ბოშა - თავი 8 - მეორე ნაწილი - Marao

ბოშა - თავი 8 - მეორე ნაწილი

2023-05-30 10:13:39+04:00

დინას გაუჩინარებიდან უკვე შვიდი წელი გავიდა. იტყვიან, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ… ვერ დავივიწყე. ხანდახან ისე მომენატრება, სული მეხუთება. ძალიან მაკლია მისი სითბო, მისი გულუბრყვილობა, სიყვარული. მან ყველაფერი სხვანაირი იცოდა - მოფერებაც, გაბრაზებაც, სიცილიც, მოწყენაც… სულ სხვა ადამიანი იყო. რა არ გავაკეთე, როგორ არ ვეცადე, ვინ არ შევაწუხე, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენი. ბოლოს ხელი ჩავიქნიე, როგორც ჩანს, უიღბლო კაცი ვარ და ღმერთმა ასე ინება-მეთქი. იმდენად დამთრგუნა ჩემმა უსუსურობამ, რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე, უხასიათობა დამჩემდა.

ჩემმა ასეთმა მდგომარეობამ ლიზიკოსთანაც გამიფუჭა ურთიერთობა. მის მიმართ ძალიან აგრესიული გავხდი. თუმცა არამარტო დინას გამო. არ ვიცი, მეჩვენება თუ მართლა ასეა, მაგრამ მგონია, რომ ბავშვი არ უყვარს. რამდენჯერ შევსწრებივარ, რომ სრულიად უმიზეზოდ უცემია, არაფრის გამო. ასეთ დროს ისეთი სიძულვილი აღებეჭდება სახეზე, შიში მიპყრობს - ბიჭი არ მიახრჩოს-მეთქი. არადა… ისეთი საყვარელი ბავშვია გიორგი, ისეთი საოცარი… გარდა იმისა, რომ გარეგნულად დედის ალი-კვალია, მასავით დიდრონი მწვანე თვალები აქვს, ბუნებითაც დინას მაგონებს. ამას ლიზაც გრძნობს. მართალია, დინას არ იცნობდა, მაგრამ იმთავითვე ხვდებოდა, რომ იმ ვიღაც უცხო ქალმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ალბათ ამიტომაც აითვალწუნა ბავშვი. ჩემთვის კი ეს ძნელი ასატანია. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი სისხლი და ხორცია, ჩემი გვარის გამგრძელებელი, ლიზასთვის კი ვინ არის? არავინ. თავიდან მეგონა, ჩვილს თუ თვითონ გაზრდის, სიყვარულიც გაუჩნდება-მეთქი, მაგრამ შევცდი. ერთი პერიოდი გამუდმებით მაკონტროლებდა, შეუმჩნევლად უკან დამდევდა, რომ შეემოწმებინა, «იმ ქალს» ისევ ხომ არ ვხვდებოდი. ის კი არ იცოდა, რომ «ის ქალი» აღარ არსებობდა - გაქრა, გაუჩინარდა, თითქოს იყო და არა იყო რა.

პირველი ორი წელიწადი შედარებით მშვიდობიანად ვიცხოვრეთ, თითქოს ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა ოჯახური ცხოვრება, მაგრამ… მერე და მერე ლიზამ მაინც გამოაჩინა «კლანჭები». ბოლომდე მაინც ვერ დამშვიდდა, ვერაფრით დაიჯერა, რომ «ის ქალი» ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა და მთელი ბოღმა პატარა გიორგიზე გადაიტანა.

სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი უთანხმოებაც. მაინც ვითმენდი, არ მინდოდა ოჯახი დამენგრია, ბავშვს დედა სჭირდებოდა, მე ხომ ვერ გავუწევდი მის მაგივრობას? მაქსიმალურად ვცდილობდი, თბილად მოვპყრობოდი ცოლს, ყურადღება არ მომეკლო, უზრუნველყოფილი მყოლოდა… ერთი სიტყვით, არაფერს ვიშურებდი. არც ამან გაჭრა და… გახურდა ოჯახური სკანდალები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გაცხარებული ჩხუბის დროს, გიორგის ნაბიჭვარიც კი უწოდა. აქ კი ამევსო მოთმინების ფიალა. ამას ნამდვილად ვერ შევარჩენდი და ერთი გემრიელად ვუთავაზე ყბაში.

ის დღე იყო და ის დღე… რომ მიხვდა, მე ადვილად ვერ მომერეოდა, მთელი ბოღმა ბავშვზე გადაიტანა. როგორც დედინაცვალი, ისე ექცეოდა გიორგის. დაითრგუნა ბიჭი. საღამოობით, შინ რომ დავბრუნდებოდი, ჩემ დანახვაზე ისე გაუბრწყინდებოდა თვალები, თითქოს მშველელს ხედავდა ჩემში. ისე შემომანათებდა მწვანე თვალებს, დინა მიდგებოდა თვალწინ. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ვხედავდი, რომ ოჯახი ხელიდან მეცლებოდა, ჭერი მენგრეოდა თავზე, მე კი გამოსავალს ვერ ვპოულობდი. რაღაც უნდა მეღონა, მაგრამ არ ვიცოდი, რა. ერთადერთი, რაც სიტუაციას გამოასწორებდა, ლიზასთან განქორწინება იყო, მაგრამ ბავშვისთვის რა მომეხერხებინა? ქალის ხელი ხომ სჭირდებოდა? მარტო მე ვერაფრით შევძლებდი მის გაზრდას, გამიჭირდებოდა. ერთადერთ მშველელად დედაჩემი მეგულებოდა, რომელიც ორი წელია გერმანიიდან ჩამოვიდა. იქ ჩემს დას ეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში, მაგარმ მოხუცდა ქალი, ამდენს შეძლებდა კი?

ასეთ დღეში ვიყავი, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთი საოცარი ამბავი მოხდა, ამბავი, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ჩემი მომავალი. სანამ მოგიყვებოდეთ, რა მოხდა, ერთ ძველ ისტორიას გიამბობთ - წლების წინ გადამხდარს, ლიზიკოს შერთვამდე ერთი წლით ადრე რომ შემემთხვა.

7

ზაფხულის ცხელი საღამო იყო. ალექსანდრეს პარკში ვარჩიე შევლა. ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყავი, დიდი სიამოვნებით დავლევდი რაღაცას. სულ ერთი იყო, რას - შხამზეც კი არ ვიტყოდი უარს. თვეზე მეტი გახდა, ეკას რომ ვეჩხუბე, დავცილდი და მას მერე ვერა ვარ ხასიათზე. რა ლამაზი რომანი გვქონდა და ბოლოს როგორ ჩააფლავა ყველაფერი. მაგარი სულელები არიან ქალები. მთელი წელიწადი ერთმანეთს ვხვდებოდით და ბოლოს გამომიცხადა, თურმე სხვა მყვარებიაო. როდის მიხვდი მაგას-მეთქი, ირონიულად ვკითხე. არ გაინტერესებთ, რა მითხრა? ერთი კვირააო…

ვერ მოვინელე. ალბათ, ყველა უარყოფილი ადამიანი - ქალიც და კაციც - ასეთ მომენტში ერთმანეთის მსგავს ტკივილს განიცდის - ვიღაცამ დაგვასწრო. რაღაც შურის მომენტი ჩნდება - უარს მეუბნება? გამოდის, სხვა უკეთესიც არსებობს… და ამას ვერ ვინელებთ.

მეც სწორედ ასე დამემართა. ფეთიანივით ვაცეცებდი ქუჩაში თვალებს, იქნებ სადმე თვალი შევასწრო-მეთქი. თან იმის შიში მქონდა, «იმასთან» ერთად არ დამენახა.

ახლაც, სიარულისგან დაღლილი, თანაც წინა ღამის ნამთვრალევი, საშინელ გუნებაზე ვიყავი. კარგა ხანს ვიბოდიალე პარკში. ცარიელი მერხი ვერ ვიპოვე… როგორც იქნა, მრგვალ აუზთან ერთი - ცალი მხრიდან საზურგემოტეხილი, ცისფერი მერხი შევნიშნე. რაც შეიძლებოდა, სწრაფად გავეშურე იქითკენ და კი არ დავჯექი, დავეხეთქე. ოდნავ დაბლა ჩავსრიალდი, ხელები გადავიჯვარედინე, თვალები დავხუჭე და ფრთხილად მივეყრდენი საზურგეს - ემანდ არ ავყირავდე და ზღართანი არ მოვადინო ძირს-მეთქი. კარგა ხანს გაუნძრევლად ვიჯექი ისე, ჩემთვის. არც არაფერზე ვფიქრობდი. უცებ რაღაც ხმა შემომესმა. აი, გუბეში კენჭი რომ ისროლო და ტყლუმპ! რომ დაიძახებს, დაახლოებით ამდაგვარი. ზანტად გავახილე ცალი თვალი, მერე - მეორე. მხოლოდ თვალებით გავიხედ-გამოვიხედე. ტყლუმპ! კვლავ გაისმა. ახლა უკვე თავი წამოვწიე. ვხედავ - ჩემ წინ, აუზის კიდეზე, ვიღაც ნახევრად შიშველი გოგო წამოპლაკულა ზურგით ჩემკენ, გადაუდია ფეხი ფეხზე და კენჭებს არ ისვრის იმ მწვანე, დამყაყებულ-დახავსებულ წყალში?…

ერთი კი შევუკურთხე გულში გემრიელად: «შენი დედაც, ჯეკ…», რაღა ჩემ სიახლოვეს მოგინდა ქვების სროლა, სხვა ადგილი ვერ ნახე? რას მერჩოდა, ვიჯექი ჩემთვის წყნარად.

მთელი უბედურება ის იყო, რომ ხმასაც ვერ ამოვიღებდი. რა უნდა მეთქვა - გოგონი, სიმყუდროვეს ნუ მირღვევ, თუ ქალი ხარ-მეთქი? მერე რა, რომ ვუთხრა, არ შეიძლება? ნეტა როგორი სახე აქვს? შეიძლება ისეთი მახინჯია, ზედაც არ შეიხედება.

ტყლუმპ! კიდევ ჩახტა კენჭი ბაქტერიებით «ჩაბასტურმებულ» წყალში. ავოე! ამას რა მოითმენს. არა, უნდა ვუთხრა. კეთილი ინებოს და სადმე სხვაგან გადაჯდეს.

- სხვათა შორის, ეს ბაღი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია, თანაც კულტურისა და დასვენების პარკი! - მომახალა უცებ, ქვის სროლას თავი ანება და მოტრიალდა.

ვაი-მე-ე! მე ერთი პატარა ლაწირაკი გოგოშკა მეგონა, ეს კი რამხელა ყოფილა! 25 წელზე ნაკლების არაფრით იქნება. არა! ნაღდად მეტია. ასიანი ვიცი. ისე, ბევრი არაფერია. უარესს ველოდი. რა ჩახრინწული ხმა აქვს! ეწევა ეტყობა. თანაც მაგრად! ამას კბილებიც კი ჩაყვითლებული ექნება. სტაჟიანი «მბოლავი» ჩანს.

- მერედა, ვინ გიშლით რამეს? - ისე უდანაშაულო კაცივით ავიჩეჩე მხრები, თითქოს ერთი წუთის წინ სულაც არ მიფიქრია აბეზარი სტუმრის თავიდან მოშორება.

- არც არავინ, - თავხედურად თქვა და წამოდგა.

- მაგ «სკამეიკაზე» ადგილი დაკავებულია? - ხმა ისეთი ბოხი ჰქონდა, გენო ნადირაძეს შეშურდებოდა.

უარის ნიშნად თავი გადავაქნიე, მაგრამ გული შემეკუმშა. მომიჯდება ახლა გვერდით და ტვინს გამომილაყებს: რა ვქნა? თუ ჩაირთო, მერე რა გამორთავს ამას.

ეს აუზის წყალი მაინც იყოს ნაკადული. ირაკრაკებდა მაინც და მაგის ხმას…

- მეც ვერ ვიტან დამდგარ წყალს, - ამჯერად უკვე ჩვეულებრივი კილოთი წარმოთქვა და ჩემ გვერდით მერხზე მოკალათდა.

თვალები თავის მიუბრუნებლად გავაპარე მისი ფეხებისკენ. არა უშავს, მშვენიერი ხორბლისფერი კანჭები აქვს! უჰ, რაში მაინტერესებს, მიმოვფანტე ფიქრები. იმ წუთებში რატომღაც ეკას შევადარე. მეც არ ვიცი, რატომ. სხვა საქმე არ მქონდა და ალბათ იმიტომ.

- შენც გამოქცეული ხარ? - ძველი ბიჭივით გადმომიგდო სიტყვა და ჩალის გახსნილი ჩანთიდან საღეჭი რეზინი ამოიღო.

- ჟუვაჩკა გინდა? - ხელისგულზე დადებული სიგარეტის ფორმის ვარდისფერი კევი გამომიწოდა.

- გმადლობთ, არ ვღეჭავ, - ორაზროვნად ვუპასუხე და «წიხლი ვუკარი» მის შემოთავაზებას.

- როგორც გინდა, - თქვა და წინ გაიხედა. მის მხარეს მერხის საზურგე მოტეხილი იყო. ამიტომ იძულებული გახდა, წინ გადახრილიყო. სალტეებიანი თეთრი მაისური ეცვა, ულიფოდ. მკერდი ნახევრად მოშიშვლებული ჰქონდა. გინდა-არ გინდა, თვალი იქითკენ გარბოდა!

- წეღან რა მკითხეთ? - ვერ მოვითმინე, - რა გამოქცეულიო?

- შენც გამოქცეული ხარ-მეთქი?

- საიდან? რატომ? - კითხვას თავი ვერ მოვაბი.

- იქიდან, - აღმოსავლეთისკენ გაიქნია თავი, - «იმისგან».

უყურე შენ! როგორ ტელეპატივითაა. რამდენი რამეც გავიფიქრე, იმდენჯერ მიმიხვდა. რა აუტანელი ვინმეა. ეკას როგორ შევადარე! მეც კაი ტიპი ვარ. კაიფი არ იქნება, ახლა ამასაც ეკა რომ ერქვას? ნეტავ რა ჰქვია?

- მერი, - თქვა და ისევ გამომხედა.

- ბატონო? - უცებ ვერ მივუხვდი.

- მერი მქვია. სიგარეტი გაქვს? - ბიჭურ კილოზე საუბრობდა. ბრმა რომ ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი, მამაკაცს ველაპარაკები-მეთქი. უფრო და უფრო გაოცებული ვრჩებოდი.

ხელები მოვიფათურე მკერდზე. პერანგის ჯიბიდან «კენტი» დავაძრე, კოლოფი შევარხიე და ერთი ღერი ზემოთ ამოვწიე. მივაწოდე. ახლა ჯიბეზე გავიკარი ხელი, სანთებელა მოვიძიე და მოწიწებით მოვუკიდე ცეცხლი. თან გავიბღინძე - მაშინ «კენტი» ყველას კი არ ედო ჯიბეში.

- ვაჰ! კენტი?! - სიგარეტს გაოცებულმა დახედა და კმაყოფილი იერით მოქაჩა, მაგრამ…

ორიოდე ნაფაზი რომ დაარტყა, ხველება აუტყდა.

- აუ, მომკლავს ეს სიგარეტი ერთხელაც იქნება, - ხველებ-ხველებით თქვა და მომუშტული მარცხენა პირზე მიიფარა.

- შეგიწირავთ! - დავუსვი ბეჭედი მის «დიაგნოზს».

- მოდი, რა, თუ ძმა ხარ, შენობით მელაპარაკე. არ შეგიძლია? - მომიბრუნდა უცებ.

- შემიძლია, კი, როგორ არა, - პირი დავაღე დაბნეულობისგან.

- რა მითხარი, რა მქვიაო? - თვალები მოჭუტა და ყური ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოიქცია, თითქოს ვუთხარი და ვერ გაიგოო.

- გოგა, - რატომღაც მოვატყუე და არ ვუთხარი, მერაბი რომ მერქვა. რა საჭიროა, ვიღაც უცნობმა ჩემი ნამდვილი სახელი იცოდეს?

- გოგა - იგივე გიორგი, იგივე გია, იგივე ჟორა, იგივე გოშა და ასე შემდეგ, არა? - ხმამაღლა გადაიხარხარა. თანაც რა უსიამოვნოდ?!

ხმა არ გავეცი. სახე ამელეწა - შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. იმწუთას კი ვინანე, ნამდვილი სახელი რომ არ ვუთხარი, მაგრამ უკვე გვიან იყო. ქალი რომ არ ყოფილიყო, წამში დავანახვებდი, შაყირი როგორ უნდოდა.

- გოშა, დალევა გინდა? კონიაკი მაქვს. პახმელიაზე ხომ ხარ? - თავი დაღუნა და წარბებს ქვემოდან გამომხედა. თითქოს ჩემს გულში იჯდა.

- არ გეწყინოს, რა, - უცებ ხმა დაურბილდა, - შინაგანად ცუდად ვარ, მაგრა ცუდად. შენ, სრულიად უცხოს კი არა, ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებსაც კი ვცოფავ ეს დღეებია, მაპატიე, კარგი? - გამიღიმა და მარცხენა ხელი გამომიწოდა.

ახლა უფრო დაკვირვებით შევხედე. რა თეთრი კბილები ჰქონია! თან როგორი ჩაწიკწიკებული?! სახეზეც არა უშავს, მშვენიერი გოგო ჩანს. ცოტა თავხედი კი არის, მაგრამ…

მერიმ კვლავ ჩაყო ჩანთაში ხელი და უცებ ბოთლს ამოაყოფინა თავი.

- კონიაკია. დავლიოთ? - ეშმაკურად გამომხედა.

- ვა! საიდან გააძრე! - მეც ავყევი მის «ბაზარს» და უცებ გავუშინაურდი, - მაჩვენე, რა კონიაკია?

- ხუთვარსკვლავიანია. ჭიქა არა მაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ მივიყუდოთ, თუ არ შეგეზიზღება.

- მაიტა! - ხელი გავიწვდინე და უცებ უკან გამოვწიე, - არა, ჯერ შენ დალიე.

- რა იყო, გეშინია? - სიცილი აუტყდა.

- კი არ მეშინია, ქალი ხარ და დაგითმე! - ვიუკადრისე მისი ბრალდება.

- პარდონ, პარდონ. გაგიმარჯოს აბა, გოგა, - ბოთლი დალოცვის მიზნით ასწია და მოიყუდა.

ტანში გამცრა, როცა გამახსენდა, რომ მეც უნდა დამელია. ნაბახუსევი კი ვიყავი, მაგრამ მთელი დღის უჭმელს ახლა სასმელი მთლად მომიღებდა ბოლოს.

ჩემი ჯერიც დადგა.

- გაგიმარჯოს, მერი. მუდამ ყვარებოდე შენს ზურიკელას, - ხუმრობით დავლოცე და ბოთლი პირისკენ გავაქანე თვალდახუჭულმა. პირველი, მეორე და მესამე ყლუპი მწარე აღმოჩნდა, მერე ვიგრძენი, როგორ გახურდა ყელი, მერე - მუცელი და ბოლოს - შუბლი. ბატარეაში გათბობის წყალს რომ გაუშვებენ, ისე შხუილით დაიარა კონიაკმა მთელი სხეული. ოდნავ მოვეშვი. შემაჟრჟოლა. ბოთლი კვლავ მერის გადავეცი და ასე მორიგეობით დავიწყეთ წრუპვა.

ამასობაში კარგა გვარიანად შეღამდა. თან ვსვამდით, თან სიგარეტს ვეწეოდით. სასმელმა ცოტა ხანში ისე შემახურა, ყველა ტკივილი და დარდი გადამავიწყა. ბოლოს ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი, მერიც კი შემიყვარდა.

- მეც მასე ვარ, - ღიმილით მითხრა და მუქარის ნიშნად თითი დამიქნია.

- როგორ «მასე»? - მივხვდი, რომ ნაფიქრს მიმიხვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

- ამ წუთებში შენზე მეტად არავინ მიყვარს, - თავი უკან გადასწია და კაცივით გადაიხარხარა.

მოწევა მომინდა, მაგრამ ორად-ორი ღერი დამრჩა. რომ ამოვიღო, ისიც მომთხოვს. თანაც, კაპიკი არ მიდევს ჯიბეში, მერე მაინც რომ ვიყიდო.

- პა პალამ მოვწიოთ, - ისევ «გამშიფრა».

- შენ რა, ტელეპატი ხარ? - გაოცება ვერ დავმალე.

- არა.

- აბა, საიდან ხვდები, რას ვფიქრობ?

- მეც ზუსტად ეგრე ვფიქრობ და იმიტომ, - გაიცინა, კენჭს დაწვდა და აუზში გადაისროლა.

- გოგა, გეჩქარება შინ? - მოულოდნელად მკითხა.

- ა-რა-ა! რა იყო? - დავიბენი.

- მოდი, ამაღამ აქ დავრჩეთ…

- მარტო? - მთლად ბრინჯივით «დავიფანტე».

- რა იყო, მოგვიტაცებენ? - გაიღიმა.

«არა, მაგრამ… აქ რა მინდა, ხომ შემცივდება»… ფიქრში გავეპასუხე. ხმამაღლა თქმის შემრცხვა. ამხელა კაცს შუა ზაფხულში სიცივის მეშინია.

- ცეცხლი დავანთოთ, - გააგრძელა ჩემი «წაკითხვა».

- გოგო, შენ მართლა კითხულობ ჩემს აზრებს? დედას გაფიცებ, არ დამიმალო, რა, - შევეხვეწე.

- ხომ გითხარი, არა-მეთქი. მე, უბრალოდ, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანის დონეზე ვმსჯელობ და რასაც ვფიქრობ, იმ კითხვას ხმამაღლა ვცემ პასუხს. სულ ეს არის.

ურწმუნოდ შევხედე. მთვარის შუქზე თვალები უბრწყინავდა. სულაც არ არის ცუდი გოგო. მე მგონი, ლამაზიც კია.

- გათხოვილი ხარ? - მოულოდნელად ენაზე მომადგა.

- არა… და არც გასათხოვარი, - ეშმაკურად შემომხედა.

- ეგ როგორ გავიგო?

- როგორც არის, ისე. ექვსი თვის წინ ქალწული (ხაზგასმით თქვა) ვიყავი, ახლა კი… «მე ის თამრო აღარა ვარ», - თითქოს როლს კითხულობსო, თვალები მინაბა და თქვა.

გამეცინა. მისი საუბრის კილოდან ვერ მივხვდი, ნანობდა ექვსი თვის უკან მომხდარს თუ არა. მოიწყინა. ჩანს, «ავმა ფიქრებმა» დარია ხელი.

- დავანთოთ ცეცხლი? - შევძახე უცებ და ხელი ხელს შემოვკარი.

- შენ რა, დარჩენა გადაწყვიტე? - თვალები აუბრჭყვიალდა და ჩემკენ მთელი ტანით შემოტრიალდა.

- აბა, არ დავრჩე? - ვითომ გამიკვირდა.

- დარჩენა თუ არდარჩენა - საკითხავი აი, ეს არის! - გადააკეთა ჰამლეტის მონოლოგი.

რა ოხერი გოგო ჩანს. მგონი, ნამეტანი ჭკვიანია. ო-ო-ო! ჭკვიანი ქალი კი საშიშია. არა, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია და კარგა ხანს არ შევიცვლი ალბათ. მაგნაირი ქალები ისე გიყიდიან და გაგყიდიან, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ. ეს არ ვიცი, როგორია, მაგრამ სიფრთხილე მაინც არ მაწყენდა…

პატარა ცეცხლი დავანთეთ. შეგვეშინდა, ვინმე დაცვის ან დარაჯისმაგვარი არ დაგვდგომოდა თავზე. კონიაკი უკვე მომეკიდა.

- გაგიარა «პახმელიამ»? - ღიმილით მომხედა.

- გამიარა კი არა, შემიბრუნა. ცოტა თავი ამტკივდა, - წუწუნივით გამომივიდა ნათქვამი.

- აგერ, ამ ხის ძირში წამოწექი და გაგივლის. გინდა, მასაჟი გაგიკეთო?

- დიდი მადლობა, ნუ შეწუხდები, - გამეცინა.

- რა გაცინებს, კი არ გატყუებ. კურსები მაქვს გავლილი.

- რახან ასეა, რა გაეწყობა, - მხრები ავიჩეჩე, მორჩილად წამოვწექი ხის ქვეშ და ხელები გულზე დავიწყვე.

- არა, ასე არ გამოვა, - ჩემ წინ მუხლებზე დაიჩოქა, - თავი კალთაში უნდა ჩამიდო.

უსიტყვოდ შევასრულე «ბრძანება» და თვალები მივლულე. თითებით ოდნავ შეეხო ჩემს საფეთქლებს. სასიამოვნოდ გრილი, ამასთან, რბილი თითები ჰქონდა. ისე ჯადოსნურად ასრიალებდა ჩემს სახის კანზე, ჟრუანტელმა დამიარა სიამოვნებისგან…

მასაჟი კარგა ხანს გაგრძელდა. ბოლოს თვალის უპეებთან აათამაშა თითები. მერე წრე მოხაზა სახეზე, ნიკაპქვეშ ამომდო ორივე ხელი და მითხრა:

- ასე სიამოვნებაში დამიბერდი-ი-ი! - და ტუჩები ახლოს მომიტანა.

თვალები გავახილე. ისეთი მტანჯველი მზერა ჰქონდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რას მთავაზობდა. გულზე დაკრეფილი ხელები ნელი მოძრაობით ჰაერში ავწიე და მისი თავი თითებში მივიმწყვდიე. ჩემკენ გადმოვხარე. ადვილად დამყვა, მაგრამ ბოლო მომენტში წონასწორობა დაკარგა და ზედ დამემხო. ძალზე სასაცილოდ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ამჯერად არ გაუცინია. არც მე მეცალა სამაგისოდ. ცეცხლის შუქზე მის ტუჩებს ადვილად მივაგენი. ფხიზელი რომ ვყოფილიყავი, ამას ნამდვილად არ გავაკეთებდი, სრულიად უცხო ქალს არც ტუჩებში ვაკოცებდი და არც სექსს შევთავაზებდი, მაგრამ ნასვამი მამაკაცისთვის ყველაფერი სულერთია. ოღონდ ქალი იყოს და არას დაეძებს. იმწუთას მეც გამათამამა კონიაკმა და გადავწყვიტე, მერისთვის სექსის ნამდვილი კლასი მეჩვენებინა. არც თვითონ ჩანდა ამ საქმეში უვიცი და გამოუცდელი. ისე ოსტატურად ამყვა ალერსში, ბევრ ქალს შეშურდებოდა… ცოტა ხანში აღარაფერი გვახსოვდა - არც დაცვის და არც დარაჯისმაგვარის გამოჩენის შიშს შევუწუხებივართ… ნელ-ნელა ვხდიდი უცნობ მერის, მსიამოვნებდა მისი თბილი სხეულის შეხება. როგორც იქნა, საბოლოოდ განვძარცვე სამოსისგან, მკლავები ძლიერად მოვხვიე, გვერდზე გადავაწვინე და ზემოდან მოვექეცი…

ღამის სიჩუმეს ქალის ვნებიანი კვნესა შეერია…

გაგრძელება იქნება