ბოშა - თავი 3 - Marao

ბოშა - თავი 3

2023-05-24 10:16:24+04:00

წინა თავი

 

- აბა, ჩაიხედეთ სარკეში, - უთხრა ლელამ.

დინამ თვალი ჯერ გაახილა, მერე დააჭყიტა, თავის ორეულს სარკეში რომ შეხედა. შეშფოთებულმა მოიხედა. ალბათ, იფიქრა, ჩემ უკან სხვა ქალი ხომ არ დგასო. ზღაპრულად ლამაზი იყო. კატასავით აბრიალებდა მწვანე თვალებს. წითელმა პომადამ უფრო გამოკვეთა მისი ტუჩები. დახატული თვალები უფრო დიდრონი გამოუჩნდა.

წამოვდექი. მივუახლოვდი. შემთხვევით ვისარგებლე და მხარზე ხელი მოვხვიე.

- როგორია? - ვკითხე.

პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა.

- ჰა, წააგე თუ არა? - ხელი მჭიდროდ მოვხვიე.

- არა.

- არა? - ასეც ვიცოდი. ახლა მისთვის ათი ლარი ათი ათას დოლარს უდრიდა.

- კაკ კუკლა ნესჩასტნაია, - უკმაყოფილო დარჩა.

- ნუ სულელობ, ძალიან გიხდება.

- შეიძლება მომაშორო? - მიუბრუნდა ლელას.

გაოცებულმა პარიკმახერმა მე გადმომხედა.

- ჩამობანეთ, თუ არ შეწუხდებით, - ახლა მეც ვთხოვე სახტად დარჩენილ ქალს.

- მაშინ სხვანაირად გავუკეთებ. რა ვიცი, ჩვენგან უკმაყოფილო არავინ წასულა, - მხრები აიჩეჩა ლელამ.

- გამომყევით, - ახალგაზრდა გოგონამ დინა მეორე ოთახში გაიყვანა.

ცოტა ხანში პირდაბანილი დაბრუნდა. სახე ისე გაბრწყინებოდა, თითქოს ეს-ესაა, სახე გრიმის ტყვეობიდან გამოიხსნაო.

უხმოდ ჩავსხედით მანქანაში.

- დამოი ხაჩუ, - სევდიანად მითხრა.

- როგორც მეტყვი. მითხარი, სად მიგიყვანო?

- ბაზრობაზე.

- ასეთ დროს იქ რა გინდა, გოგო? - შევიცხადე.

არ მიპასუხა.

- გესმის?

- ნადა.

გასაგებია. ესეც ალბათ, როგორც ყველა ბოშა, მაწანწალა ცხოვრებას ეწევა. ნუთუ იმ სიბინძურეში ათევს ღამეს? რაღაც უნდა მოვიფიქრო.

- დინა, გინდა კარგ ადგილას წაგიყვანო?

- ეტა გდე?

- შენს ახალ «სამსახურში», - «მოვიფიქრე».

- შორია?

- ოც წუთში მივალთ.

- ი აბრატნა, და?

- ჰო.

- ხარაშო, ოღონდ ჯერ მაიტა წაგებული.

რა ეშმაკია. გამეცინა. საფულიდან ოცლარიანი ამოვიღე და მივაწოდე.

- დინას ხურდა არა აქვს, - თქვა.

- შენი იყოს, არ მინდა.

- გააჩერე მანქანა! - წამოიძახა უცებ.

ისევ თუ მოინდომა მანქანიდან გადმოხტომა, ისა თქვი.

- რა იყო, გოგო, რამ წამოგიარა? რა ვთქვი ამისთანა?

- ნიჩევო. პროსტა გააჩერე, - შეარბილა ტონი.

გავაჩერე. ცოტა ხანს ჩუმად იჯდა. მერე ნელა მოატრიალა თავი და ძალიან ხმადაბლა მითხრა:

- პაცელუი, კრასავჩიკ.

- ეს რაღას ნიშნავს? - ჩემდა უნებურად წამომცდა. იმდენად მოულოდნელი იყო დინას შემოთავაზებული წინადადება, საოცრად დავიბენი.

- მოგებული ჩაიბარე, ლამაზო, - თავი არ მოუბრუნებია, მხოლოდ თვალებით გამომხედა ირიბად.

- მე მეგონა, შენ იყავი მოგებული, - გაოცება აშკარად დამეტყო ხმაში.

- ნეტ. ტყუილი თქვა დინამ, ფული იყო საჭირო. იზვინი.

- ფულს ისე ვერ მოგცემდი, შე ქალო, თუ გინდოდა? ეს რა დღეში მაგდებ ამხელა კაცს! - მსუბუქად ვუსაყვედურე.

- ტი პაცელუეშ ილი ნეტ? - თავი მოატრიალა და ამაყად გადმოხედა.

- აბა, რას ვიზამ! - ჩემი ჭკუით დავფაცურდი, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ ჯერ საკოცნელი «ტერიტორია» უნდა შეერჩია დინას, ამიტომ გადახრილი ისევ გავსწორდი და დანებების ნიშნად ორივე ხელი მაღლა ავწიე.

- პარდონ, პარდონ, ლედი ძინა, - გავუღიმე, - ნება მიბოძეთ გკითხოთ, სად გაკოცოთ?

- ვიბირაი სამ, - მშვიდად თქვა.

უყურე შენ! მგონი, რაღაც აქვს ჩაფიქრებული, თორემ ასე «გამანებივრებდა»? საინტერესოა, რას მიწყობს! ფრთხილად, მერაბ! «თავ კონტროლი» გაუწიე, - გულში შევუძახე საკუთარ თავს და მარჯვენა ხელით დინას ჩამოშლილ თმას შევეხე, უკან გადავუწიე, ყელი გამოვუჩინე. ვიგრძენი, როგორ შესამჩნევად კანკალებდა. თან ისე იჯდა, ზამბარასავით დაჭიმული, მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში თავდასხმაზე გადმოსულიყო. მე კი შეგნებულად არ ვჩქარობდი. ოდნავ გადავიხარე მისკენ. ყელზე დავაშტერდი. არ განძრეულა, არც შემოუხედავს. მერე სული შევუბერე. მხრები აიწურა. ოდნავ შევეხე ტუჩებით მხარზე. ისე შეკრთა, თითქოს კოღომ უკბინაო. მე კი, ტუჩებმოუშორებლად სამი-ოთხჯერ ნაზად (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა რა გზაა) ვაკოცე. რატომღაც ჩაის სუნი ასდიოდა. წარმოგიდგენიათ, ამ სიცხეში რა შეშინებული უნდა ყოფილიყო, ნერვიულობისაგან შესციებოდა? შემეცოდა. ხელი შევუშვი და კვლავ საჭეს მივუბრუნდი. სამაგიეროდ, მე მიხურდა მთელი სხეული.

დინა შეირხა. სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ალბათ, მოეშვა. იგი, რა თქმა უნდა, «უარესს» ელოდა და კმაყოფილი იყო, ასე ადვილად რომ «გადარჩა».

- დიდი პასიბა, - დავარღვიე დუმილი.

- ზა ჩტო? - ისე ხმადაბლა მკითხა, ძლივს გავიგონე.

- თავანის ჩაბარებისთვის. ძალიან მეგემრიელა.

- პავტორი ხომ არ უნდა კრასავჩიკს? - ისე გაიცინა, მივხვდი, მაშაყირებდა.

- რომ მინდოდეს, ვერავინ დამიშლის, მაგრამ აღარ მინდა, - ნიშნისმოგებით ვუპასუხე, - მორჩა, ფა-ფუ!

- ჩტო მორჩა? - ვერ მიხვდა.

- ჩტო და ის, რომ სურვილი აღარ მაქვს შენი კოცნის, გაიგე?

უცებ სახე გაუმკაცრდა, თვალები დააკვესა.

- ეტა პაჩემუ? - მთელი ტანით ჩემკენ მოტრიალდა.

- ჩაის სუნი რატომ გიდის? - მოულოდნელად შევეკითხე.

- დავიბანე და პატამუ, - გაოცებულმა ცალი მხარი აიჩეჩა.

შემრცხვა. როგორ ვერ მივხვდი! ეტყობა, ჩაის ფერით იბანს თმას, ალბათ, ამიტომაც ბზინავს ასე. მე კი იდიოტივით მომივიდა.

- იცი, ძალიან მესიამოვნა, როცა გაკოცე. კარგი სურნელი გქონდა, - ვეცადე, გამომესწორებინა ჩემი შეცდომა.

პასუხი არ გამცა. დანაღვლიანდა. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

- დინა, ერთხელ კიდევ რომ გაკოცო, შეიძლება? - ვიპოვე გამოსავალი.

- ნეტ.

- რატომ? ძალიან გთხოვ, კარგი?

- ნე ნადა.

- რა მოხდება, რო?

- მოიგებ - მაკოცებ. ბეზ პრიჩინი ნელზია.

- კარგი, ბატონო. მაშინ გზა გავაგრძელოთ. ეს ხომ შეიძლება?

- ეტა მოჟნა. ოღონდ დამოი ხაჩუ.

- შენს «სამსახურში» არ წავიდეთ? - გავიკვირვე.

თვალები მოწკურა და გამიღიმა. აჰა, აი, კვლავ ვიღაცას მაგონებს. ვერაფრით ვიხსენებ. ვის შეიძლება ჰგავდეს? მანქანა დავქოქე და დავიძარით.

- ზავტრა, კრასავჩიკ, - თქვა.

- მატყუებ?

- კლიანუს.

- ვის მეფიცები, ის მაინც მითხარი, - ახლა მე შევხედე ეშმაკური ღიმილით.

ჩაიცინა. თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ გულში ჩემს თავს იფიცებდა.

- გასაგებია და დიდი მადლობა, - მარჯვენა ხელი გულზე მივიდე და თავი დავუკარი.

- ზა ჩტო?

- ზა პრეკრასნი ვეჩერ, - ვუთხარი, მის ხელს დავწვდი და ვაკოცე.

სახე გაებადრა.

- დინა პერვი რაზ ნახა შენნაირი კაცი ცხოვრებაში, - ისე თქვა, ღიმილი სახიდან არ მოშორებია.

- კი მაგრამ, რა ნახე ჩემში ასეთი განსაკუთრებული? ცუდი ბიჭი ვარ? - მიამიტად ვკითხე. ვითომ ასე გავიგე მისი სიტყვები.

- ოჩენ, - დამიდასტურა.

- აუჰ! რით დავიმსახურე ასეთი «შექება», გოგო?

- ოჩენ კარგი ხარ, მერაბ, ოჩენ! - მთელი გრძნობა ჩააქსოვა ნათქვამში.

იმდენად გულწრფელად და აღფრთოვანებით იყო ნათქვამი, სიამოვნებამ ტალღასავით დამიარა სხეულში.

ამასობაში ბაზრობასაც მივუახლოვდით. თითქოს დავმუნჯდი. ხმას ვეღარ ვიღებდი. მისით უკვე მონუსხული ვიყავი. მერე როგორი ტონით მითხრა ეს სიტყვები? მაგარი ვიღაცაა! რა იქნება, ბოშა რომ არ იყოს! თუმცა, მაშინ ასეთი არც იქნებოდა.

- ზდეს ასტანავი, - მკლავზე შემახო ხელი.

დავამუხრუჭე.

- ამ შუაღამისას სად უნდა წახვიდე, იცი მაინც? - შევწუხდი, - იქნებ უფრო ახლოს მიგიყვანო, სადაც მიდიხარ?

- არა, უკვე იქ ვარ, გდე ნადა, - ცივი ხმით თქვა.

- გინდა, მიგაცილო? კაციშვილი არ ჭაჭანებს ქუჩაში, ხომ ხედავ!

- ნე ხაჩუ. ია სამა.

კარი გააღო, მაგრამ არ განძრეულა. თითქოს რაღაცას ფიქრობდა. ვაცალე. უცებ ღრმად ამოიოხრა, მერე მოულოდნელად მოტრიალდა, სავარძელზე მუხლებით შეხტა, მკლავები მომხვია და ისეთი გზნებით მაკოცა, სული შემეხუთა. სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებდი, მანქანიდან გადახტა და სწრაფად გაიქცა ქვის კედლის გასწვრივ.

ეს რა გამიკეთა… გადამრია კაცი! ვეღარ ვინძრეოდი, არაფრის თავი არ მქონდა. დებილი ბავშვივით გაღიმებული ვიჯექი საჭესთან და კმაყოფილი ვისვამდი ცერა თითს ტუჩებზე, რომელსაც ჩაის სურნელი ჯერ კიდევ ასდიოდა…

777

ფრთხილად გადავატრიალე გასაღები. ვიფიქრე, ლიზიკოს არ გავაღვიძებ-მეთქი. შენც არ მომიკვდე! მოკალათებულა სავარძელში, ერთმანეთში გადაჯვარედინებული ფეხები სკამზე შემოულაგებია და იხეხავს და იხეხავს ფრჩხილებს გამწარებული. აი, სად დამერხა, - წარბები ავწიე და პირი მოვკუმე. ვიცოდი, არ ამცდებოდა «აურზაური ყველაფრის გამო».

- ვა, ლიზა!? მეგონა, უკვე გეძინა, - რაღაც ვთქვი.

- როდის იყო, ამ დროს ვიძინებდი! - აშკარად გაღიზიანებული ჩანდა.

- რა გაბრაზებული ხარ, ვინმეს ხომ არ ეჩხუბე? - ამას ჰქვია «თავხედური» მიამიტობა.

- სიგარეტი მომაწევინე, - თავაუღებლად მითხრა.

- არა მაქვს.

- არა გაქვს?

- აღარ ვეწევი.

- რა-ა? როდიდან, ძვირ-ფა-სო? - უჰ, რა გესლი გაურია ბოლო სიტყვებში?!

- ორ კვირაზე მეტი იქნება. რა, არ იცოდი?

- პირველად მესმის, - ფეხები სკამიდან ჩამოიღო, შარვლიდან «ფრჩხილის ფქვილი» (რა ჰქვია, არ ვიცი) ჩამოიყარა და წამოდგა. მერე? მერე რა ქნა, არ გაინტერესებთ? დოინჯი შემოიყარა და ნარნარი რხევით ჩემკენ წამოვიდა.

იმწუთას ვიფიქრე, ალბათ ვიღაცამ შემამჩნია დინასთან ერთად და იმას ბაძავს-მეთქი, მაგრამ საუბარი რომ გააგრძელა, მივხვდი, რომ ასე არ იყო.

- სად იყავი, ამხანაგო ქმარო? - ფრჩხილის ქლიბი მაისურზე მომიკაკუნა.

- ნაშებში, - პასუხი უკვე მომზადებული მქონდა.

სახე უცებ ახლოს მომიტანა. ხედავთ? დამსუნა. რატომღაც, სუნთქვა შევიკარი. ვითომ ეს რამეს უშველიდა, თუ «სუნს იკრავდა»? მეეჭვება.

თავი ასწია და თვალი თვალში გამიყარა.

- რას მიყურებ? - მხრები ავიჩეჩე უმანკო კრავივით. წამწამიც არ დამიხამხამებია.

- მერაბ, მართლა და მართლა, სად დადიხარ? - როგორც ჩანს, კვალი ვერანაირი აღმოაჩინა. საღოლ, დინა. კარგი გოგო ხარ, ჩაის ფერით რომ იბან თავს, თორემ «პალმოლივისა» და «პანტინის» შემთხვევაში შავი დღე დამადგებოდა.

- საქმეზე ვიყავი, - მართლა საქმიანად გამომივიდა ნათქვამი.

- რა საქმეზე?

- აუცილებელია, შენ ყველაფერი იცოდე?

- ისეთი რა არის, რომ არ ითქმება.

- ერთი კლიენტი გვყავდა სანახავი. ფული იყო ამოსაღები.

- მერე?

- მერე და მერე, ამოვიღეთ.

- რა სიტყვაძუნწი ხარ, არ შეიძლება ნორმალურად მომიყვე, რა იყო და როგორ?

- ეგ არ არის ქალის საქმე. მე შენ გეკითხები, შენს კლიენტებს როგორ ვარცხნი? - დიდ გულზე მოვედი და ხმას ავუწიე.

- მე კიდევ სხვა რამე მგონია, - მოგუდული ხმით თქვა.

- რა სხვა რამე?

-  ბავშვის «შეკვეთა» ხომ არ მიეცი? - თქვა და გატრიალდა, სამზარეულოსკენ აიღო გეზი.

- ქალო, შენ ალაოდ ხომ არ ხარ! - იმდენად არ ველოდი ასეთ «საბრალდებო დასკვნას», აღშფოთებისაგან თავი ვერ შევიკავე.

- რა იყო, რა გაცოფებს, - ძალიან მშვიდი ტონით გამცა პასუხი, უნდოდა, უარესად გამოვეყვანე წყობიდან, - ჩვენ ხომ მოვრიგდით ამაზე.

წავაგე. სულ დამავიწყდა, ამ თემის გარშემო საუბარი ახლახან რომ გვქონდა, მაგრამ არ დავბნეულვარ.

- მაგარი შტერი ქალი ხარ, რომ გადამეწყვიტა, ხომ გეტყოდი! ასე უცებ საიდან მოვიყვანო ბავშვის გაჩენის მსურველი, დავხატო? ჯერ ვიღაც ხომ უნდა მოვძებნო!

- არ არის გამორიცხული, უკვე მოძებნე კიდეც და შეგნებულად არ მეუბნები, რომ ეჭვიანობა არ დავიწყო, - ნიშნის მოგებით მითხრა.

- აუ, შენ რა უნდა გელაპარაკოს კაცმა, შეუგნებელი ხარ, - ცხოვრებაში პირველად «შევამკე» ამგვარი სიტყვებით, თუმცა, მას შემდეგ, რაც დინამ ზეპირად «წამიმკითხავა», უფრო ვფრთხილობ - იქნებ ლიზიკოს მხოლოდ ჩემი ფულები უყვარს და მართლა უკან-უკან მწევს?

- შეუგნებელი შენიანებში მოიკითხე, - მკვახედ მესროლა და კარი გაიჯახუნა.

სისხლმა, რომ იტყვიან, ტვინში ამასხა, მაგრამ ლიზასთან რა მინდა, ჩემი ბრალია ყველაფერი.

რაღაცას მაინც მიხვდა. ალბათ, კაზინოში დარეკა და მიკითხა, თორემ როდის იყო, ჩემი გვიან მოსვლა ანაღვლებდა. არადა, როცა დინას სანახავად მივიჩქარი, მობილურს გამოვრთავ ხოლმე. არავინ იცის, ლიზიკო რაწამს დარეკავს. მაინც ვფრთხილობ, ხომ შეიძლება, სწორედ იმწუთში დინამაც დაილაპარაკოს და ჩემი ცოლი ეჭვებში ჩავარდეს? მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც ვერ შევნიღბე კარგად ჩემი თავი. ხედავთ, რა შორს გათვალა? ნუთუ მართლა სხვანაირად ვიქცევი? ალბათ. როგორც ჩანს, მეტი სიფრთხილეა საჭირო.

* * *

მეორე დილით ლიზიკო გაბუტული გავიდა შინიდან. მაინცდამაინც არც მე დამიხევია კაბის კალთები, გინდა თუ არა, ხმა გამეცი-მეთქი. ვისაუზმე და კაზინოში გავვარდი. ნიკუშა უკვე მოსული დამხვდა. იგი ჩემი მარჯვენა ხელია. ყველაფერს ჩინებულად აგვარებს. თვალდახუჭულს შემიძლია ვენდო, ბაღიდან ერთად მოვდივართ. კაბინეტში ჩავიკეტეთ, რათა მისგან «ანგარიში» ჩამებარებინა. რას ვერჩი, მშვენივრად მიდის ყველაფერი. ამ საგადასახადომ შემჭამა, თორემ სხვა მხრივ ყველა პრობლემა მოხსნილია. არა უშავს, მაგასაც მოვუვლით.

- კარგი, ნიკუშ, წავალ ახლა მე, ძალიან სერიოზულ საქმეზე მივდივარ.

- ხომ არ წამოგყვე? - მაშინვე ფეხზე წამოდგა.

- არა, ბიჭო, რა უნდა წამომყვე. ნამეტანი «ინტიმნი» რამეა.

- ნუ გაახურე, - თვალები გაუბრწყინდა.

- შენ რა გიხარია, შე ოხერო, მთელი საქმეები შეიძლება დროებით შენს კისერზე გადავიდეს, იცი? - «დავაშინე».

- მერაბ, ოჯახის დანგრევას ხომ არ აპირებ? - უცებ დასერიოზულდა.

- პირიქით. კაი საქმეს ვაკეთებ.

- აბა, კაი საქმე?

- პატომ სკაჟუ, - დინას ლექსიკონით ავმეტყველდი.

- შენი საქმისა შენ იცი, ძმაო. უბრალოდ, არ მინდა ერთი საქმის კეთებით მეორე გააფუჭო.

- ლიზიკოს გულისხმობ?

- აბა, კაზინოს მე არაფერს გავუფუჭებ, შენ მაგის დარდი ნუ გექნება.

- ჰოდა, შენ აქაურობას მიმიხედე, მე კი «იქაურობას» მივხედავ. მეც მოგებული დავრჩები და ლიზიკოც, - პატარა ბიჭივით წამოვხტი, ნიკუშას თვალი ჩავუკარი და მოუთმენლად დავტოვე იქაურობა.

7 7 7

- ტაკ რანა? - ჭინკები აცეკვდნენ დინას თვალებში.

- თუ გეწყინა, წავალ, - მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე ხუმრობით.

აკისკისდა.

- სიდი, სიდი. დინა მაინც არ გაგიშვებს.

- წამო, ის რაღაც ბალუბალი ვიყიდოთ. რა არისო, რა მითხარი?

- არ იცი თუ არ გახსოვს.

- არც მახსოვს და არც ვიცი.

- პრავდა?

- არა, მართლა არ ვიცი.

- გითხრას დინამ?

- აბა, არ უნდა მითხრას? რაც არ ვიცი, უნდა მასწავლო. მე ხომ გასწავლი?

- ტი? რა ასწავლე?

- რა და… მაგალითად, გრძნეული, ანუ კალდუნია.

თავი უკან გადახარა და დოინჯშემოყრილმა მადიანად გადაიკისკისა.

- ხარაშო, სკაჟუ. ბალუბალი ეტა ვიშნია.

- მერე, შე ქალო, რა ენას იმტვრევ, მაგას ბალუბალი კი არა, ალუბალი ჰქვია, - ვერც მე შევიკავე სიცილი.

- ტაკ კრასივა.

- კარგი, ასე იყოს. მაშინ ვიყიდოთ ბალუბალი.

- ნე ნადა.

- რატომ?

- ახლა არ შია დინას.

- ეგ ხომ ხილია, რა «შია» უნდა მაგას.

- ხილი ტოჟე ნე ხაჩუ.

- მაშინ რა «ხოჩეშ», ის მაინც მითხარი.

- სამსახური.

- რა სამსახური? - უცებ ვერ მივუხვდი.

- ტი ჟე აბეშჩალ?

- ა-ა-ა! გამახსენდა… სამსახური ბუდეტ.

- კაგდა?

- მალე.

- დინა ეჩქარება.

- სად?

- ნე «სად», ა ზაჩემ.

- კარგი, ბატონო. ზაჩემ?

- დენგი ხაჩუ, თანაც მნოგა.

- რად გინდა, დინა, ბევრი ფული?

- აქედან წა-დი-ი-ი, - ხელები გვერდზე ისე გაიქნია, თითქოს «სამაიას» ცეკვავსო.

- თბილისიდან წასვლას აპირებ?

- მა-აშ.

- შორს მიდიხარ?

- დალეკო, დალეკო.

- მაინც, მაინც?

- მოლდოვა!

- იქიდან ხარ? იქ დაიბადე?

- და.

- მერე? აქ როგორ მოხვდი?

- თუ საჭირო გახდა, ძინა სკაჟეტ.

- აუ, მითხარი რა, გეხვეწები. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?

- კტო ტებე სკაზალ? - ისე იუკადრისა, თითქოს მე ვყოფილიყავი ბაზრის ბოშა, თვითონ კი კაზინოს მესაკუთრე.

სიცილი ამიტყდა.

- რა, ასე არ არის?

- პაკა ნეტ.

- აბა, მე ვინ ვარ შენთვის? - ეს უკვე საინტერესო მომენტი იყო. მეგონა, დაიბნეოდა.

- ტი პროსტა მერაბ, ოჩენ ხაროში მერაბ.

- ი ტო ხლებ, - სიცილით წამოვიძახე, კიდევ კარგი, კვლავ კლიენტობა არ «დამწამა».

მოულოდნელად თითქოს ნაცნობი სახე დავინახე. იქით-აქეთ მოარულ ხალხში ვიღაცის ცნობისმოყვარე მზერას წავაწყდი. სიცილი პირზე შემაშრა. მეორედ აღარ გავიხედე. გონება დავძაბე, რათა აღმედგინა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი შეხვედრის არასასურველი მოწმე. და… ესეც შენ, მერაბ! ლიზიკოა. კი, ნამდვილად ის არის. როგორც ჩანს, ჩუმად გამომყვა უკან. მითვალთვალებს, ხედავ შენ?

ჩემი ხასიათის შეცვლა დინას არ გამოჰპარვია, დოინჯშემოყრილმა ქვემოდან დაკვირვებით ამომხედა და გაოცებულმა მკითხა.

- ტებე პლოხა?

- არა, არაფერი.

- აბა, რა მუხა უკუსილა? - გადაიკისკისა.

- «მუხა» რომ იყოს, რა მიჭირს, უარესია.

რაღაც უნდა მოვიფიქრო, თანაც სასწრაფოდ.

- დინა, სიგარეტი მინდა.

- ნეტუ.

- არა უშავს, წადი და მიშოვე.

- ე!

- რა ე! წადი და ერთი ბლოკი «ვინსტონი» მომიტანე, «ლაითი».

- ტი ჟე ბროსილ?

- ძალიან გთხოვ, დროზე მომიტანე, თორემ დამერხა, მეც და შენც.

- მე რატომ ვარ შუაში? - ადგილიდან არ დაიძრა დინა.

- გოგო, მე ვარ თუ არა შენი კლიენტი? წადი და რასაც გეუბნები, ის გააკეთე.

გაბუტული ბავშვივით გატრიალდა და ტაატით გაუყვა გზას.

აქეთ-იქით გახედვის მეშინოდა. ზურგი მიხურდა, ასე მეგონა, ლიზიკო ჩემ ზურგს უკან იდგა და დამცინავი ღიმილით ელოდა, როდის შევტრიალდებოდი. მსგავსი არაფერი მომხდარა. დამღალა ლოდინმა. ჯანდაბას-მეთქი, გავიფიქრე და ისე, სხვათა შორის, მივიხედ-მოვიხე. ლიზა არსად ჩანდა. ცოტა მომეშვა. იქნებ მომეჩვენა? მოდი, სამსახურში დავრეკავ და გავიგებ, სად არის.

მობილური ჩავრთე. როგორც ყოველთვის, დინასთან შეხვედრის დროს გამორთული მქონდა. პირველსავე ზარზე აიღეს ყურმილი.

- რომელი ხარ? - ჩავძახე, თან ისევ მიმოვიხედე.

- ლალი ვარ, ვინ გნებავთ?

- ლალი, მერაბი ვარ. ლიზა მინდა, ერთი დაუძახე, თუ არ შეწუხდები.

- ა, მერაბ, გამარჯობა. შენი ცოლი გასულია, ჩემო კარგო, მობილურზე გადაურეკე.

- ხომ არ იცი, სად წავიდა?

- მგონი, ბაზრობაზე, საღებავები ჰქონდა საყიდელი.

- გმადლობ, შენ შემოგევლე, მერე დავრეკავ…

გამოდის, არ შევმცდარვარ. ესე იგი, სადღაც აქ არის და მითვალთვალებს. ამასობაში დინაც მოვიდა.

- ნა, ტებე, - გაბრაზებულმა მითხრა.

- ახლა ნუ დამიწყებ ბუტიობას, - თვალებით დავტუქსე, - ვიღაცა მაკონტროლებს მგონი და ასე იმიტომ ვიქცევი, გესმის? არ მინდა, შენ შეგხვდეს უსიამოვნება, თორემ მე კი არ მეშინია. გამიგე? ახლა მომკიდე ხელზე ხელი და მიმკითხავე, ხელისგულის ხაზებზე, თან ფული მთხოვე, როგორც სხვებს, ისე, ვითომ უცხოები ვართ. გასაგებია?

გულისყურით მომისმინა და მორჩილად დამიქნია თავი. მერე ჩემს ხელისგულს დახედა და მითხრა.

- შენი ბედი თუ გინდა, მაიტა ხუთი ლარი.

- რა ნაგლი ხარ! ორი არ გეყოფა?

- ნეტ! - კატეგორიული უარი მტკიცა.

- სხვა რა ჩარაა, ჩემი სული შენს ხელშია, - უკანა ჯიბიდან ფული ამოვიღე და ხუთლარიანი მივაწოდე.

- სიგარეტის?

- მაცალე, გოგო და იმასაც მოგცემ, ჯერ მიმკითხავე.

- ნეტ. დენგი ვპერიოდ.

რა მექნა. სიგარეტის ფულიც გადავუხადე. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მკითხაობა.

-  დიდი სიყვარული გელის, ოჩენ დიდი, - თქვა და მზერა ჩემკენ გამოაპარა.

- მართლა? - გამეცინა, - მერედა, ვინ არის ის «ბედნიერი»? - ხაზგასმით ვიკითხე.

- ტი უვერენ, ჩტო ბედნიერი ბუდეტ?

- აუცილებლად! - დავიტრაბახე.

- ჩტო ტი ეი დაშ?

- კაცო, შენ მკითხაობ თუ მე მალაპარაკებ? მე თუ გითხარი, რაღა გამოვიდა, ფულს ტყუილად ვიხდი?

- პროსტა, ინტერესნა.

- ყველაფერს გავუკეთებ, რასაც მოისურვებს, - ეს კი მართალი ვთქვი, გულწრფელად.

- ვსიო, ვსიო?

- აბა, სხვანაირად როგორ იქნება?

- ცოლად მოიყვან? - დააყოლა.

- ცოლად როგორ მოვიყვან, უკვე მყავს. შენ ხომ იცი, - ვიმართლე თავი.

- ხო. პრატივნა ვსიო ეტა, - ცოტა ხანს ჩაფიქრდა, დააცქერდა ხელისგულის ხაზებს, მერე თავი ასწია და თქვა.

- დოლგა ბუდეშ ჟიტ. და ბედნიერი ბუდეშ. რებიონკა გეყოლება, ვ ჟარე, ზაფხულში. მაიტა ეშჩიო ხუთი ლარი.

- რისთვის, ადამიანო! - შევიცხადე.

- არ გინდა, ვთქვა, ბიჭია თუ გოგო?

- ეგეც იცი?

- ია ჟე ვსიო ზნაიუ.

- აჰა, გამომართვი, მითხარი და დროზე დაამთავრე, უნდა წავიდე.

მოიღუშა. ფული ძუძუებში გააუჩინარა და კვლავ ჩემს ხაზებს ჩააშტერდა კოპებშეკრული.

- «სამსახურში» არ მიდის დინა? - შემაპარა.

- წავიდეთ?

- და, - წამოიძახა და უცებ გამოცოცხლდა.

- ჯერ მითხარი, ბიჭი იქნება თუ გოგო? - ვაჭრობა დავიწყე.

- ბიჭი, აბეზატელნა ბიჭი, პრი ეტომ შავი, ჩორნი.

- რა მაგარია. ხომ არ მატყუებ, გოგო!

- ნეტ.

- კარგი, მაშინ ასე გავაკეთოთ. მე ახლა წავალ და საღამოს გამოგივლი, როგორც გუშინ. ოღონდ ცოტა სხვა ადგილას შევხვდეთ ერთმანეთს. თანახმა ხარ?

უსიტყვოდ დამიქნია თავი.

- ახლა უნდა წავიდე, - ჩურჩულით ვუთხარი, - სულ არ მინდა აქედან წასვლა, მაგრამ «ნადა», - ავითვისე მისი ლექსიკონი.

- ვიჟუ. უ ტებია ჩტო, სერიოზნიე პრაბლემი?

- პაკა ნეტ, მაგრამ თუ დროზე არ წავედი, ბუდეტ, - გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.

ნელა დავუყევი სანაპიროს. თან სარკეში ვიყურებოდი, იქნებ ლიზიკოს მოვკრა თვალი-მეთქი. არავინ ჩანდა. ცოტა ავუჩქარე. უცებ მობილურმა დარეკა. დავხედე ნომერს. ის იყო…

- ჰო ლიზა, სადა ხარ?

- აკი მოწევა მივატოვეო?

- მერე ვინ გითხრა, რომ არ მივატოვე?

- ეგ ბლოკი ვისთვის იყიდე?

- შენთვის.

- ჰო-ო?

- რა, არ გჯერა?

- აბა, რა გითხრა.

- შენ რა, ეჭვიანობ?

- ჯერჯერობით მაგის საბაბს ვერ ვხედავ, მაგრამ რაღაც მაინც არ მომწონს.

- მაინც რა?

- ძალიან დიდხანს საუბრობდი იმ ბოშასთან.

- მერე რა, ვამკითხავებინე. ახლა არ მითხრა, იმ ბოშას დასდევო.

- მაგ დონემდე თუ დახვალ, არ ვიცი, მაგრამ იქნებ რაიმე გარიგებას აწარმოებ მასთან?

- რა გარიგებას? - ცეცხლი წამეკიდა სახეზე.

- რა და… ფულს თუ გადაუხდი, ბავშვის გაჩენის მსურველს უცებ გაგიჩალიჩებს. ასეა?

- არა, ლიზიკო, საიდან მოგაქვს ასეთი სისულელე. შენ თავს გეფიცები, მაგრად ცდები მაგ ამბავში.

- ვნახოთ… «აღდგომა და ხვალეო».

- შენ რა, ჩემი თვალთვალი დაიწყე?

- ეგღა მაკლია. ბაზრობაზე ვიყავი და შემთხვევით დაგინახე.

- კიდევ კარგი, ბოშასთან დამინახე, თორემ სხვა ქალი რომ ყოფილიყო, შენს ისტერიკებს რა გაუძლებდა.

- შენ ეგა თქვი, მაგრამ გული მიგრძნობს, არ აგცდება. კარგი, წავედი, თორემ დამიჯდა მობილური. საღამოს კაზინოში შემოგივლი.

აი, ახლა კი მართლაც რაღაც უნდა მოვიფიქრო. ლიზიკო რომ ძველებურად ყოველ საღამოს კაზინოში დამიჯდეს, ჩემს გეგმებს განხორციელება არ უწერია. თანაც შევპირდი დინას, აუცილებლად გამოგივლი-მეთქი - არ მინდა მისი მოტყუება. მით უმეტეს, უკვე ისე შემეჩვია, ნელ-ნელა მოიწევს ჩემკენ. ისევ ნიკუშა თუ მიშველის. ექსტრემალურ სიტუაციებში ის პოულობს ხოლმე გამოსავალს, ეშმაკურ რამეს მოიფიქრებს.

კაზინოში შესული კინაღამ დამლაგებელს დავეჯახე.

- უკაცრავად, ქალბატონო კლარა, - მოვუბოდიშე ხანშიშესულ ჭაღარა ქალს, - ვერ შეგამჩნიეთ.

- არა უშავს, შვილო, ჩემი ბრალია, დახრილი ვიყავი და ეს მაგიდა მეფარებოდა.

ნიკუშას ოთახში შევაჭერი.

- ნიკუშ, უნდა მიშველო.

- ჩემი თავი გენაცვალოს, რაშია საქმე?

- საღამოს უნდა გავძვრე. მოიფიქრე რამე, ლიზიკო რომ მოვატყუო.

- ჩათვალე, რომ უკვე მოფიქრებულია.

- ჯიგარი ხარ. ესე იგი, მქონდეს შენი იმედი, არა?

- უპრობლემოდ.

- ძმა ხარ!

გაგრძელება იქნება