TikTok-ი რომ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ამაზე, ალბათ, აღარავინ დავობს. ამას მოწმობს ისიც, რომ არაერთი ტრენდი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში მკვიდრდება, სწორედ ამ სოციალური ქსელიდან მოდის. ერთი-ერთი ასეთია უმი სტაფილოს სალათა, რომელმაც ჯანსაღი კვების მიმდევრებში ბუმი მოახდინა.
უმი, გახეხილი სტაფილო ძმართან, ზეთთან და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტთან ერთად ხელს უწყობს ჰორმონების დაბალანსებას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებასა და შაკიკის დისკომფორტის შემცირებასაც კი. ჰეშთეგმა #rawcarrotsalad 22 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. "ეს არის სალათა, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება", - აცხადებს TikTok-ის მომხმარებელი ქლოე როჰრიგი ერთ-ერთ ვიდეოში. ვიდეოების მიხედვით, სალათის რეცეპტის ავტორი დოქტორი რეი პიტია, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სტაფილოში იყო უნიკალური ბოჭკო, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ჭარბი ესტროგენის შებოჭვასა და ტოქსინების აღმოფხვრაში.
რას ამბობენ ექსპერტები უმი სტაფილოს სალათის შესახებ?
უმი სტაფილოს სალათის ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ შეუძლია ორგანიზმში ჰორმონების დარეგულირება. „სტაფილო შეიცავს ბოჭკოს, რომელიც კარგია თქვენი ნაწლავისთვის - და თქვენი ნაწლავის მიკრობიომი ესტროგენის მარეგულირებელია“, - განმარტავს ჯეკი ნიუჯენტი, დიეტოლოგი. მისივე განმარტებით, სწორედ ეს ბოჭკო ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელების სისტემის მოწესრიგებასა და სწორი მეტაბოლიზმის ჩამოყალიბებაში. დიეტოლოგი სკეპტიკურადაა განწყობილი შაკიკის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სტაფილოში არაფერია ისეთი, რაც ამ პრობლემას მოაგვარებს. სტაფილო შეიცავს კაროტინოიდებსა და ანთოციანინებს, ამიტომ შეიძლება იყოს ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტის ნაწილი, რომელსაც შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს ოქსიდაციური სტრესის შემცირებაში. ამ შემცირებამ, თავის მხრივ, შეიძლება მოიტანოს პოტენციური სარგებელი შაკიკის შესაჩერებლად, მაგრამ სტაფილო არ გამოიწვევს შაკიკის შემსუბუქებას.
მიუხედავად იმისა, რომ სტაფილო, თავისთავად, ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია, მისი ჭარბი რაოდენობით მიღებას უკუჩვენებებიც აქვს, მაგალითად: ძალიან ბევრი უმი სტაფილოს ჭამას შეუძლია თქვენი კანი ნარინჯისფერი გახადოს კაროტინოიდების, მცენარეული პიგმენტების მაღალი კონცენტრაციის გამო. კიდევ ერთი რისკი არის მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ფიტოფოტოდერმატიტი, სტაფილო შეიცავს ნაერთს, რომელსაც ეწოდება ფუროკუმარინები. როდესაც ხილისა და ბოსტნეულის წვენები ერწყმის ულტრაიისფერ შუქს, ამ ნაერთს შეუძლია რეაგირება მოახდინოს ადამიანის კანზე და გამოიწვიოს გამონაყარი, შეშუპება და ბუშტუკები. ბუშტუკები შეიძლება იყოს საკმაოდ მტკივნეული და მძიმე შემთხვევებში შეიძლება მოითხოვოს ჰოსპიტალიზაცია ან მკურნალობა სტეროიდებით ან დამწვრობის სახვევებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ უმი სტაფილოს სალათა შეიძლება იყოს შესანიშნავი გარნირი, ის ვერ შეავსებს თქვენს დღიურ პროტეინების მარაგს.
და მაინც, უნდა მიირთვათ თუ არა უმი სტაფილოს სალათა?
სტაფილო, ისევე, როგორც ბოსტნეულის უმეტესობა, სასარგებლო საკვებია და აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი კვების რაციონში, ხოლო უმი სტაფილოს სალათა შეიძლება იყოს ახალი, გემრიელი გზა მათი მირთმევისთვის. ცხადია, სტაფილოს სალათაც არ არის გამონაკლისი და შეგიძლიათ მიირთვათ ზომიერად სხვა ბოსტნეულთან ერთად. თუ გსურთ, საკუთარ თავზე გამოსცადოთ ამ ტრენდული სალათის შედეგები, მაშინ იხილეთ რეცეპტი:
ინგრედიენტები:
მომზადება
გახეხეთ სტაფილო გრძელ, თხელ ნაჭრებად, დაუმატეთ სეზამის ზეთი, ძმარი, სეზამის მარცვლები, ზღვის მარილი და შავი პილპილი. კარგად აურიეთ და მიირთვით მაშინვე, მაცივარში დაყოვნების გარეშე.