ბოშა - თავი 12 - მეორე ნაწილი - Marao

ბოშა - თავი 12 - მეორე ნაწილი

2023-06-05 10:17:44+04:00

წინა თავი

დილით, წამოსასვლელად რომ გავემზადეთ, ცოტა ხნით დავსვი, სალაპარაკო მაქვს-მეთქი და სალონის ამბები მოვუყევი. სახეზე შიშმა გადაუარა. წამოდგომა დააპირა, მაგრამ ხელზე ხელი დავადე და ვანიშნე, იჯექი-მეთქი.

- რისი გეშინია? - ვკითხე.

- ნე მაგუ ია, - საცოდავად წაიკვნესა.

- რატომ, რატომ, შეგიძლია ამიხსნა? - ჩავეძიე.

- ბაიუს.

- რისი, გოგო, ნუ გადამრიე.

- ბაიუს ი ვსიო, ნი ხაჩუ ტამ რაბოტატ. ს ტაბოი ხაჩუ ტოლკა.

- იცი, რა? ჩემთანაც იქნები, პირობას გაძლევ. კვირაში ხუთი დღე ჩემს სახლში იცხოვრებ, - შევაპარე, - შაბათ-კვირას კი იმუშავებ. შენ შეძლებ, ამაში დარწმუნებული ვარ. მეც მოგაკითხავ, «გიბალელშჩიკებ», გოგოებიც მოგხედავენ. იცი, რა კარგი გოგოები არიან? ამ დღეებში გაგაცნობ და შენ თვითონ დარწმუნდები.

- ჩტო ტი სკაზალ? - ეჭვნარევი ხმით მკითხა.

- გაგაცნობ-მეთქი, სხვა რა ვთქვი?

- ნეტ. და ეტოვო ჩტო სკაზალ?

- ა! ჩემთან რომ იცხოვრებ იმაზე მეკითხები? ხო-ო! ეგ კიდევ მეორე ამბავია. შენ ხომ იცი, რომ მე ცოლი არ მყავს. არც «დრუგაია ჟენშჩინა», რომ იცოდე. ჩემს შვილს, უფრო სწორად, ჩვენს შვილს, გაზრდა და ქალის ხელი სჭირდება. ჰოდა, დაჯდები და გაზრდი. თან ხელფასსაც დაგინიშავ.

- ეტა კაკ? - წარბები შეჭმუხნა.

- პროსტა ტაკ. დედაჩემს ვეტყვი, რომ ბავშვისთვის ძიძა დავიქირავე, იმან რა იცის, შენ ვინ ხარ. მერე ისიც შეგეჩვევა, ერთმანეთი მოგეწონებათ, დარწმუნებული ვარ. რომ იცოდე, ძალიან კარგი დედა მყავს. აუცილებლად შეგიყვარდება. გარე-გარე წანწალს არ ჯობია, სახლში იჯდე და შვილს და ოჯახურ საქმეებს მიხედო?

- ტი ჩტო, ჟენიშსია ნა მნე? - უნდობლად შემომხედა.

- პაკა ნეტ. ამის პირობას ჯერ ვერ მოგცემ, მაგრამ თუ ჭკვიანად მოიქცევი და ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც მე გეტყვი, მერე ვნახოთ…

- მერაბ, ნე ნრავიტსია მნე ვსიო ეტა, ნი გავარი ბოლშე ტაკ.

- კარგი, ახლა ნუ ვიდავებთ ამაზე. სხვა დროისთვის გადავდოთ ეს ლაპარაკი. დროა, გზას გავუდგეთ.

- ძიძა ეტა კტო, ნიანკა, ჩტო ლი?

- უმნიცა! ეგ არის! - ტაში შემოვკარი და ლოყაზე ვაკოცე.

დინას ხასიათი გაუფუჭდა. უხმოდ ჩაჯდა მანქანაში. გადავხედე. თმაზე გადავუსვი ხელი, მოწყენილი ნუ ხარ-მეთქი, დავუყვავე და დავიძარით…

 

8 8 8

 

ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა. რამდენი ხანია, გოგას ნახვას ვაპირებ და ვერა და ვერ დავაყენე საშველი. უთენია წამოვხტი, რათა დროზე გავსულიყავი სახლიდან და ბავშვს ეზოს შესასვლელთან ჩავსაფრებოდი, სკოლაში რომ არ გაესწრო. ასეც მოვიქეცი. რვა საათზე ჭიშკართან დავერჭვე, უფრო ადრე გამორიცხული იყო, შინიდან გამოსულიყო. ლოდინმა კარგა ხანს მომიწია. ცხრას ოცი წუთი უკლდა, გოგა რომ გამოჩნდა. გულმა ძლიერად დამიწყო ცემა. ჯინსის შარვალი და ფართხუნა სპორტული მაისური ეცვა, შავი ფერის. ზურგჩანთა ცალ მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. ვაცალე, სანამ რამდენიმე მეტრს გაივლიდა და მანქანა დავძარი. ნელი სვლით ოდნავ გავუსწარი და შევაჩერე.

- გოგა! - ფანჯრიდან გადავძახე.

ბავშვმა შემომხედა, მაგრამ აშკარად ვერ მიცნო, დაბნეული მიყურებდა.

- ვერ მიცანი? - გავუღიმე.

- ვერა, ვერ გიცანით, - ამასობაში გამისწორდა.

- მე მერაბი ვარ, მერის ძველი ნაცნობი. გახსოვს, სახლშიც კი ვიყავი თქვენთან, კიბეზე რომ შევხვდით ერთმანეთს.

- ა, ჰო, ახლა გიცანით.

მანქანიდან გადმოვედი და ხელი გავუწოდე.

- გამარჯობა, ვაჟკაც, როგორა ხარ?

- გმადლობთ, არა მიშავს. თავად? - მორიდებით მითხრა და ღონივრად ჩამომართვა ხელი.

- სკოლაში მიდიხარ?

- დიახ.

- დაჯექი, მიგიყვან.

- არა, გმადლობთ, ნუ შეწუხდებით, აქვეა, ახლოს, - იუხერხულა.

- დაჯე, დაჯე, უცხოები ხომ არა ვართ. უცებ მიგარბენინებ, - მხარზე დავადე ხელი და მანქანისკენ მივუთითე.

დავიძარით. გამიჭირდა საუბრის დაწყება, არ ვიცოდი, რა თემაზე უნდა მელაპარაკა.

- მერი სახლშია? - მომაფიქრდა ბოლოს.

- დიახ, სახლშია.

- არ მუშაობს, კაცო? - ვითომ გამიკვირდა.

- როგორ არა, მუშაობს, მაგრამ ჩემზე გვიან გადის სახლიდან. თეთრმეტზე ეწყება სამსახური.

- შენი საქმეები როგორ მიდის?

- რა ვიცი…

- რომელ კლასში ხარ?

- მეცხრეში.

- კარგად სწავლობ?

- ისე რა.

- რატომ «ისე რა», გეზარება კითხვა?

- კითხვა არ მეზარება, მაგრამ გაკვეთილების მომზადება არ მიყვარს, სხვა წიგნების წაკითხვა უფრო საინტერესოდ მიმაჩნია.

- ო-ო! ყოჩაღ, ეგ კარგია. სხვა წიგნების კითხვით მეტ ცოდნას შეიძენ, ვიდრე სკოლის სახელმძღვანელოებით.

- მეც ასე მგონია, მაგრამ დედაჩემი ვერ დავაჯერე ამაში.

- ეჰ, რას იზამ, ჩემო კარგო, ყველა დედას უნდა თავისი შვილი სხვაზე უკეთესი იყოს… და მამასაც, - დავაყოლე და სახე გამიხურდა.

სიჩუმე ჩამოვარდა.

- შეყვარებული თუ გყავს, გოგა? - უფრო მსუბუქ თემაზე გადავიტანე საუბარი.

- არა, ჯერ მაგისთვის არ მცალია.

- რატომ, შე კაცო, შენს ასაკში იცი, რა გოგოები მეხვეოდნენ? მოსვენებას არ მაძლევდნენ.

- …

- რას გაჩუმდი, არ გაწუხებენ ქალები? - ღიმილით გადავხედე.

- კი, როგორ არა, მაგრამ…

- რა მაგრამ?

- რა ვიცი, არც ერთი არ მომწონს.

- ო-ო-ო! ვატყობ, კარგი გემოვნება გაქვს, ვაჟკაც, კარგი-ი-ი. მაგ საქმეში მამას უფრო ჰგავხარ თუ დედას? - სასურველ თემას «უჩუმრად» შევეხე.

- აქ ჩაუხვიეთ და იმ შენობასთან გამიჩერეთ, - სიტყვა ბანზე ამიგდო გოგამ და თითი ყვითელი შენობისკენ გაიშვირა.

- ხედავ, რა უცებ მოვედით, წესიერად დალაპარაკებაც ვერ მოვასწარით, - უხერხულად ვიგრძენი თავი და ესღა ვთქვი.

- დიდი მადლობა, - გამიღიმა გოგამ, სანამ მანქანიდან გადავიდოდა.

- რისი მადლობა, კაცო, პირიქით, მადლობა შენ, რომ უარი არ მითხარი. ჰო მართლა, დღეს რამდენი გაკვეთილი გაქვს?

- ექვსი.

- რომელზე გიმთავრდება?

- ორის ნახევარზე.

- მოდი, იცი, რა ვქნათ? გამოგივლი და სადმე წავიდეთ, დავილაპარაკოთ, თუ წინააღმდეგი არ იქნები.

გოგა შეიშმუშნა.

- რა ვიცი… - მხრები აიჩეჩა.

- არა, თუ არ გინდა ან სხვა გეგმები გაქვს, შემდეგისთვის გადავდოთ, პრობლემა არ არის. მობილური არა გაქვს? დაგირეკავ.

- არა, არა მაქვს.

- ჰო-ო-ო. ისე… მე მაქვს ერთი აპარატი, დიდი არაფერია, მაგრამ რაღაც მომენტში გამოდგება. გინდა, მოგიტანო?

- არა, არა, რას ამბობთ!

- მოიცა რა, რატომ გეუხერხულება, რომ მჭირდებოდეს, კი არ შემოგთავაზებდი. მართლა მაქვს მეორე, ტყუილად მიდევს სახლში. აბა, ვის უნდა მივცე? უარი არ მითხრა, იცოდე.

ბიჭი შეყოყმანდა.

- დედა გაბრაზდება.

- არ გაბრაზდება, თუ რამე გითხრა, მე გავცემ პასუხს, შენ ნუ გეშინია.

- რა ვიცი, - უხერხულად გამიცინა და ჩანთა მეორე მხარზე გადაიკიდა.

- აბა, კარგად, ხვალ დილით აქ დაგხვდები, სკოლასთან, ამ დროს და გნახავ. ო კეი?

- ო კეი. ნახვამდის, - დამემშვიდობა და სკოლისკენ გაიქცა.

თვალი გავაყოლე. შვებით ამოვისუნთქე. ესეც ასე, პირველი ნაბიჯი დაახლოებისკენ გადადგმულია. დანარჩენს ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. ვნახოთ, როგორ შეხვდება «ქალბატონი» მერი ამ ამბავს.

7 7 7

ერთი საქმე მოვაგვარე. ახლა ცოტა ხნით დინასაც მივხედოთ. სკოლიდან მობრუნებულმა საგაზეთო ჯიხურში «სიტყვა და საქმე» ვიყიდე, განცხადებები რომ გადამეთვალიერებინა, დინასთვის ქართულის მასწავლებელი უნდა შემერჩია. მანქანა ქუჩის კუთხეში გავაჩერე და განცხადებების წაკითხვას შევუდექი. რამდენიმე ნომერი მოვინიშნე, რომ საღამოს შინ მისულს დამერეკა. მერე კი ბაზრობისკენ ავიღე გეზი, რათა გოგასთვის მობილური ტელეფონი მეყიდა.

დიდხანს ვარჩიე. მისთვის ნამდვილად არ მენანებოდა თუნდაც ძალიან ძვირიანის ყიდვა, მაგრამ საქმისთვის საზიანო იქნებოდა. «სიმენსი» შევარჩიე, ნახმარი კი იყო, მაგრამ კარგად მოვლილი ჩანდა. «ჯეოსელშიც» შევიარე, ნომერი შევიძინე და ოცლარიანი ბალანსიც შევავსე. ჩემი საქციელით ძალზე კმაყოფილი დავრჩი. ხვალ დილით ჩემს ბიჭუნას გავახარებ. ვინ იცის, როგორ ნატრობდა მობილურს.

7 7 7

ამ საქმეს რომ მოვრჩი, ჩვენი რაიონის სასამართლოშიც შევიარე. იქ ბევრი ნაცნობი მყავდა. ლაშა ვნახე, ძველი მეგობარი და ვუამბე ჩემი გასაჭირი განქორწინებასთან დაკავშირებით. როცა ბოლომდე მომისმინა, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მითხრა, ამ საქმეს ადვილად მოგიგვარებო. ორშაბათს ორივეს დაგიბარებენ და ერთ საათში გაგიფორმებენ განქორწინებასო. მეტი რა მინდოდა. «მაღარიჩი» ჩემზე იყოს-მეთქი, შევპირდი ლაშას და კაზინოსკენ ავიღე გეზი.

ბოლო ხანებში მთელი დატვირთვა ნიკაზე გადადის, კარგა ხანია, სამუშაოს არ გავკარებივარ. მართალია, ნიკა საყვედურებით არ ამავსებს, მაგრამ უნამუსობასაც აქვს საზღვარი. რა ვქნა, ყოველდღე ახალი პრობლემა მემატება, ძნელია ერთი კაცისთვის, ამდენ რამეს გაუმკლავდეს. არადა, ვის გინდა შენი საზრუნავი თავს მოახვიო.

…ნიკა კაზინოში არ დამხვდა, სადღაც იყო გასული. არც დაუბარებია. მობილურზე დავურეკე, გათიშული ჰქონდა. ბიჭებმა მითხრეს, ვიღაცას უნდა შეხვედროდაო. ლოდინს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც კარგა ხანს დავრჩი, სამ საათზე უნდა შევხვედროდი დინას და იქამდე დრო ხომ უნდა მომეკლა? კომპიუტერში ჩვენი ფაილი გავხსენი, შემოსავლებს გადავხედე. მთლად კარგი მდგომარეობა არ იყო. ყველა სიკეთესთან ერთად, «შავი სია» გაზრდილიყო რამდენიმე კაცით. თანაც, სულ ისეთი მოთამაშეებით, ვინც ხშირად აგებდა, ვის ხარჯზეც ძირითადი შემოსავლები შემოდიოდა. არა, საღამოს აუცილებლად ვნახავ ნიკას, უნდა გავარკვიო, რა ხდება. რამდენი რამ გამომრჩენია თურმე.

საათს დავხედე. სამი ხდებოდა. კომპიუტერი გამოვრთე და დინასთან შესახვედრად გავწიე.

7 7 7

იდგა და მელოდა. ცალი ხელით დოინჯი შემოეყარა და გამვლელებს ათვალიერებდა. დავუსიგნალე. ლურჯი კაბა ეცვა, წელში გამოყვანილი და ბოლოში ნაკეცებად გაშლილი. როგორმე უნდა გადავაჩვიო ბოშურად ჩაცმას. ამიტომაც დავუნიშნე პაემანი, ბაზრობაზე უნდა წამეყვანა და ახალი სამოსი მეყიდა. თვალებგაბრწყინებული ჩამიხტა მანქანაში.

- დავაგვიანე? - ღიმილით ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.

- ნეტ, - თავი გადააქნია.

მხიარულ გუნებაზე ჩანდა.

- მოხდა რამე?

- ა ჩტო?

- რაღაც კარგ ხასიათზე ხარ.

- კაგდა ტი სა მნოი, მნე ხარაშო.

- ჰო-ო? ახლა არ მითხრა, რომ გიყვარვარ.

- ა ტი კაკ დუმაეშ?

- არ ვიცი, არ ვიცი. უნდა მითხრა.

- და, ლუბლუ, დაჟე ოჩენ.

- რა კარგია. მეც მიყვარხარ.

- პრავდა?

- ია ტაკ დუმაიუ, - ჩემსავე ხუმრობაზე გამეცინა.

- აპასნა იგრაეშ, კრასავჩიკ, - თითი დამიქნია.

- ვსიო, ვსიო, მეტს არ ვიზამ. წავედით?

- კუდა იდიომ?

- არ იცი?

- არა.

- რაღაც-რაღაცები უნდა ვიყიდო, შენი დახმარება მჭირდება.

- დახმარება?

- ჰო, რა იყო, რატომ გაგიკვირდა?

- და ტაკ.

- ეგ კაბები უნდა გაგხადო და ჩემი გემოვნებით ჩაგაცვა, - თმაზე გადავუსვი ხელი და მანქანა დავძარი.

- ნე ნადა, რა, უ მენია ვსიო ესტ.

- რას მელაპარაკები.

- კრასავჩიკს დინა არ მოსწონს, და?

- მე ეგ არ მითქვამს! დინა მომწონს, მაგრამ მისი ჩაცმულობა არ მომწონს. ხომ გითხარი, ახლა სხვა ცხოვრება უნდა დაიწყო-მეთქი, ამიტომ ტანსაცმელიც სხვანაირი უნდა გეცვას.

- კაკოი ეტა სხვანაირი?

- თანამედროვე, მოდური.

- ნე ხაჩუ.

- ზატო ია ხაჩუ. თუ გინდა ყველაფერი კარგად იყოს, უნდა დამიჯერო. ახლა ჩემი კარტებით მოგიწევს თამაში. გასაგებია?

პასუხი არ გაუცია. მოიღუშა. არ მოეწონა, «მბრძანებლად» რომ მოვევლინე, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა შეჰგუებოდა. კარგად ხვდებოდა, რომ წინააღმდეგი ვერ წავიდოდა. მას ჩემი ხელახლა დაკარგვის ეშინოდა.

7 7 7

კარგა ხანს ვიტრიალეთ «კიდობანში», მერე «პასაჟში». სამი ხელი ტანსაცმელი ვუყიდე, ორი წყვილი ფეხსაცმელიც. მაღალქუსლიანზე სასტიკი უარი განმიცხადა, ვერ ვივლიო. დაბალქუსლიანები აირჩია. ვარჩევდი სამოსს და მსიამოვნებდა, რომ ამ ყველაფერს დინასთვის ვყიდულობდი. ვაჭრობა არ დამიწყია, როგორც დამიფასეს, ისე შევიძინე. ნაყიდი საქონელი იქვე მოიზომა, სარკის წინ დიდხანს იტრიალა, ცოტა გამოუკეთდა ხასიათი, არ იმჩნევდა, მაგრამ აშკარად გამხიარულდა.

- კმაყოფილი ხარ? ხომ მოგეწონა? - ვკითხე, უკან რომ ვბრუნდებოდით.

- და, სპასიბა.

- ახლა სად წავიდეთ?

- ნე ზნაიუ, კუდა სკაჟეშ.

- თუ გინდა, ცოტა ხნით ჩემთან ავიდეთ სახლში. აგარაკზე ვერ წავალ, დიდი დრო დაგვეხარჯება, საღამოს ბევრი საქმე მაქვს. მარტო შენ კი არ მყავხარ საზრუნავი, - გავეხუმრე.

ხუმრობა ძვირად დამიჯდა. არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი.

- სევოდნია ხვატიტ, - ცივად თქვა, - ჩტო ს ეტიმ დელატ? - პარკში ჩალაგებული ნივთებისკენ გაიხედა.

- იყოს მანქანაში… გინდა, ამაღამ ჩემთან დარჩე? - მივხვდი, წეღან ცუდად გამომივიდა და შეცდომის გამოსწორება ვცადე.

- ნე ვიიდეტ.

- «ზაპაჩემუ»? - გავუცინე.

- ტაკ ლუჩშე ბუდიტ. ტი ჟე დელავოი ჩელავეკ, - ირონიულად ჩაილაპარაკა.

- კარგი, ეგრე იყოს. მაშინ ხვალ ისევ ამ დროს მოვალ და ერთად ავიდეთ აგარაკზე. იქ კი რაღაცას მოვიფიქრებთ. რას იტყვი?

- კარგი.

ისევ ბაზრობაზე დავბრუნდით. მანქანა გავაჩერე და შევხედე. ძალიან ნაღვლიანი მეჩვენა. როგორც ჩანს, არ ელოდა, ასე უცებ თუ დამთავრდებოდა ჩვენი დღევანდელი «აუდიენცია». მისი განწყობილება მეც გადმომედო. ისეთი სახე ჰქონდა, საცაა, იტირებდა. რა მექნა? სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ნიკუშაც უნდა მენახა და რეპეტიტორებთანაც უნდა დამერეკა, რომ მისი ქართულში მომზადების საქმე მომეგვარებინა. გადადება არ ივარგებდა.

ღაწვზე ხელის ზურგი ავუსვი. თავი გადასწია და ჩემი ხელი ლოყასა და მხარს შორის მოიქცია.

- ნე მაგუ ტაკ, - ტუჩები აუკანკალდა.

- ცოტაც მოითმინე და ყველაფერი გამოსწორდება. გპირდები.

- ია აშიბლას. ნადა ბილა ასტატსია ვ ბატუმი.

- ნუ სულელობ. შენ არ იცი, რა სიურპრიზები გელოდება წინ. დამიჯერე.

- ბაიუს ია. დინა სვაბოდნაია ჟენშჩინა, ნე ვიდერჟიტ ტაკიხ პერემენ. ტრუდნა პრივიკატ.

- ნუ ამბობ ასე. არაფერიც არ არის ძნელი. აი, ნახავ, მალე შენ თვითონ დარწმუნდები, რომ მართალს ვამბობ.

- ისჩეზნუ ია. ტაკ ბუდეტ ლუჩშე.

- ვისთვის, თუ საიდუმლო არ არის?

- დლია ტებია, - ყოყმანით წარმოთქვა და თავი დახარა.

- მაბრაზებ, კალდუნია. მე შენ მჭირდები, გესმის? მჭირდები. ეს დაიმახსოვრე. არც იფიქრო გაუჩინარება, თორემ ძალიან მეწყინება. ჩემი გულისთვის რომ გააკეთო ეს ყველაფერი, ნუთუ არ შეგიძლია? მითხარი, რა არის აქ შეუძლებელი? შენი აზრით, მე რამეში გზღუდავ? არმოსაწონს რას ვაკეთებ? მითხარი, არ მოგერიდოს. მე შენი გულისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. შენ რომ მთხოვო, გაუჩენელს გაგიჩენ, გოგო! შენ კი… რაღაც უაზრო წვრილმანებზე მეუბნები უარს, - «დავანამუსე».

არ ვიცი, ყველა ჩემი სიტყვის მნიშვნელობას ბოლომდე ჩასწვდა თუ არა, მაგრამ საწინააღმდეგო მეტი არაფერი უთქვამს. თავდახრილი იჯდა მანაქანაში და თითებს ატკაცუნებდა.

- აბა, შემომხედე, გამიღიმე, მაკოცე და ხვალამდე დამემშვიდობე, - ალერსიანად ვუთხარი.

არ განძრეულა. ნიკაპზე მოვავლე ხელი და ჩემკენ გამოვახედე. თვალები აცრემლებოდა. პირველად ვხედავდი მის სახეზე ცრემლებს. შევწუხდი. ნუთუ ჩემი გამოჩენით ცხოვრება გავურთულე? ნუთუ ასე აშინებს ცვლილებები? იქნებ ყველაფერი ისე დავტოვო, როგორც არის? მაგრამ სანამდე? მერე რა, რომ ბოშაა? განა ბოშებს არა აქვთ უფლება, ჩვეულებრივი, ჩვენნაირი ადამიანებივით იცხოვრონ? რა ვქნა, როგორ დავაჯერო? იქნებ ვაცალო ცოტა ხანს?

- ნუ ტირი, თორემ გულს მატკენ, იცოდე. არ მინდა ასე დავშორდეთ ერთმანეთს.

- ნე ბუდუ ბოლშე ტაკ, ვსიო, ვსიო, იზვინი.

- მპირდები?

- კლიანუს.

- მაშინ გააკეთე, რაც გითხარი.

ამოიოხრა, მერე ცრემლიანი თვალები კაბის კალთით მოიწმინდა, შემომხედა, გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.

- აი, ეს მომწონს, ახლა კარგი გოგო ხარ. ხვალ ისევ სამზე მოვალ, როგორც შევთანხმდით. კარგი?

- კარგი.

- აბა, შენ იცი, ჭკვიანად იყავი და სისულელეებზე ფიქრს მოეშვი. დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ.

- ხარაშო. და ვსტრეჩი.

- აბა, კარგად.

მანქანიდან გადავიდა და ნელა გაუყვა გზას. ვუყურებდი, სანამ შესასვლელში არ მიიმალა. მობილური მოვიმარჯვე და ნიკას დავურეკე. ვთხოვე, ნახევარ საათში ჩემთან, სახლში გამოსულიყო.

7 7 7

ნიკა მალე მოვიდა. საქმიან შეხვედრაზე ვიყავიო, მომიყვა. გარიგება დაუდია ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენთან - ნოდარ ნოზაძესთან - კაზინოს დახურვის შემთხვევაში ის შეისყიდდა ჩვენს ინვენტარს.

- ვიცი ეგ ნოზაძე. კარგი ტიპია, იცის საქმე. რაც მთავარია, მატყუარა და აფერისტი არ არის. რა თანხაზეა საუბარი? - დავინტერესდი.

- დიდ თანხაზე, მერაბ, საკმაოდ სოლიდური გარიგებაა. ჩვენ მერე ნებისმიერი ახალი საქმის წამოწყება გაგვიადვილდება. ყველაფრისთვის გვეყოფა ფული. მაპატიე, უშენოდ რომ გადავწყვიტე ეს ამბავი, მაგრამ შენი დაჭერა ბოლო ხანებში ძნელი გახდა, ძმაო, რა ვქნა. შენიც მესმის, ვიცი, რომ პირადი პრობლემებით ხარ დაკავებული.

- არა, რას ამბობ, ნიკუშ, საწყენი და საპატიებელი რა გჭირს. პირიქით, მადლობის მეტი რა მეთქმის. კარგია, შენ მაინც რომ ცდილობ ჩვენი საქმეების მოგვარებას. ბოლო დროს მაგრად ავირიე. ყველაფერი ამეწეწა. მე მჯერა შენი, ყოველთვის მჯეროდა, ხომ იცი. გუშინ და გუშინწინ კი არ გაგიცანი. როგორც საქმისთვის სჯობდეს, ისე მოიქეცი. გენდობი, ძმაო, რაზეა ლაპარაკი. ისე, პირადულს ცოტა ხნით გადავდებ და მეც დაგეხმარები, თუ გჭირდები, ერთად ვნახოთ ის კაცი. შენთან ისე ვარ შერცხვენილი, არ ვიცი, როგორ გამოვისყიდო დანაშაული. მიმსახურე, როგორც გინდა. აგერ ვარ, ძმაო, ა! - გავიცინე.

- აუ, თავს ნუ იმართლებ, რა! ბავშვები ხომ არა ვართ, ორივე ერთ საქმეს ვემსახურებით. როგორც შენ გინდა მომგებიანი საქმე გამოგივიდეს, ისე მინდა მეც. რა მნიშვნელობა აქვს, შენ გააკეთებ თუ მე? ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაგვიმთავრებია. თანხაზე რომ შევთანხმდებით, თუ შენთვის მისაღები იქნებ მისი ფასები, მერე მივიდეთ და ერთად დაველაპარაკოთ. იქამდე შენს «მეორე ფრონტს» მიხედე. ისე, რამდენი ხანია, ყელი არ გაგვისველებია. ამ საღამოს ხომ არ ჩავუსხდეთ?

- არ არის ცუდი იდეა. ცხრის მერე მოვიცლი.

- ეგრე იყოს. სად ვიქეიფოთ?

- აქ მოდი, ჩემთან. რესტორან-მესტორანი არ გვინდა, ბოლო დროს ხმაური მაღიზიანებს. ჩემთან ჩავუსხდეთ, წყნარად, გემრიელად. აგერ, ვერანდაზე გავშალოთ, მშვენიერი ამინდია. ვახშამზე მე ვიზრუნებ.

- შენ რატომ? ჩემი ჯიბე ჯერ არ გახვრეტილა, მეც შემიძლია რაღაც, - ნიკამ თვალი ეშმაკურად ჩამიკრა, - გავიხსენოთ ჩვენებური საღამოები.

- გაიხარე. ცოტათი გადავერთვები, თორემ მგონი ძალიან «გადავხურდი».

- ახალი ხდება რამე?

- უამრავი რამ. საღამოს მოგიყვები.

7 7 7

ნიკუშა გავისტუმრე თუ არა, განცხადებები წინ დავიდე და მონიშნულ ნომრებზე დარეკვა დავიწყე. ზოგმა მითხრა, მარტო აბიტურიენტებს ვამზადებო, ზოგმა - მხოლოდ სკოლის მოსწავლეებსო. სალაპარაკო ქართულს არც ერთი არ ასწავლიდა. მეხუთე ნომერი რომ ავკრიფე, ვიღაც ხმაჩახრინწულმა ქალმა მიპასუხა. ეტყობა, «სტაჟიანი» მწეველი იყო.

- გამარჯობათ, ქალბატონო, მე თქვენი განცხადების თაობაზე ვრეკავ.

- გისმენთ, გენაცვალე.

- ერთი ახლობლის მოყვანა მინდა თქვენთან…

- აბიტურიენტია?

- არა, არა.

- სკოლის მოსწავლე?

- იცით, არც სკოლის მოსწავლეა…

- გასაგებია, ე.ი. უცხოელია?

- დაახლოებით და დიდი სურვილი აქვს, ქართული შეისწავლოს.

- მოიყვანეთ, შეძლებით შევძლებ, რა თქმა უნდა, თუ თვითონაც მოინდომებს, არ იზარმაცებს და ამყვება. ასეთები ბევრი მომიმზადებია. ქალია თუ კაცი?

- ქალია, საკმაოდ ახალგაზრდა.

- ინგლისელია თუ ამერიკელი?

- მოლდაველი.

- მოლდაველი? უი, რას ამბობთ, მაგათ გაუჭირდებათ. მათი ენა სრულიად განსხვავებულია, - შეიცხადა რეპეტიტორმა.

- ქალბატონო, ინგლისური ძალიან ჰგავს ქართულს? - სიცილი ვერ შევიკავე.

- არა, ეგ არ მითქვამს, მაგრამ…

- ისე, მთლად უვიცი არ არის, ესმის ქართული, ცოტ-ცოტას ლაპარაკობს კიდეც. დიდი ხანია, აქ ცხოვრობს. უბრალოდ, ენა უნდა გაიტეხოს, უფრო გამართულად ისაუბროს.

- თავიდანვე ასე გეთქვათ, ჩემო ბატონო, თუ ეგრეა, პრობლემას ვერ ვხედავ. იმედია, ადვილად გავუგებთ ერთმანეთს.

- იქნებ ფასზეც შევთანხმებულიყავით?

- ამაზე, რომ მოხვალთ, მაშინ ვილაპარაკოთ. ისე, რომ იცოდეთ, აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უფრო იაფად ვამზადებ, უცხოელები შედარებით ძვირი ჯდება. ხომ იცით, ეს სულ სხვა პროგრამაა, მეტი შრომა უნდა ჩავდო.

- მესმის, რა თქმა უნდა. როდის შეიძლება თქვენი ნახვა?

- ნებისმიერ დროს, მე სულ შინ ვარ, თითქმის არ გავდივარ სახლიდან, მაგრამ სჯობს წინასწარ დამირეკოთ.

- ახლა რომ ამოვიდე?

- მაშინ ერთ საათში მობრძანდით, მოსწავლე მყავს და ბარემ გავისტუმრებ.

- შევთანხმდით, ერთ საათში თქვენთან ვარ, - დავემშვიდობე უცნობ მასწავლებელს, ყურმილი დავკიდე და შვებით ამოვისუნთქე.

თუ მომეწონა, ხომ კარგი, ამ კვირაშივე დავაწყებინებ დინას მომზადებას. თანაც, აქვე, ყურის ძირში ცხოვრობს. ფეხითაც გადავა, ტრანსპორტი არ დასჭირდება. ახლოს-მეთქი, რომ ვთქვი, ჩემი სახლი ვიგულისხმე. დინას ხომ ჩემთან მოუწევს ცხოვრება, როგორც ჩემი შვილის მომავალ «ძიძას».

ერთ საათში დანიშნულ ადგილზე ვიყავი. ზარი დავრეკე. კარი ჭაღარათმიანმა, სანდომიანმა ქალბატონმა გამიღო.

- წეღან თქვენ დამირეკეთ, არა? - სათვალის ქვემოდან გამომხედა.

- დიახ, მე ვიყავი.

- შემობრძანდით.

მთელ სახლში ხალიჩა იყო გაფენილი - იატაკზეც, კედლებზეც. ოთახში, სადაც შემიძღვა, ძველებური ხის სკამები ელაგა მრგვალი, მოჩუქურთმებული ძველებურივე მაგიდის ირგვლივ. ხის თაროებზე უამრავი წიგნი იყო «ჩაწიკწიკებული». თავი მე-19 საუკუნეში მეგონა.

ჩვენს მომავალ მასწავლებელს თინა ერქვა. მომეწონა ქალბატონი თინა, აშკარად განათლებული ქალი ჩანდა. ავუხსენი, რაშიც იყო საქმე. ისიც ვუთხარი, რა დონეზე ფლობდა დინა ქართულს. გამოვნახეთ საერთო ენა. ჯერი «ჯამაგირზეც» მიდგა. არ ვიცი, მასაც გაუჩნდა ჩემდამი სიმპათიები თუ ეს ჩვეულებრივი ფასი იყო, თვეში ასორმოცდაათი ლარი მომთხოვა. ისიც დაამატა, თუ ადვილად აითვისებს ენას, მერე და მერე უფრო გაადვილდება მასთან მუშაობა და ფასსაც დავაკლებო. მადლობის მეტი რა მეთქმოდა. დღევანდელ დღეს ვინ გეტყვის ასეთ რამეს?

ერთი სიტყვით, ძალიან კმაყოფილმა დავტოვე თინა მასწავლებელი. მერე სუპერმარკეტში შევიარე, სურსათ-სასუსნავით «დავიხუნძლე», სასმელიც ვიყიდე და შინ დაბრუნებული «მამასახლისობას» შევუდექი. კერძების მომზადება ნამდვილად არ დამიწყია, მაგის არც ნერვები მქონდა და ვერც დიდი მზარეულობით დავიკვეხნი. პატარა მაგიდა გავშალე ვერანდაზე, თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგლები საჭიროებისამებრ დავაწყვე, «მშრალი სანოვაგე» მაგიდაზე დავახვავე და ნიკას მოსვლას დაველოდე. მანაც არ დააყოვნა. ზუსტად ცხრა საათზე მოვიდა, თავადაც «ხელდამშვენებული». ვუსაყვედურე, რად გინდოდა მარტოხელა კაცთან ამდენი რამე რომ მოგქონდა-მეთქი. ისე კი, მაჯობა. ნახევარფაბრიკატები მოიტანა - ფხალეულობა, მაიონეზიანი სალათები, ნიგვზიანი ბადრიჯანი და კუჭმაჭი… ერთი სიტყვით, მეფური სუფრა გაიშალა. ვინანე, ნეტავ დინა დამეყოლიებინა ჩემთან დარჩენაზე-მეთქი. ნიკუშასაც გავაცნობდი და ჩვენც გაგვართობდა თავისი «ეგზოტიკური» ქართულით. ამავე დროს, ცოტათი შეეჩვეოდა «საზოგადოებრივ» ატმოსფეროს. მე შენ გეტყვი, სულ ქართულ სუფრასთან უწევს ყოფნა და მოლხენა.

დავიწყეთ მამაპაპური ქეიფი. რამდენიმე ჭიქა რომ დავლიეთ, ცოტათი შევხურდით და ლაპარაკის საღერღელიც აგვეშალა. ის იყო, ჩემი ამბების მოყოლა უნდა დამეწყო, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა…

- კიდევ ელოდები ვინმეს? - გაუკვირდა ნიკუშას.

- არც არავის. ვინ უნდა იყოს ამ დროს? - მეც გამიკვირდა.

ნამდვილად არავის ველოდი. მხრები ავიჩეჩე, ავდექი და კარის გასაღებად გავეშურე. სიმართლე გითხრათ, გუნება გამიფუჭდა. დაუპატიჟებელი სტუმრის მიღების არავითარი სურვილი არ მქონდა…

 

8 8 8

 

კარი გავაღე და გაოცებისგან ადგილზე გავქვავდი. ზღურბლთან მერი იდგა - განრისხებული, აკანკალებული.

- მერი, შე-ენ? ს-საიდან მომაგენი? - ენა დამება.

- თბილისი პატარაა, მერაბ, ძალიან პატარა. აქ ყველა ყველას იცნობს. ნამდვილად არ გამჭირვებია შენი მოძებნა. მთავარია მონდომება, - სეტყვასავით მომაყარა.

- რატომ ასე აგრესიულად, დავაშავე რამე? შემოდი, კარში რას დგახარ, - როგორც იქნა, მოვისაზრე.

- არ იცი, რომ დააშავე? - ხმას აუწია მერიმ.

- შემოდი, უხერხულია ასე დგომა, ქუჩაში ხომ არ ვართ? - კვლავ შემოვიპატიჟე. გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, მაგრამ სულის სიღრმეში ვიგრძენი, რომ მეც ავღელდი.

- არა, ნუ შეწუხდები, სტუმრის სტატუსით არ მოვსულვარ. ჩემს სათქმელს აქაც მშვენივრად ვიტყვი. კარგად მომისმინე, ჩემო კარგო: ჩემს შვილს თავი დაანებე, შეეშვი, გეუბნები. ის მხოლოდ ჩემი შვილია, გაიგე? - ლამის იყვირა და თითი დამიქნია. ისე აპილპილდა, სახე წამოუჭარხლდა.

- იქნებ დაწყნარდე, რა საჭიროა ასეთი ლაპარაკი? - მისი დამშვიდება ვცადე.

ხმაურზე ნიკუშაც გამოვიდა.

- მერაბ, რა ხდება?

- სტუმარი გვეწვია, - თავის მიუბრუნებლად ვთქვი, თან ქალს თვალს არ ვაშორებდი, - გაიცანი, ნიკა, ეს მერია.

- გამარჯობათ, - ნიკუშა მოგვიახლოვდა და მერის ხელი გაუწოდა, - ნიკა… მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. მსმენია თქვენზე.

- ჩემთვისაც სასიამოვნოა, - ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა მერიმ.

- სტუმარი არ შემოიპატიჟე, ბიჭო? - ნიკამ სიტუაციის განმუხტვა სცადა.

- სწორედ მაგ საქმით ვარ დაკავებული ამ წუთში, მაგრამ არაფერი გამომდის.

- ნუ გაირჯები, ოჯახურ მყუდროებას არ დაგირღვევ, - ცივად მიპასუხა ქალმა.

- რომელ ოჯახურ მყუდროებას? შვილს დედაჩემი ზრდის, ცოლი გამექცა თუ მიმატოვა, ერთი ნაგავია ორივე. მე და ნიკუშა კი ცხელ გულზე ვსვამთ და ბოღმას ვიქარვებთ, - «შევაცოდე» თავი მტრულად მოსულ თითქმის საყვარელ ადამიანს.

ამის გაგონებაზე მომეჩვენა, რომ შეცბა. ჯერ მე შემომხედა დაეჭვებით, მერე - ნიკუშას, თითქოს მისგან ითხოვდა პასუხს.

- მართალს ამბობს, ქალბატონო მერი, არ გეგონოთ, რომ იტყუება. ამას ერთადერთი, რაც ცხოვრებაში არ ეხერხება, ტყუილებია, - «დამიცვა» ძმაკაცმა და მხარზე დამადო მარცხენა.

- ასე ახლოს არ ვიცნობ, ასე რომ, ვერაფერს ვიტყვი, - ხმა ოდნავ დაურბილდა ორი წუთის წინ ტალღასავით აბობოქრებულ ქალს.

- მერედა, ვინ გვიშლის ხელს, მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა, ჩემგან არ გესწავლებათ, თან უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს და შემდეგ ტკბილ სუფრასთან გადავწყვიტოთ ჩვენი პრობლემები, თუ ხელს არ შეგიშლით, - გაიბადრა ნიკა.

- გმადლობთ, მაგრამ მირჩევნია ცალკე დაველაპარაკო, აქვე, - თავისას არ იშლიდა მერი.

- ნიკა ჩემი ერთადერთი მეგობარია, რომელიც ბავშვობიდან შემომრჩა. მან ჩემზე ყველაფერი იცის, ამიტომ მასთან თავისუფლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ. რა პატარა გოგოსავით იქცევი, შემო რა, ახლა არ მითხრა, რომ ჩვენი გეშინია.

- შიში რა შუაშია, უბრალოდ, ძალიან გვიანაა.

- ჩვენ გაგაცილებთ, მერი, მანქანით მიგიყვანთ სახლამდე, რა პრობლემაა, - ნიკამ კიდევ ერთხელ გამოიდო თავი და «ჯენტლმენობის» გამოვლენაში დამასწრო.

მერი რამდენიმე წამით შეყოყმანდა და როგორც იქნა, შემოაბიჯა ოთახში.

რატომღაც ამოვისუნთქე, თითქოს ლოდი მომეხსნა გულიდან.

- კეთილი იყოს ჩემი ფეხი, - ცივად თქვა მერიმ.

- გმადლობთ, გმადლობთ. აქეთ მობრძანდი და ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში, - მრავალმნიშვნელოვნად ჩავურტყი ღვინით გათამამებულმა, ბახუსი თავისას შვრებოდა.

ვერანდაზე გავედით. მერი და ნიკა მაგიდას შემოუსხდნენ, მე კი სამზარეულოში შევბრუნდი, ჭიქა და თეფში თავის დანაჩანგლიანად «მოვურბენინე» სტუმარს და ღვინოც ჩამოვუსხი.

- მწირი ვახშმისთვის ბოდიშს გიხდი. უქალო ოჯახში ხარ, არ დაგავიწყდეს. ისე, რომ გვცოდნოდა, შენნაირი იშვიათი სტუმარი მოგვივიდოდა, ცოტა სხვანაირად დაგხვდებოდით, - თავი ვიმართლე.

- იმერელი აზნაურივით გამოგდის, არ გინდა, - ირონიულად შენიშნა მერიმ და ფეხი ფეხზე გადაიდო, - სიგარეტის მოწევა შეიძლება?

- რა თქმა უნდა, საფერფლეს ახლავე მოვიტან, - წამოვხტი და ხელმეორედ გავვვარდი სამზარეულოში. ძალზე აფორიაქებული ვიყავი. არ ვიცოდი, ჩვენი საუბარი როგორ წარიმართებოდა. რთული «ჩათვლა» მელოდა წინ.

- როგორც ჩანს, თქვენ არც ერთი არ ეწევით, არა? - იკითხა მერიმ, საფერფლე რომ მოვიტანე. როგორც ჩანს, ცოტათი დაწყნარდა, საუბრის ტონი აშკარად შეეცვალა.

- სამწუხაროდ, არა, - ნიკამ მე გადმომხედა.

- გამოდის, უპრობლემო კაცები ხართ, სადარდებელი არ გაქვთ, არაფერი გაწუხებთ, - ჩაიცინა მერიმ და ფეხი მოინაცვლა.

- სიგარეტის მოწევა პრობლემების გადაწყვეტას უწყობს ხელს? არ ვიცოდი?! - სიცილით თქვა ნიკუშამ და თვალი ჩამიკრა.

- მე თუ მკითხავთ, უებარი საშუალებაა. მე პირადად მშველის, დარდის გასაქარვებლად ნამდვილად კარგი გამოგონებაა.

- ჰო-ო-ო. მაშინ მივეძალოთ ჩვენც, რას იტყვი, ნიკუშ? - ჩავერთე საუბარში.

- მოსულა, ძმაო. ჭკუა დაგვიშლის თუ გონება, მით უმეტეს, როცა ასეთი მომხიბვლელი მანდილოსანი გვმოძღვრავს… ბევრს ეწევით, მერი?

- დღეში კოლოფი არ მყოფნის, თან, რაც დრო გადის, მით უფრო ვუმატებ დოზას, - მერიმ სიგარეტს მოუკიდა და «სტაჟიანი მბოლავივით» ღრმა, ოსტატური ნაფაზი დაარტყა.

- მერაბ, მოდი, ვადღეგრძელოთ ეს ქალბატონი, თორემ გაშრა ყელი, - ნიკამ ჭიქა ასწია და ჯერ მერის მიუჭახუნა, მერე მე, - გაგიმარჯოთ, ქალბატონო მერი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა, სიყვარული, ბედნიერება და ბევრი ფული-ი-ი! კარგი ლექსი გამომივიდა, არა?

- ძვირფასი, ნიკუშ. მაგარი კაცი ხარ. მერი, შენ გაგიმარჯოს, კარგი ქალი ხარ, კარგი დედა და იმსახურებ კარგად ყოფნას, იმსახურებ ყველაფერ იმას, რაც წეღან ჩემმა მეგობარმა გისურვა. შენი დღეგრძელობისა იყოს, მეტს ვერაფერს დავამატებ, _ მეც მივუჭახუნე მერის და სასმისი ბოლომდე გამოვცალე.

მერიმ ორივეს გადაგვიხადა მადლობა და იმანაც ბოლომდე დალია. შემდეგ კარგი ვაჟკაცივით ამოაყირავა ჭიქა და გადმოსული წვეთების დათვლა დაიწყო, - ასე მტერი დაგეცალოთ.

ამ სცენამ ძველი მერი გამახსენა - იქ, ალექსანდრეს ბაღში, ჩემთან ერთად რომ «ურტყამდა» ბოთლიდან კონიაკს - ვულგარული, ძველბიჭური, ცხოვრებაზე განაწყენებული ქალი.

ნიკამ ორაზროვნად შემომხედა და ცალწარბაწეულმა კვლავ შეავსო ჭიქები.

- მაპატიეთ, მე მეტს ვერ დავლევ, - თქვა მერიმ.

- თითოც შევსვათ და…

- არა, არა, მე სალაპარაკო მაქვს, მაპატიეთ.

- ორი ფეხით ხართ მოსული და ორი სადღეგრძელო აუცილებლად უნდა შესვათ, ასეა წესი, - გაიხუმრა ნიკამ.

- სხვა დროისთვის იყოს.

- როგორც გენებოთ. მაშინ მე, თქვენის ნებართვით, ცოტა ხნით დაგტოვებთ სუფთა ჰაერზე, - ნიკუშა წამოდგა და სასტუმრო ოთახში გავიდა.

არ შემიჩერებია. აჯობებდა, ცალკე გვესაუბრა.

არც ერთი ხმას არ ვიღებდით. პაუზა გაიწელა.

- მე დღეს გოგას მობილური ტელეფონი ვუყიდე, რომ იცოდე. ვიცი, ამიტომაც ხარ მოსული და არ გესიამოვნებოდა მისგან ამის მოსმენა, მაგრამ მე ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი, - დავარღვიე დუმილი.

- არ გაქვს ამის უფლება, - მკაცრად მითხრა.

- ვერ ამიკრძალავ, მერი. არც იფიქრო.

- ის შენი შვილი არ არის, მე ეს უკვე გითხარი.

- რაც უნდა მითხრა, ფაქტი სახეზეა. გაჭრილი ვაშლივით მგავს, - გავაპროტესტე მისი ნათქვამი.

- არ არის-მეთქი შენი შვილი, გოგას სხვა მამა ჰყავს, შეიგნე ეს.

- და ვინ არის ის სხვა მამა?

- ამას რა მნიშვნელობა აქვს.

- ახლა მნიშვნელობა ყველაფერს აქვს, უნდა დამიმტკიცო, რომ მართალს ამბობ. თუ ჩემი არ არის, გოგა რატომ დაარქვი? არ მითხრა, რომ ეს შემთხვევით მოხდა ან რომ იმ სხვა მამას ჰქვია გოგა.

- გეყოფა. მე არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. შენი რომ იყოს, რატომ დაგიმალავდი?

- არ ვიცი, ამას ჯერ ვერ ვხვდები, მაგრამ იმედია, მივხვდები ან შენ მიმახვედრებ. იქნებ ამიხსნა, სანამ ჩემით გამოვიტან დასკვნებს?

- გინდა სიმართლე გითხრა? გოგა იმიტომ დავარქვი, რომ ის ღამე, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ, მართლა გამორჩეული იყო ჩემს ცხოვრებაში. ასე კარგად უცხოსთან კი არა, ყველაზე ახლობელ მამაკაცთან არ მიგრძნია თავი. დაუვიწყარი შეხვედრა იყო და ამის გამოც დავარქვი შენი სახელი. თუმცა, როგორც ჩანს, შევცდი. შენ სულაც არ ყოფილხარ გოგა. ახლა ამას უფრო ვნანობ, ვიდრე სხვა რამეს, მაგრამ…

- არავითარი მაგრამ. თუ ასე ჯიუტად გააგრძელებ იმის მტკიცებას, რომ ბავშვი სხვისია, გენეტიკურ გამოკვლევას მოვითხოვ, იცოდე. იქ გამოჩნდება, ვინ არის ჩვენ შორის მართალი. გარწმუნებ, უკან არ დავიხევ.

- რაში გჭირდება ეს ყველაფერი, ამიხსენი. შენ ხომ გყავს შვილი? - სასოწარკვეთა გაისმა მის ხმაში.

- ეგ რა შუაშია? ათიც რომ მყავდეს, მეთერმეტე ზედმეტი იქნება? როგორ ფიქრობ, შენი მსჯელობა ცოტა ლოგიკას ხომ არ არის მოკლებული?

- შენ მისი არსებობის შესახებ აქამდე არაფერი იცოდი, მაგრამ მშვიდად ცხოვრობდი, მის გარეშე და ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ის წყეული შეხვედრა. ნუ დამიწყებ იმის მტკიცებას, რომ გოგას ნახვის შემდეგ შენში მამობრივმა გრძნობამ გაიღვიძა.

- მამობრივმა გრძნობამ ჩემში დიდი ხანია, გაიღვიძა. როგორ გგონია, აქამდე რომ მცოდნოდა, რამეზე დავიხევდი უკან?

მერი გაჩუმდა, პასუხი არ გამცა. იქნებ ვერ გამცა?

- დამიჯერე, მერი, - ლაპარაკი გავაგრძელე და ხელზე ხელი დავადე. სასიამოვნო ტალღამ დამიარა სხეულში, - პასუხისმგებლობას არასდროს გავქცევივარ, მით უმეტეს, როცა ასეთ მნიშვნელოვან რამეს ეხება საქმე. მე სერიოზული კაცი ვარ, გესმის ჩემი?

მერის ხელი არ გაუწევია, თვალებდახრილი იჯდა და თეფშს ჩასჩერებოდა. ეს რატომღაც კარგად მენიშნა.

- მე მეგობარი მამაკაცი მყავს, მერაბ, - ცოტა ხნის მერე საწყალობლად ამოთქვა, თავი ასწია, თვალებში შემომაჩერდა და ხელი გასწია.

ცივმა ოფლმა დამასხა. მართალია, ამაზე მეც მიფიქრია და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ვიღაც ეყოლებოდა, მაგრამ მაინც უსიამოვნო იყო მისგან ამის გაგონება.

- გყავდეს მერე, ვინ გიშლის, - ძლივს ამოვთქვი, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მომენტში რაღაც მეთქვა. იქ, სულის სიღრმეში კი ერთი სიმი გაწყდა…

- ჩვენ შეიძლება დავქორწინდეთ. ამიტომ არ მინდა ბავშვი გაორებული იყოს.

- რას ნიშნავს გაორებული იყოს? - შუბლი შევკარი, - იმის გამო, რომ შენ თხოვდები, ბავშვს ნამდვილი მამა უნდა დაუკარგო? ამიხსენი, რას მივაწერო შენი ასეთი დამოკიდებულება? - აღშფოთება ვერ დავმალე.

- შენთან თუ გააგრძელა ურთიერთობა, მერე შალვასთან გაუჭირდება. მე ეს ძალიან მადარდებს. ვნანობ, რომ გამოგეცნაურე, სახლში რომ მიგიყვანე და ბიჭის ნახვის საშუალება მოგეცი, ძალიან ვნანობ. ეს არის კიდევ ერთი რამ, რასაც ყველაზე მეტად ვნანობ ცხოვრებაში.

- შენი ვერაფერი გამიგია. რატომ, რატომ? რა არის აქ სანანებელი? არ ჯობია, ყველაფერი იცოდეს? ცუდს რას გავუკეთებ? სხვა ქალები ალბათ სიხარულით ცას ეწეოდნენ, მამობაზე თუ გამოიდებდა ვინმე თავს. მაპატიე, მაგრამ მაოცებ. შენს პირად ბედნიერებას რატომ აყენებ წინა პლანზე, ბავშვის მომავალზე რატომ არ ფიქრობ? არ გესმის, რომ ახლა მისი ფსიქიკა მყიფეა, რომ მამინაცვალი სხვა დაღს დაასვამს მის ცხოვრებას?

- ის კარგი კაცია, შვილივით მიიღებს.

- მე არ ვამბობ, რომ ცუდი კაცია. არც ვიცი, როგორია და არც მაინტერესებს. შენი პირადი ცხოვრება შენი პირადი ცხოვრებაა, მაგრამ რადგან გოგა ვიპოვე, მის მიტოვებას არ ვაპირებ. მე მისი მამა ვარ და ბოლომდე გავუწევ მამობას. ამას ჩემზე უკეთ სხვა კაცი, ვინც გინდა იყოს, ვერ გააკეთებს. ძალიან გთხოვ, არ შემეწინააღმდეგო. მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენ იცი.

- შენ მე ცხოვრებას მინგრევ, მერაბ. რა გინდა, რას მერჩი? ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად, წყნარად, ძლივს დავალაგე ჩემი აწეწილი წარსული და აწმყო. შენ ხომ არანაირი წვლილი არ მიგიძღვის გოგას გაზრდაში, მისი არსებობაც ვერ წარმოგედგინა, შენ ხომ ის არ გიყვარს. მოდი რა, დაგვანებე თავი, გემუდარები.

- დაფიქრდი, რას მთავაზობ. მართალია, გვიან და შემთხვევით გავიგე, რომ შვილი მყავს, მაგრამ ასე რადგან მოხდა, ალბათ ღვთის ნება იყო. შეიძლება ჯერ ისე არ მიყვარს, როგორც მამას უნდა უყვარდეს შვილი, მაგრამ განა ეს საკმარისი საბაბია, რომ მასზე უარი ვთქვა? გამორიცხულია. ის ჩემი სისხლი და ხორცია, ნუ გავიწყდება და მე არ დავუშვებ, მასთან ვინმემ, თუნდაც შენ, დამაშორო.

- რა მეშველება? - დაიკვნესა უცებ მერიმ, სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა.

ამის შემხედვარე მთლად გადავირიე.

- ღმერთო ჩემო, რას აკეთებ, გოგო, არ გრცხვენია? რას მთავაზობ? გინდა, რომ სამუდამოდ გავქრე თქვენი ცხოვრებიდან? იქნებ გიტყდება, რომ ჩემნაირი კაცია შენი შვილის მამა? რა დაინახე ჩემში ასეთი მიუღებელი? გოგას ახლა სჭირდება მამა, ამ ასაკში. ის მამინაცვალთან გულახდილი ვერასდროს იქნება, როგორი კარგი კაციც არ უნდა იყოს. თვითონაც არ ვიცი, რამხელა ძალისხმევა დამჭირდება, რომ მას თავი შევაყვარო და მისი ნდობა მოვიპოვო. გგონია, ასე ადვილია ამის გაკეთება? ჯერ მე გამიჭირდება ამის მიღწევა, ღვიძლ მამას…

- ბიოლოგიურ მამას, - სიტყვა გამაწყვეტინა.

- რაც გინდა, ის დაარქვი. საერთოდ რატომ აჩენდი, თუ ასეა? რატომ არ იფიქრე, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლებოდა ასე მომხდარიყო?

- მიფიქრია, მაგაზეც მიფიქრია. შენ არ იცი, რამდენს ვოცნებობდი და ჩემს ფანტაზიებში როგორ ვხატავდი ჩვენი შეხვედრის სურათებს. როგორ შეხედავდი გოგას და როგორ უცებ მიხვდებოდი, რომ ის შენი შვილია, ცაში დავფრინავდი ამგვარი ფიქრებით, მაგრამ…

- რა მაგრამ? - სუნთქვა გამიჩერდა.

- მაგრამ ცხოვრებამ თავისი გაიტანა. ხომ იცი, დრო ყველაფრის მკურნალია, მეც ჩემს ოცნებებს ფრთები შევკვეცე, ნელ-ნელა დავეშვი დედამიწაზე და რეალობას თვალებში შევხედე. ახლა კი არ მინდა ასეთი რამ მოხდეს. ის ლამაზი ოცნებები წარსულში დარჩა. არ მინდა მისი ამოქექვა, დავიღალე.

- ასე მგონია, ძალიან ეგოისტურად იქცევი. არადა, არ ტოვებ ასეთ შთაბეჭდილებას. წარმოდგენა არ შემაცვლევინო შენზე, გთხოვ. შენ ჩემი შვილის დედა ხარ და მინდა სამაგალითო იყო, ყველასგან გამოირჩეოდე. ამით ყველაფერია ნათქვამი.

- როგორც ვხედავ, ჩვენს ლაპარაკს აზრი არა აქვს, მე წავალ, - თქვა და წამოდგა.

- ასე ნუ წახვალ, გეხვეწები, - მეც ავდექი და წინ გადავუდექი.

ძალიან ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან. სახეში მისი სუნთქვა მცემდა, თითქოს მის გულისცემასაც კი ვგრძნობდი, ძარღვი ნერვიულად უფეთქავდა ყელთან. მხარზე შევეხე. თითები მაჯაში ჩამავლო და ასევე დარჩა.

«მსიამოვნებს შენი შეხება», - ეს მისმა თითებმა მითხრეს.

მერი ხმას არ იღებდა, მაგრამ მისი სხეული, სავსე მკერდი, მღელვარედ რომ აუდიოდ-ჩაუდიოდა, აშკარად მესაუბრებოდა, თითქოს უხილავი ძაფებით მოიწევდა ჩემკენ. ნაბიჯის გადაუდგმელად წინ გადავიხარე. ოდნავ შევეხე მკერდით მკერდზე. აღვიგზენი. ბოლოს და ბოლოს, მამაკაცი ვარ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ჩემს წინ სავსე ქალი დგას… თვალი თვალში გამიყარა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს უსიტყვოდ «ვზევრავდით». ისე ვიყავი დაძაბული, სუნთქვასაც კი ვერ ვბედავდი.

- არ გინდა, - ჩურჩულით თქვა ბოლოს, მხრიდან ხელი ჩამომაღებინა, გვერდი ამიარა და შემოსასვლელისკენ წავიდა.

- მოიცა, ერთი წუთით, არ წახვიდე, - მივაძახე და უკან დავედევნე.

გაჩერება არც უცდია, სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ჰოლს. დავეწიე და წინ გადავუდექი, კარს ავეკარი.

- გთხოვ, მომისმინე.

- არ მსურს შენი მოსმენა.

- რატომ ეწინააღმდეგები საკუთარ თავს? შენი თვალები სხვას მეუბნება. ვიცი, ცხოვრებამ ბევრჯერ გატკინა გული, მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება, დამიჯერე. ვგრძნობ, რომ ცვლილებების გეშინია, მაგრამ…

- შენ რა იცი, მე რისი მეშინია? საერთოდ არ მიცნობ, არ იცი, ვინ ვარ, რა ცხოვრებით მიცხოვრია…

- ჰოდა, დავსხდეთ ერთხელაც და მომიყევი. გჯეროდეს, რომ ყურადღებით მოგისმენ.

- შემეშვი, მერაბ, დამანებე თავი, - მერი ჯიუტად იდგა თავისაზე.

- კარგი, სხვა დროისთვის გადავდოთ ჩვენი საუბარი. მაშინ ერთი თხოვნა შემისრულე - მობილურს გაგატან და გოგას მიეცი. კარგი? ძალიან გთხოვ.

შეყოყმანდა, თითქოს უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მერე ამოიოხრა და ისეთი ტონით თქვა, თითქოს ფარ-ხმალი დაყარაო.

- შენ თვითონ მიეცი, ხომ შეპირდი, ხვალ დილით გნახავო.

- ჰო-ო? სერიოზულად მეუბნები მაგას?

- სრულიად სერიოზულად.

- მაგარი ქალი ხარ. ამას დიდი ხანია, მივხვდი, მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას. ხომ შევძლებთ?

არ მიპასუხა.

- მითხარი რამე.

- გამიშვი, რა.

- ჯერ მითხარი.

- არ ვიცი, მერაბ. რაც არ ვიცი, რა გითხრა?

- მქონდეს იმედი, რომ ერთხელაც შემხვდები და ვილაპარაკებთ?

- ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.

- სამაგიეროდ, მე ვხედავ. ეს შენც კარგად იცი, ნუ ჯიუტობ. ერთი შეხვედრა არ დაგაზარალებს, სამაგიეროდ, ერთხელ და სამუდამოდ გავარკვევთ, რა იქნება მომავალში.

შეყოყმანდა. მერე კვლავ ამოიოხრა, თავი დახარა და ჩუმად თქვა.

- კარგი, მოვიფიქრებ.

- ასე არ ჯობია? ხედავ, რა ადვილია? მოიფიქრე და ამ დღეებში დაგირეკავ ან გნახავ. ახლა კი, ნება მომეცი, სახლამდე მანქანით მიგიყვანო.

- არა, არა!!! - ლამის იყო, იყვირა.

- მაშინ ნიკუშა წაგიყვანს, რა იყო, კი არ ვიკბინები, გოგო.

- არ მინდა, ტაქსით წავალ.

- მაშინ გაგაცილებ და ტაქსიში მაინც ჩაგსვამ. ამაზე მაინც ნუ მეტყვი უარს, თორემ გასკდა გული.

გაიცინა, როგორც იქნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც გაიცინა. კარგმა განწყობამ მთლიანად შეუცვალა სახე. კიდევ ფრო ლამაზი მომეჩვენა.

- ერთი წუთით აქ დამელოდე, - საძინებელში შევვარდი, საფულე მოვიძიე და გამოვბრუნდი. ამასობაში ნიკუშაც გამოვიდა მეორე ოთახიდან, საიდანაც ტელევიზორის ხმა ისმოდა.

- მიდიხარ? - მკითხა.

- მერის ჩავაცილებ და ორ წუთში ამოვალ.

- დავემშვიდობები მაინც, - ნიკუშა უკან გამომყვა.

- კარგად ბრძანდებოდეთ, მერი, იმედია, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, - მარჯვენა გაუწოდა ქალს.

- ნახვამდის. აუცილებლად შევხვდებით, - გაუღიმა მერიმ ნიკას და დამშვიდობების ნიშნად ხელი ჩამოართვა…

ქუჩაში არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, თითქოს არც არაფერი გვქონდა სალაპარაკო. ტაქსის ლოდინიც არ დაგვჭირვებია, დაბარებულივით იმწუთას გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ფული გადავუხადე და ღამე ნებისა ვუსურვე…

სახლში რომ შემოვბრუნდი, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როგორ ვიყავი ენერგიისგან დაცლილი. ემოციებმა თავისი ქნა.

- ნიკუშ, - მივუბრუნდი ძმაკაცს, - ახლა რომ არ დავლიო, გავგიჟდები იცოდე.

- დავლიოთ და დავლიოთ, - თქვა ნიკამ და კვლავ სუფრას შემოვუსხედით…

იმ ღამეს ისე დავთვერი, ლოგინამდე როგორ მივედი, არ მახსოვს…

გაგრძელება იქნება