერიკელი ხალხის ხმები და ჩემი აზრი ეგეთია, რომ შეიძლება იცოდნენ, რომ ვერ შევძლებდი საჭირო ხმების მოგროვებას. სწორედ ეს ტოპ 12 მონაწილე მიიღებს ფინალში მონაწილეობას და ასრულებს ძალიან ბევრ დუეტს და ხდება American Idol-ის ოჯახის წევრი. ამიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის უკვე გამარჯვებაა. ძალიან ბევრი ვარსკვლავია დაპატიჟებული პროექტის ფინალზე და ყველა მონაწილეს შეხება გვექნება მათთან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი ხალხი როგორ მიჭერს მხარს, ეს მე ძალიან მაძლიერებდა“, - თქვა ნუცა ბუზალაძემ.