„რკინიგზის სადგურზე ჟანგისფერი მატარებელი მძიმედ ჩამოდგა, მინადორა ტოროშელიძე 14-წლიანი გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდა…” - საქართველოს პირველი პარლამენტარი ქალები და მათი ცხოვრება - Marao

„რკინიგზის სადგურზე ჟანგისფერი მატარებელი მძიმედ ჩამოდგა, მინადორა ტოროშელიძე 14-წლიანი გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდა…” - საქართველოს პირველი პარლამენტარი ქალები და მათი ცხოვრება

2023-05-25 14:48:03+04:00

საქართველოში პირველი არჩევნები 1919 წლის 14-17 თებერვალს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 616,150-მა ადამიანმა მიიღო, საერთო აქტივობა 60%-ს შეადგენდა.

1919 წელს ჩატარებულ დამფუძნებელი კრების არჩევნებში სხვადასხვა პარტიის სახელით კენჭს 17 ქალი იყრიდა, რომელთაგან ხუთი წევრად აირჩიეს. ყველა მათგანი "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წევრი იყო. 

მინადორა ტოროშელიძე 

„რკინიგზის სადგურზე ჟანგისფერი მატარებელი მძიმედ ჩამოდგა და შიშინით გაჩერდა. ვაგონიდან ხანშესული ქალი ჩამოვიდა. მხრებზე ნაცრისფერი შალი ჰქონდა მოხვეული – მკერდზე გადაჯვარედინებული და ზურგს უკან შეკრული. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრი, მინადორა ტოროშელიძე, 14-წლიანი გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდა. სადგურზე ქალიშვილი სუსანა და სამი წლის შვილიშვილი, მარინე დახვდნენ. იქვე, სვეტების უკან იდგა და ამ შეხვედრას შორიდან აკვირდებოდა მინადორას ორი უახლოესი მეგობარი, რომელთაც მასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდათ. 1950 წლის ზამთრის მიწურული იყო, საქართველო კი – საბჭოთა კავშირის ნაწილი. დამფუძნებელი კრების დაშლისა და დამოუკიდებლობის გაუქმების შემდეგ 29 წელი იყო გასული.“

მინადორა ტოროშელიძე 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში. მან  ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1924 წელს ერთი წლით მოსკოვში იძულებით გაასახლეს, 1936 წლიდან კი - ყაზახეთში. თბილისში დაბრუნების უფლება მხოლოდ 12 წლის შემდეგ მისცეს. გადასახლებაში ყოფნისას აქტიურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

1937-38 წლებში დახვრიტეს მისი ქმარი და ორივე შვილი. გარდაიცვალა 1967 წელს.

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრად "სოციალ-დემოკრატთა" სიით 1919 წელს აირჩიეს. საქართველოს პირველ პარლამენტში იგი შრომის კომისიაში იყო გაწევრიანებული.

1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.

ამონარიდი ელისაბედ ბოლქვაძის დაკითხვის ოქმიდან: 

„1936 წლის 6 აპრილს დასავლეთ ციმბირში არალეგალური მენშევიკური კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის გადასახლებული ელისაბედ ბოლქვაძე თანამოაზრეებთან ერთად კვლავ დააპატიმრეს. ციხის სამორიგეო ოთახში ყოფნისას ელისაბედმა თანამემამულეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ფრთხილად იყავით, დაკითხვისას არაფერი წამოგცდეთ მეგობრებზე. როგორც ერთმა, ყველამ განაცხადეთ, რომ უარს ამბობთ ჩვენების მიცემაზე. რაც უნდათ, ის უქნიათ, მედგრად დაიცავით ჩვენი იდეები და სანამ ცოცხლები ხართ, ბოლომდე იბრძოლეთ დამოუკიდებელი საქართველოსთვის“.

ქრისტინე შარაშიძე

1917 წელს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი.

ქრისტინე შარაშიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან. იყო დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი, ასევე - საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიების წევრი.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

შედიოდა საქართველოს "სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის" ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად; 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად - „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსები. 1905 წლიდან საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა, სადაც პედაგოგად მუშაობდა.

1919-21 წლებში იყო დამფუძნებელი კრების შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. საქართველოს სსრ-ის საგანგებო კომისიამ 1926 წელს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნდა 30-იან წლებში; ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას. გარდაიცვალა თბილისში, საკუთარ სახლში. გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ანა სოლოღაშვილი 

1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად "სოციალ-დემოკრატების" სიით. იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი.

1937 წელს დააპატიმრა შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ. 1937 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და „შოვინისტური“ განწყობების, ასევე „მენშევიკთა“ ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს სასჯელის უმძიმესი ფორმა მიესაჯა - იგი 28 ნოემბერს გვიან ღამით დახვრიტეს.