„სათავადაზნაურო თეატრი. დღეს განთქმულს მთელს ევროპაში კინემატოგრაფს, ცხოველი ფოტოგრაფიული სურათი ლიუმიერისა. დასაწყისი 8 საათზედ. ადგილების ფასი ძლიერ დაკლებულია“ - 16 ნოემბერს აჩვენებენ. ამ ცნობით იწყება საქართველოში კინოს განვითარების ისტორია - პირველი კინოჩვენება ჩვენს ქვეყანაში ძმები ლუმიერების კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. მას შემდეგ ქართული კინო ქართული კულტურის განუყოფელი და თვალსაჩინო ნაწილია, რომელიც არსებობის 100 წელზე მეტს ითვლის და ქვეყნის კულტურასა და ისტორიას საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით წარმოაჩენს.
ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როცა ვასილ ამაშუკელმა ბაქოში ფილმების გადაღება დაიწყო. დღემდე შემორჩენილი პირველი ფილმია „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912), ხოლო პირველ მხატვრულ ფილმად გერმანე გოგიტიძის „ქრისტინე“ (1919) ითვლება.
ქართულმა კინომ განვითარების არაერთი ეტაპი და არც ისე მარტივი გზა განვლო. განსაკუთრებით საინტერესო იყო საბჭოთა კინოდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საფეხურზე გადასვლა, რამაც ერთგვარი სტაგნაცია გამოიწვია. ფინანსური სირთულეების გამო საქართველოში კინოინდუსტრია პასიურ ფაზაში გადავიდა. 2000-იანი წლები ქართველი რეჟისორებისთვის უფრო მეტი პერსპექტივისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდა და დღეს ისინი სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები და პრესტიჟული ჯილდოების მფლობელებიც ხდებიან. ქართულ კინოზე საუბრისას, შეუძლებელია, თვალწინ არ წარმოგვიდგეს ისეთი დიდი მსახიობების მიერ შექმნილი როლები, როგორებიც იყვნენ მედეა ჩახავა, დოდო ჭიჭინაძე, სოფიკო ჭიაურელი და სხვები. ქვემოთ სწორედ მე-20 საუკუნის ქართული კინოს 10 გამორჩეული ვარსკვლავის შესახებ მოგიყვებით:
ლეილა აბაშიძე
ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1-ელ აგვისტოს თბილისში დაიბადა. ეკრანზე პირველად 1941 წლის ფილმში „ქაჯანა“ გამოჩნდა, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის მომავალი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. მოგვიანებით კი მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მიიღო ეს როლი: „ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემი მამიდა სიხარულით მეუბნებოდა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისათვის სჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ჩემთვის არც უკითხავთ თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო, საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი, ვიცოდი, რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა, თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:
–გოგონა, საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდან-მეთქი,
–იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი,
–ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე ძალიან, ძალიან-მეთქი! და, ეტყობა, იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა, ჩემთან წამოდიო და თურმე ეს იყო თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. შემეკითხა:
–და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა,
–ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო.
–რომელი? – ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით, უფროსიო – მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები. ასე დამამტკიცეს როლზე".
“ჭრიჭინა”, “ქაჯანა”, “აბეზარა”, “შეხვედრა წარსულთან”, “მაია წყნეთელი”, “ხევისბერი გოჩა”, “შეხვედრა მთაში”, “აკაკის აკვანი”, “დიდოსტატის მარჯვენა” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც ლეილა აბაშიძემ დაუვიწყარი პერსონაჟები შექმნა.
ბელა მირიანაშვილი
ქართული კინოს მშვენება ბელა მირიანაშვილი 1933 წლის 1-ელ აპრილს თბილისში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. ბელას წინაპრები (მამის მხრიდან) ქართულ ხელოვნებას ემსახურებოდნენ. მამამისის მშობლები – ლევან მირიანაშვილი და მარო მდივანი – ლადო მესხიშვილის დასის წევრები ყოფილან და ამ ფაქტმა გარკვეულწილად იმოქმედა კიდეც ბელას პროფესიის არჩევაზე. პაპა, ლევან მირიანაშვილი, 22 წლის ასაკში გარდაცვლილა. მისი და, მარიამ მირიანაშვილი-თუმანიშვილისა კი ფატმანის პროტოტიპი ყოფილა მიხაი ზიჩის მიერ დასურათებულ „ვეფხისტყაოსანში“. ბელას ბებია, მარო მდივანი, 1933 წლამდე ბათუმის თეატრში მოღვაწეობდა. დედის მხრიდან კი ბელას წინაპრებში რვა გენერალი ჰყავდა.
ოჯახმა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ბელას პროფესიულ არჩევანზე. თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო, სადაც ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა. საბოლოოდ კი მაინც მსახიობობა არჩია და 1960 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. მეორე კურსზე ყოფნისას რეჟისორმა შოთა მანაგაძემ ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი“ თებროლეს როლზე დაამტკიცა. აქედან დაიწყო მისი ხანმოკლე, მაგრამ ბრწყინვალე კინოკარიერა.
თებროლეს როლს ფერიდე მოჰყვა დავით რონდელის ფილმში „მამლუქი“, ლიანა – „წარსულ ზაფხულში“, ახალგაზრდა ფოსტალიონი ლამარა – სიკო დოლიძის დაუვიწყარ კინოსურათში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, ნანი – „უდიპლომო სასიძოში“, რუსუდან ექიმი – „ცეროდენა რაინდებში“.
სამწუხაროდ, ბელას სამსახიობო მოღვაწეობა მხოლოდ ცხრა წელი გაგრძელდა. მაგრამ სამუდამო კვალი დატოვა იმ ადამიანების ხსოვნაში, რომელთაც იგი სცენაზე თუ კინოში უნახავთ.
მარინე თბილელი
მარინე თბილელი - ამ მსახიობის მიერ შესრულებული როლების მეხსიერებიდან ამოშლა შეუძლებელია. „ქართული თეატრის ნამდვილი ბრილიანტი“, როგორც მას უწოდებდნენ, 1920 წელს თელავში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ „თბილელი“ ქალბატონი მარინეს ფსევდონიმია.
მარინეს დედა ორჯერ იყო გათხოვილი: მისი პირველი ქმარი პოლონელი, გვარად დამბროვსკი გახლდათ, რომელსაც წითელწყაროში აფთიაქი ჰქონდა და ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობდა. სამწუხაროდ, იგი ესპანური გრიპით დაიღუპა. იმ პერიოდში წითელწყაროში ოსმალეთიდან გამოქცეული სომეხი ექიმი ჩავიდა და მარინეს დედა ცოლად შეირთო. ცოტა ხანში ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადავ ექიმი ტვინის ანთებით გარდაიცვალა. ამ დროს მარინე 6-7 წლის იყო. მსახიობი ყოველთვის დამბროვსკის გვარს ატარებდა, თუმცა სინამდვილეში კარაპეტიანი იყო.
ხშირად იხსენებდა, რომ ერთ დღეს, ქუჩაში მიმავალი, უცნობმა კაცმა გააჩერა და სთხოვა, თავისუფალ დროს კინოსტუდიაში შეევლო. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს კაცი კინომსახიობთა სკოლის დამაარსებელი სამსონ სულაკაური იყო. სწორედ აქედან დაიწყო მარინე თბილელის სამსახიობო კარიერა. ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობმა მაყურებლის ყურადღება მალევე მიიპყრო. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, აკაკი ვასაძე მიუბრუნდა თურმე მარინეს და უთხრა: მარინე, ამიერიდან შენ თბილელი იქნებიო - ასე მიიღო მსახიობმა თეატრალური გვარი.
მოგვიანებით მარინე აკაკი ვასაძის რძალი გახდა. მისი პირველი მეუღლე გოგი ვასაძე იყო. წყვილს ქორწინებაში ერთი შვილი, აკაკი შეეძინა, თუმცა გოგის და მარინეს ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა: მარინე ოჯახური კონფლიქტის შემდეგ ვასაძეების სახლიდან წამოვიდა. მსახიობის მეორე ქმარი ცნობილი რეჟისორი აკაკი დვალიშვილი იყო, რომელთანაც ასევე ცნობილი მსახიობი ბარბარე (ბაია) დვალიშვილი შეეძინა.
სპექტაკლებში ყოველთვის მომხიბვლელ ქალებს თამაშობდა, თუმცა ყველაზე მეტად სახასიათო როლები უყვარდა და თავს ლამაზად არასდროს მიიჩნევდა. მისი სიბერე ცივ და ბნელ 90-იან წლებს დაემთხვა. მუდამ ხალისიანი და ბედნიერი მსახიობისთვის ეს რთული ასატანი აღმოჩნდა. ამბობდა კიდეც, როგორი არასაინტერესო გახდა ცხოვრებაო და სიცოცხლის ბოლომდე ამ აზრზე დარჩა.
მარინე თბილელი 2002 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლია ელიავა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა;
მხოლოდ ის ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას,
რომელსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ...
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა."
ეს ლექსი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკიმ იმ ქალს მიუძღვნა, რომლის სახელიც ქართული კინოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით ძვირფასია.
ლია ელიავა 1934 წლის 28 მაისს დაიბადა. მამას, შალვა ელიავას, გერმანიაში ეკონომიკის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და კარგა ხანს იქ მოღვაწეობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 34 წლის ასაკში, ფინანსთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს.
მსახიობობა ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი. ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ კითხვა და თეატრი ძალიან უყვარდა. თანატოლებთან ერთად ქუჩაში კინოვარსკვლავებს დასდევდა. დიდი მოვლენა იყო, ნატო ვაჩნაძეს ან თამარ ციციშვილს თუ დაინახავდნენ. მოგვიანებით ღიმილით იხსენებდა მაშინ სულ ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრას. თეატრალურში ჩაბარებისას მეტოქეები მის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ფიქრობდნენ, რომ ლიას წარმატება მხოლოდ მის გარეგნობასთან იქნებოდა დაკავშირებული. მაგრამ გამოცდაზე ლიამ ყველას დაუმტკიცა თავისი მსახიობური ნიჭი. „ელიავა ღელავს, მაგრამ ელავს...“ - ამბობდა მის შესახებ აკაკი ხორავა.
ცოტამ თუ იცის, რომ ლია ელიავას გამორჩეული ხმის ტემბრი ჰქონდა. მეგობრები ურჩევდნენ, სიმღერა ჩაეწერა, მაგრამ ეს სურვილი განუხორციელებელი დარჩა. ლია ელიავა 1998 წელს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოთარ კობერიძემ კიდევ 17 წელი იცოცხლა. სიცოცხლის ბოლო წლებში კი ხშირად იმეორებდა ერთ ფრაზას: „ ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, გული ლიას, ღირსება მე.“
სოფიკო ჭიაურელი
სოფიკო ჭიაურელი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობია. მას შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე. ის ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ორი ძმა - ოთარი და რამაზი.
სოფიკოს კინოდებიუტი ჯერ კიდევ 1956 წელს შედგა რეზო ჩხეიძის ფილმში „ჩვენი ეზო“. გასაკვირი არ არის, რომ წარმატებული დებიუტის შემდეგ სოფიკოს სხვა შემოთავაზებებიც გაუჩნდა. გარდა ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა "აკვარელი", "გოგონას ზღაპარი", "ენგურის ნაპირები არა", "გენერალი და გვირილები", აღსანიშნავია ფილმი "ბროწეულის ფერი", რომელშიც მან 1969 წელს ითამაშა. 1976 წელს სოფიკო საქართველოს სახალხო არტისტი გახდა, ოთხი წლის შემდეგ კი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიიღო.
სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.
მედეა ჩახავა
1943 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ლირიკულ-კომედიური მსახიობი. ჩახავას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სცენური მოხდენილობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გრძნობათა სიმართლე და უშუალობა. ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სახეებს. აღსანიშნავია ჯენევრა (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს „ღრმა ფესვები“), ნადია (გორკის „მტრები“), გაიანე (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ლიდა პლახა (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ფეფელა (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ოფელია, მარგარიტა (შექსპირის „ჰამლეტი“, „რიჩარდ III“), მარია (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ჭრიჭინა“ (ცქრიალა), „ბაში-აჩუკი“ (მელანო), „მანანა“ (მეეზოვე), „ნინო“ (ნინო), „გლახის ნაამბობი“ (თამრო), „მხიარული რომანი“ (სოფიო) და სხვ. მედეა ჩახავას მინიჭებული ჰქონდა საპატიო ნიშნის ორდენი და ორი მედალი. საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 2006 წელს კი რუსთაველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
სესილია თაყაიშვილი
არიან მსახიობები, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და უმაღლესი სამსახიობო ოსტატობით ქართულ კინოსა და თეატრში წარუშლელი კვალი დატოვეს. ასეთ მსახიობებზე საუბრისას შეუძლებელია, ყველაზე გამორჩეული „ბებია“ სესილია თაყაიშვილი არ ვახსენოთ.
ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა. მისი მამა, დიმიტრი თაყაიშვილი, თეატრისა და პოეზიის დიდი მოყვარული იყო. ამიტომ პატარა სესილიას სამსახიობო ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა.
ბავშვობიდანვე დაიწყო მისი თეატრალური გზა: შალვა დადიანის „მოგზაური დასის“ მსახიობმა ბავშვებისთვის წარმოდგენის დადგმა გადაწყვიტა და ერთ-ერთ როლზე დიმიტრი თაყაიშვილის შვიდი წლის გოგონა მიიწვია. სპექტაკლში „ყვავილთა შორის“ პატარა სესილია ყვავილისა და ანგელოზის როლს თამაშობდა.
დრამატული სტუდიის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრის დასს შეუერთდა, სადაც 1930 წლამდე მოღვაწეობდა, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა.
დაუვიწყარია მისი ღვაწლი ქართულ კინოში: მანანა (”ჭირვეული მეზობლები”), ვასასი (”ჩვენი ეზო”), ელპიტე (”საბუდარელი ჭაბუკი”), ოლღა (”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ბორდოხანი (”დიდოსტატის მარჯვენა”), მარადია (”ნატვრის ხე”), ასინეთა (”დათა თუთაშხია”), ბუღალტერი ("ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი")... მის მიერ განსახიერებული თითოეული როლი დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს.
მედეა ჯაფარიძე
მედეა ჯაფარიძე - ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, რევაზ თაბუკაშვილის მეუღლე. ის 1994 წელს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მედეა ჯაფარიძის სახელი უკვდავია, მის მიერ შესრულებული როლები კი - დაუვიწყარი. კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში. მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხეილ ლერმონტოვის „მასკარადი“), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „რიჩარდ III“), ჭრიჭინა (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მარტა (კასონას „ხეები ზეზეულად ხმებიან“), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), გულქანი (პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დედა (ლაშა თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“) და სხვ.
მედეა ჯაფარიძე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
დოდო ჭიჭინაძე
ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი თამარ (დოდო) ჭიჭინაძე 1924 წლის 28 დეკემბერს, ქუთაისში დაიბადა. მისი მამა, ვასილ ჭიჭინაძე, 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო და კარგად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. როცა მასობრივი დახვრეტა დაიწყო, ისიც სხვებთან ერთად სასიკვდილო განაჩენის წინაშე დადგა. დოდოს მამიდამ მაშინდელ გავლენიან პირს, სიმონ ჯუღელს, ძმის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა და ვასილიც მალე გაათავისუფლეს. შეუძლებელია დოდო ჭიჭინაძის მიერ შექმნილი როლების დავიწყება - "ჭრიჭინა", "ცისკარა", "ბაში-აჩუკი", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ნინო“, „ბედნიერი შეხვედრა“ და სხვ. იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელთა საშუალებითაც მან საკუთარი სახელი და გვარი ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.
ლიკა ქავჟარაძე
ლიკა ყველასთვის უსაყვარლესი მსახიობი იყო. მიუხედავად სილამაზისა და პოპულარობისა, მისი ცხოვრება არ ყოფილა მარტივი. ლიკა დედამ და ბებიამ მკაცრად გაზარდეს, ხშირად არ შეეძლო ისეთ ადგილებში წასვლა, სადაც მისი მეგობრები მიდიოდნენ, განსაკუთრებული კონტროლისა და ზედამხედველობის ქვეშ იყო. ხუთი წლიდან მუსიკას ეუფლებოდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით. 12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა — 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.
კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. ლიკა ჰყვებოდა: "მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, "ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარტო ცხოვრობდა. გარდაიცვალა 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში.