„სიყვარული ჩემთვის ოჯახთან ასოცირდება... დედა არის ის ადამიანი, რომელსაც არც ერთი ჩემი ვარჯიში არ გაუცდენია...“ -თორნიკე შენგელია ოჯახზე, დედასა და მეუღლეზე - Marao

„სიყვარული ჩემთვის ოჯახთან ასოცირდება... დედა არის ის ადამიანი, რომელსაც არც ერთი ჩემი ვარჯიში არ გაუცდენია...“ -თორნიკე შენგელია ოჯახზე, დედასა და მეუღლეზე

2023-05-29 10:58:32+04:00

თორნიკე შენგელია 1991 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა. მამამისი კახა შენგელია ასევე კალათბურთელი იყო და 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა - „მამაჩემი კალათბურთელი იყო, ჩემი იდეალი. მისი თამაშების ყურებით ვისწავლე და შემიყვარდა კალათბურთი. ავიღე მისგან ხასიათი და მენტალიტეტი. ყოველთვის ძლიერად, ენერგიულად თამაშობდა. მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა.“

თორნიკე შენგელია 22 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილი სალომე ჯუღელია. წყვილმა ერთმანეთი სწორედ ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის ბავშვის ნათლობაში გაიცნო. სალომე მოდელი იყო, თუმცა დაოჯახების შემდეგ პროფესიულ საქმიანობაზე უარი თქვა და დროს მთლიანად ბავშვების აღზრდას უთმობს: "ჩემი მეუღლე, სალომე ჯუღელი, მეგობრის დღესასწაულზე გავიცანი. გაცნობის მერე მიმოწერა მქონდა. იგი მოდელი იყო, პარიზში მიდიოდა, მე კი ბელგიაში მივემგზავრებოდი სათამაშოდ. ვაგრძელებდით მიმოწერას "ფეისბუქით". ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ქალებს კი ბევრი მოვლა უყვართ, სიამოვნებთ, რომ ელაპარაკები. ამიტომ ჩვენი საქმე წინ ნელა მიდიოდა" - იხსენებდა თორნიკე.

თორნიკე შენგელია ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან” სტუმარი იყო, სადაც ოჯახზე, მეუღლესა და შვილებზე ისაუბრა: „სიყვარული ჩემთვის ოჯახთან ასოცირდება”, – აღნიშნავს შენგელია.

„დედა არის ის ადამიანი, რომელსაც არც ერთი ჩემი ვარჯიში არ გაუცდენია. არ მახსოვს დღე, რომ ვარჯიშზე წავსულიყავი და დედაჩემი ჩემ გვერდით არ ყოფილიყო. მამა იმ პერიოდში თვითონაც თამაშობდა ხოლმე და ვარჯიშებზე ვერ ახერხებდა, თუმცა თამაშებზე ყოველთვის დადიოდა.

მამასთან კალათბურთის მხრივ უფრო იშვიათი ურთიერთობა მქონდა, თუმცა რჩევებს მაძლევდა, რომელიც დღესაც კარგად მახსოვს, ყოველი მისი სიტყვა. დედას ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ზრდილობიანი და წესიერი ვყოფილიყავი.

მამა არასდროს არ ყოფილა ფიცხი და ის იყო ადამიანი, რომელთანაც მივრბოდი, როდესაც დედა ბრაზდებოდა ხოლმე” - ამბობს კალათბურთელი.