გასული საუკუნის 90-იანები. ბათუმში ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. უცბად ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. რამდენიმე საათში უკვე სოხუმისკენ მიფრინავდა. პირველივე დღეს სხვა მებრძოლებთან ერთად პოზიციაზე დადგა და იმავე დღეს დაიღუპა.
ლევან აბაშიძე თბილისში სილამაზით ცნობილი წყვილის, მანანა ხიდაშელისა და აგი აბაშიძის შვილი იყო. მსახიობი, თეკლა ბატონიშვილის მხრიდან, ერეკლე მეფის პირდაპირ შთამომავალი იყო.
ლევან აბაშიძე 1992 წლის 7 სექტემბერს აფხაზეთის ომში დაიღუპა. მსახიობი მაშინ 29 წლის იყო.
"დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა, ვერაფერი ვუპასუხე" - ასე იხსენებდა შვილთან უკანასკნელ შეხვედრას ქალბატონი მანანა ხიდაშელი, რომელთან ინტერვიუც მსახიობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მოამზადა.
კითხვაზე, რას ეტყოდა შვილს დღეს, მანანა ხიდაშელი პასუხობს: „რა ვიცი, რას ვეტყოდი… სად წახვედი, შვილო, რატომ წახვედი-მეთქი…“