პროფესიით იურისტი თინათინ ბოკუჩავა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსია. მან განათლება უცხოეთში მიიღო - 2009 წელს დაამთავრა ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა, დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. შემდეგ სწავლობდა შტატებში, სმიტის კოლეჯში პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2011 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი დაიკავა. 2012 წლამდე კი მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილედ.
თინათინ ბოკუჩავას საპარლამენტო კარიერა 2012 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.
თინა ბოკუჩავა დაქორწინებულია კონსტანტინე იოსელიანზე, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს და ლექტორია. წყვილს პირველი ვაჟი, ნიკო, 2015 წელს შეეძინა, 2022 წელს კი ტყუპის, ლუკასა და სანდროს მშობლები გახდნენ. პოლიტიკოსს 40 წელი შეუსრულდა და სოციალურ ქსელში ტყუპთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: „40 წელი ასეთი არასდროს წარმომედგინა“ - წერს თინა ბოკუჩავა.