"ცისფერყანწელთა" ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, პაოლო იაშვილის გარდაცვალების შესახებ არაერთი ვერსია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პაოლომ თავის მოკვლა იმ დროს არსებული რეჟიმის, ზეწოლისა და უსამართლობის გამო გადაწყვიტა, არსებობს საინტერესო ამბავი, რომელიც რუს პოეტს, სერგეი ესენინს უკავშირდება.
ისტორიკოსი ვლას ვაწაძე "თბილისურ ლეგენდებში" იხსენებს, რომ 1924 წელს თბილისს სერგეი ესენინი სწვევია და "ცისფერყანწელებთან", განსაკუთრებით კი, პაოლო იაშვილთან, ძალიან დაახლოებულა. პაოლოს ერთ დღესაც სერგეი ესენინი მთაწმინდის პანთეონის დასათვალიერებლად წაუყვანია და დავით გარეჯელის წყაროსთან მიუყვანია. პაოლომ ესენინს მოუყვა ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ამ წყაროსთან ქვა უნდა აეღო, მისულიყო ეკლესიის კართან, ქვა კედლისთვის მიედო, ხელი გაეშვა და სწრაფად დაეთვალა, სანამ ქვა ძირს დაეცემოდა. სადამდე დათვლასაც მოასწრებდა, იმდენი წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ესენინს ეს რომ გაუკეთებია, ქვა ისე დაეცა ძირს, რომ დათვლა საერთოდ ვერ მოუსწრია, პაოლომ კი მხოლოდ 13-მდე დაითვალა.
1925 წლის 28 დეკემბერს ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერში“ სერგეი ესენინმა თავი ჩამოიხრჩო. ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს გასჩენია ესენინს თვითმკვლელობის სურვილი, მაგრამ რატომღაც გადაუფიქრებია. 1937 წლის 22 ივლისს კი მწერალთა სახლში პაოლო იაშვილმა საკუთარი თოფით თავი მოიკლა, იმ თოფით, რომლის ჩუქებასაც 13 წლის წინ სერგეი ესენინისთვის აპირებდა. სიკვდილის წინ პაოლომ ქალიშვილს, მედეას წერილი დაუტოვა:
”ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.
არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა. შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.
შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა”.