ბოშა - თავი 6 - Marao

ბოშა - თავი 6

2023-05-27 10:15:16+04:00

წინა თავი

ახალი წელი ახალი სიურპრიზებით დაიწყო ჩემთვის, თანაც არასასიამოვნო სიურპრიზებით. დინას წელის ტკივილი დასჩემდა. სახე და ფეხები შეუშუპდა. კი მითხრა ექიმმა, საშიში არაფერია და გაუვლისო, მაგრამ ჩემი დამშვიდება ასე ადვილი არ იყო. გარდა ამისა, სამსახურშიც წამოყო პრობლემამ თავი. ერთ საღამოს პოკერის მოთამაშე ქმარს ცოლი მოუვარდა კაზინოში - ააწიოკა იქაურობა. იმანაც, წონასწორობიდან გამოსულმა, დააძრო უცებ დანა და პირდაპირ ყელში გამოუსვა გაწიწმატებულ ქალს. ამ ამბავმა ბევრი უსიამოვნება მომაყენა. ფულიც ბლომად დავხარჯე, რომ პრესასა და ტელევიზიაში «მსჯელობის საგნად» არ ქცეულიყო. მთელი თვე დამჭირდა, ეს ინციდენტი რომ ჩამეფარცხა. ვერაფრით დავადგინე, იმ კლიენტს დანა საიდან აღმოაჩნდა. იგი კაზინოს მუდმივი კლიენტი იყო და, როგორც ჩანს, დაცვამ სათანადოდ არ შეამოწმა. ამაზე დაცვის ბიჭებს მოვთხოვე პასუხი. ნიკუშამ სათანადოდ დასაჯა.

ეს ამბავი კი ჩამთავრდა, მაგრამ წინ უფრო მტკივნეული და საბედისწერო გამოცდა მელოდა თურმე…

ორშაბათ საღამოს შინ შედარებით ადრე დავბრუნდი. დინას მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდა და მეც გამომიკეთდა ხასიათი. ექიმის დანიშნულ დიეტას მთელი სიზუსტით იცავდა, მაგრამ, სამაგიეროდ, წამალი არ გაიკარა ახლოს, არც აბები და არც ნემსები. ჯერ «ლექციები» ჩავუტარე, მერე «ნოტაციები» წავუკითხე, მერე გავუბრაზდი, ბოლოს დავემუქრე კიდეც, წავალ და შენთან აღარასდროს მოვალ-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. წამალი რომ დავლიო ან ნემსი გავიკეთო, უფრო ადრე მოვკვდებიო, ნაღვლიანად მითხრა. რა უნდა მეპასუხა… ისევ ექიმმა დამამშვიდა, არა უშავს, დიეტას თუ დაიცავს, ეგეც უშველისო და მართლაც ასე მოხდა. შეშუპებებმა მალე გაუარა. წელის ტკივილიც აღარ აწუხებდა ძველებური სიხშირით. ორ კვირაში განმეორებითი ანალიზები აუღეს და პასუხიც დადებითი მივიღეთ. ამ ამბით კმაყოფილი საღამოს დიდხანს აღარ დავრჩი კაზინოში და შინისკენ გავეშურე. მეც მომინდა, ერთი ღამე მაინც გამომეძინა ადამიანურად. თან მტკიცედ გადავწყვიტე, ლიზიკოს წუწუნისთვის ყურადღება არ მიმექცია და უსიტყვოდ მომეგერიებინა მისი საყვედურები. თუმცა… ჩემი გეგმები ლიზიკოს «ალაპარაკებისთანავე» ჩაიფუშა. ჩაიფუშა და მერე როგორ!

- მერაბ, რა ადრე მოხვედი, გულმა გიგრძნო, თუ? - თვალებგაბრწყინებული შემომეგება და ჩამეხუტა.

გამიკვირდა. კარგა ხანია, ასე აღფრთოვანებით არ შემხვედრია. ბოლო დროს მისგან საყვედურების მეტი არაფერი მესმოდა.

- რა უნდა მეგრძნო? - გულგრილად ვკითხე და გვერდის ავლა ვცადე.

- გინდა, კარგი რამე გითხრა? - არ მეშვებოდა ლიზა.

- მითხარი, მერე, - მხრები ავიჩეჩე.

- მაგრად გაგიხარდება.

- …

- გაგიჟდები!

- ამოშაქრე დროზე, რა არის ამისთანა, - შევწუხდი ბოლოს.

- ოღონდ ჯერ მთლად დარწმუნებული არა ვარ…

ახლა კი ფერი მეცვალა. ველოდებოდი, როდის იტყოდა სათქმელს. ის კი ჯიუტად დუმდა. ის იყო, უნდა მეყვირა, ბოლოს და ბოლოს, დაამთავრე, რასაც ამბობდი-მეთქი, რომ საუბარი გააგრძელა.

- მგონი, ორსულად უნდა ვიყო.

არ შევმცდარვარ. ვიცოდი, ამას რომ მეტყოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი - მწყენოდა თუ გამხარებოდა. გონებაში ერთბაშად დატრიალდა ყველაფერი. საკუთარს თუ გააჩენს, სხვისას ხომ ვერ მივუყვან გასაზრდელად? რატომ იშვილებს დინას გაჩენილს, «მოხალისე» ხომ არ არის? მაშინ დინას რა ვუყო?

- ჰო-ო-ო? - ნირწამხდარმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

- შენ, მგონი, არ გიხარია, - გამგმირავად შემომხედა.

- არა, რატომ, ძალიანაც გამიხარდება, თუკი მართალი იქნება, მაგრამ, რაღაც ეჭვი მეპარება…

- კი მაგრამ, რატომ? - წელზე დინასავით დოინჯი შემოიყარა.

- რა ვიცი, წლების მანძილზე უშვილო ქალის იარლიყმიწებებული დადიოდი და ვდრუგ… - აქ კი შევცბი, რუსული სიტყვა რომ წამომცდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და გავაგრძელე: - მიცხადებ, ორსულად ვარო. არ ჯობია, ჯერ დარწმუნდე და მერე გავიხაროთ?

- ან არ გავიხაროთ, არა? - გესლიანად შენიშნა.

- ალბათ, - სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, თუმცა არც ლიზას წონასწორობიდან გამოყვანა მინდოდა.

- მაგას ხვალვე გავარკვევ! - მომაძახა გაგულისებულმა, ოთახიდან გავარდა და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.

* * *

ზედმეტი თავსატეხი გამიჩნდა. წარმოიდგინეთ, სხვა დროს, ალბათ, როგორ გამიხარდებოდა ლიზიკოს დაორსულების ამბავი. ახლა კი… ახლა კი საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ძალიან ჩაიხლართა ეს ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ დინა თავდავიწყებით მიყვარდა. არა, ნამდვილად არ იყო ასე. მასთან, უბრალოდ, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მიხაროდა მის გვერდით ყოფნა, თანც ძალიან შევეჩვიე. მიყვარდა კიდეც, განა არ მიყვარდა, მაგრამ, როგორ გითხრათ, რაღაც გარკვეული დოზით. ეს არ იყო ის გრძნობა, როცა ქალზე ფიქრით ათენ-აღამებ, როცა ხასიათი გიმძიმდება, როცა სიყვარული მტკივნეული ხდება ადამიანისთვის. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო. ასე ვთქვათ, გამილაღდა ცხოვრება. პირველად შევხვდი ჩემს «პრაქტიკაში» ქალს, რომელიც პრობლემებს არ მიქმნიდა. უფრო მეტიც, მასთან ყოფნისას სხვა გარე პრობლემებიც კი მავიწყდებოდა. როცა ერთად ვიყავით, მხოლოდ ერთმანეთით ვარსებობდით, თითქოს სამყარო მხოლოდ ჩვენგან შედგებოდა, მარტო ჩვენ ვამძიმებდით დედამიწას. ეგ იყო და ეგ. მე მესმოდა მისი, მას კი - ჩემი, არაფერი გვქონდა გასაყოფი, საკამათო, ერთმანეთისთვის დასამტკიცებელი. ერთი სიტყვით, ვავსებდით ერთმანეთს. დიდი ხანია, ასე კარგად არავისთან მიგრძნია თავი. არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს დიდი მექალთანე და დონჟუანი ვიყო. რაც ცოლი შევირთე, ქალისკენ, რომ იტყვიან, «წესიერად» არც გამიხედავს. ლიზიკოსთვის არასდროს მიღალატია აქამდე, მცდელობებიც კი არ მქონია. ჩვენ მშვენიერი აწყობილი ურთიერთობა გვქონდა. ერთადერთ პრობლემას უშვილობა გვიქმნიდა. სწორედ ამან წარმოშვა უთანხმოება ლიზასა და დედაჩემს შორისაც. სხვა არაფერი. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბავშვი რომ არ გვყავდა, უფრო მეტი ყურადღებით ვეკიდებოდით ერთმანეთს. როცა ცოლ-ქმარი ვიღაცაზე არ ზრუნავს, მაშინ ერთმანეთზე გადააქვს აქცენტი. ასეთ დროს ერთი მეორესთვის შვილის შემცვლელია, უხეშად რომ ვთქვათ. ასე იყო ბოლო პერიოდამდე. მას შემდეგ, რაც ლიზას თავის ჰობი გაუჩნდა, შედარებით მოვადუნეთ ყურადღება ერთმანეთის მიმართ. არ ვიცი, ეს იყო თუ არა მთავარი მიზეზი, მაგრამ თითქოს თანდათან დავშორდით ერთმანეთს. ორივე საკუთარი საქმით ვიყავით დაკავებული და ნაკლებად გვაღელვებდა ჩვენ შორის გაჩენილი უხილავი ბზარი, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ღრმავდებოდა.

დინას გამოჩენამ კი თავდაყირა დააყენა ჩვენი ცხოვრება. თითქოს ახლა ამეხილა თვალები. თითქოს ახლა ვნახე პირველად, რომ სახლს ქალის ხელი აკლია, რომ ლოგინი ყოველ დილით აულაგებელი რჩება, სამზარეულოს მაგიდა _ დაულაგებელი, ოთახებში არეულ-დარეულობა… თუ ცოლს არ შევახსენე, რომ ჩემი პერანგები დასაუთოებელია, არ ახსენდება. სამაგიეროდ, არ ავიწყდება სახეზე ნიღბების გაკეთება, თმის შეღებვა, მანიკიური, პედიკიური… რამდენი ხანია, ცხელი სადილი არ მოუმზადებია.

მე, ძირითადად, კაზინოში მიწევს დანაყრება. თუმცა რა, შინ ხომ სტუმრად მივდივარ მხოლოდ. მარტო ლიზასაც ვერ დავადანაშაულებ ყველაფერში. ცხოვრების ასეთი სტილი რომ დავამკვიდრეთ, ამაში ლომის წილი მეც მიმიძღვის. და აი, შედეგიც - ჩემი ცოლი ორსულადაა და მე არ მიხარია. რა ვქნა, უნდა გამოვუტყდე საკუთარ თავს და არ მიხარია. ვერ ავხსნი, რატომ. ვითომ ლიზა აღარ მიყვარს? ამასაც ვერ ვიტყვი. მაშ რა დამემართა? თუკი ლიზიკო ბავშვს გააჩენს, ჩემთვის უკეთესი არ იქნება? საკუთარ გაჩენილს ხომ ადვილად შეიყვარებს და უკეთ გაზრდის? ჰოდა, რატომ მაწუხებს ეს რაღაც, ლოდივით რომ მაწევს გულზე?…

ის ღამე თეთრად გავათენე. არც ლიზიკოს ეძინა მშვიდად. მეორე დილით ჩემზე ადრე ადგა და ჩაცმას შეუდგა. მივხვდი, ექიმთან რომ აპირებდა წასვლას.

- წამოგყვე? - საწოლზე წამოვიწიე.

არ მიპასუხა. როგორც ჩანს, გამებუტა.

- გესმის, რასაც გეკითხები, თუ არ გესმის! - ავუწიე ხმას.

- რა გინდა? - მკვახედ მიპასუხა.

- წამოგყვე-მეთქი?

- არ მჭირდება, უშენოდაც გავიგნებ გზას.

თავი კვლავ ბალიშზე დავდე. ახლა რაც მეტს ვიტყვი, მით უფრო გავამწვავებ სიტუაციას.

- ნათელასთან უნდა მიხვიდე? - მაინც ვერ მოვითმინე.

- აბა ვისთან მივალ, შენი აზრით, - ტონი არ შეუცვლია.

- რა ვიცი, ქალებისას რას გაიგებ. გინეკოლოგების მეტი რა ყრია, - ჩავიბურტყუნე ჩემთვის და საბანი თავზე წავიხურე.

წამთვლიმა. მთელი ღამის უძინარს რული მომეკიდა. ის იყო, ლიზიკომ კარი გაიხურა, რომ ტელეფონის ზარი გაისმა. ეს დედაჩემი რეკავდა გერმანიიდან. კარგა ხანია, არ შევხმიანებივარ. ყველანი მოვიკითხე. მერე თვითონაც დამაყარა შეკითხვები. ვუთხარი ლიზიკოს ამბავი. არ დაიჯერა რატომღაც. რამე ოინს არ გიწყობდესო, მითხრა.

- მოკლედ, შენ იქიდანაც კი ვერ ინელებ ლიზიკოზე ჯავრს, არა? რა ოინს უნდა მიწყობდეს, შენი აზრით, რაში უნდა დასჭირდეს? - გავბრაზდი.

- რა ვიცი, შვილო. თქვენი ურთიერთობის თქვენ უკეთ იცით, ეტყობა, მიქარე რაღაც და შეგამჩნია. მაგას რას გამოაპარებ. არ არის მაგ ქალი შვილის გამჩენი, დაიმახსოვრე. თუ დამიჯერებ, ასეა და თუ არადა, როგორც გულმა გიკარნახოს, ისე მოიქეცი. ბოლოს გამოჩნდება ყველაფერი. გაჩენა თუ უნდოდა, აქამდე გააჩენდა. ჩემ ჯინაზე თუ აკეთებდა ასე, არ ვიცი.

- შენ ვერაფერი შეგცვლის, დედაჩემო. ვიფიქრე, გერმანიაში წავა და ცოტა აზროვნება შეეცვლება-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, შევცდი. ისევ ისეთი გამოუსწორებელი დედამთილი დარჩი, - ხუმრობით ჩავძახე ყურმილში.

მართალია, დედას ბოლომდე არ დავეთანხმე, მაგრამ გულში მაინც ხინჯად დამრჩა მისი სიტყვები. საინტერესოა, რატომ ფიქრობს იგი ასე? ნუთუ ამდენი წელი ვტყუვდებოდი და საკუთარი ცოლი ბოლომდე ვერ შევიცანი? ნუთუ შეუძლია ქალს, რომელიც საყვარელ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, ტყუილებით იარსებოს? ან კი რაში სჭირდება? მე ხომ არასდროს არაფერში შემიზღუდავს იგი? იქნებ დედობა ეზარება? თუ ფიგურას უფრთხილდება? თუ ზედმეტი ტვირთია მისთვის ბავშვი და არ მიიჩნევს ამას პირველხარისხოვან საქმედ?

გულმა არ მომითმინა. ყავა დავლიე და ლიზიკოს «კვალს გავყევი». ვიცოდი, «ქალბატონი ნათელა ნიკალაევნა» ვაკეში რომ მუშაობდა ქალთა კონსულტაციაში. თითქოს რაღაც ძალამ მიბიძგა, რომ უკან მივყოლოდი, თითქოს შინაგანი ხმა მკარნახობდა, როგორ მოვქცეულიყავი…

…დერეფანში ნესტისა და წამლის სუნი ერთმანეთში იყო არეული. ვიწრო კორიდორს დავუყევი. ყველა კაბინეტი ერთმანეთს ჰგავს, მხოლოდ კარზე გაკეთებული წარწერებია განსხვავებული. ზოგი ღიაა, ზოგიც - დაკეტილი. აი ისიც, ნიკალაევნას ოთახი. «კაბინეტი #6», აწერია გამოღებულ კარზე, «ექიმი-გინეკოლოგი ნ. ფცქიალაძე».

- ლიზიკო, შვილო, ასე არ შეიძლება, - მომესმა უცებ ხანშიშესული ექიმის ნიკოტინისაგან დაბოხებული ხმა, - სანამ აპირებ ასე გაგრძელებას? მერამდენედ გეუბნები უკვე - გააჩინე, გა-ა-ჩი-ნე, თორემ მერე გვიან იქნება. თუ უკვე არ არის გვიან.

თოფნაკრავივით შევკრთი. ადგილს მივეყინე. კედლისკენ მივიწიე და საუბარს ყური მივუგდე.

- ქალბატონო ნათელა, ნუთუ ასე ძნელია ერთი ცნობის გაკეთება? ვაჩვენებ და მეორე დღესვე დავხევ, თქვენ თვალწინ.

- არ შემიძლია და მორჩა. ჩემს ცხოვრებაში ყალბი ცნობა არ გამიკეთებია.

- მე ხომ ისე არ მინდა, ქალბ…

- დავამთავროთ ამაზე საუბარი, ლიზიკო! - ხმას აუწია ექიმმა, - თუ დედობა და ნამდვილი ცნობა გინდოდა, აბორტები არ უნდა გაგეკეთებინა.

- კი მაგრამ, მაინცდამაინც უნდა დავორსულდე, რომ ცნობა მომცეთ? დედაჩემის ხათრით მაინც გააკეთეთ, რა იქნება?

- დედაშენის ხათრით მე შენ ორჯერ გაგიკეთე აბორტი, ხომ არ დაგავიწყდა? აწი შეიძლება არც დაფეხმძიმდე. რა გარანტია გაქვს, რო? თავის დროზე გეუბნებოდი - არ გინდა, ლიზაჩკა, არ ქნა, თავს ნუ დაიღუპავ-მეთქი და არ დამიჯერე. დედაშენმაც, ჯერ ბავშვია, რა ეჩქარებაო. ახლა ხომ გეჩქარება?

სუნთქვა შემეკრა. ერთი სული მქონდა, ყელში ვწვდომოდი ლიზას და იქვე, ექიმის თვალწინ მიმეხრჩო, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. მოვიდეს შინ! ცემით გავხეთქავ!

- თუ გინდა, მოგხსნი სპირალს და ვნახოთ, რა იქნება. შენ ოღონდ დაორსულდი და ცნობას ერთს კი არა, ათს დაგიწერ და გაგატან, - თქვა ნათელამ.

- კარგი, რადგან ასეა, წავალ, რა გაეწყობა. უკაცრავად, შეგაწუხეთ, - ეს უკვე ლიზიკოს ხმა იყო.

- წადი, შვილო, წადი და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. ტყუილად ეჭვიანობ. შენი ქმარი წესიერი კაცია, შენც კარგად იცი. მაგრამ, რასაც შენ ამბობ, ის თუ მართალია, არც გაემტყუნება. პირველ რიგში, შენა ხარ დამნაშავე, მერე კი დედაშენი.

სკამის ხრიგინის ხმა შემომესმა. მივხვდი, ლიზამ ვიზიტი დაამთავრა, თანაც წარუმატებლად. მე გამოსვლას და დამალვას ვერ მოვასწრებდი. სხვა გზა არ მქონდა, რაღაც ახალი როლი უნდა მეთამაშა და იმ მომენტში შევედი ექიმის კაბინეტში, ლიზიკო გამოსვლას რომ აპირებდა. ჩემ დანახვაზე ნამდვილი ელეთმელეთი დაემართა. სახე აელანძა. თვალები აქეთ-იქით გაექცა.

- აქა ხარ? - ისე ვკითხე, თითქოს ძლივს მივაგენი, თითქოს ორიოდე წუთის წინ ის საშინელი დიალოგი არ მომესმინოს.

- შენ… აქ… აქ საიდან გაჩნდი? - ძლივს ამოთქვა.

- გამარჯობათ, ნათელა ნიკალაევნა, როგორ გიკითხოთ, - თავი მოწიწებით დავუკარი თმაშევერცხლილ ქალს და ხელზე ვეამბორე.

- ახ, მერაბ, მერაბ, როგორ ხარ, ჩემო ბიჭო? სკოლკა ზიმ, სკოლკა ლეტ. ხომ კარგად მიდის შენი ბიზნესი? - ისიც დაიბნა, არ იცოდა, რა ეკითხა, საიდან დაეწყო.

- გმადლობთ, გმადლობთ, არა უშავს, არ ვემდური. ჩვენი საქმეები როგორაა? ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ჩემი ცოლი «ორსულიანი», - ხუმრობა ვცადე.

ნათელა შეიშმუშნა, თუმცა ჩემი დანახვისთანავე მიხვდა, რომ ამ შეკითხვას ვერ აsცდებოდა.

- მდაა… იცით, რა, ცოტა რთული სიტუაციაა. ეს ასე ადვილი არ არის. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, - ხელები გაასავსავა ქალმა და უხერხულად გაიღიმა.

- ეგ როგორ გავიგოთ? - «დავინტერესდი».

- ექოსკოპიაზე ჯერ არაფერი გამოჩნდა, იცი? ერთი-ორი კვირა კიდევ უნდა გავიდეს. თუ ორსულობაა, დავაცადოთ ნაყოფს გაზრდა. მერე ნათლად გამოჩნდება ყველაფერი.

- გასაგებია, ჩემო ბატონო. მაშინ ორი კვირის მერე შემოვივლით. ისე, იმედები მაინც თუ არის? - არ მოვასვენე შეწუხებული ქალი.

- რაღაც სიმპტომები აქვს შენს ცოლს, მაგრამ ჯობია ნაადრევი დასკვნები არ გავაკეთოთ. იცი, ხანდახან ისე ხდება, რომ ქალს მთელი ცხრა თვე ორსულობის შეგრძნება აქვს თავისი ტოქსიკოზით და თავისი ყველაფრით, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ეს მხოლოდ მისი ილუზიაა და სხვა არაფერი. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენს შემთხვევაში ასე იყოს. ამიტომ უკეთესია, ორი კვირა დავიცადოთ.

- კარგი, გეყოფა, ნუ შეუწუხე ადამიანს გული, - სახელოზე დამქაჩა ლიზიკომ, - დროზე წამოდი.

ქუჩაში ისე გამოვედით, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მე ჩემი მანქანისაკენ დავიძარი. ლიზა მექანიკურად უკან გამომყვა.

- შენ სად მოდიხარ? - ცივად გამომივიდა.

- უი, სულ დამავიწყდა. რა ჩერჩეტი ვარ, როგორ გამოვითიშე, - წამოწითლდა სახეზე და დამნაშავესავით გაიღიმა.

- მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება. შენ რას ფიქრობ, მერაბ? - თითქოს შეცდომის გამოსწორება უნდაო, ისე იქცეოდა ლიზა.

- მე იმას ვფიქრობ, რომ არ მინდა მოტყუებული დავრჩე.

- ეგ რას ნიშნავს? - გაფითრდა.

- ეს იმას ნიშნავს, რომ მინდა ვიცოდე, მართლა გავხდები მამა თუ არა.

- შენ დიდი ხნის მოსული ხარ აქ, არა? - თითი გამოიშვირა ჩემკენ, - და ახლა ახსნა-განმარტებებს მოითხოვ ჩემგან? - უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით.

- რა ახსნა-განმარტებებს, რა იმედებს! უბრალოდ, არ მინდა, ტყუილად რომ მანერვიულებ. თუ დარწმუნებული არ იყავი, რატომ მითხარი წინასწარ? ხომ იცი, როგორ მაწუხებს ეს საკითხი! ჯერ გაგერკვია და მერე გეთქვა! რა, არ შეგეძლო? ვერ ხვდები, როგორ მინდა შვილი? რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება? რომ ასე ცხოვრება უკვე აუტანელი გახდა? ვერ ხედავ, ლამისაა შეგვძულდეს ერთმანეთი? ნუთუ ვერ ამჩნევ, ლიზა, მითხარი! - მგონი, უკვე ღრიალზე გადავედი, ძალიან ავუწიე ხმას.

- ვერ გამიგია, რა გაყვირებს. შენს მეტი ქუჩაში არავინაა? - აქეთ შემომიტია ჩემმა ცოლმა, - მოგიტან იმ ექოსკოპიის დასკვნას და დაისვენებ ერთხელ და სამუდამოდ. არ შემჭამა! - შუბლშეკრულმა მომახალა და თავის მანქანას მიაშურა.

არ მახსოვს, როგორ დავქოქე მანქანა და როგორ აღმოვჩნდი დინას ბინასთან. მისი ხმა რომ გავიგონე, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე.

- კრასავჩიკ, რა გჭირს? - შეშფოთებულმა მკითხა.

მივხვდი, ადამიანის სახე არ მქონდა. გაღიმება ვცადე, არ გამომივიდა.

- არაფერი, გამაბრაზეს და დასამშვიდებლად შენ მოგაშურე, - გულში ჩავიკარი.

- მე შემიძლია ეს? - დინა ჩამეხუტა.

- შენ ყველაფერი შეგიძლია, სიხარულო. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც ჩემი ტკივილის გაყუჩება შეუძლია, ვინც არ მატყუებს და… და არც არასდროს მომატყუებს.

- გშია?

- არა, არ მშია. პატარა როგორ არის? - მუცელზე მოვეფერე.

- პაკა ხმას არ იღებს. ოჩენ ლენივი.

- აცალე, ქალბატონო, ეგრე სად არის, - როგორც იქნა, გავიღიმე და სკამზე ჩამოვჯექი.

- დინა კარგად არის, - მითხრა და გვერდით მომიჯდა.

- ეს კარგია. წამლებს რომ არ სვამ?

- ი ნე ნადა. რა საჭიროა?

- მართალი ხარ, არ არის საჭირო. იეღოველებიც არ სვამენ წამალს, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს, არა? ასე არ არის?

- ტაკ ტოჩნა. ეგენი ვინ არიან? - ახლაღა მიხვდა, რომ იეღოველი მისთვის უცხო სიტყვა იყო.

- არიან, რა, შენ არ იცნობ, - ხელი ჩავიქნიე და დინა ჩემკენ მოვქაჩე, კალთაში ჩავისვი, - რაც დრო გადის, უფრო მიყვარხარ, იცი? - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.

- ეტა ვიდნა.

- მერე? არ გიხარია?

- ოჩენ.

- ოჩენ რას ნიშნავს?

- ძალიან, ოჩენ ძალიან.

- ასე, შე ქალო. არ გავიგონო შენი რუსულად საუბარი. მშვენივრად «გეკერკება კარტული», - ენა «მოვიტეხე».

- დღეს არ მუშაობ?

- როგორ არა, ახლა უნდა გავიქცე.

- ვინ გაგაბრაზა?

- ერთმა ტიპმა.

- ცუდი ტიპი ყოფილა.

- ჰო, მართალი ხარ, ცუდი ტიპია, მაგრამ გვიან მივხვდი ამას.

* * *

ჩემსა და ლიზიკოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ ყველაფერი ვიცოდი. სადღაც, გულის სიღრმეში მეცოდებოდა კიდეც. იმდენად ეჭვიანობდა, მივხვდი, რომ ამგვარი ტყუილით სცადა ჩემი გამოცდა. ნუთუ ასე შესამჩნევად შევიცვალე? თითქოს ძველებურად ვიქცევი, თითქოს არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში, მეგონა, რომ ასე გამომდიოდა. როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ მოვახერხე ჩემი საიდუმლოს დამალვა. რაღაცამ გამცა, მაგრამ რამ? თვალებმა? გულმა? სიტყვებმა? დაგვიანებებმა? ვერ ვხვდებოდი. როცა იმავე კითხვით ნიკუშას მივმართე, სიცილით მითხრა:

- იმან, რომ ზომაზე მეტად გახარებული ხარ. მე შენ ასეთი დიდი ხანია, არ მინახავხარ.

- მაინც როგორი «ასეთი» ვარ? - მისმა სიტყვებმა გამაღიზიანა.

- როგორ გითხრა, აშკარად გეტყობა, რომ რაღაცით ბედნიერი ხარ. კი არ დადიხარ, დარბიხარ. სულ სადღაც მიიჩქარი, თანაც სიხარულით, სულ რაღაცაზე ფიქრობ, თან კმაყოფილება გაწერია სახეზე - არ ვიცი, უფრო მიახლოებით რანაირად გამოვხატო. აი, თითქოს ზედმეტად ბედნიერი ხარ, შენი მდგომარეობის კაცთან შედარებით და ზედმეტად დაბნეული თუ გონებაგაფანტული.

- ნუთუ? - ირონიულად შევნიშნე, - მაშინ ის მითხარი, ადრე როგორ გამოვიყურებოდი?

- ადრე უფრო… რა ვიცი, თავი დამანებე, რა.

- არა, მაინც, მაინც…

- უინტერესოდ, უხასიათოდ იყავი, არც არსად გეჩქარებოდა და არც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავდი ასე ძალიან.

- საკუთარ გარეგნობაზე? - ეს კი მართლა გამიკვირდა.

- ჰო, რა შეიცხადე, ასე არ არის? სარკეში ჩაიხედე და თვითონაც კარგად შეამჩნევ, - თავის ქნევით დაადასტურა ნიკუშამ ნათქვამი.

- მომაწევინე ერთი, სიგარეტი, თუ კაცი ხარ, - ცოტა არ იყოს, გავნერვიულდი.

- არ გინდა ახლა, ხომ დაანებე თავი.

- ჰოდა, იმიტომაც გავსუქდი.

- შენ სხვა რამის გამო გასუქდი, ძმაო, სიგარეტი აქ არაფერ შუაშია.

- მიდი, მიდი, ნუ მაშაყირებ. მაიტა პაპიროსი, - ხელი გავიწვდინე მისკენ.

- ერთი ღერი ოცი თეთრი, - ხუმრობით მითხრა.

- შენც რა დინასავით დამიწყე, შენღა მაკლდი, ახლა, - მეც ვერ შევიკავე ღიმილი, სიგარეტი გამოვართვი, მოვუკიდე და «მადიანად» გავაბოლე.

- რაღაც ვერა ხარ ხასიათზე, - ნიკუშამ იჭვნეულად შემომხედა.

- ისეთი არაფერი, - თვალი ავარიდე.

- ჩემთან არ ითქმის, თუ?

- არა, არ ღირს. ოჩენ პირადულია, - მწარედ გავიღიმე.

- მთლად გადაგრია იმ გოგომ… კი მაგრამ, რას აპირებ?

- არ ვიცი, ნიკუშ, არაფერი არ ვიცი. სულ ამებნა თავგზა.

- რა არ იცი, ბიჭო, ნუ გამაგიჟე. შენ რა, სერიოზულად ამბობ მაგას? შემთხვევით მეორე ცოლის მოყვანა ხომ არ გადაწყვიტე, ჯიგარო? - ჩემკენ გადმოიხარა წარბშეკრული.

- ცოლის მოყვანის რა მოგახსენო, მაგრამ ცოლის გაშვების «იდეის წინაშე» ნამდვილად ვდგავარ.

- აი, ეგ იცის ბოშების დევნამ, - მაგიდას მსუბუქად დაჰკრა ნიკამ ხელი.

- ბოშები აქ არაფერ შუაშია. პრობლემა უფრო ღრმაა და, როგორც მეცნიერები იტყოდნენ, «ძირფესვიანად გამოსაკვლევი».

- არ მეტყვი მაინც, რაშია პრობლემა?

- ჩემში, ნიკუშ, ჩემში. სადღაც რაღაც გამეპარა, რაღაც არასწორად გავატარე ცხოვრებაში, იმდენად არასწორად, რომ, გვერდზე რომ ჩამიარა და გადამასწრო, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, მაგრამ ახლა უკვე გვიანაა.

- ვერაფრით ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.

- ძალიან კარგადაც ხვდები, - სიგარეტი ჩავაქრე და ნამწვი ჩემდა უნებურად, სანაგვისკენ მოვისროლე. ავაცილე.

- უკანასკნელი ადამიანი ვიყო, თუ ვხვდებოდე, - ფიცად «დაიღვარა» ნიკუშა.

გამეცინა.

- მიმანიშნე მაინც, რაზეა საუბარი.

- ჩემს უშვილობაზე, სხვა რაზე უნდა იყოს, - ისე ამოვიოხრე, თითქოს გულიც თან ამოვაყოლე.

- აუჰ! შენ გაგიტევია, ძმაო და ეგ არის. მაგის გამო აპირებ ცოლის გაშვებას? რა გინდა, ხომ მოაგვარე ეგ პრობლემა, ხომ დააორსულე ის ქალი, რაღა გინდა. არ მითხრა ახლა, შემიყვარდა და უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო!

- მოდი, ნუღარ ვილაპარაკებთ ამ თემაზე. სხვა დროს ყველაფერს მოგიყვები, კარგი?

- ნება შენია, ძმაო. რა უფლება მაქვს, დაგაძალო. თუ დაგჭირდე რამეში, ხომ იცი, აქა ვარ.

- ვიცი, ჯიგარო, ვიცი. შენი იმედი ყოველთვის მქონდა და მუდამ მექნება, - მადლიერებით სავსე თვალებით შევხედე სიყრმის მეგობარს და ოთახიდან გავედი.

ლიზიკოზე ფიქრი ტვინს მიბურღავდა. ეს რა ქნა, ეს რა ქნა ამ სულელმა ქალმა. სანამდე მიიყვანა ყველაფერი! ორი აბორტი! წარმოუდგენელია! ისე როგორ გაიკეთა ორი აბორტი, რომ ვერ გავიგე? რომ ვერაფერი შევატყვე? ეს როგორ ვაპატიო? როგორ ჩავყლაპო. არა, ამის მოთმენა არაფრით არ შემიძლია. მაგრამ ჯერ ხმას მაინც არ ამოვიღებ. ვითომ არაფერი ვიცი. დაველოდები ერთი, რას მოიმოქმედებს. აი, ცნობას რომ მომიტანს და მეტყვის, ამდენი კვირის ფეხმძიმე ვარო, მერე მიყუროს. მე ვიცი, რასაც ვუზამ.

არა, ადამიანს ყველანაირად გავუგებ. მე მესმის მისი, რომ ამ ბოლო პერიოდში რაღაცას გრძნობდა და იფიქრა, ამ ხერხით უკან დავიბრუნებო. ქალებისთვის ეს ნაცადი ხრიკია. როცა მამაკაცს ეუბნებიან, «ორსულად ვარ», ორი ვარიანტია - კაცს ან ძალიან უნდა ეწყინოს და მოხვდეს გულზე, ან ძალიან უნდა გაუხარდეს. ადვილი მისახვედრია, რა შემთხვევაში. ამ მხრივ ლიზიკოსთვის ეს ორი სიტყვა კოზირივით იყო. კარგი, გასაგებია. დავუშვათ, გავამართლოთ ამ შემთხვევაში, მაგრამ… ადრე? ორი აბორტი? ეს რას მივაწერო? რატომ არ უნდოდა ბავშვის გაჩენა? ან დედაჩემმა საიდან იცოდა ეს ამბავი? ან მე რატომ ვიყავი ასე დარწმუნებული ლიზას სიმართლეში? დედაჩემს რატომ ერთხელ მაინც არ დავუჯერე?..

ფიქრებში წასულმა ახლაღა შევამჩნიე, რომ ჩემთვის ვლაპარაკობდი. ეჰ, ლიზა, ლიზა… ხმამაღლა ფიქრიც კი დამაწყებინე. აბა, შენ ქალი ხარ? ნეტავ ხელებსაც ხომ არ ვიშველიებდი ჩემი უაზრო ბუტბუტის დროს? საკუთარი თავი კარგად რომ შემეთვალიერებინა, ვიტრინაში გავიხედე. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვიყავი შეცვლილი. რა ვიცი, რატომღაც, ასე მეჩვენა.

777

დროის უმეტეს ნაწილს დინასთან ვატარებდი. ახლა უფრო თამამად და მშვიდად ვგრძნობდი თავს. არ მეშინოდა იმისი, ლიზიკოს არ მოეგნო ჩვენთვის. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა. ჩემთვის სულერთი იყო, როგორ შეხვდებოდა იგი ამ ამბავს. არ მადარდებდა. პირიქით, გულზე მალამოდ მომეცხებოდა ალბათ, მის გაცეცხლებულ სახეს თუ დავინახავდი. თითქოს შურისძიების სურვილმა დამრია ხელი. დედაჩემი მეტყოდა ხოლმე, შენი ცოლის უგვანო საქციელი ერთ მშვენიერ დღეს სანანებელი გაგიხდება და გამიხსენებო. ამას მართლა არ ჰქვია სხვა სახელი. ამაზე «უგვანო» რაღა უნდა ჩაიდინოს ქმრიანმა, თანაც უშვილო ქალმა. ახია ჩემზე. ალბათ, დაშორება მოგვიწევს. აბა, სხვანაირად როგორ იქნება? ქალი, რომელსაც თვითონ არ უნდა ბავშვის გაჩენა, სხვის გაჩენილს და აყვანილს გაზრდის? არც იფიქროთ! რატომ, რისთვის? გამოდის, არ სურს შვილის ყოლა. ასე არ არის?

მაინც ვერ ვხვდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი. ყველაზე მეტად ამაზე ფიქრი მაწვალებდა. საინტერესოა, რა პასუხს გამცემს. ინტერესი მკლავს…

დინას შეგნებულად არ მოვუყევი ლიზიკოს ამბავი. ჯერ ერთი, ცოლზე აუგის თქმა არ მსიამოვნებს სხვასთან, მეორეც, არც დინა მინდა გავანერვიულო. ატეხს ლიზას ლანძღვას და მერე მიდი და უსმინე. თანაც, შეეშინდება და შეიძლება ბავშვი არც დამითმოს. ამის გაფიქრებაზე ტანში უსიამოვნოდ მცრის. მაგრამ უარესი მემართება, როცა წარმოვიდგენ, ლიზა როგორ იტყვის უარს სხვისი შვილის გაზრდაზე. როგორ მსხვილ ყულფში გავყავი თავი. ეს რა შარში გავეხვიე. დინას მაინც რას ვერჩოდი, იყო გოგო თავისთვის. ბოლოს და ბოლოს, გაიცნობდა ვინმე თავისნაირ ბოშას და გათხოვდებოდა, გზას ნახავდა. მე კი ავურიე ყველაფერი. სხვა «სიკეთესთან» ერთად, თავიც შევაყვარე, თორემ მარტო ფულის გამო რომ წამოსულიყო ამ ნაბიჯზე, ასე არ ვინაღვლებდი. ახლა მწარედ ვნანობ ჩემს საქციელს. ტყუილად გავწირე სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ქალი, რომელიც ამ ყველაფერში არაფერ შუაში იყო.

777

როგორც იქნა, ორი კვირაც გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ლიზიკო ხეირინად არ დამლაპარაკებია. სამ დღეში ერთხელ ერთ წინადადებას თუ «მიწყალობებდა». ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, ისე დამემართა. გავჯეჯილდი, მაგრამ რა გავჯეჯილდი. ყოველ მეორე ღამეს დინასთან ვათევდი. ლიზას, რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარეობა კლავდა, სად «ჯანდაბაში» ვიკარგებოდი ღამღამობით, მაგრამ შეკითხვისგან თავს იკავებდა. არადა, გამომეტყველება ისეთი ჰქონდა ჩემს დანახვაზე, ადვილად ამოიკითხავდით «მფრინავ» ფრაზას: «სად ეგდე»? მეც სტვენა-სტვენით გავემართებოდი ჩემი ოთახისკენ, ვითომაც აქ არაფერი.

იმ დღეს, როცა ლიზიკო ხელმეორედ უნდა წასულიყო ექიმთან, შეგნებულად არ გავედი შინიდან ადრე. დაველოდე, როდის გაემზადებოდა და ბოლოს ვუთხარი, მე გაგიყვან-მეთქი. სასტიკი უარი მტკიცა. არ გამკვირვებია. ამას ველოდი. მხრები ავიჩეჩე და ტელევიზორს მივუჯექი.

- იცოდე, დროზე მობრუნდი, აქ დაგელოდები! - მკაცრად გამომივიდა ნათქვამი.

კართან შედგა. როგორც ჩანს, ამას არ ელოდა.

- ჩემი გულისთვის ნუ შეწუხდები! - მკვახედ მესროლა.

- შენი გულისთვის არ ვწუხდები, მე ამბავი მაინტერესებს, - იმავე ტონში დავუბრუნე ხურდა.

- მე მერე პირდაპირ სამსახურში მივდივარ, - ჯიბრზე დადგა.

- სამსახური კი არა, დაგიმჟავებ ცხვირ-პირს, შე… მოეთრიე შინ და მომიტანე იმ ქალის პასუხი, თორემ მე ვიცი, შენი… - გინება აღარ დავაყოლე, ისედაც არ მჩვევია ასეთი რამ.

- ნაგიჟარი ხარ, - კბილებში სიძულვილით გამოცრა ჩემმა მშვენიერმა მეორე ნახევარმა და კარი ისე გაიჯახუნა, ფანჯრის მინები შეზანზარდა.

- უხ-ხ-ხ! - სიმწრისგან მომუშტული ხელი მაგიდაზე მძლავრად დავკარი. შედეგი? კობალტის ლარნაკი გადმოვარდა და ნამსხვრევებად იქცა.

ჩემი ჭირიც წაუღია. მეტი სადარდებელი არ მომცა ღმერთმა. ძალიანაც კარგი. ეგ ვაზა ლიზიკოსი იყო, დედამისმა მზითევში გამოაყოლა. გაცოფდეს ახლა, იკივლოს და იწივლოს. ნახოს, როგორია მეუღლის გამწარება. თავი ხელებში ჩავრგე, ჩავფიქრდი. ახლა კი ნამდვილად ცუდად ვიქცევი. ერთი ამერიკული ფილმი გამახსენდა, უკვე დაშორებული ცოლ-ქმარი ერთ სახლში რომ ცხოვრობენ და ერთმანეთის ჯიბრზე ყველაფერს რომ ამტვრევ-ამსხვრევენ. ბოლოს, ჭაღზე დაკიდებულები რომ ჩამოვარდებიან ძირს და დაიღუპებიან. მგონი, ჩვენც იქითკენ მივექანებით. თუ ასე გაგრძელდა, განწირულები ვართ დასაღუპავად. აჯობებს, ცოტა შევარბილო სიტუაცია და მშვიდ ატმოსფეროში გადავწყვიტოთ მე და ლიზიკომ ყველაფერი.

ადგილს ვერ ვპოულობდი. ტელევიზორს ხან გამოვრთავდი, ხან ჩავრთავდი. კარგა ხანს ბოლთას ვცემდი ოთახში. ლარნაკის ნამსხვრევებისთვის ხელი არ მიხლია. მოვიდეს და თვითონ გადაყაროს! ლოდინი აუტანელი გახდა. ლიზა იგვიანებდა, გული გამიწვრილდა. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ისევ დინასთან დარეკვა გადავწყვიტე.

- ციგანაჩკა მაია, როგორა ხარ? - ვცადე, მხიარულად გამომსვლოდა.

- კარგად, ა ტი?

- მეც კარგად. წუხელ რომ არ მოვედი, ხომ არ გეწყინა?

- ნეტ. სევოდნია მოხვალ?

- უეჭველად და დავრჩები კიდეც.

- რა კარგია-ა-ა, - გაუხარდა.

- მითხარი, რა მოგიტანო ჩემო ფუმფულა?

- შენი თავი მოიტანე, ბოლშე ნიჩევო ნე ნადა.

- კაი, ბატონო, ბრჭყვიალა ქაღალდში გავახვევინებ ჩემს თავს და ისე მოგართმევ. აბა წავედი, ახლა ცოტა სერიოზული საქმე მაქვს და მერე კიდევ დაგირეკავ, - სასწრაფოდ დავკიდე ყურმილი, რადგან კარის გაღების ხმა შემომესმა.

არ შევმცდარვარ. ლიზიკო იყო. დავიძაბე. დავიძაბე კი არა, ავიძაგრე, კატა რომ ბალანს აიშლის, იმდაგვარი რამ დამემართა. მეგონა, ნერვიულობისაგან სხეულის ყველა კუნთი მიხტოდა.

გადამწყვეტი წუთები დადგა. ახლა უნდა მოფენოდა ნათელი ყოველივეს. ლიზამ ისე ჩამიარა გვერდით, თითქოს არც ვარსებობდი და საძინებელს მიაშურა.

- რა ქენი? - უკან გავეკიდე.

- არაფერი, - მკვახედ თქვა და ჩექმის გახდას შეუდგა.

- ეგ როგორ გავიგო? - ახლა მე მივბაძე ცოლსა და საყვარელს და დოინჯი შემოვირტყი.

- არა ვარ ორსულად, - ხაზგასმით წარმოთქვა და წარბები ამრეზით აწკიპა, - გიხაროდეს, შეგიძლია ირბინო იმ შენს კახპასთან!

მეტიც არ მინდოდა, ისედაც ძლივს ვიკავებდი თავს. მისმა ბოლო სიტყვებმა წონასწორობიდან გამომიყვანა. ერთი ნახტომით გავჩნდი მასთან და თმაში ვწვდი.

- ვინ კახპა გყავს მხედველობაში, გოგო, ვიზე ხარ ასე დაგეშილი, ამიხსენი ერთი, - მთელი ხმით ვიყვირე.

- გამიშვი ხელი, შე მხეცო, საზიზღარო, დაგაყარე მიწა მაგ ხელებზე, შენ ადამიანი არ იყო! - იკივლა, მაგრამ რა იკივლა და წამომიხტა.

გვიან დავინახე ჩემკენ წამოსული გაშლილი ხელი… ლოყა ამეწვა. ასე მწარედ ჯერ ქალის ხელი არ მომხვედრია.

- შენი აფერისტი დედა კი ვატირე, შენი! ვის ებლატავები, რომ ებლატავები, შენი კლიენტი ხომ არ გგონივარ, შე…

აღარ მახსოვს, რა სიტყვებით «შევამკე». გემრიელად კი გამოვთათხე.

- რა გინდა ჩემგან, რა, შე ნაგავო, რას გიშავებ? - ძარღვები დაებერა ყელზე სახეაპილპილებულს.

- რა მინდა? რა მინდა? კიდევ მე მეკითხები, რა მინდა? შენ არ იცი, რა მინდა? არ იცი?

- არ მიჩნდება ეს ოხერი შვილი და რა ვქნა, თავი მოვიკლა? - მოიშველია ნაცნობი ფრაზა ძველი ტექსტებიდან.

- არ გიჩნდება თუ არ აჩენ, მართალი თქვი!

- რას ბოდავ! რას ჰქვია არ ვაჩენ!

- რას ჰქვია და იმას, რომ ორჯერ მოიშალე მუცელი. იქნებ მითხრა, რომ ასე არ იყო?

სახის გამომეტყველება უცებ შეეცვალა. თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან. რამდენიმე წამს ასე იდგა გაშეშებული, მერე ნელ-ნელა მოეშვა, მოდუნდა, თავი ჩაქინდრა და ჩურჩულით თქვა:

- ასეც ვიცოდი.

წაბარბაცდა. ძალაუნებურად ხელი შევაშველე, ტახტისკენ წავიყვანე და დავსვი.

- ჩემი აბორტის ამბავი ვინ გითხრა? - მშვიდად მკითხა. ცოტა ხნის შემდეგ.

- რა მნიშვნელობა აქვს…

- არა, მაინტერესებს, საიდან იცი.

- ეს ჩემი საქმეა, საიდანაც ვიცი. შენ იმაზე მელაპარაკე, რატომ მატყუებდი.

ღრმად ამოიოხრა, თავი ისევ ჩაქინდრა და ხელის თითები ერთმანეთში გადახლართა. დუმილი გაგრძელდა.

- ლიზა, მე ველოდები შენს პასუხს, - «შევახსენე».

- მქონდა სამაგისო მიზეზი, - ამის თქმაზე თავი ასწია და თამამად შემომხედა თვალებში.

- სახელდობრ? - თვალები მოვჭუტე და ისე გავხედე.

- შენთვის უმჯობესია, არ გაიგო.

- რატომ, ასეთი სამარცხვინოა?

- არა, უბრალოდ, სამწუხაროა. რომ გაიგებ, მერე ინანებ და გული დაგწყდება.

- ამჯერად ისეთი რა «გულისამაჩუყებელი» ტყუილი მოიგონე, ძალიან საინტერესოა.

გაგრძელება იქნება