ბოშა - თავი 5 - Marao

ბოშა - თავი 5

2023-05-26 08:56:17+04:00

წინა თავი

დინასთან ჩემი ურთიერთობა მშვენივრად აეწყო. იგი ყოველდღე სულმოუთქმელად ელოდა ჩემ გამოჩენას. მეც შეძლებისდაგვარად ვახერხებდი დროის გამონახვას - ხან შუადღეს, ხანაც საღამოს შევირბენდი ხოლმე მასთან. ღამით დარჩენას ვერიდებოდი, არ მინდოდა, ლიზიკოს ეჭვი აეღო. თავს ვიმტვრევდი, რა მომეფიქრებინა, რომ რამდენიმე დღით მაინც შემძლებოდა დინას გვერდით ყოფნა. თვითონ არაფერს ამბობდა, ერთხელაც არ დაუწუწუნია, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, როგორ განიცდიდა უჩემობას. თან მეშინოდა, ერთ მშვენიერ დღესაც არ მობეზრებოდა ასეთი ყოფა და ისევ თავის ბაზრობაზე არ გაქცეულიყო. ბევრი ფიქრის შემდეგ მხსნელად კვლავ ნიკუშა მომევლინა.

- ასე თუ გააგრძელებ, შენც დაიტანჯები და ისიც, არც ლიზიკოს დაადგება კარგი დღე, - მითხრა მან, როცა ჩემი «აღსარება» მოისმინა.

- ჰოდა, იმიტომაც მოგიყევი ეს ყველაფერი, იქნებ მირჩიო რამე, - თითებს დავუწყე გატკაცუნება.

- მივლინებაში რომ წახვიდე? - უცებ სახე გაუნათდა.

- მივლინებაში? კი მაგრამ, რა მოტივით? - მაინცდამაინც ჭკუაში არ დამიჯდა მისი წინადადება.

- რა მოტივით და აი, ბრიჯის სათამაშო მაგიდა ხომ მაინც ჩამოსატანი გვაქვს…

- მერე? რომ არ ჩამოვიტან?

- ე, ბიჭო, ეგ არის პრობლემა? სანდრო გავუშვათ, შენ კი «მოტყდები» და ერთი კვირა «იბაირამებ», შეიძლება მეტიც. ვნახოთ, ამ ამბავს რამდენი დრო დასჭირდება. სანდრო ჩამოვა თუ არა, დაგიკავშირდები.

კეფა მოვიქექე. ისე, არ არის ცუდი იდეა… ლიზიკო ვერც ვერაფერს მიხვდება, თავში აზრადაც არ მოუვა ჩემი შემოწმება.

- გენიალურია! - ტაში შემოვკარი, - მაგარი «იდეინი» ხარ. ქალი რომ იყო, გაკოცებდი, - ხუმრობით წამოვიძახე.

- მიდი, ნუ ახურებ! შენი კოცნა ვისაც სჭირდება, იმას მოახმარე. მე ჩემი მკოცნელი მყავს და მეყოფა, - ღიმილით თქვა ნიკუშამ.

ლიზასთან იმ საღამოსვე შევამზადე ნიადაგი. დიდი ამბით გადმოვულაგე ჩემი გეგმები. სანდროც მოდის-მეთქი, ჩავურთე საუბარში.

- რამდენ ხანში დაბრუნდებით? - სარკიდან შემომხედა ლიზიკომ და ნიღაბწასმულ სახეზე თითები რიგრიგობით დაიტყაპუნა.

- სადღაც ერთ კვირაში, მაქსიმუმ - ათ დღეში, - თვალი ავარიდე, ტყუილში არ გამომიჭიროს-მეთქი.

- შენი საქმისა შენ იცი, - მხრები აიჩეჩა და სააბაზანოში შევიდა.

- წყალი ხომ არ დაგისხა? - მივაძახე გახარებულმა. ახლა ისეთ ხასიათზე ვიყავი, ფეხებსაც კი დავბანდი.

- არა. მე თვითონ, - ონკანი მოუშვა და სახის ჩამობანას შეუდგა.

777

იდილიური «მივლინება» გამომივიდა. დინამ რომ გაიგო, ერთი კვირა მის გვერდით ვიქნებოდი, ბავშვივით აჭყლოპინდა.

- დინა ლუბიტ კარგი ბიჭები, - თითქმის ყვიროდა.

- ლუბიტ კი არა, უყვარს.

- ეტა ადნო ი ტოჟე.

- არა, ახლა დროა, ქართული ისწავლო.

- დინა უჟე იცის ქართული, - ღიმილით გადმომხედა.

- არაფერიც არ იცის. დღეიდან ყველა სიტყვას გაგისწორებ, გაიგე? - თითი დავუქნიე.

- რა დავაშავე ტაკოე? ჩტო არ მოგწონს? - წარბები შეჭმუხნა.

- მე მინდა, რომ ადამიანური ლაპარაკი გასწავლო, როგორც შენნაირ ქალს შეეფერება.

- სულ მერაბი როგორ გასწავლოს დინა?

- შენც მასწავლე, უარზე კი არა ვარ.

- შენც? ა ჩტო ია სმაგუ?

- აი, კარტის გაშლა მასწავლე.

- პრავდა?

- პრავდა კი არა, მართლაო, უნდა მკითხო.

- მართლა?

- აი, ასე. მართლა, აბა, ტყუილად? - სიცილი ამიტყდა.

- ხოჩეშ, ახლავე გასწავლო? - სკამიდან წამოხტა და ყელზე ჩამომეკიდა.

- ჯერ ის ტანსაცმელი მოიზომე, როგორ გექნება და სწავლაზე მერე ვისაუბროთ.

- აბა?

- აგერ, პარკში დევს რაღაცები. მგონი, მოგეწონება.

მაშინვე ჩანთას ეცა. ამოალაგა ყველაფერი - რამდენიმე კაბა, მაისური, შარვალი და კიდევ სხვა წვრილმანები. ენით აუწერელი სიხარული ეხატა სახეზე. ძალით წამათრია საძინებელში, სარკის წინ დამსვა და თვითონ სათითაოდ შეუდგა სამოსის ჩაცმა-გახდას. ისეთი საყვარელი სანახავი იყო, უდიდეს კმაყოფილებას განვიცდიდი.

მწვანე, წელში გამოყვანილი გრძელი კაბა ყველაზე მეტად მოუხდა. საბოლოოდ სწორედ ის ჩაიცვა და კიდევ ერთხელ დატრიალდა ჩემ წინ.

- კრასივა, და?

- ვერ გავიგე, რა მითხარი, - ღიმილით დავეჯღანე.

- ლამაზია?

- ჰო-ო, ახლა მივხვდი. კი, ძალიან ლამაზია, გხატავს.

- პრავ… მართლა?

- წყალი არ გაუვა, - სიცილს ვერ ვიკავებდი მისი შემხედვარე.

- ახლა კარტი გასწავლო. წამო, - მაჯაში ხელი ჩამავლო და მომქაჩა.

- წამო და წამო. ვნახოთ ერთი, რას მასწავლი.

ბანქოს დასტა აიღო. უცნაური კარტი იყო, ჩვეულებრივი ფიგურები არ ეხატა.

- ამ კარტს სად შოულობ ხოლმე? - ინტერესით ვკითხე.

- ეტა ტაინა.

- ტაინა რა არის? - ეშმაკობა ვიხმარე.

- საიდუმლო.

- აჰა, ესე იგი, საიდუმლოა?

თავი დამიქნია.

- აბა, ერთი მომახსენე ახლა, რა ხდება! - ხელები მოვიფშვნიტე და ვითომ დიდი გულისყურით მოვემზადე მოსასმენად.

- ტა-აკ! ყველაზე მეტი კაცი სიყვარულის გამო მკითხაობს. კაგდა ლუბოვ, კარტი პა დრუგომუ იშლება.

- შენი ჩიქორთული არ მესმის, ქალბატონო, - ნიშნისმოგებით ვუთხარი.

- შენ პატომ მასწავლე. ახლა მე მომისმინე, ხარაშო?

- «ხარაშო», ამ ერთხელ გაპატიებ, - გამეცინა.

- მნოგა გული ზნაჩიტ, რომ აბეზატელნა უყვარხარ. მნოგა კირპიჩ ილი კრესტიკ, ეს არის დელავიე ატნაშენია და არა სიყვარული. გლავნი ლუბოვნი კარტია გულის ტუზი, ვალეტი ილი დევიატკა. ეს უჟე სვადბა. გაიგე?

- გავიგე, - ტუჩებს თავი ვერ მოვუყარე, ისე მეცინებოდა.

- დევიატკა კიდევ ზნაჩიტ ინტერეს. კარტი მარცხენა ხელში უნდა დაიჭირო.

- კი მაგრამ, როგორ უნდა გაიშალოს? ამას ხომ აქვს თავისი წესი?

- სკაჟუ. ცენტრში იდება სამი კარტი, ეტა ტვაიო სერდცე. პატომ პრავა ი ლევა - კიდევ სამ-სამი - ეტა დღევანდელი დღე. ს ვერხუ ეშჩო ტრი - ბუდუშჩეე, ქვემოთ კი - პროშლოე. ვსიო იასნა? - გამომცდელად შემომხედა.

- გავიგე. ახლა კი მიმკითხავე.

- დავაი დენგი.

- ფული ბოლოს.

- ნეტ. ვპერიოდ. განი დენგი.

- ნამდვილი დაუნდობელი ხარ. არ მენდობი? - ეშმაკურად ვკითხე.

- გენდობი, ნო… ტაკ ნადა, წესია ასეთი.

რაღას ვიზამდი. ჯიბიდან საფულე დავაძრე და ათლარიანი დავდე მაგიდაზე.

- საკმარისია?

- ს ნაჩალა და.

- რა, მერე კიდევ უნდა დავამატო?

- პასმოტრიმ.

- ჩემი გაკოტრება გაქვს განზრახული, არა? - ვითომ შევშინდი.

- არა.

- აბა, შე ქალო, ათ ლარად პროფესიონალი მკითხავები მკითხაობენ. შენ რაღა დაგემართა?

- ია ტოჟე პროფესიონალკა.

- ვნახოთ, ბატონო, ჯერ გამიშალე.

დინამ კარტის გაშლა დაიწყო. სამ-სამად დაალაგა თავისი «წესის» მიხედვით და ბოლოს ახსნას შეუდგა.

- ვ პროშლომ - ვეჩერნაია დაროგა ბილა და ინტერესი იყო კიდევ.

- რა ინტერესი?

- ქალი.

- აჰა, გასაგებია. მერე?

- უსპეხი ვ დენგახ.

- «უსპეხი» რომელია?

- პიკავაია დესიატკა.

- ო-ო-ო! ნამეტანი საინტერესოა.

- ა ვოტ ი ცრემლი. ცუდი ამბავი გაიგებ და გული გეტკინება.

- ვის ეხება ეს ცუდი ამბავი?

- კაზინოი დომ.

- ეს რას ნიშნავს?

- ეტა სახელმწიფო სახლი.

- აუჰ! მთავრობაშიც დამიბარებენ?

- ეტა სამსახურია.

- ეს ყვავის ცხრიანი რას ნიშნავს?

- ეტა იზმენა.

- რა-ა? - ახლა კი გულზე შემომენთო.

- ღალატი, - მშვიდად თქვა და ისე შემომხედა, თვალიც არ დაუხამხამებია.

- ვინ უნდა მიღალატოს, შე ოხერო, რასაა, რომ მეუბნები, - სკამიდან წამოვიწიე.

- ცოლიანი მამაკაცი. ნე ბოისია, ნე ჟენა.

- მამშვიდებ კიდევაც, არა?

- ეტა ნე მაია ვინა. კარტი ამბობს.

- მერე, მერე?

- ბევრი ფული მიდის. ბუდიტ მნოგო ლოჟ. შენ გაბრაზდები. ნო ვსიო ულადიტსია. შენ გაიმარჯვებ.

- შენ ის მითხარი, სასიყვარულო ფრონტზე რა ხდება?

- ანა ლუბიტ ტებია.

- ვინ არის «ანა»?

- ეს მე ვარ.

- ჩემს ცოლს არ ვუყვარვარ? - ავწიე წარბები.

- ანა ტოჟე ლუბიტ, ნო ნე ტაკ სილნა.

- კაი, ბატონო. გააგრძელე, გისმენ.

- შენ დასცინი დინას.

- როგორ გეკადრება, ჩემო კარგო, მე და დაცინვა ვის გაუგია? სულით და გულით გისმენ, - ვცადე, სერიოზულად გამომსვლოდა.

- ტებე ბუდეტ ბოლნა.

- რატომ?

- ტი ვლუბლიონ.

- შენზე?

- ნე ზნაიუ, ნო ანა ოჩენ კრასივა.

- ანა ზა მუჟემ? - მეც რუსულად ვკითხე.

- ბილა.

ხარხარი ამიტყდა.

- «ბოლნა» რატომ იქნება, თუ იმასაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს, არ უნდა მიხაროდეს? რა არის ამაში ცუდი?

- ერთი უნდა აარჩიო, - ჩუმად თქვა.

- რატომ, ორივეს ვერ გავუნაწილებ ჩემს სიყვარულს?

- ნე სმოჟეშ.

- ვითომ რატომაო?

- ტრუდნა აბიასნიტ. მერე სამ გაიგებ.

- არა, არა, ახლავე მითხარი, - არ დავანებე.

- შენ არჩევანი გააკეთებ, ნო…

- რა ნო?

- ანა ასტავიტ ტებია.

- რომელი?

- კტო ბოლშე ლუბიტ.

გული შემეკუმშა. აშკარად შემეტყო უხასიათობა. დინას ჩემი «გარდასახვა» შეუმჩნევლად არ დარჩენია.

- ვსიო. მე მოვრჩი.

- ეგ იყო სულ?

- ბოლშე ნიჩევო ნე სკაჟუ.

- რატომ?

- ტებე ნეპრიატნა.

- ვინ მოგახსენა?

- ვიჟუ.

- ვიჟუ კი არა, ვხედავ.

- და ლადნა, ვხედავ. ტეპერ მოჟეშ, შენ მასწავლე, ჩტო ხოჩეშ.

- ახლა არ მინდა. არ ვარ მაგის ხასიათზე. მერე გასწავლი, - ამოვიხვნეშე ნირწამხდარმა.

- კაკ ხოჩეშ, - სახე მოეღრუბლა, კარტი მოხვეტა და დასტის დაწყობას შეუდგა.

- მე ახლა სხვა რამე მინდა, - როგორც იქნა, გავიღიმე. არ მინდოდა, ჩემთან ყოფნა ჩაშხამებოდა.

- სკაჟი.

- ჯერ მომეფერე, მერე საჭმელი მაჭამე და მერე ისევ მომეფერე, - პატარა ბავშვივით ვთხოვე.

თვალები აუციმციმდა.

- ეს ადვილია.

- ჰოდა, ძალიანაც კარგი. მაშინ შეგიძლია, საქმეს შეუდგე.

სკამი გამოვწიე და მოვემზადე, როდის ჩამომიჯდებოდა მუხლებზე. ეს მისი საყვარელი «საქმიანობა» იყო, მერე ცალ ხელს მხარზე გადამხვევდა და მეორეს თმაში შემიცურებდა, თან ბოშურ სიმღერას ღიღინებდა ხოლმე. მეც თვალდახუჭული ნამდვილ ნეტარებას განვიცდიდი ასეთ წუთებში. არაფერზე ვფიქრობდი, ყველა პრობლემა დავიწყებული მქონდა. ვგრძნობდი მხოლოდ მისი თითების მოძრაობას და მესმოდა მხოლოდ მისი ხმა - ჩემთვის გაუგებარ ენაზე, გაუგებარი სიტყვებით, მღერა-მღერით რომ მიხსნიდა თუ მიმტკიცებდა სიყვარულს…

შიგადაშიგ ქალაქში გავდიოდი და ლიზას ვურეკავდი, ვითომ თურქეთიდან. მოვიკითხავდი, ჩემს საქმეებზეც ცოტას წავილაყბებდი და ბოლოს დიდი სითბოთი დავემშვიდობებოდი. პარალელურად ნიკუშასთან მქონდა კავშირი. ყველა წვრილმანს ვიგებდი კაზინოზე, ასევე სანდროს მოგზაურობის ამბებზე.

დრო სწრაფად გადიოდა. ორ-სამ დღეში უკვე მომიწევდა უკან წასვლა. როგორ მეზარებოდა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. ისე კარგად ავაწყვეთ მე და დინამ ურთიერთობა, მასთან განშორება სწორედ რომ არ მსურდა, თუმცა, სხვა გზა არ მქონდა. ამიტომ ვცდილობდი, დარჩენილი დრო მაქსიმალურად «გემრიელად» გამომეყენებინა. თან ყოველდღე ვეკითხებოდი, ორსულად არა ხარ-მეთქი? ჯერ რა დროს ეგ იყო, მაგრამ გული არ მითმენდა. ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა ის დღე, როცა მეტყოდა - კრასავჩიკ, სკორა რებიონოკ ბუდიტ.

* * *

- შენი მივლინებები არ დაილია! რაღაც ძალიან მოუხშირე «გასვლებს»! - ღვარძლიანად შენიშნა ლიზიკომ ერთ საღამოსაც, როდესაც ახალი წლის წინა დღეებშიც გადავწყვიტე «ნაცნობი» ტრიუკის ჩატარება.

- რა ვქნა, საქმე ითხოვს, - «მოვისაწყლე» თავი.

- ფრთხილად, მერაბ, არაფერში გამოგიჭირო, თორემ ხომ იცი, არ გაპატიებ! - გააგრძელა მან და მრავლისმთქმელი მზერა მესროლა.

ლიზას «თითის ქნევები» ჩემთვის სულერთი არ იყო. კარგად ვიცოდი მისი ხასიათი. რას მოიმოქმედებდა ჩემი «გამოჭერის» შემთხვევაში, წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ სერიოზული უსიამოვნება რომ არ ამცდებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. არადა, 31 დეკემბერს დინას მარტო დატოვება არ მინდოდა. ლიზიკო თავს არ დაიჩაგრავდა, ან თავისიანებთან შეხვდებოდა ახალ წელს, ან კიდევ მეგობრებთან. დინა კი მარტო უნდა მჯდარიყო ბუხართან და ჩემს მოლოდინში უნდა გაეთენებინა ღამე. ისედაც მოიწყინა ბოლო ხანებში. გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს დაემსგავსა. თითქოს თვალები ჩაუცვივდა! რაც დრო გადიოდა, მით უფრო გულჩათხრობილი ხდებოდა. ვერაფრით ვახერხებდი მის გამხიარულებას. არც საჩუქრები უხაროდა. რამდენჯერმე ქალაქში გასეირნება შევთავაზე, მაგრამ ამაზეც უარი მითხრა.

- დინა, რამე ხომ არ გტკივა? - ვკითხე ერთხელაც.

- ნეტ, - თავი გადააქნია.

- აბა, რატომ ხარ ასე მოწყენილი?

- ნე ზნაიუ.

- მითხარი, რა გავაკეთო და ყველაფერს ვიზამ.

- არაფერი, ლამაზო, ვსიო ხარაშო.

- მოგწყინდა ჩემთან?

- და ტი ჩტო!

- აბა, რა გემართება, გინდა ისევ ბაზრობაზე წახვიდე?

- არა.

- რა ვქნა, რომელ წყალში გადავხტე? - გავუღიმე.

- დინამ არ იცის.

- რა არ იცის? რომელ წყალში გადავხტე?

- ნეტ. დინამ არ იცის, რა ჭირს.

- რა-ა? რა გჭირს, მითხარი, გოგო. თუ რამე გაწუხებს, არ უნდა მითხრა?

- ახლა სკაჟუ.

- მითხარი, აბა, რა გტკივა?

- მგონი, სკორა რებიონოკ ბუდეტ.

- რა თქვი? - ამის გაგონებაზე სკამიდან წამოვხტი.

დინამ გაიღიმა და მუცელზე ხელი დაისვა.

- შენ ზნაკომი ვრაჩ გყავს? - მეორე ხელი თმაზე გადამისვა.

- როგორ არა მყავს! თუ გინდა, ახლავე წავიდეთ.

- ნეტ. უჟე პოზდნა. ლუჩშე ხვალ.

- კარგი, ბატონო, ხვალ იყოს. როგორც მიბრძანებ, შენთვის როგორც ჯობს.

- ტოლკა ნე ზნაიუ, მოჟეტ ვცდები.

- მითხარი, რას გრძნობ, - უფრო ახლოს მივუჩოჩდი.

- ტაშნიტ, თანაც ჭამა ვაბშე არ მინდა.

- დიდი ხანია?

თავი დამიქნია.

- მაინც?

- უჟე მესიაც.

- და აქამდე მიმალავდი?

- შენი შეშინება ნე ხატელა.

- რა შეშინება, გოგო! შეშინება კი არა, ლამისაა ვიცეკვო სიხარულისგან.

- ნე ბლეფუი, - არ დამიჯერა.

- ასე რატომ ფიქრობ, მითხარი. ჩემს საქციელში რამე არ მოგწონს? რა შემატყვე სამაგისო?

- რად გინდა დინას ბავშვი. ქალების მეტი რაა, დლია ჩევო ტებე ციგანკა, - ნაღვლიანად მითხრა და თავი ჩაქინდრა.

- ნუ სულელობ. მე შენგან მინდა ბავშვი, თორემ სხვა ქალისგან რომ მდომებოდა, აქ კი არ იქნებოდი, მაშინ იმ სხვასთან წავიდოდი.

- ნე ზნაიუ.

- არ მომწონს მე შენი საუბარი. რაღაც ძალიან შეიცვალე ბოლო ხანებში. იქნებ გამანდო, რაშია შენი საიდუმლო?

- ფული კაგდა დაშ?

- რა ფული?

- ხელფასი.

აი, თურმე რაშია საქმე, რა აწუხებს. ამას ჰგონია, რადგან ყოველდღე არ «ვუხდი ხელფასს», მოვატყუე და მშრალზე დავტოვე. მე დეგენერატს კიდევ ერთხელ არ მომაფიქრდა შეპირებული თანხის მიცემა.

- დინა, შენ როგორ ფიქრობ, მე ვგავარ მატყუარა ადამიანს?

- ნეტ.

- აბა, რატომ გგონია, რომ ჩემს სიტყვას გადავედი?

მხრები უნდობლად აიჩეჩა და მზერა ამარიდა. მისი სახე ხელებში მოვიმწყვდიე და თვალებში ჩავხედე.

- მე მინდა ის ფული მერე ერთად მოგცე, შეგროვებულად. შენთვის უკეთესი არ იქნება?

- მერაბი არ ენდობა დინას.

- საიდან დაასკვენი, კი მაგრამ?

- ტი ბაიშსია.

- რისი, გოგო?

- დინა არ გაიქცეს.

გავოგნდი. სიმართლე რომ ვთქვა, ეს აზრადაც არ მომსვლია თავში, ერთხელაც არ მიფიქრია, მაგრამ მითხრა თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ მართალი იყო.

როგორც ჩანს, შინაგანად მართლაც მეშინოდა, რა თქმა უნდა, შეუცნობლად, რომ ფულს არ დახარბებულიყო და არ გაპარულიყო.

- ეს ტყუილია, მე ეგ არ მიფიქრია, - პროტესტი გამოვთქვი, თან სინდისი მქენჯნიდა, რადგან ძალაუნებურად მიწევდა მისი მოტყუება.

- და ლადნა, ლადნა. პაშუტილა ია, - ისევ გადამისვა თმაზე ხელი და ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.

- კარგი, რადგან ასეა, ხვალვე მოგიტან მთლიან თანხას.

- ა ტი პომნიშ?

- რა?

- რამდენი მისცე დინას.

- შენ ხომ «პომნიშ»? - შევუბრუნე კითხვა.

- კანეშნა.

- ჰოდა, რამდენსაც მეტყვი, იმდენს მოგიტან. თუ გინდა, კიდევ დავამატებ ჯარიმის სახით. დაგვიანებისთვის ხომ მეკუთვნის დაჯარიმება?

- პრავილნა.

- ოჰ, რა ხართ ეს ქალები, ფულის მეტი არაფერი გაინტერესებთ.

- შენ მოიტანე, მე შევინახავ. ნე ბოისია, არ გავიპარები.

- სულაც არ მეშინია, - ახლა მე ავარიდე მზერა, რადგან მივხვდი, რომ ამ სიტყვებით მხოლოდ საკუთარ თავს ვამხნევებდი, თორემ ძალიანაც მეშინოდა. ოღონდ მეშინოდა არა ფულის, არამედ დინას დაკარგვის. მით უმეტეს, ახლა, როცა მისი დაორსულების ამბავი შევიტყვე. დღეიდან მეტი ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო მის მიმართ. არა, ხვალვე წავიყვან ექიმთან. ყველაფერს გავუკეთებ, თან გადავყვები, ოღონდ ბავშვი გააჩინოს, ოღონდ ბოლომდე მომყვეს…

777

მეორე დღესვე გავაქანე ნაცნობ გინეკოლოგთან. ორი თვის ორსულობა დაუდგინეს. გული სიხარულისაგან საგულედან ამოხტომას ლამობდა, ვერ გადმოვცემ, რა დღეში ვიყავი. ახლა კი სერიოზულად შევფიქრიანდი. ყოველდღე აგარაკზე სირბილს ნამდვილად ვერ შევძლებ, ვერც გავწვდები ამდენს - სამსახური, სახლი, დინა… თანაც, არც ისე ახლოსაა თბილისთან. აქეთ-იქით სიარულს დრო ხომ უნდა? გადავწყვიტე, სადმე კაზინოსთან ახლოს დამექირავებინა ბინა და დინა თბილისში გადმომეყვანა. მარტოსულად მაინც არ იგრძნობდა თავს. თანაც, საშიში იყო, შემთხვევით რომელიმე მეზობელს არ შეემჩნია მისი იქ ყოფნა. მართალია, ზამთარში არც არავინ ცხოვრობდა იქ, მაგრამ ზოგიერთი ხანდახან მაინც შემოივლიდა ხოლმე სახლის დასახედად. ახლა ყველაფერში წინდახედულება უნდა გამომეჩინა, თორემ სულ მცირე შეცდომასაც კი შეეძლო ყველაფრის გაფუჭება.

როგორც ყოველთვის, ახლაც ნიკუშა «ჩავრიე საქმეში». მანაც არ «დააყოვნა» და ორ დღეში იმისთანა ერთოთახიანი ბინა «ააგდო», თქვენი მოწონებული იქვე, კაზინოდან სულ რამდენიმე ნაბიჯზე. მართალია, «ხრუშჩოვკა» იყო, მაგრამ რას დავეძებდი. ოღონდ იტალიურ ეზოში არ ყოფილიყო და სხვა არ მაინტერესებდა. დიასახლისს სამი თვის ქირა წინასწარ გადავუხადე და იმ დღესვე გადმოვიყვანე დინა.

ახალ ბინაში ცოტა გამოცოცხლდა. მაშინვე ოთახის მილაგებას შეუდგა. სათითაოდ დაკეცა თავისი ტანსაცმელი და კარადაში შეალაგა.

- ამდენი ვეშჩი პაკა არ მქონია, - ღიმილით მომიბრუნდა.

- გიხარია? - ხელი მოვხვიე.

- ოჩენ.

- ოჩენ კი არა, ძალიან.

- ოჩენ ძალიან, - «გამოასწორა» შეცდომა და თავი მკერდზე მომაყრდნო.

- ტი ლუბიშ მენია? - ჩურჩულით მკითხა.

- შენ როგორ ფიქრობ? - პასუხს თავი ავარიდე.

- სკაჟი.

- ქართულად მკითხე და გეტყვი, - ვიპოვე გამოსავალი.

- მერაბი უყვარს დინა?

- მერაბი უყვარს დინას, - სიტყვათა თამაში დავიწყე.

- ეტა ია ზნაიუ.

- მაშინ ისე მკითხე, როგორც წესი და რიგია. ტყუილად გასწავლიდი ამდენ ხანს? წყალში გინდა მთელი შრომა ჩამიყარო?

- გიყვარს დინა?

- ეს უკეთესია. მომწონს, მომწონს. ყოჩაღ, ჩემო ლამაზო და მშვენიერო, - გულიანად გავიცინე.

- პასუხი სად არის?

- რის პასუხი?

წარბები შეკრა. მერე დოინჯი შემოიყარა, თავი გვერდზე გადახარა და დამარცვლით მკითხა.

- მერაბ, გი-ყვა-რვარ?

დამარცვლის სისწორის რა მოგახსენოთ, მაგრამ შეკითხვა გრამატიკული ნორმების სრული დაცვით რომ იყო დასმული, ამაში ვერავინ შეედავებოდა.

მკლავებში მოვიმწყვდიე. თვალებში ჩავხედე. ერთხანს ასე ვუყურებდი. დაძაბული იყო, ჩემი პასუხი აინტერესებდა.

- მიყვარხარ, თანაც ძალიან, ძალიან, - ხმამაღლა ვთქვი.

თვალები დახუჭა. ვიგრძენი, როგორი შვებით ამოისუნთქა.

- სპასიბა, ნო მე ბოლშე მიყვარხარ, - თქვა და ამოიოხრა.

- ვინ მოგახსენა, ქალბატონო? შენ რა იცი, რამდენს იწონის ჩემი სიყვარული? - შუბლი შუბლზე მივადე.

- ერთ კილოგრამს, - საჩვენებელი თითი გაფშიკა.

- მართლა? ერთი ამას დამიხედეთ! თქვენი, ძვირფასო, თქვენი რამდენს იწონის?

- ტონას.

- მეტს არა? სულ ეგ არის?

- სულ ეგ არის.

- ესე იგი, მე შენ რომ ჩაგეხუტები, ჩვენი სიყვარულის საერთო წონა ათას ერთი კილოგრამია?

- ნეტ. ტონა და ერთი კილოგრამი.

- ეს ერთი და იგივეა.

- კაკ?

- კაკ და ერთი ტონა ათას კილოგრამს უდრის.

- მართლა?

- დამიჯერე, თორემ ქართულთან ერთად მათემატიკის შესწავლა მოგიწევს, იცოდე.

- ვერიუ, ვერიუ, - უცებ ხელიდან დამისხლტა და ვითომ შეშინებული გამერიდა.

 

გაგრძელება იქნება