ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი მშობლები გახდნენ: "ამ ბავშვზე ოცნებობდა, ჩვენ ყველაფერს ერთად ვგეგმავდით, მაგრამ ამ მნიშვნელოვან მომენტში მარტო აღმოვჩნდი" - რას წერს უკრაინული გამოცემა - Marao

ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი მშობლები გახდნენ: "ამ ბავშვზე ოცნებობდა, ჩვენ ყველაფერს ერთად ვგეგმავდით, მაგრამ ამ მნიშვნელოვან მომენტში მარტო აღმოვჩნდი" - რას წერს უკრაინული გამოცემა

2023-06-02 07:22:28+04:00

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, 32 წლის დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ განაცხადა, რომ დედა გახდა. მისი შვილის მამა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ამჟამად ციხეშია. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა tabloid.pravda.com.ua წერს. ლიზამ დედობასა და ბავშვის დაბადებას ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც შვილს მამის უკრაინული ფესვების გაგრძელებად მოიხსენიებს. მას არ დაუკონკრეტებია შვილის სქესი და დაბადების დრო:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ომის დროს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ საშინელ რეალობაში. ზაფხული იწყება, მაგრამ ზაფხულზე არ ვფიქრობთ. ბოლო დღეებია, არავის გვიძინია, ვფიქრობთ ჩვენი შვილების დაცვაზე, ბავშვებზე, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის გამო, სამწუხაროდ, საკუთარ სახლებში მშვიდად ძილი არ შეუძლიათ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში. ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვგეგმავდით. ჩემი შვილი ჩემი სიყვარულია. მამისთვის ჩვენი შვილი მისი უკრაინული ფესვები და უკრაინული გაგრძელებაა, რაზეც ოცნებობდა და ასე ძალიან სურდა, რომ ჰყოლოდა, ამაყობდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით. არასდროს მიფიქრია, რა საშინელებაა ომის დროს ბავშვის გაჩენა. მის მომავალზე ფიქრი საშიში და შემზარავია. სულ სხვანაირად წარმოვიდგინეთ ყველაფერი. გარემოებები და რეალობა სრულიად განსხვავებული იყო. ის, რაც განვიცადე ძალიან მნიშვნელოვანი თვეების განმავლობაში, არის საშინელი სიტუაციები, რომლებიც ცალკე წიგნებსა და ტრილერებში აღწერას იმსახურებს. სულ მარტო ვიყავი, მაგრამ ვიბრძოდი იმისთვის, რისიც მჯეროდა - თავისუფლებისთვის.

ორი მშობლიდან ბავშვის გვერდით მხოლოდ მე ვარ. მხოლოდ მე - დედა - ვყავარ გვერდით და მე უნდა შევასრულო დედის და მამის ფუნქციები. მე მარტო ვარ, მაგრამ ჩემნაირად ახლა ათასობით უკრაინელი ქალია, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი შვილების თავისუფალი მომავლისთვის. ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ქვეყანას! რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამის მასშტაბის წარმოდგენა, მით უმეტეს, როცა ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი შვილების თავისუფლებას. ქედს ვიხრი ყველა უკრაინელი ქალის წინაშე, რომლებიც ახლა ღამით იღვიძებენ, იცავენ თავიანთ მიწას და შვილებს ყოველდღე.

მე ერთ-ერთი მათგანი ვარ.

მე დედა ვარ.

მე უკრაინელი დედა ვარ.

უკრაინელი ბავშვის დედა ვარ.

და ჩვენ, უკრაინელი დედები, ახლა ვიცავთ თავისუფლებას ჩვენი შვილების თაობისთვის!" - წერს ლიზა იასკო. 

შეგახსენებთ, რომ იასკოსა და სააკაშვილის რომანის შესახებ 2020 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. მოგვიანებით მიხეილის ყოფილმა მეუღლემ, სანდრა რულოვსმა, განაცხადა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო.

2022 წელს ცნობილი გახდა, რომ ორი ვაჟის, ედუარდისა და ნიკოლოზის შემდეგ, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს პირველი მეუღლისგან, სანდრა რულოვსისგან ჰყავს, კიდევ ერთი გოგონა, ელის-მარია შეეძინა. ელის-მარიას დედა ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძეა.

სააკაშვილი გისოსებს მიღმაა მას შემდეგ, რაც 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ფარულად დაბრუნდა.