წარმატებული ქართველი ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში ლეგენდარული მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის შესახებ წერს და იხსენებს ამბავს, როგორ შეახვედრა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალს 19 წლის ასაკში:
ჩემთვის პირადად და უამრავი სხვა ადამიანისთვის საყვარელი ადამიანი და შემოქმედი, რომელიც ასე დააკლდა საქართველოს… სცენას… კინოს და უბრალოდ ქალაქს - დიდი სოფიკო ჭიაურელი. დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. მან და კოტემ მალევე მიმიწვიეს სტუმრად სახლში, ფიქრის გორაზე… სულ მგულშემატკივრობდა და უხაროდა ჩემი გადაწყვეტილება, რომ კლასიკას დავუკავშირე შემოქმედება. მახსოვს, სტუმრად სახლში ლეგენდარული მეცო ჰყავდა და დამირეკა, ნინო, მოდი, შენ უნდა იყო ამ საღამოს ჩემთან და კლასიკა უნდა იმღეროო… მე სულ რაღაც 19 წლის ვიყავი და მას კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა... როგორ გავბედო და მის წინაშე როგორ ვიმღერო-მეთქი, ვუთხარი… მაინც დამარწმუნა, ღიმილითა და სითბოთი ისე მესაუბრა, რომ თავდაჯერებაც შემმატა… მივედი და ვიმღერე კიდეც. ამ შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩემს მომავალზეც, რომელზეც ბევრად უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი, რადგან მისმა სტუმარმა შემაქო და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო… მადლობა ამ დიდი სიყვარულისთვის, უანგარო ურთიერთობისთვის, ნიჭიერებისთვის, ადამიანობისთვის, უბრალოებისთვის და, ამავდროულად, სიდიდისთვის ამ საოცარ ქალბატონს, რომელიც სამუდამოდ დარჩა და ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩემს და კიდევ ბევრი ადამიანის გულში. სოფიკო ჭიაურელი... განუმეორებელი და ნამდვილი ბრილიანტი“, – წერს ნინო სურგულაძე.