ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 წარმატებულ ქართველ ახალგაზრდას, რომლებიც თავიანთი მიზნებისა და ინტერესების რეალიზაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცდილობენ.
ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე უკრავდა გიტარაზე. ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია.
ნუცა "ამერიკის ვარსკვლავის" ტოპ 12 მონაწილეს შორის მოხვდა და ამით საკუთარი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გადასასვლელად მას მხარდამჭერთა ხმები არ ეყო, ის ჟიურიმ გადაარჩინა და პროექტში დატოვა. ნუცა "ამერიკის ვარსკვლავს" გამოეთიშა, რადგან ჟიურის მისი გადარჩენა აღარ შეეძლო, შესული ხმები კი საკმარისი კვლავ არ აღმოჩნდა. პროექტის დატოვების შემდეგ კი გულშემატკივრებს მიმართა, ისინი გაამხნევა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება. საკლუბო კარიერა 2017 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2020 წელს კვარაცხელია ზედიზედ სამჯერ, გულშემატკივრებმა აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს; 2020 წელს დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად; მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ; 2020 წლის 14 ოქტომბერს, მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ნაკრების მაისურით, ერთა ლიგაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.
2022 წლის 1-ელი ივლისიდან კვარაცხელია "ნაპოლის" მოთამაშეა. "ნაპოლის" ლეგენდის, დიეგო მარადონას პატივსაცემად, მას მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს.
მატილდა გვარლიანი
მოდის სამყაროს თვალს ხშირად რომ არ ადევნებდეთ, ახალი თაობის ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის სახელი თქვენთვის უცხო მაინც არ იქნება.
მატილდა 2000 წლის 16 მაისს დაიბადა. ბებიას უნდოდა, რომ გოგონასთვის მარიამი დაერქმიათ, დედამ კი სახელი მატილდა შეურჩია. საბოლოოდ, ორივე დაარქვეს - მატილდა მარიამ გვარლიანი მოდელის სრული სახელია. 22 წლის მოდელს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა.
როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი სამ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს: Look Modéls Managemént (საქართველო), Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი).
გიორგი გიგაშვილი
მარტა არგერიხის სტიპენდიანტი მუსიკოსი, რომელსაც პიანისტობა დედამ შეაყვარა და 6 წლის ასაკიდან თავადაც უკრავს, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც გიორგი გიგაშვილი კონცერტებს მართავს, სხვადასხვა პრესტიჟულ პრემიას იღებს და მსოფლიოს საკუთარ ტალანტს აცნობს.
ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა რადიოსადგურმა „Classic FM” 2023 წლის 30 გამორჩეული ახალგაზრდა მუსიკოსი დაასახელა. მათ შორის მოხვდა გიორგი გიგაშვილი. ქართველი პიანისტი სიაში მე-14 ადგილს იკავებს.
დავით გიორგაძე
მსოფლიო მოდის ფოტოგრაფი საქართველოდან. მისი პირველი დიდი საერთაშორისო წარმატება მოდის სახლ SAINT LAURENT-ს უკავშირდება. დღეს კი მისი სახელი არაერთ ცნობილ ჟურნალთან და ბრენდთან არის დაკავშირებული. მათ შორის შეგვიძლია გამოვარჩიოთ ბრიტანული მოდის წამყვანი ბრენდი – Burberry. დავითმა ბარბერისთვის უკვე რამდენიმე სარეკლამო კამპანია გადაიღო. მის ობიექტივში ვხედავთ ბრენდის კრეატიული დირექტორის, რიკარდო ტიშის მუზებს.
მის ობიექტივში ხშირად წააწყდებით ჩვენი დროის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ქენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი და ბილი აილიში არიან.
2019 წელს დავითი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 100 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში მოხვდა.