"ცვალებადი ნიშნები“ - ახალი ქართული სერიალია, რომელიც ახალგაზრდებსა და მათ თავგადასავლებზე გადაიღეს. სერიალს "კავეა პლუსი“ წარმოგვიდგენს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად. თავისუფლება, კონფლიქტები, მეგობრობა, სექსი, გართობა, დილემა, თავგადასავლები და გადაწყვეტილებები - ეს ის თემებია, რასაც ეს ნამუშევარი შეეხება.
ოთხი 19 წლის სტუდენტის ფერადი და თამამი ისტორიის პირველი სეზონი 12 სერიისგან შედგება. რეჟისორი სოსო ბლიაძეა. ის არაერთი წარმატებული ფილმის ("ოთარის სიკვდილი“ და "ჩემი ოთახი“) ავტორია, ასევე არის სერიალ ჩცდ-ის ერთ-ერთი რეჟისორი.
"ცვალებად ნიშნებში“, სხვა პოპულარული ქართველი მსახიობების გარდა (ია ფარულავა, ნანკა კალატოზიშვილი, გიორგი მახარაშვილი და სხვები), პირველივე ეპიზოდში, მაყურებელი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ მსახიობს, ირაკლი კვირიკაძეს შეხვდება. მისი გმირი, სახელად ალექსანდრე, ოთხი სტუდენტის ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება...
ფილმ "მძევლების“ მსახიობი, რომელიც კარიერას ახლა აშშ-ში აგრძელებს, პირველი ქართველი მსახიობი იყო, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის, "Shooting Stars“-ის ჯილდო გადაეცა. ის საქართველოში ახლა "ცვალებადი ნიშნების“ გადაღებებისთვის ჩამოვიდა.
ირაკლი კვირიკაძე:
- სერიალში მთავარ როლში 4 სტუდენტია, რომლებიც "გაუში“ სწავლობენ. ჩემი პერსონაჟიც ერთ-ერთი ხაზი და მთავარი როლია. "ცვალებადი ნიშნები“ - ჩემი სერიალში მონაწილეობის პირველი შემთხვევაა.
- როგორც გავიგეთ, ამ პროექტში გადასაღებად თქვენთვის ამერიკაში ჩამოუკითხავთ...
- კი, ნიუ-იორკში ჩამომაკითხეს, ოღონდ მაშინ სცენარი გადაწყვეტილი არ იყო. შეაგროვეს უბრალოდ ჩემი კადრები, რასაც ნიუ-იორკში გადავიღებდით, თუ როლს დავთანხმდებოდი, უნდოდათ, სერიალში ფლეშბექებად გამოეყენებინათ. მაშინ გავიცანი გადამღები ჯგუფი... საინტერესო სამუშაოს მთავაზობდნენ - სტუდენტებთან, ახალ ადამიანებთან შეხვედრა ურიგო არ უნდა ყოფილიყო... თან სერიალი პირველ ქართულ ონლაინკინოთეატრში, "კავეა პლუსზე“ გავიდოდა. რატომაც არა, მშვენიერი კონცეპტია. საბოლოოდ, მუშაობაზეც შევთანხმდით. ჩემი გმირი - ალექსანდრე, ჩემსავით ამერიკაშია ნაცხოვრები, უნივერსიტეტი იქ აქვს დამთავრებული, ლექციებსაც ატარებდა. "გაუს“ მოწვევით საქართველოში ჩამოდის. ქართველ სტუდენტებთან ლექციებს პირველად კითხულობს. აიტის სპეციალისტია. მეტს არაფერს ვიტყვი...
ამ პერსონაჟის განსახიერება საინტერესო იყო, ასევე მსახიობებთან, გადამღებ ჯგუფთან კონტაქტი.
- პრემიერა 8 ივნისსაა, მანამდე კი "ნეტფლიქსის“ ფილმის პრემიერაზე ამერიკაში უნდა ჩახვიდეთ...
- კი, პრემიერა ამერიკაში იქნება. ეს არის უკვე არსებული კინოს Extraction მეორე სერია. მასში ვნახავთ რამდენიმე ქართველ მსახიობს, მათ შორის, თორნიკე გოგრიჭიანს, ანდრო ჯაფარიძეს, თინა დალაქიშვილს და კიდევ რამდენიმეს... ტრეილერი დაიდო და ჩანს, რაც ხდება. მეტს ამ შემთხვევაშიც ვერ გეტყვით... მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, პირველ რიგში, ამხელა კომპანიასთან მოგვიწია შეხება. ვაკვირდებოდით, რა განსხვავება იყო ნებისმიერი საავტორო ფილმსა და ამ გადაღებებს შორის. ყველაფერი ზედმიწევნით იყო გაწერილი, საოცარი წესრიგი და პროფესიონალურადაც საინტერესო აღმოჩნდა. ახალი უნარები შევიძინე, 4-5 თვის განმავლობაში გადაღებაზე გვავარჯიშებდნენ. იარაღის სროლას, ჩხუბს, რაღაც ილეთებს გვასწავლიდნენ, რომ ყოველდღიურად ფორმაში ვყოფილიყავით. სარისკო რაღაცებს, ცხადია, მაინც "კასკადიორები“ აკეთებენ. საინტერესო სამუშაო და გამოწვევა აღმოჩნდა, რომელიც მივიღეთ.
- ირაკლი, გარდა იმისა, რომ ისეთ ატმოსფეროში გაიზარდეთ, რომელიც ხელოვნებით იყო გაჟღენთილი, რეალურად კინო თქვენთან საბოლოოდ როგორ მოვიდა?
- მაინც ოჯახიდან - ვხვდები, რომ აქედან ავიღე მართლა ყველაფერი. ამ სამყაროში გავიზარდე. ყველასთან, ვისთანაც დედაჩემს (მსახიობი ნინო ქორიძე. - ავტ.) ურთიერთობა ჰქონდა, ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელოვნებას ქმნიდნენ, იყვნენ კინოში, თეატრში. მერე თითქოს ჩემი ცხოვრებაც ამას დაუკავშირდა. ახლა რომ ვაკვირდები, მივხვდი, რომ ეს იმის დამსახურებაა, რომ თავიდანვე ასე გავიზარდე. მაშინ არც ვიცოდი, არც მესმოდა, რა ხდებოდა, ვერც ვაცნობიერებდი, რა ატმოსფეროში ვიყავი, უბრალოდ, ასეთი მოცემულობა იყო.წაიკითხეთ სრულად